logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: წავიდა ძალიან ნიჭიერი და ლამაზი ადამიანი, სულ რაღაც 46 წლის ასაკში...
- +

25 მარტი. 2019. 14:47

 

 

ზუსტად ამ დღეს, 45 წლის წინ, 1974 წლის 25 მარტს, ეკრანებზე გამოვიდა არაჩვეულებრივი ფილმი „Калина красная“, რომელიც ტკივილამდე მიყვარს და რომლის გახსენებისას სულში იმხელა სითბო მეღვრება...

 

ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყი, მაგრამ ფილმი ახალი გამოსული იყო (გამოდის, მე ვიყავი12-13 წლის) და სოხუმში, მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ სახლში მოიტანეს საჩვენებლად. წავედით მთელი ოჯახით. გალიჩკა და მე გამოპრანჭულები და ჯემალიკო... (ვერ გეტყვით, გამოპრანჭული იყო თუ არა, რადგანაც პლაჟზე და კინოში ერთნაირად ეცვა: ბოლოსწინა ღილის ჩათვლით შეკრული პერანგი, შარვალი, წინდა და ფეხსაცმელი, რომელსაც იხდიდა მხოლოდ მაშინ, როცა ან გალიჩკა გადაირეოდა ხოლმე ბოლომდე ან სინოპის ტალღა).

 

თავად მე, მორიგჯერ ვიყავი შეყვარებული და ჩემი განცდების ობიექტიც, თავის მშობლებთან ერთად, პარალელურ რიგში იჯდა... ფილმამდე და დასაწყისში, ერთმანეთს ვესროდით მალულ-ფარულ მზერებს და მერე, რაღაც მომენტში, არაფერი აღარ მახსოვდა, აღარც ის ბიჭი, აღარც მზერები, მხოლოდ ფილმი... მაშინ პირველად ვნახე, ჯემალიკო რომ ტიროდა...

 

ფილმი რომ დამთავრდა... უბრალოდ, ვერ ავდექი სკამიდან, ვიჯექი და მამიკოს ვყავდი ჩახუტებული... გალიჩკაც კი მიხვდა და გაგვეცალა, ასე ვისხედით დიდხანს და მერე ავდექით და ფანტასტიური მანდარინების ხეივნით გავედით ზღვის გადმოსახედამდე. ასეთი ახლობლები, ალბათ, არც არასდროს ვყოფილვართ აქამდე... ორივეს ერთნაირად გვტკიოდა და ერთნაირად „გვეჩუმებოდა“... მხოლოდ ისე, როგორც ერთი სისხლის და ერთი გენის ადამიანებს შეუძლიათ...

 

ღამე რომ დავწექი, მამამ მაკოცა და ერთი რაღაცა მითხრა მხოლოდ: „კარგი გოგო ხარ შენო“...

 

იმის მერე ვნახე შუკშინის სხვა ფილმებიც, წავიკითხე მისი ნოველები, ბიოგრაფია...

 

ჩემთვის დღემდე ის არის კაცის განსახიერება, ძლიერი, პირდაპირი, უღალატო ყველაფერში და ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი...

 

ვასილ შუკშინი არის ჩემთვის ის რუსეთი, რომელიც მიყვარს, მენატრება და მენანება...

 

შუკშინის მეუღლე, ლიდია ფედოსეევა-შუკშინა ჰყვება, რომ „Калина красная“ შუკშინმა უკვე ავადმყოფობის დროს დაწერა... ძალიან ეჩქარებოდა ფილმის გადაღება... თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისი, როგორც რეჟისორის ბოლო ფილმი იქნებოდა (სხვათაშორის, ერთადერთი მისი ფერადი ფილმი).

 

ნაწარმოებს და შესაბამისად ფილმს, ასე დაარქვა მეუღლის ხათრით... თურმე, ასე ერქვა სიმღერას, რომელიც ლიდამ მას პირველი შეხვედრის დროს უმღერა... როდესაც ქალის მთავარ როლში მსახიობის შერჩევაზე დადგა საქმე, მას ყველამ მეუღლე ურჩია და პირველად არ შეწინააღმდეგებია არავის და არ უჩხუბია, რომ ვერ იტანს, როცა რეჟისორები თავის ფილმებში ოჯახის წევრებს იღებენ...

 

ამჯერად, უბრალოდ თქვა: „იყოს ლიდა... ახლა ისე ვარ, რომ სიყვარულების თამაში არ შემიძლია და ეს ქალი კი მართლა მიყვარსო“... მერე გაიცინა და დაამატა: „მგონიო“...

 

ალბათ, ამ ფილმში შუკშინი მართლა არ თამაშობდა, მან 108 წუთი იცხოვრა თავის ეგორთან ერთად, უყვარდა, სძულდა, ეცემოდა, დგებოდა, კვდებოდა , მაგრამ დარჩა ადამიანი ...

 

ფილმი გამოვიდა 1974 წლის 25 მარტს, შუკშინი გარდაიცვალა ოქტომბერში, ფილმის „ისინი იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ გადაღების დროს, ინფარქტისგან... ის დილით იპოვა მისმა უახლოესმა მეგობარმა, გიორგი ბურკოვმა, რომელიც „Калина красная“-ში ბანდიტის და მისი მკვლელის როლს ასრულებდა და სულ ეკითხებოდა შუკშინს: „რას მერჩოდი, რა დაგიშავე... შენს გამო, მთელ საბჭოთა კავშირს ვძულვარო“.

 

წავიდა ძალიან ნიჭიერი და ლამაზი ადამიანი, სულ რაღაც 46 წლის ასაკში... და ყველას, ვინც იცნობდა და ვინც არ იცნობდა, დაუტოვა ტკივილი, სევდა და რაღაც უკმარისობის გრძნობა....

 

ძალიან მიყვარს მისი გამოთქმა: „იმათ, ვისაც უმნიშვნელო რამითაც კი ვეხმარები, წარმოდგენაც არა აქვთ, თუ როგორ მეხმარებიან ისინი მე“...

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი