logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე, კაცურად, იცავდა თავის სამშობლოს...
- +

7 მარტი. 2019. 15:48

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

 

სწორედ დღეს, 75 წლის წინ, 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა...

 

ძალიან ძნელია მასზე დაწერა... კაცზე, რომელსაც პირადად იცნობდი, გქონდა ურთიერთობა და მერე აღმოჩნდა, რომ ის გმირია, რომელსაც უანგაროდ და დაუფიქრებლად შეუძლია საკუთარი ცხოვრების გაწირვა სამშობლოს კეთილდღეობისთვის...

 

შენ კი უყურებდი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგწონდა, მაგრამ ცოტა გეშინოდა კიდევაც, რადგან უმთავრესად მკაცრი იყო...

 

არა და, თურმე სულაც არ იყო უბრალოდ კარგი კაცი...

 

შესანიშნავად ბრძანა მისმა თანაკლასელმა, მწერალმა ჯემალ ადეიშვილმა - „ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.

 

ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა".

 

მე ბატონი ჟიული გავიცანი სტუდენტობის დროს, როდესაც გულის მხარეზე გადაკიდებული ნაწნავით, თანაც ხუთოსანი, წარმატებით ვასრულებდი საქართველოს სტუდენტობის სიმბოლოს როლს... ასევე იყო საუკეთესო მეცნიერი, მეჩაიე, მუშა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ა.შ...

 

შესაბამისად, ყველა ღონისძიებებზე გამოვდიოდი სიტყვით...

 

ერთი პრივილეგია მქონდა სხვისგან განსხვავებით, სიტყვას თავად ვწერდი, შიგნით ლექსებსაც ვრთავდი და ბატონ ჟიულის ისე მოწონდა, რომ არასდროს შეუცვლია არაფერი...

 

ერთხელაც, თუ არ ვცდები, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც გამომიძახეს ცკ-ში და მითხრეს, კომკავშირულ ქალაქ ძნელაძეში საახალწლო მეჯლისი იმართებაო, შევარდნაძე იქნებაო და შენ უნდა გამოხვიდე მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს ახალგაზრდობის სახელითო...

 

ახალ წლამდე 3 თვე იყო წინ და ამ სამი თვის განმავლობაში ჩემი გამოსვლის მთავარი ინტრიგა იყო - როგორ მიმემართა ბატონი ედუარდისთვის?

 

ლამაზი სიტყვა „ბატონო“ მაშინ გამორიცხული იყო და გადაწყდა, რომ უნდა მეთქვა - „პატივცემულო, ედუარდ ამბროსის ძევ!“... ბოლოში ეს ასო „ვ“ მეხამუშებოდა, მაგრამ პარტიამ დამავალა და რა უნდა მექნა...

 

გენერალური რეპეტიციის დროს, ჩავიცვი გალიჩკას სალათისფერი კაბა, ვარდმიბმული... მეორე მხარეს მეტრიანი სქელი ნაწნავი გადავიკიდე და ავიცვი „გაბორის“ ფირმის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გალიჩკამ მოსკოვის „ბერიოზკაში“ რომ მიყიდა გამოსაშვებისთვის...

 

სულ ერთხელ მეცვა, გამოსაშვებზე და სახლამდე ძლივს მივაღწიე...

 

გენერალურ რეპეტიციას ხელმძღვანელობდა პირადად ბატონი ჟიული შარტავა...

 

მან დაიკავა ბატონი ედუარდის „მომავალი“ პოზიცია... მე ავედი სცენაზე და ტექსტი წარმოვთქვი... მთელი გრძნობითა და აღტკინებით...

 

მერე, სცენარის მიხედვით, სცენიდან უნდა ჩავსულვიყავი ბატონ ედუარდ ამბროსის ძესთან და მისთვის გადამეცა მიკროფონი, საპასუხო მოლოცვისთვის...

 

ხოდა... გადავდგი მაღალქუსლებიანი ნაბიჯი, გავეშხლართე მიკროფონის მავთულებში და მიკროფონიანად ჩაუვარდი ბატონ ჟიულის ფეხებში...

 

ბატონ ჟიულის ნამდვილად არ უნდოდა გაცინება, მაგრამ მესმის, რომ თავი ვერ შეიკავა და თვალებიდან ცრემლებიც კი წამოუვიდა... მაშინ ისე გამიკვირდა, ასეთი მხიარული რომ დავინახე და ისე უხდებოდა სიცილი, რომ მეორეჯერ მომინდა კიბიდან ჩამოვარდნა...

 

რომ დასერიოზულდა, რეჟისორს გადასძახა, - ბატონ ედურდს საიდანაც გინდათ უშოვეთ მეორე მიკროფონი, ბავშვმა სცენიდან ფეხი არ გადმოდგასო... ეტყობა, ჩემი „ეფექტური“ ჩამოსვლა რომ არ განმეორებულიყო...

 

ამ ღონისძიების შემდეგ, ბატონი ჟიული აღარ მინახავს...

 

აფხაზეთის ამბები რომ დაიწყო, ჩემზე უკეთ თქვენ იცით და გახსოვთ, როგორ ვნერვიულობდით ყველა...

 

ეს ალბათ, ჩვენი თაობების, ვინც მოესწრო, ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო... იგივე იყო, ცოცხლად გულს რომ ამოგიღებდნენ...

 

აფხაზეთი არ არის მხოლოდ პოლიტიკურად მოწყვეტილი საქართველოს ტერიტორია... ის თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია... მისი ყველასგან განსხვავებული მზით, ზღვით, წვრილკენჭებიანი ნაპირით და პრიალა მაგნოლიებში შეყვარებული ტანწერწეტა პალმებით... მზესავით გადაშლილი ჰერბერებითა და კოწახურებით...

 

ჩამტკბარი შავი ქლიავებითა და გადახეთქილი ლეღვებით...

 

ჰავაც კი გამორჩეულად კარგი ხასიათის ადამიანივით აქვს...

 

წვიმაც კი გიხარია, რადგანაც დროზე მოსვლაც იცის და წასვლაც...

 

ალბათ, სწორედ ამიტომ ასე მოუმზადებლად, დაუფიქრებლად ან შეიძლება სწორედაც ძალიანაც დაფიქრებულად, მიდიოდნენ მის დასაცავად ჩვენი კაცები, ჩვენი ბიჭები და ბევრი ვეღარ დაბრუნდა...

 

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, სატელეფონო საუბარში თავის მეგობართან, ბატონმა ჟიულიმ უთხრა - „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“...

 

ის ბოლო წუთამდე იცავდა თავის სამშობლოს...

 

კაცურად...

 

შარშან აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა...

 

მოვძებნე ეს მწვერვალი და გულში ვიფიქრე - „მართლა გავს ბატონ ჟიულის“...

 

ამიტომ დღეს ერთად ვდებ ბატონი ჟიულის სოხუმის შესანიშნავ ფოტოს, რომელიც ბატონმა სერგო ედიშერაშვილმა გადაუღო... ამას ფოტო აღარ ქვია.. გაცილებით მეტია...

 

კიდევ ერთ სხვანაირად იმედიან ფოტოს, რომელიც ძალიან მომწონს...

 

და ბატონი ჟიულის სახელობის მწვერვალს...

 

ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა - „მე მჯერა, რომ ეს მწვერვალი ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა და შერიგების სიმბოლო გახდება,"

 

მეც მჯერა და ვიცი, რომ ბატონ ჟიულის ეს სიტყვები გაახარებდა...

 

ასეთი კაცი იყო...

 

პირდაპირი, ქედმოუხრელი და ამავე დროს, მიმტევებელი...

 

ბოლოს კი,მინდა შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ გასული წლის 27 სექტემბერს წარმოთქვა - „დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე, რომ ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა“.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი