logo_geo
1919 წლის 21 თებერვალს შედგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა...
- +

21 თებერვალი. 2019. 12:01

 

 

სწორედ ამ დღეს და ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წლის 21 თებერვალს, ტიფლისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლის ეზოსაც, სავარაუდოდ, მაშინაც ალამაზებდნენ ღიაიასამნისფერი გლიცინიები, შედგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა...

 

ოპერა ეყრდნობა ძველ ქართულ თქმულებას „ეთერიანი“. ლიბრეტოში, რომლის ავტორი გახლავთ პ. მირიანაშვილი, გამოყენებულია შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძის პოეზია...

 

დადგმა ეკუთვნოდა ა. წუწუნავას, რეჟისორი იყო ბელინსკი, მხატვარი – ა. ზალცმანი, ცეკვები დადგა ს. ვაკარეცმა, სოლოს „ლეკურში“ ასრულებდა მსახიობი ელო ანდრონიკაშვილი, რომელიც ცნობილი იყო ასევე, როგორც ქართული და აღმოსავლური ცეკვების უბადლო შემსრულებელი.

 

აბესალომის პარტია უნდა შეესრულებინა განუმეორებელ ვანო სარაჯიშვილს, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილი აღმერთებდა, მაგრამ ის ავად გახდა და პრემიერა მის მაგივრად საოცარმა ტენორმა, ბორის ზალეპსკიმ შეასრულა... ეთერის როლში გამოდიოდა ო. ბახუტაშვილი-შულგინა, მურმანს ასრულებდა შესანიშნავი სანდრო ინაშვილი, მომავალში - იტალიისა და ესპანეთის საოპერო სცენების დამპყრობელი, აბიო მეფეს - გ. ქურხული, თანდარუხს - გ.ჭუმბურიძე...

 

დარბაზი იყო გაჭედილი ხალხით... კომპოზიტორს უკვე მეორე მოქმედების შემდეგ ოვაციები გაუმართეს და გვირგვინები მიართვეს... მაგრამ სასცენო ტექნიკის დაბალმა დონემ და გაჭიანურებულმა შესვენებებმა მაყურებელი დაღალა... სპექტაკლი დაიწყო 8 საათზე და დასრულდა ღამის 2-ზე....

 

რა ბედნიერებაა, რომ შემორჩა იმ პრემიერის შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელსაც სიამოვნებით გთავაზობთ...

 

ზაქარია ფალიაშვილმა გაითვალისწინა შენიშვნები და ოპერა ერთი მოქმედებით შეამცირა...

 

მოგვიანებით, იმავე სცენაზე, „აბესალომ და ეთერი“ დადგეს კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა და მეორე პრემიერა ჩატარდა 1924 წლის 16 ოქტომბერს...

 

1937 წელს ოპერა ნაჩვენები იყო მოსკოვის დიდ თეატრში, ქართული ხელოვნების დეკადის დღეებში... სპექტაკლს ესწრებოდნენ „ამხანაგები“ - სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, ორჯონიკიძე, ხრუშჩოვი, ბერია... ბედის ირონიაა და ორკესტრს დირიჟორობდა დიდი ხელოვანი და კაცი ევგენი მიქელაძე, რომელიც იმავე, 1937 წელს დახვრიტეს...

 

1939 წელს ოპერა დადგეს დიდ თეატრში, ცნობილი დირიჟორის, მელიქ-პაშაევის ხელმძღვანელობით, რომელიც ზურიკოს მასწავლებელი და უფროსი მეგობარი იყო...

 

1967 წელს, რეჟისორმა ლეო ესაკიამ ოპერის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ: არჩილ მეტონიძე (აბესალომი), ლალი ხაბაზაშვილი (ეთერი), ნუგზარ შარია (მურმანი და ყოფილი ონისე „ხევისბერ გოჩაში“), ნანა ყიფიანი (მარეხი), ალექსანდრე ომიაძე (აბიო), მეგი წულუკიძე (დედოფალი ნათელა), გივი ტორონჯაძე (თანდარუხი)...

 

აბესალომის პარტიას ახმიანებდა ზურაბ ანჯაფარიძე... რომ იცოდეთ, რა ახალგაზრდა ხმა აქვს ამ ფილმში...

 

სავარაუდოდ, არავინ არ დამძრახავს, თუ ვიტყვი, რომ საუკეთესო აბესალომი, რომელსაც ჩვენ სცენაზე მოვესწარით, დღემდე ზურაბ ანჯაფარიძეა (ფოტოზეა)... მასზე ძლიერი ტენორები როგორ არ არსებობდნენ, მაგრამ მასსავით ქართულად ტკბილი ხმა, განსაკუთრებული ხიბლი და ინტონაციების დასმა, არავის არ შეეძლო...

 

ბევრს უყვარს „აბესალომ და ეთერში“ ქორწილის სცენა - ცოცხალია და ამაღლებული... მე კიდევ ვგიჟდები იმ სცენაზე, სადაც აბესალომი კითხულობს - „ვის გინდათ ქალი ეთერი, თავს ოქროს გვირგვინოსანი?“ სიჩუმეა და ზურიკო შვებით ამოისუნთქავს და ამ დროს ისმის მურმანის ხმა - „მე მინდა ქალი ეთერი, თავს ოქროს გვირგვინოსანიო...“ და მაშინ სრულ სიჩუმეში ისმის ზურიკოს ჩურჩული - „შენ?“ და ეს ერთი „შენ“- იცით, რამდენს უდრიდა... მთელ როლზე დიდი იყო...

 

ამ დროს, ბენუარის მე-8 ლოჟაში ტირილით ვსკდებოდით ალე ბებია და მე...

მაგრამ ალე ბებია ყოველთვის განსაკუთრებით ტიროდა, აბესალომი რომ კვდებოდა...

ალბათ, წინასწარ იცოდა, რომ მოუწევდა ჯემალიკოს და ზურიკოს გამოტირება...

 

მხოლოდ ერთხელ ვიცინოდით ამ ადგილზე, როდესაც გენერალურ რეპეტიციაზე მოვიდა ცკ-ს კომისია, ე. შევარდნაძის მეთაურობით და სპექტაკლის ბოლოს აბესალომმა (ზურიკომ), ეთერთან (მედეა ამირანაშვილთან) ერთად შეასრულა შესანიშნავი დუეტი - „წამწამსა და წამწამს შუა“... მერე აბესალომი მოკვდა... ეთერი ზედ დააკვდა და ორივეს ნაბადი დააფარეს...

ამ დროს ნაბადმა რხევა დაიწყო...

 

აღმოჩნდა, რომ ზურიკოს მედეასთვის ახალი ანეკდოტი მოუყოლია...

მედეა ასეთ რაღაცებს ზურიკოსგან შეჩვეული იყო, მაგრამ თავს იკავებდა...

 

ეტყობა, ცკ-ს კომისიის დასწრებასთან დაკავშირებით, ზურიკოს ხუმრობების მიმართ მოდუნდა და აბესალომის ნაჩუქარი ხანჯლით განგმირულს, ნაბდის ქვეშ სიცილი აუტყდა... ეთერი აცენაზე იცინოდა... მაყურებელი დარბაზში.

აქამდე არავის გახარებია ასე აბესალომის სიკვდილი.

 

„აბესალომ და ეთერზე“ მუშაობისას, ზაქარიას მისი ერთადერთი ვაჟი, ირაკლი გვერდით ეჯდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვს ზოგჯერ შესწორებებიც შეჰქონდა მამის ნამუშევარში. ფალიაშვილმა ეს ოპერა მიუძღვნა შვილს, მაგრამ როცა დაასრულა, ირაკლი ცოცხალი აღარ იყო... ის 9 წლის ასაკში გარდაიცვალა...

 

ჰყვებიან, რომ ზაქარია ფალიაშვილისთვის ეს იმხელა დარტყმა იყო, რომ 10 წლის ნამუშევარი ოპერის ნოტების დახევა გადაწყვიტა, მაგრამ ბედზე მოუსწრო ივანე ჯავახიშვილმა...

 

ამ უდიდეს ადამიანს საქართველოს წინაშე ეს მადლიც ჰქონია... გადაარჩინა ჩვენი ეროვნული ოპერის მწვერვალი...

ზაქარიას და ივანეს სხვანაირი მეგობრობა ჰქონდათ... ისეთი, ზედმეტი სიტყვები და სიყვარულის ახსნები რომ არ სჭირდება...

 

როდესაც 1930-იან წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გამოაგდეს ბოლშევიკმა კომკავშირელებმა და პროფესორს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის ზღურბლის გადალახვის უფლებაც კი არ მისცეს...

 

ის დაბრუნდა სახლში, პლეხანოვის უბანში და თვეობით არ გამოდიოდა ბინიდან... ყველაფრის ხალისი დაკარგა, წერის გარდა... არავისი ნახვა და არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა...

 

ზაქარია ფალიაშვილი კი, თითქმის ყოველ ღამე მიდიოდა ივანეს სახლთან მდებარე ეკლესიაში, მიუჯდებოდა ორღანს და მეგობრისთვის უკრავდა...

 

ივანე იჯდა სანთლის და მთვარის შუქზე და წერდა, ზაქარია კი ორღანთან იჯდა და ისე ამხნევებდა, როგორც შეეძლო...

 

აი, ასეთი ურთიერთობები რომ დაგვიბრუნდება, ასეთი სითბო და შინაგანი კულტურა, მაშინ ავყვავდებით და ყველა ქვეყანას გავუსწრებთ!

 

ეკონომიკაში გასწრება უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანობაში...

 

დღეს ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა - საქართველოს ჰიმნია და იცით, როგორ მიხარია, რომ ბავშვობიდან სულ იმას ვიძახდი, ფალიაშვილზე უკეთესი ჰიმნი რად გვინდა- თქო და ეს ერთი სანუკვარი ოცნება მაინც ცხოვრებაში ამისრულდა...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ოცნებების ასრულების დღეს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი