logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: კუ ტორტილას ცხოვრების ლამაზი და სევდიანი რომანსი...
- +

2 აპრილი. 2019. 16:42

 

 

ზუსტად ამ დღეს, 1991 წლის 1 აპრილს, კინოს მსახიობთა ვეტერანების სახლში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და შესანიშნავი ქალბატონი - რინა ზელიონაია...

 

ალბათ, ყველას ახსოვს მისი შესრულებული, 300 წლის კუ ტორტილას რომანსი, ფილმში „ბურატინოს თავგადასავალი“... ან მისის ჰადსონი „შერლოკ ჰოლმსში“...

 

არსებობენ ყველასგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც მზესავით ანათებენ მთელი ცხოვრება და მათზე არ მოქმედებს არც ავადმყოფობა, არც წარუმატებლობა და არც წლები...

 

ასეთი იყო რინა ზელიონაია, რომელშიც შეყვარებული იყო ყველა ბავშვი...

 

ერთხელ მოყვა, სეირნობის მერიდებაო... ჩამოვჯდები თუ არა სკამზე, ყველა პატარა მშობლებს ტოვებს, ძიძებს და სათამაშოებს და ჩემკენ მორბისო... პატარა მტრედებივით მეხვევიანო და მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი...

 

რინას ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა... ერთადერთი, ვინც მას შეედრებოდა, იყო ფაინა რანევსკაია, რომელიც მან გაიცნო ფილმი „Подкидыш“-ის გადაღებისას, რომელიც დაიდგა ბავშვთა პოეტის აგნია ბარტოსა და რინას სცენარის მიხედვით და რომელმაც ცნობილი გახადა დუეტი - რანევსკაია-პლიატი. ... რინა იქ თამაშობდა დამლაგებელ არიშას. რინამ და ფაინამ პირველივე გაცნობისას ყურადღებით შეხედეს ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაცა სხვანაირი სულიერი მსგავსება იყო... ისინი დამეგობრდნენ და ეს საოცარი მეგობრობა გრძელდებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში...

 

მოგეხსენებათ, ფაინას იუმორი ზოგჯერ ცოტა უცენზურო იყო და რინა აფასებდა მას, მაგრამ სულ წითლდებოდა ხოლმე... ფაინა კი გააბოლებდა პაპიროსს, სიამოვნებით და კმაყოფილებით გადახედავდა დარცხვენილ რინას და გამოუცხადებდა - „იზვინიტე, ბარიშნია!“

 

რინა წერდა სცენარებს, ქმნიდა განუმეორებელ სახეებს ეპიზოდურ როლებში, რომლებიც მაყურებელს ამახსოვრდებოდა საოცარი, რინას მიერ მოგონილი ფრაზებით...

 

ის ახმოვანებდა მულტფილმებს... ბავშვების ხმით კითხულობდა ლექსებს, გამოდიოდა რადიოთი და საბჭოთა ბავშვებს ის მათი ტოლი ეგონათ და წერდნენ წერილებს - გოგონა რინაზელიონაიას...

 

სხვათაშორის, გვარი ზელიონაია სულაც არ იყო მისი ფსევდონიმი, მართლა გვარი იყო. სახელად კი ერქვა ეკატერინა და ერთხელ, როდესაც მისი გრძელი სახელი აფიშაზე მთლიანად არ დაეტია, შეამოკლა რინამდე. ბავშვებს კი ეგონათ, რომ „Риназеленая“ -იყო ერთი სიტყვა... რინა იძახდა, მალე მეც ასე ვფიქრობდიო...

 

რინა მეგობრობდა ვლადიმერ მაიაკოვსკისთან... ერთხელ მოყვა - 1926 წელია... იალტა... მაიაკოვსკი და მე გავდივართ სანაპიროზე, მაგრამ კი არ ვსეირნობთ, საქმეზე მივდივართ - ბილიარდის სათამაშოდ... თანაც მაიაკოვსკი ძალიან გაბრაზებულია... ცოტა კი გამიკვირდა, მაიაკოვსკიმ მე რომ დამპატიჟა... ბილიარდს ცუდად არ ვთამაშობდი (სხვათაშორის, რინა ძალიან კარგად თამაშობდა ჩოგბურთსაც), მაგრამ მასთან თამაშზე იმისთანა მაღალი დონის პროფესიონალები იკლავდნენ თავს და თვეობით რიგში იდგნენ...

 

მაიაკოვსკი უზარმაზარ ნაბიჯებს დგამდა... მე კი ძლივს მივდევდი... ყველა, ვინც მაიაკოვსკის ხედავდა, თვალს გვაყოლებდა - ის ყველას კუმირი იყო...

 

ერთი რაღაც მაწუხებდა - ვიცოდი, რომ მაიაკოვსკი ბრწყინვალე მოთამაშე იყო, მაგრამ წაგებული პარტნიორისგან ფულს არასდროს იღებდა... ის მაგიდის ქვეშ უნდა გამძვრალიყო... თანაც სიგრძეში...

 

მაიაკოვსკიმ განაცხადა - მე ვეთამაშები რინას... ჩვენ ვთამაშობთ „ამერიკანკას“. მან უნდა დააწვინოს 2 ბურთი, მე -13...

 

დავიწყეთ... მაიაკოვსკიმ ელეგანტურად მოუსვა კიის ცარცი და მიაყოლა ერთი ბურთი მეორეს და უცებ... შეცდა...

 

მე ავიღე კიი და შემთხვევით მოვიგე...

 

ტაშს მიკრავენ...მე კი მეშინია, მაიაკოვსკის რომ შევხედო... ბოლოს გავბედე... იდგა და კმაყოფილი იღიმებოდა... მთავარია, ცუდმა ხასიათმა გადაუარა...

 

ბევრმა არ იცის, რომ არაჩვეულებრივი და კეთილი საბავშვო ლექსები, რომლებიც მე დღემდე მახსოვს - სერგეი მიხალკოვის „Дядя Стёпа“,„Фома“, „Телефон“ და კორნეი ჩუკოვსკის „Мойдодыр“, „Бармалей“, „«Айболит“, „Мухъа-Цокотуха“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა სწორედ რინას შესრულებით...

 

მე მგონი, არ არსებობს მეორე ადამიანი, ასეთი გრძნობით და სიფაქიზით რომ კითხულობდეს ლექსებს პატარებისთვის...

 

რინა ზელიონაიას პირველი მეუღლე იყო იურისტი... ის ჯერ კიდევ სტუდენტობისას გათხოვდა... მალე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს ასაკში დიდი სხვაობის და მეუღლის უმძიმესი ხასიათის გამო...

 

შემდეგ მას სერიოზული რომანი ჰქონდა ცნობილ ჟურნალისტ მიხეილ კოლცოვთან, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სხვისი მამაკაცის ცდა არ შეუძლია და მისი ოჯახის დანგრევა კი, მითუმეტეს...

 

სამაგიეროდ, რინას მესამე სიყვარული, რინას თქმით, აღმოჩნდა საბედისწერო და ბედნიერი...

 

მოსკოვში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი არქიტექტორი კონსტანტინე თოფურიძე, რომელმაც შექმნა ВДНХ-ზე ცნობილი „მეგობრობის შადრევანი“... მათ, როგორც მერე აღმოჩნდა, უამრავი საერთო მეგობარი ჰყავდათ, მაგრამ გაიცნეს ერთმანეთი საქართველოში, სადაც ისვენებდნენ აფხაზეთის დასასვენებელ სახლში „სინოპი“...

 

სულ ცოტა ხანში რინამ განაცხადა - „მე გამიჩნდა ახალი პროფესია - „არქიტექტორის ცოლობა“... ჯერ ვიფიქრე - „მერე რა!“... მერე მივხვდი, რომ სულაც არ იყო „მერე რა“...

 

კონსტანტინეს, კოტეს, როგორც მას რინა ეძახდა, ჰქონდა რთული ხასიათი და რაც მთავარია, რინასგან განსხვავებით, ბოდიშის მოხდა ან საკუთარი დანაშაულის აღიარება პრინციპულად არ შეეძლო... რინა არ აქცევდა ყურადღებას, რადგანაც იცოდა, რომ 10 წუთში კოტე ჩაეხუტებოდა და ეტყოდა „თავისებურ ბოდიშს“, რომელიც ჟღერდა ასე - „კარგი, ამჯერად გპატიობ“...

 

მათ ერთად გაატარეს უბედნიერესი 40 წელი... რინა მას „ანგელოზს“ ეძახდა... ისინი თითქმის არ სცილდებოდნენ ერთმანეთს... ერთადერთი, როდესაც რინა გასტროლებზე მიდიოდა, საიდანაც კოტეს ყოველდღე გრძელ წერილებს უწერდა... სეირნობისას, ისინი ხელჩაკიდებულები დადიოდნენ...

 

ბედის ირონიაა, მაგრამ რინას შვილი არ გაუჩნდა და მათ გაზარდეს 2 ბიჭი, მომავალში ორივე არქიტექტორი გახდა... რინა დაუმეგობრდა კოტეს ყოფილ მეუღლეს... ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ 1977 წელს ბატონი კონსტანტინე მეორე ინფარქტს ვერ გადაურჩა...

 

რინა ზელეიონაიამ კი განცდისგან მხედველობა დაკარგა...

 

როდესაც რინა დარჩა მარტო, აღმოჩნდა, რომ იმდენად მზრუნველი მეუღლე ჰყავდა, რომ მარტო ვერაფრის კეთებას ვერ ახერხებდა და ოჯახის წევრებს სთხოვა მისი გადაყვანა კონომსახიობთა ვეტერანების სახლში...

 

გადაიყვანეს...

 

ჰყვებიან, რომ იქ ძალიან დაუმეგობრდა ანდრეი ტარკოვსკის მამას, არსენი ტარკოვსკის, რომელიც ასევე წყნარად ჩააბარეს სახელმწიფოს...

 

იმასაც ამბობენ, რომ საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდა...

მაგრამ სულ მარტო...

 

ერთ-ერთ ინტერვიუში, რინამ მოყვა, რომ წერდა წიგნს ბავშვების გამონათქვამებზე და ლონდონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სასახლეში მიიწვიეს, სადაც დაინახა ეზოში მოთამაშე ბავშვი და, რა თქმა უნდა, დაუმეგობრდა... იმ ბავშვმა კი შეკითხვაზე - „ვინ გინდა გახდეო?“, იცით, რა უპასუხა - „მე მინდა გავხდე ორი პატარა ძაღლი, ერთმანეთს რომ ვეთამაშოთო“...

 

1991 წელს ვეტერანთა სახლში გარდაცვლილი რინა ზელიონაია, ალბათ, ხშირად იხსენებდა ამ სიტყვებს...

 

ბავშვებისა და მოხუცებისადმი უყურადღებობა მარტო დაუშვებელი კი არ არის... დანაშაულია...

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი