logo_geo
1920 წლის 16 მარტს ტონინო გუერა დაიბადა
- +

16 მარტი. 2019. 11:54

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღეს როგორც არასდროს, მინდა, ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ თქვენთან ვირტუალურ სამყაროში შესახვედრად, მიწევს ამდენი რამის გახსენება, გადაკითხვა და გაგება...

 

ორი ღამე გავათენე ერთ აბსოლუტურად განსხვავებულ და საოცარ კაცზე ფიქრში... კაცზე, რომელმაც შექმნა საკუთარი სამყარო, სავსე იმხელა სითბოთი და სიტკბოთი, რომ იქიდან გამოსული, თავს გრძნობ ისე, თითქოს თავიდან დაიბადე...

 

ეს გახლავთ ტონინო გუერა, რომელმაც სწორედ ამ დღეს, 1920 წლის 16 მარტს თავისი მობრძანებით გაალამაზა არა მხოლოდ იტალიური სანტარკანჯელო-დი-რომინია, არამედ მთელი სამყარო...

 

საინტერესოა, რომ ტონინო დაიბადა არა 9, არამედ 11-თვიანი და ექიმმა დედამისს ურჩია - ბავშვისთვის გამომცხვარი ვაშლი მიეცა... ამის შემდეგ, ვაშლი გახდა ტონინოს ცხოვრების სიმბოლო...

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, ტონინო არსად არ გადასულა თავისი მშობლიური ადგილებიდან და მთელი ცხოვრება ცხოვრობდა იქ, სადაც დაიბადა...

 

მას ეკუთვნის შესანიშნავი ფრაზა - „შენ ბოლომდე ფლობ მხოლოდ იმას, რაც ბავშვობაში გქონდა“...

 

ტონინო გუერას დაწერილი აქვს სცენარები მსოფლიო კინოს ოქროს ფონდში შესული ფილმებისთვის... ის მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიცაა - მიქელანჯელო ანტონიონი (ფილმები - „ღამე“, „ფოტოგადიდება“, „წითელი უდაბნო“, „ქალის იდენტიფიკაცია“), ფედერიკო ფელინი („ამარკორდი“, „გემი მიცურავს“, „ჯინჯერი და ფრედი“), დამიანო დამიანი, მარიო მონიჩელი, ვიტორიო დე სიკა („ქორწინება იტალიურად“), ანდრეი ტარკოვსკი („ნოსტალგია“) და სხვა...

 

ის საოცარ ნახატებს ქმნიდა, თანაც გადაჰქონდა ნაჭერზე, რაც განსაკუთრებულ სიღრმეს მატებდა... წერდა ულამაზეს ლექსებს და წიგნებს... იყო საოცრად ჰუმანური და ტოლერანტული ადამიანი...

 

ერთხელ თქვა - „შენ ამბობ, რომ გიყვარს ყვავილები და წყვეტ მათ, შენ ამბობ, რომ გიყვარს ცხოველები და მიირთმევ მათ, შენ ამბობ, რომ გიყვარვარ მე, და მე კიდევ შენი მეშინია“...

 

პოეტმა რობერტო როვერსიმ გუერა ასე დაახასიათა - „ეს არის ერთადერთი იტალიელი მწერალი, რომელსაც შეუძლია მოგასმენინოს დაცემული ფოთლების ხმაური“...

 

ტონინოს მართლაც უყვარდა ფოთოლცვენა... ერთხელ მან სევდიანად განაცხადა - „როდესაც შემოდგომაზე ეცემა ბოლო ფოთოლი, ის ძალიან ხმამაღლა ეცემა, რადგანაც მასთან ერთად ხიდან ცვივა მთელი წელი“...

 

მისი მყუდრო და შესანიშნავი სახლის წინაც დიდი ფოთოლია ჩამოკიდებული, რომელიც, საბედნიეროდ, არ ეცემა... (ფოტოზეა)

 

კიდევ მას უყვარდა პეპლები...

 

მათთან იყო გარკვეულწილად დაკავშირებული მისი საკონცენტრაციო ბანაკის შემდეგ აღდგენის პროცესი...

 

გუერას აქვს ლექსი „პეპელა“, რომელშიც უწერია, რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი წამი იყო, როდესაც ის ბანაკიდან გაათავისუფლეს და მხარზე დააჯდა პეპელა... და მან, ბოლო პერიოდში პირველად იგრძნო, რომ მისი შეჭმის სურვილი არ გასჩენია...

 

ტონინო ჰყვებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ხალხს საშინლად აშიმშილებდნენ და შობაზე მათ თვალწინ სპეციალურად გადააყირავეს მათთვის განკუთვნილი, წყალში ჩაგებული კომბოსტოთი სავსე კასრი...

 

წინ მშიერი ღამე ელოდათ და უცებ პატიმრებმა სთხოვეს ტონინოს, მოეყოლა რამე საჭმელზე... „გაგვაძღე მოთხრობითო“...

 

ტონინოც ამდგარა და გამოაცხადა, რომ სპაგეტის მოხარშვას აპირებს...

 

დადგა პატიმრების წინ და გაითამაშა მთელი სპექტაკლი...

 

„ვიღებ ფქვილს, ვყრი მაგიდაზე (რამდენი ვართ აქ? 80 კაცი?), მაშინ ბევრი კვერცხი დაგვჭირდება... ვტეხავ კვერცხებს, ვურევ ფქვილში (ამას შესაბამისი ჟესტიკულაცია დაყვებოდა)... ცომს ვაბრტყელებ, ვჭრი და ხედავთ, წყალი უკვე ადუღდა, ვყრი ქვაბში“. შემდეგ ტონინო უხილავ თეფშებზე დებდა არარსებულ სპაგეტის და ურიგებდა პატიმრებს, თან ეკითხებოდა - „პარმეზანიც დავაყარო?“ რამდენიმე წუთში, როდესაც ყველამ მიირთვა „უხილავი კერძი“... ერთი პატიმარი მისულა ტონინოსთან და მოკრძალებით უკითხავს - „დამატება შეიძლება?“

 

ტონინო გუერა ვერაფერმა ვერ გატეხა... ის დაიბადა კეთილ ადამიანად და სათუთად შეინახა ეს თვისება სიცოცხლის ბოლო წამამდე...

 

მისი თქმით, მასზე ერთ-ერთი უდიდესი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა კაფემ, სახელწოდებით „ჰაერში გამოკიდებული“, რომელშიც ის მიიწვია ვიტორიო დე სიკამ...

 

კაფე, პირველი შეხედვით, ჩვეულებრივი იყო... ოღონდ, მაგალითად, შემოვიდოდა 2 კაცი, შეუკვეთავდა 2 ყავას, თავისი ნამცხვრით ან ფუნთუშით, ან ბუტერბროდით... ოფიციანტს ფულს რომ აწვდიდა, აცხადებდა - ყავა და 3 „ჰაერში გამოკიდებული“... ან შემოვიდოდა ახალგაზრდა სტუდენტი გოგო, უცებ დალევდა თავის ყავას და ოფიციანტს ეტყოდა - ერთი ჩემი და ერთიც „გამოკიდებულიო“... გუერა თავიდან ვერაფერს ვერ მიხვდა, მაგრამ შუადღისთვის, კაფეს კარი გაიღო და შემოვიდა აშკარად უსახლკარო კაცი... ის არავის არ გაუგდია... პირიქით, შეეგებნენ, ის მივიდა ბარის სადგომთან და იკითხა - „დღეს გამოკიდებული ყავა“ არის?

 

და გუერა მიხვდა, რომ ამ კაფეში შესული ხალხი თავის ხარჯით ყიდულობდა ზედმეტ ყავას და უტოვებდა იმ კაცს, ვინც მათ შემდეგ შემოვა და ყავის ფული არ ექნება...

 

უცებ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, ჩვენთანაც შემოვიღოთ ეს ტრადიცია და არა მხოლოდ ყავასთან დაკავშირებით... „ჰაერში გამოკიდებულს“ ნუ დავარქმევთ... დავარქვათ კაფეს „შემოსწრებული“ და დავტოვოთ იქ ერთი ცალი ულუფა მაინც „შემოსწრებული ადამიანისთვის“... შემოვა გაჭირვებული ადამიანი და იკითხავს - „შემოსწრებულისთვის“ ხომ არაფერი დაუტოვებიათო“ ის ლუკმაპურიც ხომ ასჯერ უფრო გემრიელად შეგვერგება...

 

ახლა კი, დესერტივით, გადავდივარ მთავარზე - 54 წლის ასაკში გუერას ეწვია მის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი სიყვარული...

 

ის ჩასული იყო მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე, მიქელანჯელო ანტონიონისთან ერთად, სადაც ნეიროქირურგ საშა კონოვალოვის სახლში გამართულ წვეულებაზე გაიცნო მასპინძლების ახლობელი, „მოსფილმის“ თანამშრომელი, ულამაზესი ელეონორა იაბლოჩკინა..

 

შემდგომში ტონინო იტყვის, რომ პირველ რიგში ელეონორას მწვანე თვალებმა და „ვაშლის გვარმა“ მოხიბლა...

 

კონოვალოვი პირველი ქირურგი იყო მსოფლიოში, ვინც შეძლო სიამის ტყუპების გაყოფა... შესაბამისად, მას ჰქონდა ძალიან კარგი ბინა, თავისი ანტიკვარიატითა და უნიკალური ბიბლიოთეკით...

 

მაგრამ იმ საღამოს ანტონიონი იყო გადაღლილი და გაღიზიანებული და სულ არ აინტერესებდა არც ბიბლიოთეკა და არც რარიტეტული როიალი... სიტუაციის გადარჩენას მხიარული ტონინო ცდილობდა...

 

უცებ, შეამჩნია ელეონორა (ლორა) და შეეკითხა- „თქვენ იტალიაში ნამყოფი ხართ?“ ლორამ - „არაო“...

 

მაშინ ტონინო გამოცოცხლდა და ისევ დაუსვა შეკითხვა - „და არ გინდათ?“

 

ლორამ მხოლოდ გაუღიმა, ზრდილობის გულისთვის...

 

ზუსტად 20 დღეში კი მიიღო იტალიაში მოწვევა, რომელსაც ტონინომ დააწერა - „ჩემს საცოლეს, ელეონორა იაბლოჩკინას“. მეგობრებმა ურჩიეს - „ასე უფრო გაუშვებენო“...

 

ლორამ მიწვევა ღრმად უჯრაში შეინახა და არავის არ გაუმხილა, სამსახური რომ არ დაეკარგა... იმ დროს ძალიან ნეგატიურად და ეჭვის თვალით უყურებდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეების კონტაქტებს უცხოელებთან...

 

ზამთარში მოხდა მათი მეორე შეხვედრა, როდესაც ტონინო მოსკოვში ჩავიდა მისი სცენარის მიხედვით მორიგი ფილმის გადაღებისას...

 

ტონინოსა და ლორას შორის დაიწყო რომანი...

 

ტონინო იმ დროს, ოფიციალურად გაყრილი არ იყო, არ ეცალა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. იტალიაში ასეთ ურთიერთობებს ეძახიან „სეპარასიონე“...

 

ლორა კი დაქვრივდა 34 წლის ასაკში, ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე და მისი დაკარგვის შემდეგ არასდროს უფიქრია ვინმესთან სასიყვარულო ურთიერთობებზე...

 

მაგრამ ტონინო ვინმე არ ყოფილა... ის იყო ერთი და განუმეორებელი...

 

პირველი, რაც მან გააკეთა, უყიდა ლორას ჩიტების გალია და გავსო სასიყვარულო ბარათებით...

 

მაგალითად, „დღეს მე მინდა გესაუბრო მხოლოდ მრგვალი სიტყვებით“...

 

მეგობრებს კი გამოუცხადა - „იმისთვის, რომ ჩიტივით დავიჭირო ლორას მომცინარე გული, მე მას ვაჩუქე გალია, რომელშიც ჩემი წერილები ცხოვრობენ“...

 

აბა, ასეთ გრძნობას როგორ მოერეოდა „მოსფილმი“ და თუნდაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი...

 

მათ მუდმივად უთვალთვალებდნენ...

 

ერთხელ, ახალი წლის წინ, ტონინომ მათი სახლის სადარბაზოსთან, დაინახა საშტატო პალტოში გამოწყობილი, ნახევრად გაყინული მორიგი აგენტი...

 

მიუახლოვდა და შესთავაზა - „აქ დგომას, ჯობია, ამოდი ჩვენთან ბინაში... არაყს დალევ, გათბებიო“...

 

ბოლოს ლორა სამსახურში დააქვეითეს, მაგრამ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა... ის ჩავიდა ტონინოსთან იტალიაში...

 

მოსკოვში ციოდა და ჩაიცვა „დუბლიონკა“ და „უშანკა“, რომში კი დახვდა +16 გრადუსი...

 

გუერამ აეროპორტიდანვე წაიყვანა მაღაზიებში და უყიდა უამრავი რამ, მათ შორის უძვირფასესი პალტო, რომელიც ლორამ იმავე დღეს სიგარეტით დაწვა და დიდხანს დადიოდა პატარა ნახვრეტზე თითმიდებული...

 

შემდეგ ტონინომ ის წაიყვანა ფელინის საყვარელ რესტორან „ჩეზარინიში“, სადაც გააცნო მაესტრო და საოცარი ჯულიეტა მაზინა...

 

ცოტა ხანში, 60 წლის ანტონიონი, მისი 19 წლის საცოლე, ტონინო და ლორა გაემგზავრენ ფლორენციაში, მილანში, პორტოფინოში, ვენეციაში... ვენეციაში ისინი შევიდნენ ჰემინგუეის საყვარელ რესტორანში, სადაც ლორამ ძალით შეუკვეთა ხახვის სუპი, რადგანაც გაგონილი ჰქონდა, რომ ასე იყო მიღებული და სხვა კერძებში ვერ გაერკვია...

 

ამ დროს კი რესტორანში შემოვიდა ულამაზესი მარგო ჰემინგუეი, რომელსაც თოვლის პრინცესასავით ეყარა ვერცხლისფერი ფიფქები და ლორას ამდენი ემოციისგან, გული წაუვიდა...

 

მოგვიანებით ლორა ჰყვებოდა, რომ როდესაც მას გუერა მოსკოვში აცილებდა, ღრმად გულში ეგონა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იქნებოდა...

 

მოსკოვში ლორა, ბუნებრივია, გამოიძახეს შესაბამის ორგანოებში და „გამოსწორების“ ბოლო შანსი მისცეს. - მას უნდა შეეწყვიტა ტონინოსთან ურთიერთობები... ის ფაქტიურად დათანხმდა...

 

რამდენიმე დღეში კი, გაისმა ტელეფონის ზარი და პირველი, რაც გუერამ ჰკითხა, იყო, - გაამზადა თუ არა მან დოკუმენტები. ლორამ ვერც კი გაიგო, რას გულისხმობდა ტონინო. ის კი იტალიურად გაბრაზდა და მიახალა- „მე შენი გულისთვის გავაფორმე ცოლთან განქორწინება, ნახევარი ქონება დავუტოვე, შენ კიდევ ერთი საცოდავი დაბადების მოწმობაც კი ვერ გაგიმზადებიაო“.

 

ქორწილი დაინიშნა 1977 წლის 13 სექტემბერს და პროცედურა ჩატარდა მოსკოვის გრიბოედოვის მმაჩის ბიუროში, სადაც ხდებოდა რფ მოქალაქეების რეგისტრაცია უცხოელებთან. ტონინო და ანტონიონი პირადად არჩევდნენ ლორასთვის კაბას... თან სულ ჩხუბობდნენ... ბოლოს შეარჩიეს „Nina Richi“-ს აბრეშუმის კოსტუმი...

 

ტონინოს მეჯვარე იყო მიქელანჯელო ანტონიონი, ლორასი კი - ანდრეი ტარკოვსკი...

 

ქორწინების პროცედურის დროს, ანტონიონი და ტონინო კვდებოდნენ სიცილით. ყველზე მეტად კი ხალისობდნენ ლენინის ბიუსტზე და მხარზე ლენტგადმოგდებულ. მაღალნაჩოსიან მკაცრ ქალზე, რომელსაც მიჰყავდა ცერემონია და რატომღაც ხელში ეკავა სკოლის მასწავლებელივით რუკაზე მოსანიშნი ჯოხი ...

 

ქორწილის შემდეგ, გუერამ ლორას უთხრა - „დღეიდან ჩვენ ერთად მოვუსმენთ წვიმას და ყველა საოცარ მომენტს ერთად გადავიტანთო“...

 

ასეც მოხდა, 32 წლის განმავლობაში, მათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ განელებიათ...

 

ერთადერთი, რაზეც დასაწყისში კამათი მოსდიოდათ, ლორას სწყინდა, როცა ტონინო მის გაკეთებულ სპაგეტიზე იძახდა - სოფი ლორენს უკეთესი გამოსდისო ან სხვა ამგვარი წვრილმანები...

 

მირბოდა, იკეტებოდა საკუთარ ოთახში და ტიროდა...

 

მაქსიმუმ 5 წუთში, ტონინო იწყებდა კარზე კაკუნს, სიტყვებით - „Basta Dostoevsky!“... რაც ნიშნავდა იმას, რომ ლორას თავი უნდა დაენებებინა დოსტოევსკის მსგავსი ემოციებით ყველაფერზე რეაგირებისთვის...

 

92 წლის ასაკში ტონინო ლორას ბოლოჯერ გამოუტყდა სიყვარულში...

 

ლორა კი მისი გარდაცვალების შემდეგაც იძახდა - „სიყვარული არ კვდება... მე დღეს კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ტონინოჩკა (ასე ეძახდა), ვიდრე ადრე“...

 

ტონინო გუარას ნათქვამი აქვს - „ყველა ადამიანი ანათებს შიგნიდან, მაგრამ ზოგი სანთლად, ზოგი კი - შუქურად“...

 

მე ვფიქრობ, რომ გუერა ანათებდა მზესავით...

 

მხოლოდ მზეს შეუძლია დატოვოს ასეთი სითბო და სინათლე...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და განათებულ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი