logo_geo
თეა ფირცხალავა: ჟიული შარტავა თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი იყო
- +

7 მარტი. 2019. 15:13

 

 

„აწ იქ თუ შეგძრავს ვით შუქს გენია,

ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,

იქ უნდა მოკვდე, სადაც კვდებიან

თავისუფალი საქართველოსთვის!“

 

გეგონება, მორის ფოცხიშვილმა ეს ლექსი ჩვენს დღევანდელ იუბილარზე, საქართველოს ეროვნულ გმირზე ჟიული შარტავაზე დაწერა, რომელიც მართლაც იქ მოკვდა, სადაც საქართველოს თავისუფლება, მომავალი, ერთიანობა და მთლიანობა წყდებოდა, წუთით არ მოუხრია ქედი, წუთით არ შემდრკალა... არ ვიცი, რამდენად სწამდათ ღმერთის მას და მის თანამებრძოლებს, მაგრამ თუ მათი სიცოცხლის ბოლო კადრებს შეხედავ და მათ საქციელს დააკვირდები, დაიჯერებ, რომ სწორედ იმ უმძიმეს და სიცოცხლესთან გამომშვიდობების წამებში ზევიდან ჩაესმოდათ უფლის სიტყვები, რომელიც თავისი ბიბლიური შეგონებით ამხნევებდა გმირებს: „გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე“-ო... ყველა დროისა და ეპოქის ქართველი გმირებისთვის საქართველო მუდამ იყო ღმერთი, ხოლო საქართველოსთვის ბრძოლა სწორედ უფლისთვის თავშეწირვასთან ასოცირდებოდა... ნუ დაგვავიწყდება ეს... ჩემი თუ არ გჯერათ, თავად ჟიულის სიტყვებს გაგახსენებთ, „ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია“-ო. ერთხელ დავწერე და დღესაც გავიმეორებ, არ ვიცი, სამშობლოს ზუსტად რაოდენ და როგორ სიყვარულს გულისხმობს სიტყვა პატრიოტიზმი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ჟიული შარტავა თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი იყო, რადგან მისი და მისი თანამებრძოლების მიერ სოხუმში გადადგმულ ნაბიჯებში გამოვლინდა ამ ტერმინის რეალური არსი… აქვე გაგახსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მოგონებას, თუ როგორ მიუტანეს საპატრიარქოში ჟიული შარტავას მკვლელობის თანამონაწილის რუსულ ენაზე დაწერილი და ჟიულის „მადიდებელი“ წერილი:

 

„ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ თქვენს ქვეყანას ერთი ადამიანი მაინც ჰყავდა მისნაირი, მაშინ საქართველოს გადაშენება არ უწერია...“

 

ამას რომ წაიკითხავ, შეიძლება გული გაგისკდეს...

 

დიდება და არდავიწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირული ამ ქართველი გმირის სახელს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი