logo_geo
საავტორო უფლებების დაცვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება!
- +

25 მარტი. 2019. 20:11

 

 

 

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. ჰონორარების არასათანადო მონიტორინგი და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების დაკარგვა, ეს ის ძირითადი მიზეზებია რის გამოც გადაწყდა ახალი ორგანიზაციის შექმნა. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, მიუღებელია დღეს არსებული მექანიზმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ სად, როდის და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული სიმღერა. მათ დღემდე არ იციან, როგორ ხდება თანხების დათვლა და განაწილება.

 

დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს, რომელი სიმღერა სად და როდის შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფინანსების ზუსტი გადანაწილება მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, არანჟირებისა და ტექსტის ავტორებისთვის.  ცნობილი გახდა, რომ არსებულმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ უარი განაცხადა IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

 

მომღერალი და კომპოზიტორი დათო ხუჯაძე საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას სურს, რომ თანხების განაწილების პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე, ამისათვის კი მისი აზრით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა, რაზეც უკვე არსებულმა ორგანიზაციამ გაურკვეველი მიზეზით უარი განცხადა.

 

„საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია ისედაც არსებობს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, თუ როგორ ხდება თანხების დადგენა. ყოველი სამი თვის შემდეგ, ჩვენს ანგარიშზე  გარკვეული ოდენობის თანხა ირიცხება, მაგრამ არავინ იცის საიდან. ყოველ წელიწადს ორგანიზაციაში შესული თანხის რაოდენობა კი  იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არც მომღერლებზე და არც მუსიკოსების შემოსავალზე  არ აისახება. უკვე არსებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ახალი, IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.  ქართველი ხელოვანების ინტერესებს ვერ იცავენ ისრაელში,  რუსეთში,  საფრანგეთში, ამერიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში, სადაც ჩვენს შემოქმედებას იცნობენ. ამ ქვეყნებიდან არ ხდება იმ თანხების გამოგზავნა, რაც ნამდვილად გვეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ  თანხები იკარგება. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყოს ღია და ყველამ ნახოს, საიდან, რა რაოდენობის თანხა გადმოირიცხა.  სიმღერების ატვირთვა მოხდება სერვერზე  და თუ სადმე, რომელიმე სიმღერა გაჟღერდება, კონკრეტული მოწყობილობა მას ამოიცნობს და  გადააგზავნის სიგნალს სერვერზე იმის შესახებ, რომ ამა და ამ საათზე, ამ ადგილას შესრულდა ეს სიმღერა და რა თქმა უნდა, ამ სიმღერის შემსრულებელს შესაბამისი თანხა გადაერიცხება“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

 

 

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელია მომღერალი აჩი ფურცელაძეც.  ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანიზაციის წყალობით, ყველა ქართველი ხელოვანის საავტორო უფლებები დაცული იქნება.

 

ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ ყოველ თვე სხვადასხვა რაოდენობის თანხა ერიცხებათ. ვფიქრობ, რომ არ ხდება ამ ფინანსების ხარისხიანი მონიტორინგი, რადგან არავინ იცის, რა პრინციპით ხდება ფულის გაყოფა შემსრულებელს, კომპოზიტორს, არანჟირების ავტორსა და ტექსტის ავტორს შორის. ეს ორგანიზაცია მუსიკოსებისგან უნდა შედგებოდეს და არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებად გამოიყენებენ მას! დარწმუნებული ვარ, საავტორო უფლებები აღარ დაირღვევა. ამას უზრუნველყოფს ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიძიოთ ინფორმაცია  ქართული სიმღერების გაჟღერების შესახებ. მოკლედ, ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ის ფული, რომელიც საქართველოზეა გამოწერილი, საჭიროებისამებრ გადანაწილდება“, - აღნიშნა აჩი ფურცელაძემ.

 

დამფუძნებელთა რიგებშია მომღერალი ზურა ხაჩიძეც. ბრიფინგზე მან ისაუბრა ორგანიზაციის უპირატესობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მუსიკოსის პროფესია დაუფასებელია.

 

„ეს არის ის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს შემოქმედი ადამიანების სიმღერების გაჟღერების რაოდენობას. რაც მთავარია, მუსიკოსები, ტექსტის ავტორები და კომპოზიტორები მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რაც მათ ნამდვილად ეკუთვნით.  მე ხშირად დამისვამს ორგანიზაციისათვის კითხვა, თუ რატომ მერიცხება ამა თუ იმ ოდენობის თანხა, მაგრამ კობალაძის კომპანიისგან პასუხი, სამწუხაროდ, არასდროს მიმიღია!  არავინაა ვალდებული, უკვე არსებული საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციიდან წამოვიდეს. ახალი ორგანიზიციის წევრობა ნებაყოფლობითია.  მინდა ვიცოდე, ჩემს მუსიკას სად უკრავენ და რაში ვიღებ შემოსავალს, ან კიდევ რატომ ვერ ვიღებ მაშინ, როდესაც მას ხშირად უკრავენ  სხვადასხვა რესტორანსა თუ კლუბებში. დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, მუსიკოსის პროფესია არაა დაფასებული“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი მხარს უჭერს ორგანიზაციის შექმნას. ის აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ხელოვანების ბიუჯეტის გაუმჯობესება მოხდება.

 

„ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა შემოქმედ ხალხს პატრონები გვიჩნდება! ამჯერად, საუბარია ჩვენს საავტორო უფლებებზე და ჩვენი შრომის სათანადო ანაზღაურებაზე. საზღვარგარეთ  ბევრი შემოქმედი ძალიან კარგად ცხოვრობს ამ შემოსავლებით.  მე  გაწევრიანებული ვარ უკვე არსებულ საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციაში, თუმცა იმ ორგანიზაციაში, რომელსაც ჩვენ დღეს ვაფუძნებთ, აზრები გაცილებით უფრო თანამედროვეა.  მომწონს ის იდეები, რასაც ეს ორგანიზაცია გვამცნობს. ამასთან ერთად, ისინი არავის აძალებენ უკვე არსებული ორგანიზაციის დატოვებას და ეუბნებიან, რომ მათი გადასაწყვეტია, თუ როგორ მოიქცევიან. ეს ასოციაცია აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც ნებისმიერი შემოქმედი სიხარულით მივა და გაიუმჯობესებს თავის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოეტი ნანა ცინცაძეც. მისთვის საინტერესო აღმოჩნდა საკითხი, რომელიც  უცხოეთში ქართველი შემსრულებლების უფლებების დაცვას ეხება.

 

„ვარ მოსული ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაზე, პირველ რიგში, იმიტომ დავინტერესდი ამ შეკრებით, რომ რუსეთში უამრავი ჩემი სიმღერა სრულდება. გელა გურალიას ყველა ქართულენოვანი სიმღერა არის შექმნილი ჩემს ლექსებზე და გარდა გელასი, ამ სიმღერებს სხვა მომღერლებიც ასრულებენ.  ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყურადღებით მოვისმინე დღევანდელ შეკრებაზე გამოთქმული მოსაზრებები. მივესალმები ამ წამოწყებას და ვულოცავ დამფუძნებლებს საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაციის შექმნას“, - აღნიშნა ნანა ცინცაძემ.

 

დამფუძნებლების განმარტებით, საავტორო უფლებების მქონე ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაწევრიანდეს ახალ, არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციაში...

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი