logo_geo
1810 წლის 1 მარტს ფრედერიკ შოპენი დაიბადა
- +

1 მარტი. 2019. 14:46

 

 

„ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს

და მავთულები ნაცრისფერ ცაში

იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ

რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს...“

 

1810 წლის 1 მარტს ვარშავაში დაიბადა უდიდესი პოლონელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ფრედერიკ შოპენი. დღეს არ ვაპირებ, მორიგი ამომწურავი სტატუსი შემოგთავაზოთ ამ გენიალურ ადამიანზე, სამაგიეროდ გაგაცნობთ მის სრულიად ახალ ფოტოს, რომელიც 2017 წელს აღმოაჩინა შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ალენ კოლერმა. ეს არის დაგეროტიპით დამზადებული ფოტო, ანუ გადასაღები ობიექტის სარკისებური გამოსახულება. ეს ფოტო აღმოაჩინეს შვეიცარიაში, შოპენის პირად არქივში და იგი ითვლება კომპოზიტორის რიგით მესამე, 1847 წელს, ანუ მის სიცოცხლეშივე დამზადებულ სურათად, რომლის ავტორიც, ექსპერტების აზრით, კვლავ ლუი-ოგიუსტ ბისონია. ფოტო დამზადდა შოპენის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე.

 

39 წლის შოპენი გარდაიცვალა 1849 წელს და მის გულში ჩარჩა პოლონეთისა და ჟორჟ სანდის უსაზღვრო სიყვარული. გარდაცვალებამდე შოპენი ამბობდა, რომ მისი მუსიკალური ნაწარმოებების განწყობას ყველაზე კარგად გამოხატავდა პოლონური სიტყვა „zal“ ანუ მწუხარება და სწორედ იმ ერთ სიტყვაში იმალებოდა მისი გრძნობების სრული გამმა...

 

შოპენის სურვილის თანახმად მისი „დამწუხრებული“ გული სხეულიდან ამოიღეს და ვარშავის წმ. ჯვრის ტაძრის ერთ–ერთ სვეტში შეასვენეს, ხოლო შოპენის „უგულო“ სხეული კი პარიზის პერ–ლაშეზის სასაფლაოზე დაიკრძალა, მოცარტის „რექვიემის“ თანხლებით.

 

„ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს

და მავთულები ნაცრისფერ ცაში

იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ

რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,

სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ

და ნებდებიან საყვარელ ხელებს

და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად

მას, რაც ისედაც გაქრება მერე.

და სურვილებიც ჩნდებიან ისევ

და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,

და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად

და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.

მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე

და ღამე შუბლით აწვება კარებს,

გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს

იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.

და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,

რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,

და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,

დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში.“

ოთარ ჭილაძე

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

big_banner
არქივი