logo_geo
თეა ფირცხალავა: დღეს ამ დიდი ადამიანის, სლავა როსტროპოვიჩის საიუბილეო თარიღია
- +

27 მარტი. 2019. 13:03

 

 

„ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა...“

 

დღევანდელ იუბილარზე სტატუსის დაწყებისთანავე ვაჟას ეს ფილოსოფიური ჭეშმარიტება გამახსენდა, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მბრძანებელი იყო, სრულიად მუსიკის სამყაროს ჭეშმარიტი მბრძანებელი, რომლის ხელშიც მუსიკა მისტიურ ძალას იძენდა და მსმენელებზე ისეთ ზემოქმედებას ახდენდა, როგორსაც რეზო ლაღიძის „ლაშქრული“ ახდენს ხოლმე ქართველებზე. საკმარისი იყო მისი გამოჩენა „ბრძოლის ველზე“ და ხელის ერთი აღმართვა, რომ ამ დიდ „მბრძანებელს“ სრულ „კაპიტულაციას“ უცხადებდნენ მსოფლიოს ზესახელმწიფოთა მხედართმთავრები, მეფეები, დედოფლები თუ ტიტულნაკლული „ჯარისკაცებისა“ და ადამიანების მილიონიანი არმია, რომლებიც „ხელებაწეულნი“ ნებდებოდნენ მას... ის იყო კოსმიური ადამიანი, რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყარო მოიცვა და ურთიერთობების ახალი ტიპი დაამკვიდრა სხვადასხვა ერისა და ეროვნების კულტურას, ხელოვნებასა და ადამიანებს შორის.

 

დღეს ამ დიდი ადამიანის საიუბილეო თარიღია და ვინაიდან მასზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ამიტომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხოლოდ რამდენიმე პასაჟს გაგახსენებთ და ჩემს სტატუსებში ისე მოვიხსენიებ, როგორც თავად უყვარდა, ანუ სლავას დავუძახებ.

 

დავიწყებ 1987 წლით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სლავა როსტროპოვიჩს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა თეთრ სახლში და ეს ისტორიული ფრაზაც მაშინ წარმოთქვა: „აშშ-ის პრეზიდენტი ვარ მე, ხოლო ამერიკის სლავა (ანუ დიდება) არის როსტროპოვიჩი“. იმავე დღეს ვაშინგტონის კენედის ცენტრში გაიმართა დიდი მაესტროს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება-კონცერტი, რომელსაც აშშ-ის და ევროპის პოლიტიკური ელიტა და შემოქმედებითი და სახელოვნებო წრეების ვირტუოზები ესწრებოდნენ. გალა-კონცერტი გაიხსნა ლეონარდ ბერნსტაინის უვერტიურით „სლავა“, რომელიც ერთმა მაესტრომ მეორე მაესტროს მიუძღვნა. ორკესტრს თავად ავტორი დირიჟორობდა. კონცერტში მონაწილეობდნენ იუბილარის უახლოესი მეგობრები და კოლეგები, უდიდესი მევიოლინეები იეჰუდი მენუჰინი და აიზეკ სტერნი, ლეგენდარული პიანისტი მიურეი პერაია, მსოფლიოს N1 ფლეიტისტი ჟან-პიერ რამპალი და უდიდესი ამერიკელი ვიოლონჩელისტი იო იო მა.

 

მოგეხსენებათ, „სლავა“ რუსულად დიდებას ნიშნავს... სლავა როსტროპოვიჩი იყო არა რუსეთის, არამედ მსოფლიოს კუთვნილება და მას ყველა სახელმწიფო თავის „სლავად“, ანუ დიდებად მიიჩნევდა. საბჭოთა რუსეთს უდიდესი იაღლიში მოუვიდა, როდესაც 1974 წელს სლავა „დათმო“, ხოლო 1978 წელს მას და მის მეუღლეს, უდიდეს სოპრანოს გალინა ვიშნევსკაიას, მოქალაქეობა ჩამოართვა...

 

სლავამ იმ „ბრძოლაშიც“ გაიმარჯვა... სწორედ იმ დღიდან დაკარგა საბჭოთა რუსეთმა არა მხოლოდ სლავა, არამედ მაესტროს ერთპიროვნულად რუსულ დიდებად მიჩნევის უფლებაც. მოქალაქეობაჩამორთმეული და ქვეყნიდან გაძევებული ვირტუოზები დასავლეთმა ჩაიხუტა და ღირსეული პატივი მიაგო მათ.

 

ცნობილი ფაქტია, რომ სლავა როსტროპოვიჩს ჰქონდა ორი არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი - სტრადივარიუსის მიერ 1711 წელს დამზადებული ვიოლონჩელო, რომელსაც მოგვიანებით მისი მფლობელის, უდიდესი ვიოლონჩელისტის ჟან-ლუი დიუპორის სახელი ეწოდა (და დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირ ინსტრუმენტად ითვლება) და მეორე - ლორენცო სტორიონის უძვირფასესი და იშვიათი ვიოლონჩელო, რომელზეც ყველაზე ხშირად უკრავდა. ამაზე სლავა ხუმრობდა ხოლმე, „დიუპორი“ ჩემი საყვარელია, „სტორიონი“ კი ცოლიო... საყვარელს ვუფრთხილდები, რომ ცოლზე ლამაზი იყოსო... მერე იქვე დააყოლებდა, ცოლზე ლამაზი საყვარელი მხოლოდ ვიოლონჩელოებში მყავს, თორემ სინამდვილეში მსოფლიოში არ არსებობს გალინაზე ლამაზი ქალიო. ამ შედარებაზე გალინა ვიშნევსკაიასაც ჰქონდა თავისი პასუხი, ვიოლონჩელო-საყვარელს ავიტან, არა უშავსო...

 

სლავა როსტროპოვიჩის და გალინა ვიშნევსკაიას სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე დიდი მაესტროს მოგონება მის მუზაზე, უმალ პაოლო იაშვილის „დარიანის წერილები“ და ელენე ბაქრაძისადმი გაგზავნილი ეს წერილი გამახსენდა: „ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი... იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელოზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით...“

 

2007 წელს, მაესტროს გარდაცვალების შემდგომ, გალინა ვიშნევსკაიამ სლავას „საყვარელი“ 20 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო „საყვარლის“ კაცი, რომელიც საბჭოთა რუსეთმა მკერდიდან მოიგლიჯა და განკვეთა, „ახალი“ რუსეთის მიწას შვილივით ჩაახუტა - ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. არა მგონია, გარდაცვლილი სლავას „ჩახუტებით“ რუსეთის დიდების რეაბილიტაცია მომხდარიყო, ან...

 

თუმცა, რა უფლება მაქვს, ვინმე განვიკითხო, როდესაც თავად მაესტრო ამბობდა, რომ „სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არაფერია, მუსიკის გარდა... მუსიკა - სულის საკურნებელია. მუსიკა აღანთებს სიკეთის ჩირაღდანს და მას ძალუძს გარდაქმნას და დახვეწოს სამყარო...“

 

ღმერთმა გისმინოს, სლავა!!!

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი