logo_geo
1732 წლის 22 თებერვალს ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა
- +

22 თებერვალი. 2019. 15:53

 

 

დღევანდელ იუბილარს წინდაწინ ვუხდი ბოდიშს პარალელებისთვის.

 

1732 წლის 22 თებერვალს დაიბადა აშშ-ის პირველი საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი და ამ ზესახელმწიფოს დამფუძნებელ მამებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე, აშშ-ის პრეზიდენტის ინსტიტუტის დამაარსებელი და კონტინენტალური არმიის მთავარსარდალი ჯორჯ ვაშინგტონი. შევეცდები, პარალელები გავავლო აშშ–ისა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებსა და მთავარსარდლებს შორის, რადგან ჩვენსას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ ჯორჯ ვაშინგტონად შეესაღებინა თავი „პატრი–ნოტებისთვის“ და დაერწმუნებინა ისინი, რომ საქართველოს ისტორია მისი „გამეფების“ დღიდან, 2003 წლიდან დაიწყო. შუქრიას როგორ ვაკადრებ, ვაშინგტონი არ იყავი-მეთქი, ამიტომ მის „გაიმასქნებებს“ პუნქტობრივად განვიხილავ:

 

ჰოდა, საქართველოსაც ჰყავდა თავისი „დამფუძნებელი მამა“ და „დემოკრატიის შუქურა“, იგივე შუქრია, რომელიც, „პირველად საქართველოს ისტორიაში“, არათუ გაიქცა ქვეყნიდან, რომლის პრეზიდენტიც ორჯერ იყო, არამედ უარიც კი თქვა მის მოქალაქეობაზე.

 

ვაშინგტონი არჩეული იქნა „მოქალაქეთა პალატაში“ და ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი და აშშ–ის დამფუძნებელი მამა გახდა. ეს ჩვენის შუქრია, პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციატივით, გახდა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დამფუძნებელი (მამა), მისი მანდატით შევიდა პარლამენტში და გახდა ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე.

 

ვაშინგტონი, კონსტიტუციის მიღების შემდეგ, არჩეულ იქნა აშშ-ის პირველ პრეზიდენტად და პრეზიდენტობის ორ ვადაში შექმნა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ. ამ ჩვენის შუქრიამ მოაწყო აქციები, „ასკილის რევოლუცია”, შეიჭრა პარლამენტში, დალეწა ავეჯი, თავზე გადაისხა შევარდნაძის ჩაი, დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, გახდა საქართველოს პრეზიდენტი და ტანზე შემოიხია და შეურაცხყო საქართველოს კონსტიტუცია, რათა, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამიდღემჩიოდ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და პრემიერ-მინისტრის რანგში გაეგრძელებინა ღირსეული მოქალაქეების დამცირება. მისი „მეფობის“ დროს აიგო საერთაშორისო აეროპორტი, პოტიომკინის სოფლები, მათ შორის „პლეხანოვის“ გამზირი, ქართული სინგაპური – სიღნაღპური და მრავალი სხვა, რომლებიც პირველივე წვიმის და ქარის შემდეგ დაინგრა, გახუნდა და „ჩამოიშალა“.

 

ვაშინგტონმა, როგორც კონტინენტალური არმიის მთავარსარდალმა, ჯართან ერთად მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ბრძოლისას, ამ ჩვენის შუქრიამ მიატოვა ჯარი და მოხალისეები, ბრძოლის ველზე დატოვა დაჭრილ-გარდაცვლილები, უპრობლემოდ ჩააბარა რუსებს საქართველოს ტერიტორიები, გაიქცა პარლამენტის წინ, იზეიმა რუსეთზე „გამარჯვება“, ბევრი იყვირა და ხალხსაც აყვირა „სარკო-სარკო“, მერე შიშისგან იფორთხა მიწაზე, დაღეჭა ჰალსტუხი და საქვეყნოდ დადო პირობა, რომ გააუმჯობესებდა რუსეთთან ურთიერთობებს...

 

ფოტოზე გენერალი ვაშინგტონი მუხლმოდრეკილი ევედრება ღმერთს ქვეყნის გადარჩენას. ამჯერად შუქრიასთან პარალელი ვერ გავავლე, უბრალოდ გამახსენდა, როგორ მიაშენა ლიფტი „გამწვანებულ“ ბაგრატის ტაძარს...

 

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, ერთადერთი, რაც ამ ორ პრეზიდენტს შორის საერთო აღმოვაჩინე, ისაა, რომ ეს ჩვენის შუქრია „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს დაესწრო 1995 წელს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი