logo_geo
1899 წლის 27 თებერვალს ლეო ესაკია დაიბადა
- +

27 თებერვალი. 2019. 15:40

 

 

აუ რამდენი ვართ... ვინც სიამოვნებით ვიხსენებთ ხოლმე ფილმს „ნინო“ და გენიალური რეზო ლაღიძის ამ სიმღერას:

 

„მოდი პირამდე ავავსოთ თასი,

ზღვასავით დადგეს ტკბილი ზედაშე,

უღვინოდ კოცნას არა აქვს ფასი -

დიდი ხანია ვიცით მე და შენ...

და თუ არ გინდა სიცოცხლის ბოლოს

შენ სინანულით დახუჭო თვალი

ორი ხატება იწამე მხოლოდ -

ქალი და ღვინო, ღვინო და ქალი

თვით სიკვდილისაც არ მეშინია,

როცა ვარ მთვრალი, როცა ვარ მთვრალი.“

 

ჰოდა, დღეს ჩვენი საყვარელი ფილმების, მათ შორის „ნინოს“, „ბაში-აჩუკის“, „გლახის ნაამბობის“ და „აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი რეჟისორის იუბილეა.

 

1899 წლის 27 თებერვალს ქუთაისში (ზოგიერთი წყაროთი - სენაკში) დაიბადა სახელოვანი ქართველი რეჟისორი და მსახიობი, გარკვეულ წლებში თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი, საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ესაკია, რომელმაც, გარდა ზემოხსენებული ფილმებისა, გადაიღო ორი ნოვატორული მუნჯი ფილმი „ჰოლტზე“, ანუ დრამა კოლექტივიზაციასა და ტრაქტორ ჰოლტზე და „ამერიკანკა“, რომელიც ეძღვნება ხილის დუქნის სარდაფში მოწყობილ არალეგალურ სტამბას და იქ დადგმულ საბეჭდ მანქანა „ამერიკანკას“, რომელზეც რევოლუციური ლიტერატურა იბეჭდება. რავარია, რევოლუციური ლიტერატურის დაბეჭდვა ამერიკანკაზე? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეო ესაკია იყო რეჟისორი, ვინც გადაიღო პირველი ხმოვანი ქართული მხატვრული ფილმი „შაქირი“ (მეორე სახელია Die Rote Fahne ანუ „წითელი დროშა“), რომელიც გერმანელ კოლონისტებზეა და ეს სახელი მათ მიერ ჩამოყალიბებულ კოლმეურნეობას ჰქვია... ა, კიდო... გერმანული კოლმეურნეობა სახელად წითელი დროშა, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა? შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც ქვეტექსტური იუმორის სურნელი მცემს...

 

ბატონ ლეოსადმი მიღვნილ სტატუსს „მშრალად“ და მოსაწყენად ვერ დავწერ, ამიტომ, რომ არ ეწყინოს, გავიხსენებ აკაკი ბაქრაძის წიგნის „კინო. თეატრი“-ს ერთ ძალზე საინტერესო პასაჟს, რომელიც ლეო ესაკიას „ბაში აჩუკს“ ეხება:

 

„...ფილმის სანახავად სტუდიაში მოვიდა ერთი ფრიად მაღალი თანამდებობის პირი... „ქართული ფილმის“ დირექტორმა... ალბათ, იფიქრა, ბევრი ლაპარაკი რა საჭიროაო და მოკლედ აუწყა: აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ გადავიღეთ და... რომ არ დაგღალოთ თქვენ თავად ნახავთ, რაც შევძელითო... ჩინოვნიკს უსაშველოდ მოეწონა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, კმაყოფილმა აღარ იცოდა რა ეთქვა. იქით-აქეთ მიმოიხედა... ვიღაცას ეძებდა... და ბოლოს დირექტორს სთხოვა, აკაკი წერეთელი გამაცანითო. დარბაზში ყველა გახევდა... დირექტორმა რაღაცნაირად მოძებნა იმ სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერისი პასუხი... მან ხელი მოჰკიდა ლეო ესაკიას, დიდმოხელეს წარუდგინა და უთხრა, ეს გახლავთ ფილმის ავტორიო“.

 

როგორც ზევით აღვნიშნე, ლეო ესაკი მსახიობიც იყო. მან მრავალ ფილმში ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი ვერც ფოტო მოვიძიე და ვერც სწორი ინფორმაცია. ქართული "ვიკიპედია", რატომღაც, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და აკაკი ვასაძის მაგივრად, ყველგან ლეო ესკია ყავს მითითებული. შეცდომასაც გააჩნია გენცა... ვისაც ეს ეხება, იმას მივმართავ, გაასწორეთ ეს გაუგებრობა, სირცხვილია...

 

ლეო ესაკია გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი