logo_geo
თეა ფირცხალავა: მარო მაყაშვილი და იუნკრები წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
- +

25 თებერვალი. 2019. 16:18

 

 

„...თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“ (კოლაუ ნადირაძე)

 

1921 წლის 25 თბილისში საქართველოში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შეიჭრნენ, ხოლო „ქართველმა“ ორჯონიკიძემ ლენინთან „საზეიმო“ დეპეშა აფრინა, გიხაროდენ, „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“–ო... ფაქტობრივად, ამ ფრთიანი ფრაზით დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა და... საქართველოს მთავრობამ (დღემდე ვერ გამიგია, რატომ და) თბილისი დატოვა, ემიგრაციაში გაემგზავრა და თავს იმართლებდა, ესაოდა შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდაო... რა ვიცი, აბა?!

 

ამ საშინელი დღის გახსენება არ მინდა, მაგრამ 25 თებერვალი ვერ ჩაივლის კიდევ ერთი „მაია წყნეთელის“ – მარო მაყაშვილის და გმირი იუნკრების გახსენების გარეშე, რადგან...

 

„...მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები...“

 

მარო მაყაშვილი გახლდათ მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, პოეტ კოტე მაყაშვილის ქალიშვილი და ცნობილი მწერლის – ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი. მას შეეძლო, სხვა „წარჩინებული“ ოჯახის შვილებივით სახლში დამჯდარიყო და საღამოობით ჩაი ესვა, ინტელექტუალური დისკუსიების აკომპანემენტით, ან, მის ოჯახს მთავრობისთვის მიებაძა და საზღვარგარეთ წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა... მარო მოწყალების დად მსახურობდა და იუნკრებთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული ანექსიის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში. მარო და იუნკრები წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ერთ საბედისწერო დღეს მარო მის გვერდით აფეთქებული ყუმბარის ნამსხვრევს ემსხვერპლა...

 

მარო მაყაშვილი ქაშვეთის ეკლესიიდან გაასვენეს და იუნკრებთან ერთად სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს, იმ ტაძრისა, რომელიც მოგვიანებით დაანგრიეს და მთავრობის სასახლე ააშენეს. ასე დაიკარგა მარო მაყაშვილის და იუნკრების საფლავები.

 

მაროს გმირობით აღფრთოვანებულმა ზაქარია ფალიაშვილმა თავისი უკვდავი ოპერის – „დაისის“ მთავარ გმირს მარო დაარქვა.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი