logo_geo
1805 წლის 2 აპრილს ჰანს ქრისტიან ანდერსენი დაიბადა...
- +

2 აპრილი. 2019. 18:18

 

 

(კოლაჟი - ავტორის)

 

დღეს არაფრის გაკვირვება არ შეიძლება, რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1805 წლის 2 აპრილს... დანიურ კუნძულ ფიონსეს ქალაქ იდენსეში, ღარიბი მეწაღისა და მრეცხავის ოჯახში დაიბადა ყველა მეზღაპრეთა მეზღაპრე, ჰანს ქრისტიან ანდერსენი... ასე შეგამზადეთ იმისთვის, რომ არ გაოცდეთ, ყვავილის მოსარწყავად აივანზე გასულებს, ქოთანში პატარა, კიკინებიანი დუიმოვოჩკა თუ დაგხვდათ...

 

აბაზანაში მეუღლის ნაცვლად, სირინოზი კუდს თუ მოგიქნევთ და თვალს ჩაგიპაჭუნებთ... სხვა საკითხია, მის აბაზანაში ყოფნას როგორ აუხსნით მეუღლეს...

 

გაყინული ხეკიდან სათამაშო კალის ჯარისკაცმა რომ დაგიკაკუნოთ...

 

ლეიბიდან ცერცვის ერთი ცალი მარცვალი რომ გამოგორდეს...

 

მეზობლის მახინჯი იხვის ჭუჭული ქათქათა გედად რომ გადაიქცეს...

 

ლაპლანდიიდან კი, თოვლის დედოფლის მიერ გამოგზავნილ შაქრის პუდრივით თოვლმოყრილ ჩურჩხელებს - სიგრილეში ამოვლებული ლოლუების გემო დაკრავდეს (შარშან საქართველოზე გადაუფრენია და მას მერე „გაყინული ჩურჩხლოლუების“ ბიზნესს ეწევა).

 

ეს ყველაფერი ანდერსენის ბრალია...

 

მე მის ზღაპრებს მაზიარა ცნობილი მოცეკვავეების ანდრეას და ილზე ლიეპას ბებიამ, მოსკოვის გვერდით სოკოსავით ლამაზად და მყუდროდ მოკალათებულ დიდი თეატრის აგარაკებზე...

 

დაგვსვამდა სამ ბავშვს, გაიკეთებდა სათვალეს. გაისწორებდა ყაისნაღით ნაქსოვ შალს, ზღაპრულ აბლაბუდას რომ ჰგავდა და მხოლოდ ბებიებს, თანაც - ძალიან კეთილ ბებიებს რომ აქვთ - ისეთი ხმის ტემბრით იწყებდა გულისამაჩუყებელ ზღაპარს ამაოდ შეყვარებულ „რუსალოჩკაზე“...

 

იმის მერე ვიცნობ ანდერსენს...

 

ნუ მომაყოლებინებთ ახლა მის სრულ და ოფიციალურ ბიოგრაფიას...

 

მეზღაპრის შესახებ უნდა ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც მისი ზღაპრები ჰყვებიან...

 

მაგალითად, 14 წლის ასაკში ჰანსი გაემგზავრა კოპენჰაგენში, სადაც ცეკვავდა სამეფო ბალეტის დასში... სავარაუდოდ, იქ გაიცნო ფაიფურის ბალერინა, რომელსაც მეზობელი თაროდან სათამაშო ჯარისკაცივით შორიდან ეტრფოდა... თანაც, ჯარისკაცი ცალფეხა იყო (სწორედ მარცხენა ფეხის სისუსტის განაჩენი გამოუტანეს პედაგოგებმა ანდერსენს, დასიდან გაშვების წინ)...

 

ანდერსენის ერთადერთი ბავშვობის მეგობარი იყო პრინცი ფრიტსონი, მომავალში - მეფე ფრედერიკ VII. მათი მეგობრობა გრძელდებოდა მეფის გარდაცვალებამდე და ოჯახის წევრების გარდა, მის დაკრძალვაზე მხოლოდ ანდერსენი დაუშვეს... რომელმაც ძლივს გადაიტანა ის, რომ იმპერატორის ბულბულისგან განსხვავებით, ვერ გადაარჩინა თავისი მეფე...

 

ანდერსენს მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა ერთი ქალი (ესეც ხომ ზღაპარია), მომღერალი, საუცხოო ხმის მფლობელი ჯენი ლინდი...

 

სწორედ მისი გაცნობის დღეს, ანდერსენმა დღიურში ჩაწერა „მე შეყვარებული ვარ“! და შექმნა თავისი პირველი ზღაპარი...

 

ლინდას გულწრფელად მოსწონდა ანდერსენი, სიამოვნებდა მასთან სეირნობა და საუბარი, მაგრამ ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა და პერსპექტიულ პიანისტ ოტო გოლდშმიდტს...

 

ანდერსენის ხმადაკარგული „რუსალოჩკა“ კი მარადიული სიყვარულის ქაფში გადაეშვა...

 

ანდერსენი კი...

 

წერდა და წერდა, გაუჩერებლად, ლექსებს, ზღაპრებს, პიესებს, ესეებს...

 

არ ნებდებოდა არც იმედგაცრუებას, არც უსახსრობას, არც დაცინვებს...

 

წერდა მანამ, სანამ არ აუსრულა დედას ყველაზე სანუკვარი ოცნება, რომელშიც ის მას გამოუტყდა, მისი კოპენჰაგენში გაშვების წინ...

 

ის გახდა ცნობილი!!! და არა მხოლოდ ცნობილი, არამედ მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი დანიელი...

 

ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მის ზღაპარში :

 

„მას უხაროდა, რადგანაც გადაიტანა იმდენი უბედურება, რომ უკეთ შეძლო დაეფასებინა ბედნიერება და სამყარო, რომელშიც ცხოვრობს... დიდი გედები კი დაცურავდნენ მის ირგვლივ და ნისკარტებით ეფერებოდნენ“...

 

ანდერსენს სწყინდა ხოლმე, როდესაც მას საბავშვო მწერალს უძახდნენ, რადგანაც თვლიდა, რომ მისი ზღაპრები უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი. ამიტომაც, ჯერ კიდევ მის ცხოვრებაში შექმნილი ქანდაკების ავტორს, ოგიუსტ საბეს დაუწუნა პირველი ვარიანტი, სადაც ის ბავშვების გარემოცვაში იყო გამოსახული და სთხოვა, დაეტოვებინა ის მარტო... წიგნით ხელში...

 

ანდერსენს ძალიან უყვარდა პუშკინი და ვერ მოისვენა, სანამ არ გახდა რუსეთიდან ჩამოტანილი, ალექსანდრ სერგეევიჩის ავტოგრაფის მფლობელი, რომელიც პოეტის „ელეგიას“ ამშვენებდა და დღეს ანდერსენის პირად ნივთებთან ერთად, დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახება...

 

ისე კი, ანდერსენი ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო და ჟორჟ დანტესი მის ზღაპრებზე რომ გაზრდილიყო, სავარაუდოდ, მუშკეტზე თითის დაჭერის წინ, ცოტა მაინც აუკანკალდებოდა არისტოკრატიული ფრანგული ხელი...

 

ან ჰიტლერისთვის მის რომელიმე ფრაუ მასწავლებელს, ძმები გრიმების ზღაპრებთან ერთად, ანდერსენის ერთი ზღაპარი რომ შეეპარებინა (მაგალითად, „გოგო ასანთით), რა იცით, იქნებ პატარა ადოლფი გაჰყოლოდა მხატვრობას და მასაც ეშველებოდა და ჩვენც...

 

ანდერსენის ზღაპრები ყველა ზღაპრებისგან გამოირჩევიან თავისი ღრმა სევდით, რომელიც იმედიანია, სითბოთი, ადამიანურობით, დახვეწილობით და თავდაჭერილობით, იუმორით...

 

ამასწინათ დავაკვირდი ერთ-ერთი მისი ზღაპრის ნაწყვეტს:

 

დედა ბაყაყმა თავისი ვაჟისთვის საცოლე მოძებნა... ვაჟი უკმაყოფილოა: „არ მომწონსო... მწვანე არ არისო“ და მომავალი სადედამთილო პასუხობს:

 

„არა უშავს, იცხოვრებს ჩვენთან ცოტა ხანს და გამწვანდებაო“.

 

გისურვებთ ბედნიერ, ზღაპრულ და ბუზღუნა ოლე ლუკოიეს ჯადოსნური ქოლგის მფარველობით გალამაზებულ დღეს!

 

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

big_banner
არქივი