logo_geo
ლელა ანჯაფარიძე ალექსანდრე ბასილაიაზე: ხშირად იღიმებოდა და იცინოდა, მაგრამ, რატომღაც თვალებში სევდა ერია...
- +

11 მარტი. 2019. 16:52

 

 

დღევანდელ დღეს დავიწყებ ერთი საოცარი სიმღერით და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველი თქვენგანის გულშია დაბუდებული... ზოგჯერ ცოტა იმალება, მერე კი მერცხალივით გამოფრინდება, მაგრამ არასდროს არ ტოვებს საკუთარ ბუდეს...

 

ეს გახლავთ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „ზღაპარი სიყვარულისა“, მორის ფოცხიშვილის ლექსზე, მაგრამ მაინცდამაინც ბატონი ალექსანდრეს და ქალბატონი ლუიზას შესრულებით... ჯერ ერთი, მათი დუეტისთვის იყო შექმნილი, მეორეც, მათი 50-წლიანი ერთობლივი ცხოვრება საოცრად ჰგავდა ამ სიმღერას... მათ ერთმანეთი 14 წლის ასაკში გაიცნეს, უამრავი რამე გადაიტანეს, მაგრამ ყველაფერს გაუძლეს და სულ ერთმანეთს გვერდში ედგნენ... სცენაზეც და ცხოვრებაშიც...

 

იყო და არა იყო რა,

რა იქნებოდა ნეტავ რა?

შეყვარებულთა ქუჩაზე

უცებ რო გამოედარა

 

...უცებ რო გამოედარა

სულსაც დავთმობდი სულს

რა დავუშავეთ ქვეყანას?

ჩვენ რომ ერთად ვართ სულ, სულ, სულ.

 

გვარხევს და კიდეც გვაწვალებს

ვაიმე მიაქვს გულის ხმას

რა ტკბილია და რა მწარე

ზღაპარი სიყვარულისა.

 

სწორედ დღეს, 1942 წლის 11 მარტს თბილისში დაიბადა ამ სიმღერის ავტორი, ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი, უნიჭიერესი და უთბილესი ბატონი ალექსანდრე ბასილაია, რომელსაც ყველა მოფერებით ეძახდა „ბუთხუზის“... ის, ისევე როგორც მთელი „ივერიის“ არაჩვეულებრივი კოლექტივი, ძალიან მეგობრობდა ჩემს დედაჩკა-გალიჩკასთან, რომელიც საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, საესტრადო გადაცემათა განყოფილების გამგე იყო...

 

ასე რომ, მართლა ბედნიერი ბავშვობა მქონდა - ოპერაში ყველა რეპეტიციებს ვუთვალთვალებდი და ტელევიზიაში კი გადაღებებს...

 

მახსოვს, როგორ მომწონდა ბატონი ალექსანდრე... ყოველთვის ისეთი ელეგანტური...

 

მანერებიც განსხვავებული ჰქონდა - თან ძალიან ევროპული და თან საოცრად თბილის-ქალაქური... მოკლედ, დახვეწილი...

 

ხშირად იღიმებოდა და იცინოდა, მაგრამ, რატომღაც თვალებში სევდა ერია...

 

ალბათ, არ შეიძლება, შემოქმედებითი ადამიანი იყოს კმაყოფილი ყველაფერი იმით, რაც ხდება მის ირგვლივ...

 

ამიტომაც, გადახედავს ხოლმე ამას ყველაფერს და ისევ იძირება თავის სამყაროში, სადაც გაცილებით უფრო სიმყუდროვეა...

 

ქალბატონ ლუიზაზე კი უბრალოდ შეყვარებული ვიყავი...

ისეთი ტანადი იყო, თხელი, ლამაზი, გემოვნებით ჩაცმული...

 

სულ დავდევდი და შორიდან ვუყურებდი...

 

ერთადერთი, ვისთანაც მიახლოვებას ვბედავდი, იყო ბატონი ვახტანგ ტატიშვილი... მე მგონი, მთელ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ბავშვი, რომ არ უყვარდეს ბატონი ვახტანგი, მისი „ბიჯ-ბიჯებით“...

 

იმხელა სითბო იღვრება მისგან და სიკეთე, ისეთი გულწრფელია და გულღია...

 

ბავშვი ხომ იცით, პატარა „ფალშსაც“ კი ყოველთვის გრძნობს...

 

ბუთხუზი უბრალოდ ქუჩაში მიმავალი რომ გენახა, უკვე სასიამოვნო იყო, მაგრამ როდესაც ის როიალთან ჯდებოდა... ეს რაღაცა საოცრება იყო... მელოდია, ემოციები, დაკვრის ისეთი მანერა, რომ ხედავდი - აი, ბედნიერი ადამიანი, რომელიც თავის სტიქიაშია...

 

„ივერია“ შეიქმნა მაშინ, როდესაც „ორერა“ პოპულარობის პიკზე იყო... პირველ არანჟირებებს ბუთხუზს რობერტ ბარძიმაშვილი აწვდიდა... აი, ის მაღალი ურთიერთობები, რომელზეც სულ ვლაპარაკობ... რომელიც ფარავს ყველანაირ კონკურენციას...

 

ყველას გახსოვთ „ივერიის“ კონცერტებზე გადავსებული ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი...

 

ხოლო როდესაც ბასილაიამ დადგა საბჭოთა კავშირში პირველი „როკ ოპერები“ - „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“... ვინც ახალგაზრდები ხართ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხდებოდა...

 

ყველა რეპლიკა და მუსიკალური მომენტი ზეპირად ვიცოდით...

 

თან როლები იყო სასწაულად შერჩეული...

თემურ წიკლაური ისე მღეროდა და თამაშობდა, რომ სულ მეგონა, რომ ბოლოს არწივად გადაიქცევა და გაფრინდება სცენიდან, გოჩა ლორიას არიამ „ყვავი რომ ვარ, შავი რომ ვარ“ ყვავები შემაყვარა...

 

და სულ იმედი მქონდა, იქნებ, მშვენიერი და კოხტა ჩხიკვი ქეთევანი, ანუ მანანა თოდაძე, ცოტა მაინც შეიყვარებდა...

 

ვახტანგ ტატიშვილის ხათრით, რა ხანია სახლში ვუძლებ წრუწუნას...

 

ასევე საოცრება იყო კაჭკაჭების (ქალბატონი ლუიზას და ქალბატონი ლილის) ჭორიკნული დუეტი და ბრძენი ბუს, ნუგზარ კვაშალის შეჯიბრი ვახტანგ ტატიშვილთან, სიმღერებში „ჩიტებსა და ფრინველთა“ მოდგმაზე ყველაფერი ისეთი კეთილი იუმორით იყო გაზავებული, ისეთი აქტუალური იყო (და დღემდე რჩება), ისეთი სახალისო იყო, როგორც ლიბრეტოს ავტორს საოცრად ნათელ, ნიჭიერ და თავმდაბალ კაცს, ბატონ ჯემალ ბაღაშვილს ეკადრება...

 

დღემდე, როცა ნაყვარება, გულში ვმღერივარ - „სიყვარული მოვა, ჩემო თომა“...

 

მახსოვს, ერთი პერიოდი მოსკოვში რესტორანში რომ შეხვიდოდი, აუცილებლად ჟღერდა „არგოოოოო!!!“ და მთელი დარბაზი უერთდებოდა... სმენიანი და უსმენო...

 

მთელ სიმღერას ვერ ასრულებდნენ, მაგრამ ეს კარგად გამოსდიოდათ.

 

მერე, მოგეხსენებათ, ბევრი რამ შეიცვალა...

რა თქმა უნდა, ბევრი უკეთესობისკენ, მაგრამ არ ვიცი, რა მიზეზით, უცებ. ერთ მომენტში გაქრა საქართველოსთვის ესოდენ დამახასიათებელი მომენტი, ქართულ ერთან უბრალოდ შესისხლსორცებული -ადამიანის პატივისცემა და ღვაწლის დაფასება...

 

ეს არაფრით არ შეიძლება რომ ხდებოდეს... ყველას აქვს ცხოვრებაში პიკი და მერე, ასეთია ჟამთასვლის წესი, ნელ-ნელა და ღირსეულად სხვა სტადიაზე გადადიხარ, ხშირად უფრო მაღალზე, სადაც, უდიდესი გამოცდილების და ნიჭის გათვალისწინებით (ნიჭი ადამიანისგან, საბედნიეროდ, არსად არ მირბის, თანდაყოლილია) უფრო მეტს გააკეთებ შენი სამშობლოს და ხალხის საკეთილდღეოდ...

 

მაშინ ძალიან აწყენინეს ბატონ ბუთხუზის...

 

როდესაც ვკითხულობ ქალბატონ ლუიზას მოგონებებს იმის შესახებ, რომ ბუთხუზს ფილარმონიაში საკუთარი კაბინეტის მაგივრად შესთავაზეს პატარა ოთახი, სადაც ძლივს ეტეოდა როიალი და როდესაც ლუიზა იმ ოთახში შევიდა, ბუთხუზი უკრავდა... გული თუ არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა...

 

რატომღაც უცებ გამახსენდა ბუთხუზის და ლუიზას შესანიშნავი, მაგრამ სევდიანი დუეტი, ბატონი მორისის ლექსზე;

 

მერე ყველაფერი ნელდება...

მერე ყველაფერი ძნელდება...

თითქმის ყველაფერი მკრთალდება,-

ღვინო თავისთავად წყალდება.

 

ვნება მდუმარებით დუმდება,

გზნება მცხუნვარებით ხუნდება.

მერე სინანული ვლინდება,

მერე ყველაფერი ბრწყინდება,-

 

ქრება, იფერფლება ღადარი...

მერე არაფერი არ არი...

 

არავისი არაფერში დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყველა დაავადება მოდის ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან და განწყობიდან...

 

მე მქონდა ცხოვრებაში ერთი ასეთი მაგალითი... არ მინდა ვინაობის გამხელა, ბევრი მიხვდება...

 

ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწე და მოსკოვში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, საოცარი კაცი კაბინეტიდან გადაიყვანეს პატარა ოთახში...

 

მე შევედი და ვითომ დაწყნარებას ვუპირებდი - „ბატონო ოთარ, არ ინერვიულოთ, თქვენ რომ კაბინეტები გქონდათ, ამათ არც დასიზმრებიათ-მეთქი“... და იმ კაცმა ისეთი თვალებით შემომხედა...

 

რამდენიმე თვეში კი გარდაიცვალა...

 

რაღა თქმა უნდა, კაბინეტები არაფერ შუაში არ იყო და არ არის, შუაშია და თავში - დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. მითუმეტეს, როდესაც ის ძალიან ფაქიზი სულის პატრონია...

 

ბუთხუზი იყო ლომივით კაცი, რომელსაც სიმღერის წერის დროს, თვალზე ცრემლი ადგებოდა...

 

საბედნიეროდ, დრო ყველაფერს ლამაზად და კოხტად ალაგებს...

 

დღეს იმ ხალხის გვარები არავის ახსოვს, ალექსანდრე ბასილაია, თავისი „ივერიით“ კი იცის ყველამ... პატივსაც სცემენ და ძალიან-ძალიან-ძალიანაც უყვართ...

 

ერთი რამ არ შემიძლია არ გავიხსენო... როდესაც დედაჩკა-გალიჩკას დაუსვეს ცუდი დიაგნოზი, სასწრაფოდ უნდა გადავფრენილიყავი მოსკოვში, წამლის ჩამოსატანად... ის დრო იყო, უცებ რომ ფასები აირია, ხელფასები არაფერს არ ყოფნიდა და მოსკოვამდე ბილეთის ფასი 37 რუბლიდან 750 რუბლამდე ავარდა...

 

აუცილებლად უნდა მეშოვა და დავიწყე გადარეკვა დედიკოს ახლობელ მომღერლებთან...

 

თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ნანის და ბუბას ვერ დავუკავშირდი...

 

ვისაც დავურეკე, ყველამ უარი მითხრა... მინდა ვიფიქრო და ვცდილობ, რომ არ ჰქონდათ საშუალება...

 

ბოლოს გადავურეკე ქალბატონ ლუიზას და ძლივს გავბედე მეთხოვა...

 

იცით, როგორი რეაქცია ჰქონდა? - „ახლავე მოდიო!“

გავიქეცი და მომცა ის თანხა, რაც მჭირდებოდა (სხვათაშორის, ძალიან სერიოზული) და თან მითხრა, თუ რამე კიდევ დაგჭირდებაო, დამირეკე... ვიგრძენი, რომ ბუთხუზი იყო მეორე ოთახში, მაგრამ არ გამოვიდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაგდოს...

 

ამას საქვეყნოდ პირველად ვყვები და იცით, კიდევ რა არის მთავარი? ეს ამბავი არსად და არასდროს წინ არ დამხვედრია...

 

ადამიანს როცა დაეხმარები და ამის შესახებ არ მოყვები, - ეს ბევრს ნიშნავს....

 

რა უნდა მოხდეს, რომ მე ეს დავივიწყო?

 

ამიტომაც, პირველად ცხოვრებაში მთლად ბოლომდე ვერ დავეთანხმები ჩემს საყვარელ მორის ფოცხიშვილს...

 

იმაში, რომ „მერე არაფერი არ არი“...

 

„მერე ყველაფერი იქნება!!!“

 

მთავარია, გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი და ცოტა უფრო მიმტევებლები და კეთილები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი