logo_geo
1942 წლის 11 მარტს ალექსანდრე ბასილაია დაიბადა
- +

11 მარტი. 2019. 17:13

 

 

„როცა ხელოვანი ღვთისნიერი არ ხარ, ნულია შენი ფასი“.

 

1942 წლის 11 მარტს თბილისში დაიბადა არაჩვეულებრივი ქართველი კომპოზიტორი და ანსამბლ „ივერიას“ ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაია, მაგარი კაცი და მუსიკოსი, რომელიც ადრე „წავიდა“, მაგრამ ისეთი სიმღერები და მიუზიკლები დატოვა ესტრადის სამყაროში, რომ მათი „გადაფარვა“ ბევრს გაუჭირდა. „ივერიამდე“ ქართველები უკვე ვიყავით განებივრებულნი ლეგენდარული ანსამბლით „ორერათი“ და როდესაც ჰორიზონტზე ახალი „ივერია“ გამობრწყინდა, ერთგვარი სკეპსისი გაჩნდა, რაც პირველივე კონცერტების შემდეგ ჩაცხრა. მართალია, რაღაც პერიოდი ეს ორი ანსამბლი ერთდროულად მოღვაწეობდა, მაგრამ მათ თავიანთი ნიში ჰქონდათ, რაც, სამწუხაროდ, მათი „გაქრობის“ შემდეგ, ვერავინ და ვერაფერმა ამოავსო...

 

მეგობრები, ნაცნობები და უცნობებიც კი მას ბუთხუზს ეძახდნენ. პირმსუქანა არ იყო, უბრალოდ სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ არასერიოზულად ბევრ სიკეთეს აფრქვევდა.

 

დღეს ჩემებურად გავიხსენებ ბუთხუზს. იგი ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ნათესავის წყალობით, ძალიან ახლოს ვიცნობდი და მისი ბევრი სიკეთე და დიდი გულიც მახსოვს, განსაკუთრებით თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიას რომ ვეძახით, იმის) დირექტორობისას. მივადგებოდი ხოლმე მეგობრების დიდი ამალით და ვიცოდი, რომ არ მიღალატებდა და უბილეთოებს ფილარმონიის უკანა შესასვლელიდან მაინც შეგვიყვანდა და დაგვსვამდა. არ მახსოვს, ოდესმე საყვედური და უკმაყოფილება აღბეჭდვოდა სახეზე. ახლა ჩემნაირი „მათხუარი“ უბილეთო რამდენი ეყოლებოდა, წარმოგიდგენიათ? ჰოდა, იდგა, ალბათ, ბუთხუზი და ფარავდა ჩვენნაირების „ვალებს“. აი, ასეთი „ფილარმონია“ და ზეიმი კაცი იყო ჩვენი ბუთხუზი.

 

ბუთხუზი საოცრად პოპულარული იყო საქართველოში, საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქეყანაში. სასწაულ სიმღერებს წერდა – „სიყვარულის ზღაპარი“, „მოგონებანი“, „თეთრი ფიფქები“... სრულიად გენიალური მიუზიკლები შექმნა, რომლებიც ყველამ ზეპირად ვიცოდით და მათ გმირებს თანავუგრძნობდით... გაიხსენეთ „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“, „ფიროსმანი“. რამდენი მომღერალი გავიცანით და შევიყვარეთ ბუთხუზის წყალობით, რამდენი ახალი სახე და ხმა „იპოვა“ ქართულმა ესტრადამ მისი დამსახურებით, რამდენი მომღერალი შესძინა ქართულ ესტრადას ბუთხუზის ალღომ?! განა მისი მიუზიკლებიდან არ გავიცანით და შევიყვარეთ თემურ წიკლაური, მანანა თოდაძე, ვახტანგ ტატიშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, დათო აბულაძე, გოჩა ლორია, თემო რცხილაძე, სასწაული პიანისტი რომან რცხილაძე, გიტარისტი ჯემალ ბაღაშვილი, ზურა ლალიაშვილი, სოლო–გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი, ნუგზარ კვაშალი, რომლის მარტო „დარტყმა“ კი არა, სიმღერებიც გვიყვარდა. ისინი მანამდეც მუსიკოსები იყვნენ, მაგრამ „ივერიამ“ სხვანაირად გააბრწყინა ისინი და ყველანი ერთად აბრწყინებდნენ „ივერიას...

 

„რაღაც დასრულდა“... ასე ერქვა ბუთხუზის ბოლო ნაწარმოებს და მართლაც ასე მოხდა... მისი წასვლით საქართველოს მუსიკალურ სამყაროში ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა...

 

ბუთხუზ ბასილაია გარდაიცვალა 2009 წელს, გერმანიაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

თეა ფირცხალავა

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი