logo_geo
თეა ფირცხალავა: იური გაგარინი ჩემი ბავშვობის გმირია, ამიტომ არ შემეძლო, არ აღმენიშნა ამ დიდი ადამიანის იუბილე
- +

9 მარტი. 2019. 17:40

 

 

 

„გაუმარჯოს მთავრობას, საბჭოთა ხალხს, მთელ კაცობრიობას და... ანნა მანიანის!“

 

კაცი რომ ამის თქმას „გაბედავდა“ „იმ“ დროს, ის მართლაც გმირი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. იური გაგარინი ჩემი ბავშვობის გმირია და მას ჩემი თაობის ერთ-ერთი სასიხარულო დღე უკავშირდება. ამიტომ არ შემეძლო, არ აღმენიშნა ამ დიდი ადამიანის იუბილე, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, რაღაც განსაკუთრებული, მილიონობით ქალის მომნუსხველი ღიმილი და იუმორი ჰქონდა...

 

ერთ ცნობილ ფაქტს გავიხსენებ. პირველი გაფრენისას იური გაგარინი კოსმოსური ხომალდის კაბინაში 2 საათით ადრე ჩაუსვამთ. გენერალურ კონსტრუქტორს სერგეი კოროლიოვს უთქვამს, იურა მოწყენილი იქნება და მუსიკა ჩაურთეთო. გაგარინისთვის უკითხავთ, - ვისი მოსმენა გინდაო, - ბულატ ოკუჯავასიო, უპასუხია და გაფრენამდე დარჩენილ მთელ დროს, თურმე, ბულატის სიმღერებს უსმენდა. კოსმოსიდან დედამიწაზე დაშვებულმა იური გაგარინმა მსოფლიოს 35 სახელმწიფო შემოიარა. 1961 წელს პლანეტის N1 კაცი ინგლისის დედოფალმა სასახლეში მიიწვია და სამეფო სუფრა გაუშალა. გაგარინს რომ უამრავი დანა-ჩანგალ-კოვზი დაუნახავს, დაბნეულა, მაგრამ გულწრფელად გამოტყდომია დედოფალს, თქვენო უდიდებულესობავ, ერთი გლეხი კაცი ვარ, მიყრუებულ სოფელში გავიზარდე, სადაც ყველანაირ საჭმელს კოვზით ვჭამდით და ამ ხელსაწყოების არაფერი მესმისო. დედოფალი რისი დედოფალი იქნებოდა, რომ სამეფო იუმორისთვის არ მოეხმო?! უპასუხია, ტყუილად გეუხერხულებათ, მე ბუკინგემის სასახლეში გავიზარდე, მაგრამ დღემდე ცუდად ვერკვევი ამ ინსტრუმენტებშიო. მერე აუღია ერთი კოვზი და გაგარინთან ერთად დაუწყია ომარებისგან დამზადებული პაშტეტის მირთმევა. და კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც კარგად მეტყველებს იური გაგარინის დიდ იუმორზე, რაც, მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ახასიათებს ადამიანს: „იმ“ დროს განსაკუთრებით იკრძალებოდა ღმერთზე საუბარი, ამიტომ გაგარინის მაგივრად სხვები საუბრობდნენ, გაგარინი კი გაფრინდა, მაგრამ ღმერთი არ უნახავსო. ერთხელაც, იურის უთქვამს, - ღმერთი ვნახეო. იქვე მდგარა ერთი „დიდი“ ჩინოვნიკი და სიტუაციის განსამუხტად უთქვამს, ჰოდა, თუ ნახე, ამაზე ნურავის ეტყვიო. ამის მერე გაგარინი რომის პაპს შეხვედრია და იმასაც უკითხავს, - კი მარა, რომ გაფრინდი, ღმერთი ნახეო? - არა, თქვენო უწმინდესობავ, ღმერთი არ მინახავსო, მაგრამ ამის შესახებ ნურავის ეტყვითო, უთქვამს იურის.

 

1934 წლის 9 მარტს დაიბადა პლანეტის N1 კოსმონავტი იური გაგარინი, რომელმაც ერთი დაიძახა „поехали“-ო და კოსმოსიდან პირველმა დაინახა და „დაგვანახა“ ჩვენი პლანეტა – დედამიწა. იური გაგარინის ტრიუმფი შედგა გაქანებული ცივი ომის პირობებში, მაგრამ ადამიანის კოსმოსში გაფრენა იმდენად გრანდიოზული მოვლენა და მასშტაბური ისტორიული დღე იყო, რომ მას ყველაზე დაპირისპირებული სახელმწიფოები და ერებიც კი ერთად ზეიმობდნენ.

 

ერთხელ გაგარინმა თქვა - ადამიანებო, გაუფრთხილდით და დაიცავით დედამიწაო... დედამიწის არ ვიცი, მაგრამ გაგარინი არავინ დაიცვა. რუსებს იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ თვალისჩინივით გაფრთხილებოდნენ ამ ფენომენალურ პიროვნებას, რომელიც კოსმოსში ლეგენდარული გაფრენიდან 7 წელიწადში მარადისობაში „გაფრინდა“ და იმ დროს იგი სულ რაღაც 34 წლის იყო.

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი