logo_geo
თეა ფირცხალავა: სლავა როსტროპოვიჩს დიდი დოზით ჰქონდა იუმორის ნიჭი
- +

27 მარტი. 2019. 19:12

 

 

თუ მკითხავთ, კაპიკია იმ ხელოვანის ფასი, ვინც იუმორში მოიკოჭლებს. მაესტრო სლავა როსტროპოვიჩს დიდი დოზით ჰქონდა იუმორის ნიჭი, რომელიც საკმაზივით ემატებოდა მის ვერცხლისწყლისებრ ტემპერამენტსა და ფენომენალურ კომუნიკაბელურობას, გონებაგამჭრიახობასა და ენამახვილობას, ბავშვურ გულღიაობასა და „ცელქობებს“...

 

დღეს გაგახსენებთ სლავას ლეგენდარულ ფოტოებს, რომლებიც ბევრს უნახავს, მაგრამ მათი ისტორია არ იცის.

 

ეს მოხდა 1990 წელს, როდესაც სან-ფრანცისკოში საზეიმოდ უნდა აღენიშნათ უდიდესი მევიოლინეს აიზეკ სტერნის 70 წლის იუბილე, რომელზეც ორგანიზატორებმა სლავა როსტროპოვიჩი მიიწვიეს. სლავამ თავიდანვე წამოაყენა რამდენიმე პირობა: არავის უნდა სცოდნოდა კონცერტში მისი მონაწილეობის შესახებ, მ/შ არც იუბილარს; მის სახლში უნდა გაეგზავნათ მკერავი და მეწაღე. მისთვის უნდა შეეძინათ თეთრი ტრიკო და დიადემა, ხოლო კულისებში გამოეყოთ „საიდუმლო“ ოთახი. რაკი პირობებზე შეთანხმდნენ, მკერავმა დაიწყო საბალეტო პაჩკის, ხოლო მეწაღემ - 43 ზომის პუანტების შეკერვა.

 

სლავა დილაადრიანად ჩაფრინდა სან-ფრანცისკოში და კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე გამოცხადდა „საიდუმლო“ ოთახში, სადაც გრიმიორები ელოდებოდნენ. მალე კარები გააღო და... უცნაური, პუტკუნა და ასაკოვანი „ბალერინა“ თავდაჯერებული გაემართა ქალების ტუალეტისკენ, მერე დიადემა გაისწორა სარკეში და ყურადღება რომ არავინ მიაქცია, მიხვდა, „გამოცდა“ ჩააბარა.

 

დაიწყო კონცერტი. ჩანაფიქრის თანახმად, ორკესტრს უნდა დაეწყო სენ-სანსის სუიტა „ცხოველების კარნავალის“ უვერტიურით, ხოლო ვიოლონჩელოსთვის დაწერილი მისი ნაწილი „მომაკვდავი გედი“ - მოგვიანებით უნდა შეესრულებინა სლავა როსტროპოვიჩს. ამასთან, ჰოლივუდის დიდებას - გრიგორი პეკს უვერტიურის ფონზე უნდა წაეკითხა მაესტრო აიზეკ სტერნის ცხოვრებაზე დაწერილი სპეციალური ტექსტი. გრიგორი პეკმა არ იცოდა, რომ პიანისტი და მეორე ვიოლონჩელისტი „შეკრულები“ იყვნენ სლავასთან, ამიტომ თამამად დაიწყო ტექსტის კითხვა: „ერთხელ აიზეკ სტერნი შეხვდა...“ და უცებ... ვიოლონჩელისტი წამოხტა, ხელები მუცელზე იკრა, ესაოდა ცუდად ვარო, საკრავი სცენაზე დატოვა და კულისებისკენ „გაბობღდა“... პიანისტი დაუსრულებლად „წელავდა“ შესავალს... გრიგორი პეკი ჯერ დაიბნა, მერე კი განაგრძო: „აიზეკ სტერნი შეხვდა არაჩვეულებრივ ქალს, რომელიც მას გედს აგონებდა...“ და... ამ დროს სცენაზე „გამოცურდა“ პუანტებიანი თეთრი გედი, რომელიც a la მაია პლისეცკაია იქნევდა ხელებს და მონდომებით „მიცურავდა“ სცენის კუთხისკენ, სადაც წინდაწინ გამზადებული კანიფოლიანი ყუთი ეგულებოდა. "გედი" ყუთში ჩახტა და ფრთებს იქნევდა... სლავა ელოდა, როდის ატყდებოდა ხარხარი, მაგრამ დარბაზი დუმდა, ორკესტრის წევრებს კი ეგონათ, რომ სცენაზე აიზეკ სტერნის მეგობარი, ვიღაც ასაკოვანი ბალერინა იდგა, რომელიც მისებურად ულოცავდა მაესტროს... მაშინ „ბალერინა“ ვიოლონჩელოსთან „მიცურდა“, არაგედურად მიუჯდა ინსტრუმენტს, თეთრ ტრიკოში გამოწყობილი ფეხები ფართოდ გაშალა და დაიწყო „მომაკვდავი გედის“ შესრულება... დაუკრა რამდენიმე ტაქტი... და... აი, მაშინ კი იხუვლა დარბაზმა და ატყდა სასწაული ოვაციები. მეორე დღეს ყველა გაზეთი სლავა როსტროპოვიჩის მომაკვდავი გედის ფოტოებით დაიბეჭდა და არა იუბილარისა, როგორც ეს დაგეგმილი იყო...

 

იუმორი და სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი