logo_geo
1944 წლის 23 მარტს ჯემალ (სიმონ) აჯიაშვილი დაიბადა
- +

23 მარტი. 2019. 13:51

 

 

„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ (იოანე 1.1.)

 

დღეს ქართული სიტყვის დიდოსტატის იუბილეა, რომლისთვისაც სიტყვას საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა და ეს სიტყვა იყო ქართული სახარებისეული სიტყვა, რომელსაც მან, ებრაელმა კაცმა, პირველქმნილი მნიშვნელობა დაუბრუნა და უმაღლეს რეგისტრში აიყვანა იგი - როგორც საკუთარ ლექსებში, ისე მის მიერ გაქართულებულ სხვათა პოეტურ ქმნილებებში. ქართული სიტყვა მისთვის ჭეშმარიტი ღმერთი იყო:

 

„მადლი აღმითქვამს, დამბადებელო,

ამ უჩვეულო წყალობისათვის...“

 

ასე გადმოგვცა შემუელ ჰანაგიდის სიტყვები ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, მაგრამ, იმავდროულად, თავად სწირავდა მადლობას ღმერთს, ვინც მას ქართული ენის მისტიურად წვდომის უდიდესი ნიჭი უწყალობა.

 

1944 წლის 23 მარტს სენაკში დაიბადა სულით, გულით, საქმით და სიტყვით ქართველი ებრაელი კაცი, მრავალი პრემიის ლაურეატი და მისთვის სათაყვანებელი ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ჯემალ (სიმონ) აჯიაშვილი.

 

„ტირილით ვიშვით, ჭაპანს ვეწევით,

ჩვენვე გვამძიმებს ჩვენი წოდება;

კვლავ განტევებად განვეწესებით,

მუნ მიგვაცილებს სხვისი გოდება.

სიზმარი ესე ხელის ცეცებით

ამ იწროებში მიებღოტება“.

 

დღეს ბატონ ჯემალის ბიოგრაფიის „მშრალ“ მონაცემებს გვერდზე გადავდებ და ჩემებურად გავიხსენებ და მივესიყვარულები მას, რადგან სწორედ მაშინ გავიცანი, როდესაც მთარგმნელობითი მოღვაწეობა ახალი დაწყებული ჰქონდა და გაქართულებული რუდაქითა და ფირდოუსით ეწვია ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს. მახსოვს ჩემი პირველი სკეპსისი მის მიმართ, რადგან არ ვიცოდი, ვის ვხვდებოდი... მაგრამ...

 

პირი რომ გააღო და „სიმღერა“ დაიწყო...

 

„...ეჰა, თვალებში ისევ ცრემლია,

გულში ნაღველი ისევ ბრუნდება

და ჩემი თმები ქვრივის ტანივით -

შავი ფერებით შეისუდრება.

ჰე, შეღებილო ჩემო ჭაღარავ,

შენთან ხელიხელ უნდა ვიარო,

შენა ხარ ჩემი სიბერის სევდა

და სიჭაბუკის სამგლოვიარო...“

 

გეფიცებით, დღესაც კი, როდესაც უკვე თითქმის 50 წელია გასული იმ დღიდან, არ მიჭირს ემოციების მოხმობა, რომ იქ მოსმენილი გადმოგცეთ, რადგან გრძნობები თავად მეძალებიან... ასე მემართება ხოლმე სულ რამდენიმე მწერალზე ან კომპოზიტორზე, ან „ჯადოქარი“ მოცეკვავის ან შედევრალური ფილმის ნახვისას... მოკლედ, იმ დღეს „სცენაზე“ იდგა ჩემს მიერ ახლად აღმოჩენილი უდიდესი „საოპერო მომღერალი“, რომელიც რაღაც საოცრებას უშვრებოდა ჩემს მშობლიურ ენას და ჰაერში გაისმოდა ქართული სიტყვიერების საგანძურიდან ამოღებული, ჩემთვის მანამდე უცნობი სიტყვები, რომლის გამოყენებითაც ის მომაჯადოებელ „არიებს“ ასრულებდა...

 

„.. გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო,

ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო,

რომ ზენაარის საუფლოებში

ამამზევო და ამამუშთარო...“

 

ნეტა გენახათ, როგორ „მღეროდა“ სხვადასხვა „არიას“, მე კი გაოცებული ვიჯექი და თითოეულ „პარტიას“ სუნთქვაშეკრული ვუსმენდი... არ გეგონოთ, დავიჯერე, რომ თარგმანებს კითხულობდა... არა... არც თქვენ დაიჯერებდით, იქ რომ ყოფილიყავით...

 

„...შვილო, განვიგდე მძიმე უღელი,

სახარებელი უნდა გახარო:

გუნდრუკს გიკმევენ მეგუნდრუკენი,

ნავარდალო და ნაზამბახარო!

საყუდარს ჩვენსას მზემან მოხედა,

ლხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე

და სარბიელი მეამბოხეთა

მოვირბიე და მოვიდარბაზე“.

 

იმ დღეს ჯემალი თავისი სულის ნადებს „მღეროდა“, ბოლომდე იხარჯებოდა... იქიდან მოყოლებული ყველგან „დავდევდი“, სადაც კი „ის“ და მისი ქართული ენა „მეგულებოდა“... ყველგან მივდიოდი, სადაც კი მისი ღამისთევის ნაყოფი, განცდები, სიყვარული და ნაღველი უნდა „დანთხეულიყო“...

 

„დილით ავსებულს ბინდისას დაცლის,

რა სამძიმოა ამის ყურება!...

მიწამ მიწუროს სუფევა კაცის,

ცამან მზე მოწყლას, მზემან - წყლულება.

ასე გვაბრუნებს ზეგარდმო აზრის

უზენაესი მართლმსაჯულება“.

 

ჯემალი ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობდი, სუფრაზეც არაერთხელ მინახავს და შემთხვევითაც ბევრჯერ შევხვედრივარ. მახსოვს, როდესაც შევაქებდი ან რაიმეს მოვუწონებდი, პატარა ბავშვივით წითლდებოდა, მწიფე თავთავივით ხრიდა თავს, არადა... ნეტა ჩემს გულში ჩაეხედა და დაენახა, რა მემართებოდა, როდესაც მის „არიებს“ და საოცარ ქართულს ვისმენდი:

 

„ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ,

აღვენთები და დანაცრული პირქვე ვეცემი,

ისევ ვდგები და გადარჩენას ღმერთს ვეხვეწები,

თუმც სახლის ნაცვლად, რახანია, ნასახლარს ვგავარ...“

 

ჯემალი ზედმეტად თავმდაბალი იყო. უამრავი ენა იცოდა და არასოდეს უტრაბახია ამით. იგი რომ არა, იქნებ ვერც ვერასოდეს წაგვეკითხა ფირდოუსის, საადის, რუდაქის, ხაიამის, ჰანაგიდის, გებიროლის, იეჰუდა ჰალევის პოეზია, ბიბლიური ფსალმუნები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს და რილკეს სონეტები, შექსპირის პოემა „პატივაყრილი ლუკრეცია“, იაპონური პოეზია და მრავალი სხვა... შეიძლება სხვასაც ეთარგმნა და უთარგმნიათ კიდეც ამ და სხვა შემოქმედთა ნაწარმოებები, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჯემალი არ თარგმნიდა, ჯემალი იმ ავტორთა სხეულში შედიოდა, საკუთარ გულში იტარებდა მათ განცდებს და მხოლოდ შემდეგ გვთავაზობდა განცდილის გაქართულებულ ვარიანტს... სწორედ ეს ნამოღვაწარი იყო და არის ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრება და ბიოგრაფია...

 

„ბევრი ვარსკვლავის კრთომა მინელდა,

ბევრი დიდკაცი სიკვდილს მინებდა,

ვინც თვალუწვდენელ კოშკებს აგებდა

და ჩუქურთმებით აგვირგვინებდა,

და ვინ შეინდო, ვინ შეიფარა,

ვინ შეისმინა მისი მუდარა,

მხოლოდ სამარე არგუნა ბედმა,

მხოლოდ ლოდი და ცივი სუდარა ...

ილხინე, ძმაო, შესვი, შეირგე,

დე, მიუბოძე სხვასაც წყალობა,

თორემ ცხოვრება ქარის ქროლაა

და ქარავანის წარმავალობა....“

 

ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა 2013 წელს ისრაელში და იქვე დაიკრძალა. აქაც მისტიკა... გავიხსენოთ მის მიერ თარგმნილი ბიბლიური შეგონება 136-ე ფსალმუნიდან: „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა“. რა საკრალური სიტყვებია, არა?! ჯემალს არასოდეს დავიწყნია არც იერუსალიმი და არც მისი საქართველო, მაგრამ ისრაელი ვერ შეელია მას...

 

„ის მიიცვალა, ჩამოეშვა ფარდა მშვენების,

ბნელს შეენივთა ბალდახინი მოჩარდახული,

ატყდა შეჯიბრი პოეტური აღმაფრენების

და ცრემლიანი სასმისების ყალბი ჯახუნი“,

 

„გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა,

ბედი მომძახის ავბედითი ფრთების სავსავით,

რომ კვლავ შემასვას სასიკვდილო სამსალასავით

ამქვეყნიური ვაებანი, შიში და ელდა“.

 

ალბათ ბევრმა არ იცის ბრძენი ებრაელი ხალხის კიდევ ერთი ტრადიცია, საფლავზე ქვების დაწყობა, რაც წმინდა ებრაული ტრადიციაა და მიცვალებულისადმი უდიდეს პატივისცემას გამოხატავს. ფოტოზე დაინახავთ, რომ ჯემალის საფლავზე მრავალი პატარა ქვა დევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის საფლავს უამრავი ადამიანი სტუმრობს და პატივს მიაგებს. ქვების რაოდენობიდანაც ჩანს, რომ საფლავი სულ ახლახან მოინახულეს (რადგან მოგვიანებით ქვებს იღებენ და ინახავენ ხოლმე)...

 

„... სები, სადა ხარ? – როკვენ სეფენი,

კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,

მზით შეივსება შესავსებელი,

ცა – ვარსკვლავებით შეისოსნება...

მე კი შენს ბილიკს დავემგზავრები,

გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,

რომ გამარჯვების საგალობელი

ცის დარბაზებში ამოგღაღადო“.

 

შენი არდავიწყება ყოფილიყოს, ჯემალ...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი