logo_geo
1932 წლის 25 მარტს მიხეილ ხერგიანი დაიბადა
- +

25 მარტი. 2019. 13:55

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღეს განსაკუთრებულად... ამაღლებული დღე უნდა იყოს... მთის ჰაერივით სუფთა და გამჭვირვალე...

 

რადგანაც სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 25 მარტს, ამაყ და მშვენიერ მესტიაში დაიბადა ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ალპინიზმში სსრკ სამგზის და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი და ბოლოს და ბოლოს ვაჟკაცი, ლამაზი და მართალი კაცი - მიხეილ ხერგიანი...

 

მისი თქმით, მას სამი სახელი ერქვა... ერთი, ნამდვილი სახელი, რომელიც ნათლობისას, ერთ-ერთი წინაპრის პატივსაცემად შეარქვეს, იყო - ჩხუმლიანი. მეორე, - მინანი, როგორც სახლში ეძახდნენ მშობლები, და-ძმები და ნათესავები და მესამე კი უკვე ნაკრებში შეარქვეს - მიხეილი (მიშა), რადგანაც სახელის „ჩხუმლიანი“ წარმოთქმა უჭირდათ... პასპორტშიც ჩაუწერეს - მიხეილ ხერგიანი...

 

ისე კი, ჩხუმლიან ხერგიანს - რაღაცა სხვანაირი ხიბლი აქვს...

 

შიგნიდან რომ შეგკრავს და გაგაძლიერებს, ისეთი...

 

ხერგიანს ბავშვობიდან იტაცებდა ჭიდაობა და თხილამურები... მისი მამა, ბესარიონ ხერგიანი - ცნობილი მთასვლელი გახლდათ. მან 1937 წელს, ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად, დალაშქრა მწვერვალი უშბა...

 

ბუნებრივია, მიხეილიც იმ გარემოში იზრდებოდა და კლდეებზე დაცოცავდა ისე, როგორც ჩვენ, ალბათ, ეზოებში ასფალტზე ვთამაშობდით დახუჭობანას ან დაჭერობანას...

 

მას კი, თავიდანვე, ისტორიულად, გენეტიკურად, არწივების სხვანაირი აფრენებით და მწვერვალებზე მზის სხვანაირი ჩამოწოლებით იხმობდნენ მთები და სიმაღლეები და ყოველთვის იცოდა, რომ დაუკავშირებდა თავის ცხოვრებას საყვარელ საქმეს - ალპინიზმს.

 

მიხეილის მამა წინააღმდეგი იყო... ხომ იცით, მშობლის გული... უფრთხილდებოდა... იქნება, გრძნობდა კიდევაც...

 

ერთხელ, 1946 წელს, ბანგურიანზე ტარდებოდა ალპინიადა... მიხეილმა მამას ვერ სთხოვა, თან წაეყვანა, იცოდა, უარს ეტყოდა და ალპინისტებს ჩუმად გაჰყვა უკან...

 

ბატონმა ბესარიონმა რომ შეამჩნია, უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა და მაშინ მიხეილი პირველად გაჰყვა მამას მწვერვალზე... ალპინიადის დასასრულს, ლაშქრობის ხელმძღვანელმა, სანდრო გვალიამ 14 წლის მიხეილს, როგორც ყველაზე უმცროს მონაწილეს, გადასცა სსრკ ალპინისტის ნიშანი...

 

ეს იყო მიხეილ ხერგიანის პირველი ჯილდო...

 

მიხეილ ხერგიანს იცნობდა მსოფლიო ალპინისტურ თანამეგობრობაში ყველა და არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმის და ალპინიზმის რაღაცა მაღალი ხელოვნებამდე აყვანის, არამედ მისი იშვიათი ადამიანური თვისებების გამოც...

 

მე ასე მგონია, მთამ რომ მიგიღოს, სულ სხვანაირი ადამიანი უნდა იყო... ალპინისტთან ერთი თოკი რომ გკრავს, ეს იმხელა პასუხისმგებლობაა და მხარდაჭერა და ურთიერთნდობა, რომ ზოგჯერ, როცა მიჭირს ხოლმე იმის გაგება, ამ მშვიდობიან დროს ასეთ რისკზე წასვლა რა საჭიროა, დავფიქრდები და ვხვდები - მთა და სიმაღლე სწორ და კარგ ადამიანს უკეთესს ხდის... აბა, ცუდი და გლახა - რისი მთაზე ამსვლელია?

 

ჰოდა, ამ ხალხშიც თუ გამოირჩევი, მართლა რა დიდი ყოფილხარ...

 

ყველა, ვისაც მიხეილ ხერგიანის სიმაღლეზე ასვლა უნახავს, ჰყვებოდნენ, რომ ის კლდეზე კი არ ცოცავდა, - ცეკვავდა და მისი ხელების და ფეხების ქვეშ კლდეები თითქოს ცოცხლდებოდნენ...

 

მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში ეძახდნენ „კლდის ვეფხვს“... ეს სახელი მას პირადად დიდი ბრიტანეთის დედოფალმა შეარქვა, როდესაც მისი ასვლით ტკბებოდა...

 

მანამდე ასეთი პოეტური სახელი ჰქონდა მხოლოდ ნეპალელ მთამსლელს, ყველა ალპინისტის კერპს - თენსინგ ნორგეის, რომელმაც ედმუნდ ჰილარისთან ერთად კაცობრიობაში პირველად დაიპყრო ევერესტი (ჯომოლუნგმა). მას მაშინ შეარქვეს „თოვლის ჯიქი“...

 

ჰოდა, „კლდის ვეფხვი“ და „თოვლის ჯიქი“ ძალიან მეგობრობდნენ (ფოტოზე)...

 

ერთხელ, ისინი აპირებდნენ იალბუზზე ერთად ასვლას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა და ნორგეიმ მწვერვალის იერიშზე უარი განაცხადა...

 

მიხეილ ხერგიანი საიდუმლოდ ავიდა მარტო და კლდეზე საღებავით დააწერა - „კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!“

 

მეორედ დღეს გამოიდარა და „თოვლის ჯიქი“ რომ იალბუზზე ავიდა, მას მთა მიესალმა...

 

წარმოიდგინეთ, კაცი მარტო, უამინდობაში რომ ავა მწვერვალზე მხოლოდ იმისთვის, რომ ხვალ იქ ასულ მის მეგობარს გაუხარდეს და სახე გაუბრწყინდეს, რა კაცი უნდა იყოს!

 

ერთხელ, საერთაშორისო ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა. სლავა ონიშჩენკო გასულა და ხერგიანი არა...

 

დაუწყეს ძებნა და აღმოაჩინეს გასახდელში... წყნარად განაცხადა - შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ - სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა ექნათ, ტურნირს ვერ ჩაშლიდნენ და ასეც გამოაცხადეს... ყველას უკვირდა - საქართველო იცოდნენ და სვანეთზე ბევრს არ გაუგია. მათ აუხსნეს, რომ ეს საქართველოს ულამაზესი მხარეა, სადაც დაიბადა ხერგიანი...

 

საოცარი კაცი იყო. მას გააჩნდა ის შესანიშნავი თვისება, რომლის შეძენა, სამწუხაროდ არ შეიძლება, რადგანაც კაცს ნიჭივით თან დაჰყვება - შინაგანი კულტურა... ამიტომაც ყველგან იყო თავისიანი... უბრალო ხალხთან - უბრალო და ხალასი, ინგლისის ლორდებში ყველა ლორდთა ლორდი!!!

 

მიხეილ ხერგიანს მთაში სამაშველო მუშაობის დროს, გადარჩენილი ჰყავს უამრავი ადამიანი... იმ სევდიან ივლისის დღეს, როდესაც ის იტალიის ალპების მწვერვალ სუალტოზე ასასვლელად ემზადებოდა - პირად დღიურში ჩაწერა - „რაც მედლები მაქვს, ყველაფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვის შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.

 

სხვას უშველა, საკუთარ თავს კი ვერა...

 

მისი გარდაცვალების ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა...

 

მის ცხედარს იტალიიდან უამრავი ადამიანი აცილებდა, აეროპორტში ტევა არ იყო და ამ დროს სოფი ლორენი კი მიემგზავრებოდა მოსკოვში, კინოფესტივალზე... არცერთ ჟურნალისტს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია...

 

იმ დღეს მისთვის არავის ეცალა...

 

შემორჩა უშბაზე მიხეილ ხერგიანის პირადი ბილიკი, რომელიც მხოლოდ მას დაემორჩილა, თუმცა კინაღამ იმსხვერპლა... ვინ იცის, იქნებ, ეს გაფრთხილება იყო... იქნებ, არა ერთიც... მაგრამ მთის ეშხს და მადლს შეჩვეული კაცი, მთას ვერ შეეშვება... მან თავიდანვე იცის, რომ მთასთან ჭიდილი არასდროს არ წყდება... ეს ორთაბრძოლაა, რომელშიც იმარჯვებს ერთი... ძალიან მიყვარს პოეტ ვალერიან სალღიანის სიტყვები რომელიც მან მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა -

 

„აქეთაც ქარაფებია,

იქითაც ქარაფებია.

ვიცოცხლებთ? — არაფერია!

მოვკვდებით? — არაფერია!“

 

მიხეილ ხერგიანის სახელის უკვდავსაყოფად მესტიაში გაიხსნა მისი მემორიალური მუზეუმი... 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ტარდებოდა (და ჩატარდება!!!) მიხეილ ხერგიანის მემორიალი, თურქესტანის ქედზე 4960 მ-იან მწვერვალს მისი სახელი ეწოდა... მის სახელს ატარებს პლანეტა...

 

და რაც მთავარია, 2001 წელს, მიხეილ ხერგიანის დაღუპვის 32-ე წლისთავზე იტალიაში გაემგზავრნენ ქართველი ალპინისტების ახალი თაობის წარმომადგენლები - აფი გიგანი, გელა ოთარაშვილი და ბენო ქაშაკაშვილი... მათ გააგრძელეს და ბოლომდე მიიყვანეს მიხეილ ხერგიანის სუალტოს მწვერვალისკენ მიმავალი შეწყვეტილი გზა ...

 

მე მგონი, ბატონი მიხეილის უფრო ღირსეული გახსენება წარმოუდგენელია...

 

ვლადიმერ ვისოცკიმ მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა საოცარი სიმღერა - „К вершине“,

 

„Ложь, что умный в горы не пойдёт!

Ты пошёл, ты не поверил слухам —

И мягчал гранит, и таял лёд,

И туман у ног стелился пухом.

 

Если в вечный снег навеки ты

Ляжешь, — над тобою, как над близким,

Наклонятся горные хребты

Самым прочным в мире обелиском“...

 

ევგენი ევტუშენკომ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლექსი „მიხეილ ხერგიანის თოკი“

 

„И струи дождевые в небе мглистом

не подведут,

надёжны и просты,

верёвками погибших альпинистов

протянутые к людям с высоты...“

 

განსაკუთრებით მიყვარს იური ვიზბორის მასზე დაწერილი სიმღერა:

 

„Прожить бы так, не знав сомненья,

Высокой песней среди дня.

Он ставил горы на колени,

Пред ними голову склоня.

 

А дальше - будто бы в тумане

Весь без него двадцатый век.

Ах, Миша, Миша Хергиани!

Неповторимый человек...“

 

ბატონმა ოთარ ჭილაძემ კი ბრძანა ისე, როგორც შეეძლო მხოლოდ მას ეთქვა - „ასეთი პიროვნების დაღუპვა, მიუხედავად დიდი ტკივილისა, უიმედობისა და უმწეობის შეგრძნებას კი არ გვიჩენს, არამედ იმედითა და სიამაყით გვავსებს - ვიდრე სვანეთის ჭაღარა მწვერვალები ფეხზე დგანან, საქართველო არ დაიღუპება. სვანეთი ის ზღაპრული ბროლის კოშკია, სადაც მარად წაუბილწავი ქართული ზნეობისა და მარად უტეხი ქართული სულის მჭედელი ხალხი ცხოვრობს“.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ძალიან იმედიან დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი