logo_geo
1923 წლის 23 თებერვალს გოგი გეგეჭკორი დაიბადა
- +

23 თებერვალი. 2019. 20:33

 

„ზნეობა დავკარგეთ, ზნეობა!

 

ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ზუსტად „მოერგო“ ეს როლი უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებებით დახუნძლულ ჩვენს იუბილარს, რომელსაც სიცოცხლეშიც ჰქონდა სრული უფლება, რომ დიდი ჭაბუას ეს ტვინის ნაჟური ხალხისთვის ეთქვა...

 

1923 წლის 23 თებერვალს დაიბადა დიდი ქართველი მსახიობი, მრავალი პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი გეგეჭკორი. არ ვაპირებ, დეტალურად ვისაუბრო მის როლებზე, ან მის დეკლამატორულ ნიჭზე, მაგრამ ვერაფრით დავივიწყებ ჩემს პირველ ემოციას და შთაბეჭდილებას, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის „ჭინჭრაქაში“ მონაწილე ვირტუოზმა მსახიობებმა, ან იქ ჩამოყალიბებული „კვარტეტის“ შემსრულებლებმა და გოგი გეგეჭკორის მგელმა მოახდინეს ჩემზე. ეს იყო სამსახიობო ხელოვნების ფოიერვერკი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. სპექტაკლი ვნახე 1963 წელს და უკვე 1966 წელს ვიგებ, რომ დავით რონდელმა იმ ფილმში სათამაშოდ დამამტკიცა, რომელშიც მომღერალი „მგელი“ თამაშობს. ჰოდა, ნება მიბოძეთ, ჩემი მოგონებები გაგიზიაროთ ამ კორიფეზე...

 

ბედმა გამიღიმა და ბატონ გოგისთან ორმხრივი შეხება მქონდა. პირველი ის, რომ იგი ჩემი „ლოღიკის“ მასწავლებელი იყო ფილმში „ჩემი მეგობარი ნოდარი“ და მასთან ხშირად მიხდებოდა შეხვედრა - გადასაღებ მოედანზეც და გადაღებების შემდეგ გამართულ საოცარ ქუთეისურ სუფრებზეც, როდესაც სტუმრის ზეპატივისცემით განთქმული ქუთათურები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობდნენ ლეგენდარულ მსახიობებს გოგი გეგეჭკორს, ეროსი მანჯგალაძეს, ტარიელ საყვარელიძეს, გოგი ხარაბაძეს, ბაადურ წულაძეს, ჯემალ ღაღანიძეს... მახსოვს, მე და ბატონი ჯემალის სცენას იღებდნენ, ცხენის მონაწილეობით, რომლის გვერდითაც ბატონი გოგი იდგა. უცებ, ცხენმა არც აცივა, არც აცხელა და პირდაპირ მკლავში სწვდა ბატონ გოგის და რომ არა სქელი გაბარდინის ლაბადა, იოლად ვერ გადარჩებოდა. მახსოვს, ბატონი გოგი საოცარი ლმობიერებით „გაესაუბრა“ ცხენს, ნამუსზე შეაგდო, ჭკუა დაარიგა და შეიამხანაგა.

 

ახლა კი მეორე შეხება... კვლავ ბედის წყალობით, მეც იმავე სახლში ვცხოვრობდი, რომელშიც ბატონი გოგისა და ქალბატონი ნათელა ურუშაძის შემოქმედებითი ოჯახი ბინადრობდა და, ბუნებრივია, რომ ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებოდით. მახსოვს, ახალი გადასული ვიყავი მაგ სახლში, რომ კინაღამ გული გავუხეთქე დიდ მსახიობს, რომელიც თავმდაბლობის და ინტელიგენტიზმის ეტალონი იყო და ხმამაღალი საუბარი არ ახასიათებდა. მოკლედ, ერთხელაც ვხედავ, რომ ჩემი ფილმის „სკოლის მასწავლებელი“ მოდის... შორიდანვე მოვრთე ყვირილი, არიქა, ბატონო გოგი, ხომ მიცანით, მე თეა ვარ, თქვენთან ერთად რომ ვთამაშობდი, აი, ბებია რომ მყავდა, დიდი ქოლგით, თქვენ რომ მისი გაკეთებული კერძები მოგწონდათ-მეთქი.... და მთელი ფილმი, ისტორია და ქუთაისის ცხოვრება და განვითარება ორ წუთში ჩამოვურაკრაკე... კაცი გაოცებული მიყურებდა, მგონი, ზრდილობის გულისთვის მიქნევდა თავს და მიღიმოდა... ჯენტლმენი იყო და ნებისმიერ ადამიანს, მით უფრო ქალს სხვანაირად ვერც მოექცეოდა, ტყუილად როდი უწოდეს „ქართული თეატრის ჯენტლმენი“... ვფიქრობ, მისი ჯენტლმენობა მხოლოდ თეატრით არ იფარგლებოდა...

 

იმ შეხვედრის შემდეგ კი „ვესიყვარულებოდით“ ერთმანეთს, მაგრამ ფილმის შემდგომი ჩვენი პირველი შეხვედრა მაინც სულ სხვა იყო...

 

გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი