logo_geo
1927 წლის 6 მარტს გაბრიელ გარსია მარკესი დაიბადა
- +

6 მარტი. 2019. 12:32

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

არსებობს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მზიანი და ზურმუხტიანი ქვეყანა - კოლუმბია (მთელ დედამიწაზე მოპოვებული ზურმუხტების 90% მასზე მოდის), სადაც ძაღლებს რატომღაც, კატების მსგავსად ეძახიან „კის-კისს“ და ყავაში ხშირად დებენ მარილიან ყველს.

 

სადაც ცხოვრობდა ყველაზე ცნობილი ნარკობარონი პაბლო ესკობარი, რომელიც ყოველკვირეულად 2,5 ათას დოლარს ხარჯავდა მხოლოდ ფულის შეკვრების გასახვევ რეზინებში და გადაიხადა კოლუმბიის ეროვნული ვალები, 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

 

სადაც ყველა, ოჯახის წევრების ჩათვლით ერთმანეთს მიმართავს „თქვენობით“, სადაც მუსიკის გაგონებისას, ცეკვას იწყებენ ასაკის მიუხედავად...

 

სწორედ ასეთ ქვეყანაში და სწორედ ამ დღეს 1927 წლის 6 მარტს დაიბადა ნეიშტადტისა და ნობელის პრემიის ლაურეატი, საოცარი მწერალი და ადამიანი, გაბრიელ გარსია მარკესი, რომელსაც მთელი ბრაზილია (და არა მხოლოდ ბრაზილია) აღმერთებდა და მოფერებით ეძახდა „გაბოს“...

 

1929 წელს გაბრიელის მშობლები გადავიდნენ ქ.სუკრეში, ხოლო პატარა გაბო დარჩა მშობლიურ არაკატაკაში, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად... ისინი საოცარი მთხრობელები იყვნენ და სწორედ მათ უმადლოდა მარკესი თავის, როგორც მწერლის წარმატებებს...

 

1940 წელს, 13 წლის მარკესი ჩავიდა მშობლებთან, მიიღო სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ქალაქ სიპაკირას კოლეჯში...

 

1946 წელს ჩააბარა ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მალე მიატოვა სწავლა და დაინტერესდა ლიტერატურით...

 

მისი საყვარელი მწერლები, რომლებმაც თავად მარკესის თქმით, მასზე უდიდესი გავლენა მოახდინეს, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯეიმს ჯოისი, ვირჯინია ვულფი და ფრანც კაფკა...

 

1950-1952 წლებში მარკესი მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში, შემდეგ გადავიდა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში,- და წერდა წერილებს და ფილმებზე რეცენზიებს გაზეთ „El Espectador“-ში...

 

1957 წელს გაემგზავრა, როგორც ამ გაზეთის კორესპონდენტი პარიზში, წერილები ცოტა გაართულა და დაიწყო მოთხრობების წერა, მაგრამ ძალიან უჭირდა და ღამღამობით აგროვებდა ცარიელ ბოთლებსა და ძველ გაზეთებს, რომელშიც რამდენიმე სანტიმს უხდიდნენ... ზოგჯერ მეყასაბეს ვალად ართმევდა ძვალს და ხარშავდა სუფს...

 

1957 წელს მან იმოგზაურა მოსკოვში, როგორც ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე...

 

თანაც, ეს მოხდა სრულიად შემთხვევით, ის ჩავიდა ლეიფციგში, იქ შეეკედლა კოლუმბიის ფოლკლორულ ანსამბლს, რადგანაც ცოტა მღეროდა, კარგად ცეკვავდა და დოლზეც უკრავდა...

 

ყველაზე ძალიან რამაც მოსკოვში გააკვირვა იყო ის, რომ „პეპსი-კოლას“ არცერთი რეკლამა არ იყო...

 

არა და საიდან უნდა ყოფილიყო? 17 წლის ვიყავი პირველად „ფანტა“ რომ მივირთვი.

 

1958 წელს, მარკესი დაბრუნდა კოლუმბიაში და ცოლად მოიყვანა შესანიშნავი ქალბატონი - მერსედეს რაქელ ბარდა პარდო... ის კოლუმბიელი დედის და ეგვიპტელი მამის შვილი გახლდათ და მარკესი მას „ნილოსის მიწის მშვენებას“ ეძახდა...

 

ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ უცებ გაიცნო ან ცოტა ხნის წინ... მას მერსედესი შეუყვარდა მაშინ, როდესაც ის იყო 9 წლის, ხოლო გაბო -14-ის და ერთერთი ცეკვის დროს, ცოლობა სთხოვა... სერიოზული 9 წლის მერსედესი დაფიქრდა და... თანხმობა მისცა... ოღონდ დაამატა, - „სკოლას რომ დავამთავრებ, მერეო“...

 

საერთოდ, მარკესი სერიოზულ საკითხებში სწრაფ გადაწყვეტილებებს არ იღებდა... წლების განმავლობაში ფიქრობდა, თავის თავში გემრიელად ხარშავდა ყველაფერს და სამაგიეროდ მერე...

 

თავისი ფანტასტიური ქალაქო მაკონდოც, თურმე ძალიან ახალგაზრდამ, 17 წლის ასაკში შექმნა, სულ ცვლიდა, რაღაცეებს ამატებდა და ბოლოს თავისი ნაწარმოებების მთავარ ქალაქად გახადა...

 

თანაც ისეთად, ფეხს რომ შეადგამ, იმის მოქალაქე ხდები სიცოცხლის ბოლომდე...

 

1959 წელს მერსედესს და გაბოს გაუჩნდათ ვაჟი - როდრიგო გარსია, რომელიც მომავალში კანის ფესტივალის პრიზიორი გახდა... ისინი გადასახლდნენ მექსიკაში და 3 წელიწადში კი მერსედესს ისევ ვაჟი გაუჩნდა - გონსალო, რომელიც მეხიკოში ცნობილი გრაფიკული დიზაინერია...

 

თურმე, გაბოს ბიჭები რომ პატარები იყვნენ, მას გადაუწყვეტია საბავშვო ზღაპრების ჟანრში მუშაობა და პირველივე ზღაპარი მათზე მოსინჯა...

 

და იცით, რა უთხრეს - „მამა, შენ რა, ბავშვები მართლა ასეთი სულელები გგონივართო?“

 

ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა... ყველაფერზე აკეთებდნენ ეკონომის, მაგრამ მათი მთავარი სიმდიდრე იყო მათი ურთიერთობები... ისინი პირველი დღიდან და 55 წლის განმავლობაში, გვერდით ედგნენ ერთმანეთს სიხარულშიც და გასაჭირშიც...

 

მერსედესი - ანუ მეჩე, როგორც მას გაბრიელი, ანუ გაბო უძახდა, იყო მისი ყველა ნაწარმოების პირველი მკითხველი და მარკესი აფასებდა და ითვალისწინებდა ყველა მის პატარა შენიშვნასაც კი...

 

სახლში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, არ იყო გათბობა და მერსედესმა ისწავლა ბუხრის დანთება, თანაც იმ დროს, გაბრიელი რომ წერდა, რადგანაც სიცივეში თითები არ ემორჩილებოდა...

 

როგორც თითქმის ყველა ძალიან ნიჭიერ ადამიანს. მარკესსაც , შემოქმედებითი წვის დროს, არ უყვარდა დალაგება და მერსედესი რომ არა, სავარაუდოდ, მისი ნაწერების ნახევარი დაიკარგებოდა...

 

როცა მარკესმა დაასრულა მუშაობა რომანზე „მარტოობის ასი წელი“, გამომცემლისთვის ხელნაწერის გასაგზავნად 80 პესო აკლდებოდა... ამიტომაც, ლომბარდში ჩააბარა მერსედესის მიქსერი და ფენი...

 

როდესაც მეჩემ ეს გაიგო, ასე უთხრა - „საკუთარ თავს დააბრალე, რომანი ცუდი თუ აღმოჩნდაო“.

 

რომანი კარგი აღმოჩნდა და 1982 წელს გაბრიელ მარკესს მიანიჭეს ნობელის პრემია... ის იყო ერთადერთი კოლუმბიელი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად...

 

მე გუშინაც ვკითხულობდი მისი ამ ნაწარმოებიდან ნაწყვეტებს, რომელიც მის ნაწარმოებებში მაინც ყველაზე უფრო მიყვარს... და მივხვდი, რომ მაინც ვერ მივხვდი ბოლომდე და რამდენჯერაც ვკითხულობ, სულ განსხვავებულ რაღაცეებს ვაქცევ ყურადღებას...

 

თავიდან მიჭირდა ნათესაური კავშირის დამახსოვრება, მერე გადავედი შინაარსზე, მერე მისი სიტყვების სიბრძნეზე... მერე ზედმეტად ჩავყვინთე და ასე მეგონა, რომ ვერასდროს ვერ დავასრულებდი კითხვას...

 

ბოლოჯერ კი, ამ ნაწარმოების წაკითხვაში გამოცდილი, უცებ უბრალოდ მისი სახეების და აღწერების სილამაზეს დავუკვირდი...

 

... „წვიმდა 4 წელი, 11 თვე და 2 დღე... ჰაერი ისე იყო გაჟღენთილი ნესტით, რომ თევზებსაც კი შეეძლოთ ღია კარიდან სახლში მოხვედრა... გაცურავდნენ ოთახებში და გამოცურავდნენ ფანჯრებიდან“...

 

„რამდენიმე საათში, ხანგრძლივი უძილობისგან უძლური ხოსე არკადიო ბუენდია შევიდა აურელიანოს სახელოსნოში და შეეკითხა - „დღეს რა დღეა?“ აურელიანომ უპასუხა, რომ სამშაბათი... „მეც ასე მეგონა, - თქვა ხოსე არკადიო ბუენდიამ, - მაგრამ მერე შევნიშნე, რომ ისევ გრძელდება ორშაბათი, რომელიც იყო გუშინ“...

 

„იმ დღეს, როდესაც ადამიანები ივლიან პირველი კლასით, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონებით გადაიტანენ, დადგება სამყაროს დასასრული“...

 

უკაცრავად, საკუთარი გემოვნება რომ მოგახვიეთ თავს... ყველას თავისი მარკესი ჰყავს, უბრალოდ, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო...

 

ძალიან სერიოზულ მწეველს, გაბრიელ მარკესს ჯერ კიდევ 1989 წელს დაუდგინეს ფილტვების სიმსივნის დიაგნოზი... ის ბოლო წუთამდე იბრძოდა, როგორც კაცს შეუძლია, წუწუნის გარეშე და გაღიმებული...

 

„ერთხელ მან ბრძანა - „არასდროს არ შეწყვიტო გაღიმება, მაშინაც, როდესაც ძალიან სევდიანობ... რადგანაც ვიღაცას შეიძლება ეს შენი ღიმილი შეუყვარდეს“...

 

ის გარდაიცვალა 2014 წლის 17 აპრილს, 88 წლის ასაკში...

 

მის ცხედრის გამოტანისას, ჰაერში მისი საყვარელი ყვითელი პეპლები ააფრინეს - 1000 ცალი...

 

მარკესის გარდაცვალება გახდა ტრაგედია არა მხოლოდ მისი მშობლიური კოლუმბიისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის... მე ასე მგონია, რომ იმათთვისაც, ვისაც მისი წიგნები არ წაუკითხავს... იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ძლიერი, შესანიშნავი, ყველასგან განსხვავებული და ამავე დროს, ყველასავით უბრალო კაცი, გაბრიელ მარკესი...

 

ის ყველასთან იყო ღია... მისი მეგობრები იყვნენ პრეზიდენტებიც, ცნობილი მუსიკოსებიც, მათ შორის, ასევე კოლუმბიელი შაკირა (ბოლო ფოტოზე), მის სახლთან პატარა მაღაზიების და დახლების გამყიდვლები... ის თითქოს იზიდავდა ყველას თავისი სისადავით, რომელიც, როგორც წესი გენიოსებს ახასიათებთ...

 

და ბოლოს, მინდა, დავასრულო ისევ მისი სიტყვებით, რომელიც იმდენად მიყვარს, რომ ზოგჯერ უნამუსოდ ჩემიც კი მგონია...

 

„თუ როდისმე ტირილი მოგინდა - დამიძახე... მე ვერ დაგპირდები, რომ გაგაცინებ, მაგრამ აუცილებლად ვიტირებ შენთან ერთად... თუ როდისმე გაქცევა მოგინდება, არ შეგეშინდეს - დამიძახე... მე ვერ დაგპირდები, რომ დარჩენას გთხოვ... მაგრამ შენთან ერთად გავიქცევი... როდესაც ერთხელ მოგინდება, რომ არავის არ უსმინო, დამიძახე... და მე შენთან ერთად გავყუჩდები... მაგრამ, თუ შენ ერთხელ დამიძახებ და მე არ გიპასუხებ... იჩქარე ჩემკენ... სავარაუდოდ, ამ დროს მე შენ ძალიან-ძალიან მჭირდები“...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და კოლუმბიური „ტენტასიონივით“ ტკბილ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი