logo_geo
1932 წლის 5 მარტს ნოდარ წულეისკირი დაიბადა
- +

5 მარტი. 2019. 13:31

 

„მერაბ კოსტავას ცხოვრება ერთ კაცში განცხადებული სიმბოლო იყო თავისუფალი და ზნეობრივად გასპეტაკებული საქართველოსი“.

 

1932 წლის 5 მარტს სოფელ ბანძაში დაიბადა სახელოვანი ქართველი პროზაიკოსი ნოდარ წულეისკირი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში დაწერა არაკომუნისტური რომანი „აფთრები“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა თენგიზ აბულაძის შედევრი „მონანიება“ და განსაკუთრებით მძაფრი სცენა - მკვდარი საბჭოთა ჩინოვნიკი „ურჩხულის“ ვარლამ არავიძის საფლავიდან ამოთხრა. ამას მოფიქრება ხომ უნდოდა?! მწერალი თავად ამბობდა, ვარლამ არავიძე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდესო. ასეც მოხდა... მას შემდეგ ჩნდებიან და მრავლდებიან ვარლამ არავიძეები.... დაწერა თუ არა „აფთრები“, აფთრებივით შეესივნენ და უმალ განვითარდა უკვე კარგად დაზეპირებული „სცენარი“... „არასწორი“ გემოვნების მქონე არაკონფორმისტი სცენარის ავტორი ნოდარ წულეისკირი ჩრდილში მოექცა და იმის ღირსადაც არ ჩათვალეს, რომ მისი სახელი ტიტრებში მიეთითებინათ. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მოხდა და იგი ყველამ მიივიწყა. დღეს ბევრმა არც იცის, რომ „დიდი“ მონანიების სცენარი წულეისკირის „დიდ“ რომანზე აიგო. გაიხსენეთ ნოდარ წულეისკირის კიდევ ერთი სასწაული რომანი „თუთარჩელა“. გახსოვთ როგორ წერს: „ყველაზე დიდი ღალატი, რაც წარსულმა იცის, ოცდაათ ვერცხლად შეფასდა. მაგრამ მოღალატემ თავი ჩამოიხრჩო“–ო...

 

აქვე გავიხსენოთ ნოდარ წულეისკირის სცენარით გადაღებული მეორე ლეგენდარული ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რომელიც დიდი ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიწერა... განა შეიძლება ასეთი მწერლის პოლიტიკით გასვრა? ჩემთვის არა... თქვენი საქმისა კი თავად იცით...

 

ნოდარ წულეისკირმა დაწერა არაერთი ცნობილი და ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოები და გამოსცა რამდენიმე კრებული. ყველა სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო მისი „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი" და „დავით აღმაშენებლის ქვა" რად ღირს?!“ მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1990 წელს ნოდარ წულეისკირი იყო საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. მერე, უცებ... 1992 წელს მწერალმა თბილისი დატოვა და მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში დასახლდა, სადაც იგი სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. არც კი ვიცი, რა დავარქვა ამ ღირსეულ ნაბიჯსა და საქციელს. აი, ესაა ქართული საქმის კეთება, რაშიც ეჭვს ვერასოდეს შეიტან...

 

წავიდა წულეისკირი წერაქვში... რა საოცარი ალიტერაცია გამოვიდა... წავიდა და საბოლოოდ იქცა პანტე ცაავად...

 

83 წლის ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა 2015 წელს. იგი წერაქვში დაიკრძალა... რა ვიცი, აბა? ჩემი საქმე რომ ყოფილიყო, დიდუბის პანთეონში დავკრძალავდი. თუმცა რას გაუგებ სიკვდილსა და გარდაცვალებას?!

 

და ამ მოგონებას მისივე „თუთარჩელათი“ დავასრულებ, რადგან ეს ამონარიდი კარგად ეხმიანება ჩემს ზევით ნათქვამს:

 

„სიკვდილი ფილოსოფიის მუზაა...“

 

თქვენი არ ვიცი და მე დავუჯერებ დიდ მწერალსა და მოაზროვნეს.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი