logo_geo
„ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული ჭაობი
- +

28 თებერვალი. 2019. 15:57

 

რა მეთოდებით ებრძვის დღევანდელ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს და სრულიად საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში უნდა აკრძალულიყო, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და დასავლელი „მეგობრების“ მეცადინეობით დღემდე გაჯეჯილებულია?

 

ამჯერად მოგახსენებთ მეთოდზე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ხალხის დაბოლება", ან „დებილთა ცნობიერებაზე თამაში", ან „არიფთა ტვინის გამორეცხვა", ან სულაც „ქართველთა დეგრადაციის მცდელობა". როგორც გენებოთ, რომელიც გინდათ - ამოარჩიეთ, მე მაგალითებს მოგიყვანთ, ანალიზი თავადვე გააკეთეთ. ავიღოთ ბოლო  სკანდალი, ფარული ვიდეოს თემა, რომელიც პარლამენტარ ეკა ბესელიას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მე არ მოვყვები, მსგავსი ვიდეოების გადაღების სპეციალისტი ვინ არის, წინა ხელისუფლების დროს როგორ იღებდნენ, რაში იყენებდნენ და ასე შემდეგ, ეს ყველამ ვიცით. როგორც კი ბესელიას გარშემო სკანდალი ხელახლა აგორდა, „ნაციონალებმაც" ეგრევე გაააქტიურეს თავიანთი ბოზბანდები და სოციალურ ქსელებში დაიწყეს „ქადაგება“, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად ბიძინა ივანიშვილი. მეტიც, ტელეკომპანია „ჭუტა პირველის" სტუდიაში შეყარეს დამპალი „ნაციონალები“ ზვიად კუპრავას მეთაურობით და აყბედეს, ფარული ვიდეოები გადაღებულია ივანიშვილის დაკვეთით, ყველა ვიდეო ინახება მის სეიფში და როცა მოუნდება, თავადვე ავრცელებსო. აი, მეგობრებო, სადამდე მივიდა საქმე... აი, უკვე რამდენს ბედავენ სიბინძურის დამკვეთ-დამამზადებლები. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, კუპრავა და მისი მსგავსი ავაზაკები აქეთ გიტევენ: აბა, დაგვიმტკიცეთ, რომ ამდენი სიბინძურე ჩვენ ჩავიდინეთ? თუ ჩავიდინეთ, რატომ არ გვიჭერთო?! მართლაც, რატომ არ დავიჭირეთ ავაზაკები? რატომ არ მივაბრძანეთ ციხეში ათასნაირი სიბინძურის ჩამდენნი, როცა ამას ითხოვდა პოლიტპატიმართა დიდი არმია? გაიხსენეთ, როგორი მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა 2013-2014 წლებში სპორტის სასახლეში. თუმცა მოგვიანებით ეს აქციები მოულოდნელად შეწყდა და პოლიტპატიმრებიც თითქოს სადღაც გაქრნენ. ვიმეორებ: რატომ არ მივაბრძანეთ ციხეში დამნაშავეები? ამაზე მე მაქვს ბიძინა ივანიშვილის ჰუმანური პასუხი - ნახევარ საქართველოს ხომ ვერ დავიჭერთ? ჩვენ უნდა ვეცადოთ, ეს ადამიანები გამოვასწოროთ, მოვაქციოთ და წესიერ მოქალაქეებად ვაქციოთ. მართლაც ჰუმანური მოსაზრებაა, ჩემმა მზემ, მაგრამ ფეხბურთში არსებობს კანონზომიერება: არ და ვერ გაიტან? მაშინ იქით გაგიტანენ. იგივე კანონზომიერება მოქმედებს ცხოვრებაში, უფრო მეტად კი დამნაშავეთა სამყაროში - არ დასჯი? რაოდენ მართალიც არ უნდა იყო, იქით დაგსჯიან. სხვათა შორის, არავინ დაისაჯაო, ვერც ამას ვიტყვით - მიხეილ სააკაშვილი გაქცეულია და უკვე ფსიქოლოგიური რყევები აქვს, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში იმალება ვიღაცის საწოლის ქვეშ, მეგის ქარდავას უკრაინელი სამართალდამცავები დაათრევენ აქეთ-იქით, დათა ახალაია საბერძნეთის რომელიღაც კუნძულზე ბინადრობს რობინზონ კრუზოსავით, მისი ძმა ბაჩო წიგნებს წერს მატროსოვზე, ვანო მერაბიშვილიც „მატროსოვზეა“ გამოკეტილი და ყოველი კვირის ბოლოს მოსთქვამს, წელი მტკივაო. დიახ, დასჯილები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას ეს ეცოტავება და რაც მთავარია, თავად „ნაცმოძრაობისთვის“ ჭკუის სასწავლებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. საერთოდ, „ნაციონალები“ ძალიან ჰგვანან ღორის ტილს, ფეხზე რომ დაისვამ და ნელ-ნელა თავზე აგაცოცდება.

 

„ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა კი არა... პროპაგანდისტული ჭაობი მუშაობს, რათა საზოგადოებაში დათესოს უიმედობა, ყველასადმი და ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება: არ გვინდა ჰესები! არ გვინდა პორტები! არ გვინდა, ხალხზე რომ ზრუნავს ვინმე და მილიარდობით ვალებს აწერს! არ გვინდა კანონები! არ გვინდა გზები! არ გვინდა დენი! არ გვინდა არაფერი, რადგან ყველა სფეროში ბიძინა ივანიშვილს აქვს წილი, მილიონები, მილიარდები მიაქვს სახლში, გვპარავს, გვაყაჩაღებს, გვარბევს, გვანგრევს, მიწასთან გვასწორებს! მეტიც, გვიღებს, გვითვალთვალებს, გვაშანტაჟებს, გვიქვეყნებს და მოკლედ, ამ კაცმა ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია! დიახ, რაც 2012 წლამდე ნახეთ და მოისმინეთ, ეს იყო დადგმული, მოგონილი, არც 2007-ში ყოფილა დარბევა, არც 2011-ში, არც „იმედში“ შევარდნილა ვინმე და ციხეებშიც სრული ჰარმონია სუფევდა! აი, ხომ ამდენი რაღაც ჩამოვთვალე უკუღმა, ხომ ამდენ თავიანთ გაკეთებულს აბრალებენ ივანიშვილს, ხომ ყველა დამეთანხმებით, რომ სისულელეა, ეს ადამიანი ყაჩაღად და ქვეყნის დამაქცევრად მონათლო? თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ეს ასეა. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოების ისედაც გამოთაყვანებულ ნაწილს 24 საათის განმავლობაში ჩასჩიჩინებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად, რომ ქვეყანა ინგრევა და აუცილებლად უნდა გავიქცეთ, გვშია, გვწყურია... აგერ, ნახეთ, მშიერი ხალხი ქუჩაში ყრია, ნაგვის ურნებთან რიგებია! მე არ ვამბობ, საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა-მეთქი, არა, პრობლემები თავზესაყრელი გვაქვს, მაგრამ თუ სიტუაცია უარესდება, მაშინ საიდან ამდენი ავტომობილი, თბილისში რომ აღარ ეტევა? სხვათა შორის, რეგიონებში, ანუ რაიონულ ცენტრებშიც იგივე მდგომარეობაა. მაშინ ამიხსენით, რატომ არ არის საღამოს რესტორნებში თუ ღამის კლუბებში ადგილი? ჰო, ამიხსენით, არ დამზოგოთ, თუ გნებავთ, გამაკრიტიკეთ, საიდან ამდენი მშენებლობები, სადაც ყველა ბინა წინასწარაა გაყიდული? ვიმეორებ: არის პრობლემები... პენსია არის სასაცილო, 400-500 ლარი მაინც უნდა იყოს ამ ეტაპზე, მაგრამ რატომ მიდის ყველა ისარი ბიძინა ივანიშვილისკენ? როდესაც მანქანით თბილისის ქუჩებში დავდივარ, ვხედავ, როგორ ისვრიან „ბიჩოკებს“ მძღოლები საყვარელ დედაქალაქში და ამას, ალბათ, მარტო მე არ ვხედავ, თქვენც ხედავთ. ცუდია, როცა ქართველი ასე ექცევა საკუთარ ქალაქს, ხომ? დიახ, ძალიან ცუდია, მაგრამ ამასაც აქვს „ნაციონალური“ ახსნა - ბიძინამ ისე გაანერვიულა მოსახლეობა, ისე უშლის ნერვებს, ქუჩებში „ბიჩოკებს“ ისვრიან, რა ქნან, რა გააკეთონ, სხავანაირად როგორ გააპროტესტონ? როდესაც ადამიანებს ტვინი ეღუნებათ და ქვეყნის წაბილწვაზე ფიქრობენ, ყველანაირი საშუალება ამართლებს... მით უმეტეს მაშინ, როცა ამისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს. ნოყიერ ნიადაგში ჩვენს საზოგადოებას ვგულისხმობ, რომელსაც უმადურობა ლენცოფასავით მოსდებია. ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა (ქართველებისა ხან ისპაჰანში მიდიოდა, ხან - რუსეთის ტრამალებისკენ), ახლა საქართველოს ყველა მოქალაქის გზა ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის, ოღონდ ეს გზა არ არის ჩვეულებრივი - ის ბოღმით და შურით გახლავთ მოპირკეთებული. „ნაციონალურმა სექტამ“ 7 წლის განმავლობაში მიაღწია იმას, რომ ყველა შხამიანი ისარი ივანიშვილისკენ მიემართა. ამ მხრივ რეგიონებში უფრო რთულადაა საქმე. ვენახს ნაცარი გაუჩნდა და ხეირიანად არ მოისხა? - ეს ბიძინას ბრალია, რადგან მიშას დროს ასეთი რამ არ ხდებოდა. ამას წინებზე ერთი ახლობელი შემხვდა, მაღაზიიდან გამოვიდა, ცელოფანის პარკი გახეოდა, „ტავარი“ მიწაზე დასცვივნოდა, ივანიშვილს ლანძღავდა, მიშას დროს პარკები არ იხეოდა, უფრო ხარისხიანი იყოო.

 

რაღა დაგიმალოთ და ქართველთა დიდი ნაწილის მთავარი უბედურება მოკლე მეხსიერებაა - აშკარად გადახრა მოგვდგამს გენეტიკურად. გადახედეთ ჩვენს ისტორიას, ეს არის ღალატისა და უმადურობის ისტორია: ერეკლე მეორე გაწირეს და იძულებული გახდა, თავი რუსეთისთვის შეეფარებინა, ილია ჭავჭავაძეს შუბლი გაუხვრიტეს, ზვიად გამსახურდია სადღაც ტალახში ჩაკლეს და ამ ყველაფრის ჩამდენნი მთაწმინდაზე გვყვანან ასვენებულნი. ვინც ნამეტანი ქნა, ვინც ერთ ადგილას დაიმხო ქვეყანა, დიდუბის პანთეონში მოვათავსეთ დიდი პატივით. მე დღეს ხშირად მეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილს რატომ არ ლანძღავო? დიახ, რატომ არ აკრიტიკებო კი არა, რატომ არ ლანძღავო? ესე იგი, ლანძღვა აუცილებელია. სხვათა შორის, მე არ ვლანძღავდი ზვიად გამსახურდიას, რადგან ის იყო მართალი კაცი, ეს დრომ უფრო დაამტკიცა და დღეს ისეთები „სპეკულიანტობენ“ მისი სახელით, კუდში რომ მისდევდნენ მოსაკლავად. ერეკლე მეორის ეპოქას რომ მოვსწრებოდი, აუცილებლად ვიქნებოდი ერთ-ერთი მეზარბაზნე. ილია ჭავჭავაძის პერიოდში რომ მეცხოვრა, ალბათ მისი მისამართით გასროლილ ტყვიას ვერ შევაჩერებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გული გამისკდებოდა. ზოგს ჰგონია, ილია ცამოწმენდილზე მოკლეს, ვიღაც უბედური გამოვარდა და გაისროლა. არა, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა სიტყვიერი ომი. რამდენიმე წლის წინ ტელეფონით დასავლეთ საქართველოდან დამიკავშირდა ერთი ახალგაზრდა კაცი, მე გიგლა ბერბიჭაშვილის მეგობრის შთამომავალი გახლავართო... დანამდვილებით ვიცი, როდესაც ბერბიჭაშვილმა ილიას ესროლა, ჩემი დიდი ბაბუაც იქ იყოო... ძალიან ვიტანჯები, ავად ვარ, წლებია არ მძინავს, მამაჩემს ვეუბნები, წავიდეთ ეკლესიაში, რამე ვიღონოთ, მოვინანიოთ, ეგებ ცოდვა მოგვეხსნასო... მამაჩემი ლოთობს, ფეხებზე ჰკიდია, არ მისმენსო... ოჯახის წევრები დამცინიანო... ჩვენ დაწყევლილები ვართ და მინდა, როგორმე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთო. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ იტანჯება, ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა კბილი მოსჭრა. მე არ ვიცი, ნამდვილად იყო თუ არა მისი წინაპარი გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად, შეიძლება ეს უბრალოდ მისი წარმოსახვაა, მაგრამ ისეთ დეტალებს ჰყვება, ძნელია, არ დაიჯერო. ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე ხელი მოაწერა, ყველა არის დაწყევლილი. უკაცრავად, ახლა კი რას მეუბნებით, ვინ უნდა ვლანძღო, რომელმაც სამება აგიშენათ? სადაც შედიხართ, ლოცულობთ, სანთელს ანთებთ, გამოდიხართ და იფურთხებით? ვინ ვლანძღო, 2 წლის განმავლობაში რომ გიხნათ-გითესათ და მერე მოსავლის აღებაც მოსთხოვეთ? ვინ, ვინ... 600 ათას ადამიანს ბანკის ვალები რომ ჩამოგაწერათ და ერთსაც არ გითქვამთ მადლობა? პირიქით, ბევრისგან გავიგე, ეგ ვალები ისედაც ჩამოწერილი იყოო. ბებიათქვენისამ, ვალები კი არა, თქვენ იყავით ცხოვრებაში ჩამოწერილები და არაფრის მაქნისები, ამ ადამიანმა კი კიდევ ერთხელ მოგცათ შანსი. ბიძინა ივანიშვილი ბუნებას ანადგურებს, ხეებს ძირკვავს, თავის ეზოში მიაქვსო, იფურთხება "რუსთავი 2" და ილანძღებიან „ნაციონალები“. არადა, კაცი დენდროლოგიურ პარკს გიკეთებთ, ერთი ხის ნაცვლად ას ხეს რგავს... ვიცი, პარკის მშენებლობას რომ დაამთავრებს, იქ ჩემნაირები ვერ შეგასწრებენ, შეხვალთ, წამოიტრაკებით, გაიშხლართებით, მერე გამოხვალთ და ამშენებელს დაუწყებთ ლანძღვას. არ მიკვირს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ აქ, ამ ქვეყანაში არსაკიძეს მოაჭრეს მარჯვენა, რატომ კარგი აგიგიაო. დიახ, ჩვენ ის ხალხი ვართ, არსაკიძე რომ დავტოვეთ ხელის გარეშე!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი