logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ბატონი რამაზ ჩხიკვაძე...
- +

28 თებერვალი. 2019. 15:50

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დავიწყებ ლექსით...

 

ცხოვრება იყო - იგავ-არაკი,

სანამდეც გვყავდა ჩვენი აზდაკი...

ჩვენი ყვარყვარე, ლუკა, შოშია...

რიჩარდის ჩათვლით, - წარსულ დროშია...

 

მოხდა ეპოქის ორად გაყოფა...

მე უფრო მომწონს, - სადაც აკოფა...

ყველაფერია დღესაც ლამაზი...

უბრალოდ, აღარა გვყავს რამაზი...

 

დღეს რაღაც განსაკუთრებულად ფილოსოფიურად განწყობილი ვარ... ბოლო დროს ეს საერთოდ მახასიათებს. მაგრამ დღეს შედარებით დავალაგე აზრები...

 

და იცით, რა წარმოვიდგინე? რომ საქართველო უზარმაზარ და ღრმად ფესვებგადგმულ ხეს ჰგავს... სავარაუდოდ, მუხას ან შერეულ ხეს (წარმოდგენა ხომ მაინც შეიძლება), სადაც ნუშებიც, ბროწეულებიც, ბალ-ალუბლებიც, ბია-კომშებიც, ჭანჭურ-ქლიავებიც, ღოღნაშო-ტყემლებიც და აუცილებლად, იასამნები და ზღმარტლები იზრდება...

 

ისტორიის სეზონები, წლის დროებივით ერთმანეთს ენაცვლება... ამ ხეს ფოთლები და ნაყოფი ცვივა, მერე თავიდან კვირტები ამოსდის და ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს...

 

მაგრამ ზოგჯერ ისეთი არნახული ქარიშხალი ამოვარდება, რომ ყველაფერს, რაც ხეზე ხარობს, ნაძვის ხის სათამაშოებივით ძირს ყრის და შეუჩვეველ ნიადაგს ზედმეტად ამდიდრებს და ანაყოფიერებს...

 

სწორედ ამ დროს, საქართველოში ერთდროულად ჩნდება შესანიშნავი პოეტების, მსახიობების, მომღერლების, მეცნიერების, მხატვრების, სპორტსმენების... უბრალოდ, კარგი ქართველების მთელი თაობა...

 

ჩვენ ამას შევესწარით, საბედნიეროდ...

 

იმასაც შევესწარით, რომ ისინი იმდენად მაღლა იდგნენ ადამიანურ სისუსტეებზე, რომ კი არ შურდათ ერთმანეთის, კი არ უშლიდნენ ხელს ერთმანეთს, არამედ ერთად იყვნენ, და არა მხოლოდ თანამშრომლობდნენ, გულწრფელად მეგობრობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი და ამაყობდნენ ერთმანეთის გამარჯვებებით...

 

რამდენი წიგნი წაგვიკითხავს და ფილმი გვინახავს იმაზე, რომ ორი ნიჭიერი ადამიანის შუღლის გამო, იმპერიებიც კი გაცამტვერებულა...

 

საქართველომ კი ეს „ნიჭიერობის შემოსევა“ ღირსეულად და შესანიშნავად გადაიტანა...

 

სწორედ ასეთ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ბატონი რამაზ ჩხიკვაძე...

 

ის, რომ უსაშველოდ ნიჭიერი კაცი იყო, ამაზე საუბარი უხერხულიც კი არის, მაგრამ ამავდროულად, იყო მასში რაღაცა იმნაირი ხიბლი, რომ გატყვევებდა... სხვანაირი სითბო და სიტკბო მოდიოდა მისგან და ძალიან უხდებოდა სიცილი... საერთოდ მგონია, რომ როცა ადამიანს სიცილი ასე უხდება, ესე იგი, ის მართლა გამორჩეულია...

 

მე უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად და ბატონ რამაზს მთლად ბავშვობიდან ვიცნობდი...

 

მამიკოს პირველი საშუალო სკოლიდან ოპერის თეატრში ყოველდღე რუსთაველის თეატრის გავლით და ზოგჯერ შევლით დავყავდი... იქ კი ბატონი რამაზი, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე გხვდებოდნენ... მათი ყოველდღიური ურთიერთობები ფოეირვერკს ჰგავდა...

 

პატარა ვიყავი და მაშინ ჯერ არ მესმოდა, რა მაყენებდა ასეთ კარგ ხასიათზე... თურმე, საოცარი ადამიანური ურთიერთობების ნიჭი, რომელსაც დღეს ნელ-ნელა ველევით...

 

ჩემი გასეირნების ესტაფეტის შემდეგი და საბოლოო პუნქტი კი ოპერის თეატრი იყო, თავისი ვნებებით და ლამაზი ღელვებით...

 

როცა წამოვიზარდე, იცით, ყველაზე ძალიან რა მიკვირდა... მე რომ ეს დიდებული ხალხი მახსოვდა და მათთან გატარებული წუთებით ვამაყობდი, ცხადია და ბუნებრივი...

 

მაგრამ მათ როგორ ვახსოვდი ყველას?

 

ესეც ხომ დასაფიქრებელია...

 

სხვანაირები იყვნენ, ჰოდა, ყველაფერს ამჩნევდნენ და იმახსოვრებდნენ... და ვინმე თუ უყვარდებოდათ, ამ სიყვარულს ბოლომდე თან ატარებდნენ...

 

გულის ჯიბეებს კი არ აცარიელებდნენ, ახლიდან შესავსებად, უბრალოდ ცოტა აწვებოდნენ და მაინც ეტეოდი... გინარჩუნებდნენ...

 

არასოდეს არ დამავიწყდება, მოსკოვში, საელჩოში რომ ვმუშაობდი და რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩამოვიდა...

 

ბატონმა ზურაბ აბაშიძემ შემომთავაზა, პრესკონფერენციას ატარებენ და ერთად წავიდეთო...

 

გზაში მოვკვდი ნერვიულობით... ვაიმე, თუ ვერ მიცნონ. ამხელა გავიზარდე... და ხომ მომიკვდება გული?

 

გეფიცებით, ბატონმა რამაზმა, ბატონმა რობიკომ და ბატონმა გურამ საღარაძემ შემოსვლისთანავე მიცნეს და ჩავეხუტე და ვიგრძენი იმ თბილისის დაუვიწყარი სურნელი...

 

და მამიკოს სითბო, რომელიც ამდენი წელი მაკლდა...

 

გამახსენდა სოხუმის დასასვენებელი სახლი, სადაც ისვენებდნენ ბატონი რამაზი და ნატაშა და როგორ დავდევდი და ვუთვალთვალებდი შორიდან... თითქმის ყველა პალმასთან ჩერდებოდნენ... რამაზი რაღაცას უყვებოდა, ნატაშა კი ისე კისკისებდა და იპრანჭებოდა, თითქოს გუშინ გაიცნო...

 

ცნობილ მწერალს და ჟურნალისტ იგორ ობოლენსკის შესანიშნავი მოგონებები აქვს ბატონ რამაზზე...

 

მე ბატონი რამაზის სიმღერა სცენაზეც, სუფრაზეც და აივანზეც მომისმენია, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე, რომ თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მას დააძალეს მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაბარება...

 

ასე უფიქრია, მაინც ვერ ჩავაბარებ და წავალ მოსკოვში, თეატრებს დავივლიო, ახალ დადგმებს ვნახავო...

 

ამიტომაც, გამოცდებზე განსაკუთრებით არ უნერვიულია... წინა დღეს იქეიფა და შეასრულა 2 ქართული რომანსი და ერთი იტალიური არია... დიდი 5-იანი მიიღო...

 

ამ დროს, აღმოჩნდა, რომ მოსკოვის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა ქართველი, ჩუკჩა, აზერბაიჯანელი, სსრკ სხვა რესპუბლიკების წარმომადგენელი და არცერთი რუსი... ასეთი იმ დროს, მოგეხსენებათ, ჩარიცხვა კი არა, ზოგიერთისთვის გარიცხვაც იყო... ამიტომაც, კონსერვატორიაში სასწრაფოდ მივიდა კულტურის სამინისტროს მკაცრსახიანი წარმომადგენელი, ვინმე ლაპჩინსკი და გამოაცხადა, რომ დაინიშნა განმეორებითი გამოცდა.

 

ბატონ რამაზს გახარებია - ახლა მაინც მეშველაო, მაგრამ ის ცალკე გამოიძახეს და განუცხადეს, რომ მას ეს არ ეხება, ის ფაქტიურად ჩარიცხულია და საჭიროა მხოლოდ განცხადების შეტანა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში... ამ დროს გენერალური მდივანი იყო სტალინი და ბატონი რამაზი ჰყვებოდა, რომ წავიდა ცკ-ში და ყველა კედლიდან უთვალთვალებდა ბელადის პორტრეტები... ცკ-ში კი რამაზს განუცხადეს, რომ იწყებოდა პარტიის ყრილობა და 2 თვე ვერავითარ განცხადებებს ვერ მიიღებდნენ...

 

ასე „გადაურჩა“ მსოფლიო საოპერო ხელოვნება რამაზ ჩხიკვაძეს...

 

მან კი თბილისში გააგზავნა დეპეშა, რომელშიც „გულდაწყვეტილი“ იუწყებოდა, რომ 5-იანი კი მიიღო, მაგრამ მაინც „არ ჩარიცხეს“ და დაბრუნდა თბილისში, ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში და მისი თქმით, არასდროს არ უნანია...

 

მახსოვს, ერთხელ ბატონი რამაზი ზურიკოს ესტუმრა და გადაწყვიტეს, რომ ოპერის თეატრში შეესრულებინათ საქოსა და სიქოს პარტია...

 

მერე, სამწუხაროდ, ვერ აიხდინეს ეს სურვილი, თორემ წარმომიდგენია, რა სიამოვნებას მიანიჭებდნენ მაყურებლებს...

 

ბატონი რამაზი გახლდათ სსრკ სახალხო არტისტი (თავის დროზე ყველაზე მაღალი წოდება), შოთა რუსთაველის და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, ორჯერ ლენინის ორდენოსანი და სოციალისტური შრომის გმირი...

 

თავად რამაზი ხუმრობდა ხოლმე - ლენინის ორდენები და სოციალისტური შრომის ორდენი უნდა გავყიდოო... გავიგე, შიგნით ოქრო და პლატინააო...ხომ არ იცით, ვინმეს ხომ არ სჭირდებაო?

 

ძალიან საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული 1973 წელს ბატონი რამაზის მონაწილეობასთან მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ის წარმოადგენდა რეზო ჩხეიძის ფილმს „ნერგები“...

 

ბატონი რამაზი იხსენებდა, რომ საპრიზო ადგილის არავითარი იმედიც კი არ ჰქონია... მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ რიჩარდ ბარტონი და მარჩელო მასტროიანი...

 

ამასთანავე, რამაზს და ნატაშას ჰქონიათ შეძენილი ბუდაპეშტში წასასვლელი ბილეთები და ფესტივალის ბოლო, დაჯილდოებების დღე გამოტოვეს...

 

ასე რომ, მხოლოდ ოდესაში ტრანზიტული ჩასვლის დროს, გაიგეს, რომ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ქართველ მსახიობს, რამაზ ჩხიკვაძეს... ბუდაპეშტში ჩასვლისას, ნატაშას შეუმჩნევია, რომ საგაზეთო ჯიხურებში რამდენიმე ჟურნალი იყო დაწყობილი, სადაც ბატონი რამაზის ფოტო იყო განთავსებული, ლუკას როლში... მათ ფული გადახურდავებული არ ჰქონიათ და ნატაშა გაქცეულა ჯიხურის მეპატრონესთან და სთხოვა, სიგარეტში მაინც გაეცვალა ერთ-ერთი ჟურნალი... ეჭვიანმა გამყიდველმა შეკითხვა დაუსვა - „ეს ჟურნალი ასე რაში გჭირდებათო?“ ნატაშამაც მიამიტად უპასუხა - „აი, ამ კაცს ხომ ხედავთ? ის არის ჟურნალის ყდაზე გამოსახულიო“, მეგაზეთემ შეხედა 40 წლის ახალგაზრდა, უწვერო და მაისურში გამოწყობილ რამაზს, მერე ყდაზე წვეროსან მოხუც ლუკას... ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ნატაშა გაუგდია ჯიხურიდან და სულ „აფერისტკა“ უძახა.

 

ბატონი რამაზის და ნატაშას შეხვედრა იყო ბედით ნაბოძები... როგორც რამაზი ამბობდა, „აბა სხვანაირად როგორ ავხსნა ის, რომ - მე და ჩემი მეგობარი შემთხვევით დავსხედით გემზე ბათუმში და ოდესაში გავემგზავრეთ... იალტაში კი, დავინახე ორი მანდილოსანი, რომლიდანაც ერთი ძალიან მომეწონა... მანამდე არ მქონია სერიოზული ურთიერთობები და ცოლის მოყვანაზე ხომ საერთოდ არც ვფიქრობდი... და უცებ შემხვდა ნატაშა... ბევრი დაბრკოლება გვქონდა, მაგრამ ყველა და ყველაფერი გადავიარეთ“...

 

ერთხელ, ერთმა ცნობილმა ადამიანმა განაცხადა - „რამაზს და ნატაშას რა უჭირთ? შეხედე, რამხელა სახლი აქვთო!“...

 

რა იცოდა იმ კაცმა, რომ ამ სახლში ცხოვრებამდე, მათ 50 ბინა გამოიცვალეს და მთელი მათი „ძვირფასი ქონება“ ჩემოდნებით გადაჰქონდათ ადგილიდან ადგილზე...

 

მათ საოცარი ურთიერთობები ჰქონდათ... ბოლომდე ინარჩუნებდნენ იუმორს და ინტრიგას... სულ კამათობდნენ... ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნატაშამ ჟურნალისტს შესჩივლა - „ახლ როგორღა გავეყარო, გვიანია... 50 წელზე მეტი ხანია ერთად ვართო“.

 

როდესაც ბატონი რამაზი გახდა შეუძლოდ, ნატაშამ ყველგან წაიყვანა სამკურნალოდ, სადაც შესაძლებელი იყო, გვერდიდან არ მოცილებია... ამ დროს კი, თავად გული აწუხებდა, მაგრამ თავის თავისთვის არ ეცალა... სულ ასე ამბობდა, - რამაზს ფეხზე დავაყენებ და მერე მივხედავ ჩემს თავსო“...

 

როდესაც გაიგო, რომ ბატონი რამაზი განწირული იყო, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ხელი მოიკიდა გულზე და ისე გარდაიცვალა, როგორც ბულგაკოვის მარგარიტა... უცებ და ლამაზად...

(ეს შედარება, სამწუხაროდ, ჩემი არ არის, ბატონ ობოლონსკის ეკუთვნის, მაგრამ საოცრად მომწონს).

 

ორ თვეში, ჩვენგან ბატონი რამაზიც წავიდა... ის დაკრძალეს დიდუბის პანთეონში თავისი ერთადერთი სიყვარულის, ნატაშას გვერდით...

 

ვგიჟდები, როდესაც კაცები არ მალავენ თავის სიყვარულს...

 

მე როდესაც მეკითხებიან,- „რისგან გარდაიცვალა მამა?“ ყოველთვის ვპასუხობ - „სიყვარულისგან“...

 

იმ დროს სიყვარულის ფასი იცოდნენ და ამიტომ ისიც ესმოდათ, რომ სიყვარულისთვის ყველაფრის, თვით სიცოცხლის დათმობაც ღირს...

 

ბოლოს კი მინდა იმ ხეს დავუბრუნდე, რომლითაც დავიწყე...

 

ხე როდესაც ჩვეულ რითმში იზრდება და ვითარდება, თაობები ნაკლებად უმტკივნეულოდ ენაცვლებიან ერთმანეთს...

 

და როცა ხეს ასე მადლიანად ჩამობერტყავს ქარიშხალი, სანამ ის თავიდან აღდგება, დროა საჭირო და მე ასე მგონია, რომ ამიტომ გვაქვს დღეს საქართველოში ასეთი სულიერი სიცარიელე და ვაკუუმი...

 

ყველამ უცებ და ერთდროულად მიგვატოვა, რამდენიმე ალმასივით შემორჩენილი ადამიანის გარდა, რომლებიც დღესაც გვასულდგმულებენ და გულში ველოლიავებით...

 

ვიცი, ხეც აღდგება და ახალი ქარიშხალებიც დაუბერავენ...

 

ნამდვილად ვიცი, რადგანაც ბოლომდე მჯერა!!!

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!!!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი