logo_geo
1940 წლის 27 თებერვალს დიმა ბათიაშვილი დაიბადა
- +

27 თებერვალი. 2019. 14:47

 

 

1940 წლის 27 თებერვალს დაიბადა ცნობილი რეჟისორი, თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი და გამორჩეული ხიბლის მქონე ქართველი კაცი დიმა ბათიაშვილი, რომელმაც გადაიღო „არასერიოზული კაცი“, მაგრამ სერიოზული როლი ითამაშა ქართული დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმების განვითარებაში. დღეს გაგიზიარებთ ჩემს მოგონებას ამ არაორდინარულ შემოქმედზე, რომელიც თავისი გრძელი შავი პალტო-ლაბადით და სხვანაირად დაშვებული უთეთრესი კაშნეთი, არასოდეს დაგტოვებდა გულგრილს მისი „არაქართული“ ჩაცმულობის მიმართ. არაქართული ჩაცმულობა ჰქონდა, თორემ მის ყველა ფილმში უღრმესი ქართველობა იკითხებოდა. დიმა ბათიაშვილმა უკვე კლასიკად ქცეული მრავალი დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმი გადაიღო, რომელთა უმეტესობა, ჩემი აზრით, ავტობიოგრაფიული ჩანახატია, მაგალითად ნამდვილი შედევრი „არასერიოზული კაცი“ (1980), რომლის მთავარი გმირია „პოლიგლოტი“ ალკოჰოლიკი ნიკო (ჩვენი გია ფერაძე), რომელსაც სიგიჟემდე უყვარს მამა, მუდმივად ეძებს სამსახურს, ქალს, სიყვარულს... ბოლოს პოულობს, და თითქმის იდილიაშია. ეს ფილმი ახალი და „არაკომფორმისტული“ სიტყვა იყო ქართულ კინემატოგრაფში. მეორე საოცრება იყო „კირილეს ოდისეა“, რომელშიც ქართველი ოდისევსი კირილე დუნიის დასალაშქრად ემზადება, რათა საქართველო სამყაროს გააცნოს. ოდისეა ვერ შედგება, ქართულ ფენომენს კი გაიცნობენ და... ფინალური სცენა - ასფალტზე დახატული საბჭოთა რუკა, რომელსაც წვიმა წარეცხავს... ამის „თქმა“ იმ დროს გმირობა იყო. ფილმი აკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი „პერესტროიკის“ გარიჟრაჟზე გამოვიდა. დიმა ბათიაშვილის ბოლო ფილმია „ცარიელი ბინა“ და აი, აქედან იწყება ჩემი მოგონება. ამ ფილმის მხატვარი და ერთ-ერთი მსახიობი ჩემი მეგობრები არიან. 1986-87 წელია... გავაღე კარები და რას ვხედავ?! დგანან ჩემი მეგობრები და ჩემი სიმპათია - დიმა ბათიაშვილი. გადაღებებიდან მოდიოდნენ და სახელდახელო სუფრაც გაიშალა. ცოტა ხანში დიმა როიალს მიუჯდა და... როგორ ვეტყოდი, რომ მანამდეც მქონდა მოსმენილი მისი საოცარი თითების კლავიატურაზე „მიმოსვლა“. ეს იყო 1977 წელს, ბაკურიანში. მახსოვს მთელი თბილისი სასტუმროს რესტორანში ვისხედით, როიალთან კი დიმა იჯდა და უკრავდა. თავზე ადგა ვირტუოზი კოლია ქაშაკაშვილი, რომელიც რაღაცს ეუბნებოდა და ხანდხან ოთხ-ხელშიც უკრავდნენ... იმ დღეს დიმამ და კოლიამ რაღაც ჯადოქრობები ჩაიდინეს და ყველანი მოგვაჯადოვეს. ჰოდა, როგორ ვიფიქრებდი, რომ 10 წლის შემდეგ ეს არაორდინარული კაცი ჩემს სახლში აღმოჩნდებოდა და... დაუკრავდა. უცებ, სუფრასთან დაბრუნებული დიმა სასხვათაშორისოდ მეუბნება, პირველად ბაკურიანში გნახეო... ყბა ჩამომივარდა... მეგონა, უკრავს და ვერავის ხედავს-მეთქი და თურმე დავუმახსოვრებივარ... მე კიდევ ეგ მინდოდა? სულ გადავირიე, ჭკუა არ მომეკითხებოდა. მერე ყველამ ავიწყვიტეთ, მე და მზიამ მურაზის ტანსაცმელი მოვირგეთ, კოსტუმირებული მაიმუნობები ჩავატარეთ, ჩვენი არასერიოზული საქციელით „სერიოზული“ კაციც გადავრიეთ და... არასოდეს დამავიწყდება ის საოცარი დღე.

 

67 წლის დიმა ბათიაშვილი გარდაიცვალა 2007 წელს. რომ მივედი, ყველა ფორიაქობდა, ირაკლი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა მამა, მის პანაშვიდზე დასასწრებად უნდა გამოეშვათ. მაშინ ის სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. ირაკლი მართლაც მოვიდა... მისი სახე გამახსენდა...

 

ახლა კი „არასერიოზული კაცის“ სიტყვებით დაგემშვიდობებით: „მადლობთ ყურადღებისთვის“.

 

 

 

 

big_banner
არქივი