logo_geo
თეა ფირცხალავა: სლავა როსტროპოვიჩს საოცრად უყვარდა, როდესაც ხატავდნენ
- +

27 მარტი. 2019. 19:14

 

 

სლავა როსტროპოვიჩს საოცრად უყვარდა, როდესაც ხატავდნენ. მისი პორტრეტი შექმნა უამრავმა მხატვარმა და მათ შორის განსაკუთრებით მომწონს მარკ შაგალის მოწაფის - გავრიილ გლიკმანის „სლავა“, რომელზეც წითელი ვიოლონჩელო ისეა მიბჯენილი მაესტროს სხეულს, რომ გეგონება, გულმკერდი და მუცლის ღრუ აქვს გაგლეჯილი და საცაა სისხლისგან დაიცლება... ამ ნახატს ზედ „აკვდება“ დიდი პოეტესსას - მირრა ლახვიცკაიას ლექსი „ვიოლონჩელო“, რომელიც 1895 წელს დაიწერა:

 

„Играл слепец. Душой владели чары.

Вздымалась грудь и опускалась вновь.

Смычок как нож вонзал свои удары

И песнь лилась, как льет из раны кровь....“

 

სლავა ასევე დახატეს პაბლო პიკასომ და მარკ კლიონსკიმ, რომლის ნახატის შეძენა სურდა კენედის ცენტრს, მაგრამ მაესტრომ იგი რუსულ მუზეუმს აჩუქა.

 

1967 წელს, პარიზში ყოფნისას, მაესტრო როსტროპოვიჩმა გაიცნო სალვადორ დალი, რომელმაც მეგობრობის ნიშნად, სპეციალურად სლავასთვის შექმნა მოვერცხლილ-მოოქროვილი ბრინჯაოს ვიოლონჩელო და მაესტროს გრაფიკული პორტრეტი.

 

1971 წელს, პარიზში ყოფნისას, სლავა როსტროპოვიჩი პირველად შეხვდა მარკ შაგალს, რომელიც ისე მოიხიბლა დიდი მუსიკოსით, რომ მას თავისი პალიტრა აჩუქა და ზედ წააწერა: „ძვირფას მეგობარ სლავას ბიძია მარკ შაგალისგან“.

 

1974 წელს ჩიკაგოს „ჩეიზ თაუერში“ გაიხსნა მარკ შაგალის მოზაიკა „ოთხი სეზონი". გახსნაზე მიწვეული იყო სლავა როსტროპოვიჩი, რომელსაც ბახის ნაწარმოებები უნდა დაეკრა. იგი რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა ქალაქში და სასტუმროში დაბინავდა, სადაც, სრულიად მოულოდნელად, დაურეკა ჯერალდ ვორბურგის ქვრივმა და, ქმრის ანდერძის თანახმად, მისი კუთვნილი „დიუპორის“ ვიოლონჩელოს ყიდვა შესთავაზა, თან დაამატა, ქმარმა დამიბარა, თუ მაესტრო ინსტრუმენტს ვერ იყიდის, სხვას არავის მისცეო. სლავა ახალი წასული იყო სსრკ-დან და, ბუნებრივია, „დიუპორს“ ვერ "მოერეოდა". ამიტომ ქვრივს უთხრა, შეგიძლიათ სხვაგვარადაც აღასრულოთ ქმრის ნება, მაგალითად, ეგ ვიოლონჩელო დაუყოვნებლივ გამომიგზავნოთ ჩიკაგოში, მე კი რამეს მოვიფიქრებო. ამდგარა სლავა და დაურეკავს თავისი დიდი ხნის შვეიცარიელი მეგობრისთვის - პოლ სახერისთვის და უთქვამს, ჩემი ბედნიერება შენს ხელშიაო. სახერი მაშინვე მიმხვდარა, რაშიც იყო საქმე და რამდენიო, უკითხავს. ამბობენ, რომ სახერს ეგრევე გამოუწერია სათანადო ჩეკი, ხოლო ნაყიდი ნივთი ერთ დოლარად გაუფორმებია. ასე ხდება ხოლმე, როდესაც შეუფასებელ ნივთზეა საუბარი.

 

ამბობენ, რომ სანამ „ოპერაცია დიუპორი“ საბოლოოდ დასრულდებოდა, ქვრივს მართლაც გაუგზავნია ვიოლონჩელო და იგი კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვორბურგებთან დაახლოებულ და ახლად-ემიგრირებულ მიშა ბარიშნიკოვს ჩაუტანია ლონგ-აილენდიდან ჩიკაგოში, რომელზეც სლავას ბახის სიუიტა N3 დაუკრავს.

 

1977 წელს მარკ შაგალმა შექმნა ცნობილი ვიტრაჟები „ამერიკის ფანჯრები“, რომლის ხილვაც შესაძლებელია ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. ერთ-ერთ პანელზე ასახულია ვიოლონჩელო და როგორც ამბობენ, იმ პანელით შაგალმა პატივი მიაგო მის მეგობრობას უდიდეს ვიოლონჩელისტთან სლავა როსტროპოვიჩთან, რომელსაც იმ დროს უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა... ამ ჟესტით უდიდესმა მარკ შაგალმა დიდებულ სლავას თავისი პატივისცემა საშვილიშვილოდ დაუფიქსირა.

 

„...Он звал меня к безмолвию забвенья,

Где таят слез немая благодать.

Играл смычок. Змея смыкала звенья.

О, дай мне жить! О, дай еще страдать!

 

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი