logo_geo
1932 წლის 4 აპრილს „კინემატოგრაფიის ღმერთი“ ანდრეი ტარკოვსკი დაიბადა
- +

4 აპრილი. 2019. 18:37

 

 

ძნელია, თითქმის შეუძლებელი, იმის გადმოტანა ქაღალდზე, რასაც ვგრძნობ, როდესაც ოდნავაც კი ვეხები XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორისა და სცენარისტის ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრებასა და შემოქმედებას...

 

ანდრეი ტარკოვსკი დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 4 აპრილს... აქვე, მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ „ეს აპრილი რა ყოფილა“!!! ნამეტანი შემოქმედებითი თვეა!!!

 

თითო პატარა კინოთეატრი და სცენა მაინც დაგვჭირდება...

 

ბრიტანელმა რეჟისორმა და კინოპროდიუსერმა, დენი ბოილმა ტარკოვსკის „კინემატოგრაფიის ღმერთი“ უწოდა...

 

სავარაუდოდ, ასეც იყო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ღირდა თუ არა ეს „ღმერთობა“ ასეთ ფასად...

 

ტარკოვსკი ცნობილი იყო, პოპულარული იყო, შემოქმედებაში მწვერვალებს მიაღწია,.. 2018 წელს ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში ოფიციალურად შეიტანეს ახალი განსაზღვრება - „Tarkovskian“ (ტარკოვსკისეული)...

 

მაგრამ ყოველივე ამის უკან იდგა ისეთი ტკივილი, განცდები და სევდა...

 

თუმცა, ეს მისი ფილმებიდანაც ჩანს...

 

ის ფილმის გადაღებისას, არასდროს არ მისდევდა რაღაცა წესებს...

 

იღებდა ისე, როგორც გრძნობდა...

 

არასდროს არ აინტერესებდა წოდებები და რეგალიები...

 

ერთხელ ტარკოვსკიმ თქვა - „თუ ჩემი ფილმის ჩვენების ბოლოს, კინოდარბაზში სულ 8 კაცი დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ 8 კაცისთვის ვმუშაობ“...

 

მართლა იმუშავებდა კიდევაც 8 კაცისთვის, მაგრამ მისი ფილმების ჩვენების დროს, 8 კაცი კი არ დარჩენილა, 8 კაციც კი არ გასულა კინოდარბაზიდან...

 

ტარკოვსკის ფილმები მართლაც საოცარია და, ჩემი აზრით, პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან ეროვნულია და ერთდროულად, ზოგადსაკაცობრიოც…

 

არ დავიღლები იმის განმეორებით, რომ როდესაც ადამიანში არის საკუთარი მიწა-წყლის და კულტურის გადამეტებული სიყვარული (კარგი გაგებით), ეს იმდენად ახლობელია სხვა ენისა და კულტურის მატარებლებისათვისაც, იმდენად უზომოდ გულწრფელი და გადამდებია, რომ ამას ყველა ბოლომდე იღებს და იზიარებს...

 

მეორე, რის გამოც განსაკუთრებით მიყვარს ამ დიდი შემოქმედის ნამუშევრები, არის ის, რომ თითოეული მათგანი ფილოსოფიური თემებით არის გამსჭვალული, რომელსაც აღიარებ და ეთანხმები, მაგრამ ყოველთვის გრჩება ადგილი და დრო საკუთარი გულით და გონებით იმპროვიზაციისთვის...

 

მის ნებისმიერ მინიშნებას საკუთარ განცდას უმატებ და თავად ხდები ამ ფილმების თანაავტორიც და თანამონაწილეც, რადგანაც მხოლოდ შენთვის გასაგებ დეტალებს და სიმბოლოებს პოულობ და ამჩნევ...

 

სადღაც, რაღაცა მომენტში, რომ ელოდი, სწორედ მაშინ, უბერავს ქარი, სადღაც ფოთოლი მოწყდა და შენ რომ გეგონა სწორედ იმ ადგილას ეცემა ფარფატით…

 

როცა გული აგიჩქარდა, უცებ წვიმდება და მზის სხივიც მაშინ ადგება ეკლესიის ფრესკას, როდესაც გულში რაღაცაზე ლოცვას იწყებ…

 

გარდა ამისა, ტარკოვსკის ფილმები სტატიკური არ არის… ისინი, როგორც სხვადასხვა ასაკში წაკითხული წიგნები, შენთან ერთად იცვლებიან...

 

და ყოველივე ამის უკან დგას ამ პროცესის წარმართვის შესანიშნავი ჯადოქარი და მაგი, რომელსაც ანდრეი ტარკოვსკი ჰქვია...

 

არ არსებობს ანდრეი ტარკოვსკის არცერთი ფილმი, რომელზეც საათობით საუბარი არ შეიძლებოდეს… უფრო სწორად, იმ განცდებსა და გრძნობებზე, რომლებსაც ისინი შენში იწვევს…

ყველას თავისი საკუთარი ტარკოვსკი ჰყავს და, სავარაუდოდ, მისი გამორჩეული ფილმიც…

 

თავად რეჟისორი იძახდა - „წიგნი, რომელიც წაიკითხა ათასმა ადამიანმა, - ათასი სხვადასხვა წიგნია“...

 

პირადად ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა „ანდრეი რუბლიოვმა“... სცენარი ამ ფილმისთვის ტარკოვსკიმ დაწერა რეჟისორ ანდრონ კონჩალოვსკისთან ერთად და მისმა გამოქვეყნებამ ჟურნალში „კინოს ისტორია“ შემოქმედებით სამყაროში ფურორი მოახდინა.

 

სწორედ ამ პუბლიკაციას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ტარკოვსკისთან სინჯებზე მივიდა მომავალში მისი მთავარი თილისმა, სვერდლოვსკის თეატრის მსახიობი, შესანიშნავი ანატოლი სოლონიცინი…

 

მან არც კი იცოდა, შეარჩევდა თუ არა მას რეჟისორი როლისთვის, მაგრამ წაიკითხა თუ არა სცენარი, უყოყმანოდ დატოვა თეატრი და გადმოვიდა მოსკოვში…

 

რუბლიოვის როლზე სინჯები გაიარეს უნიჭიერესმა და პოპულარულმა მსახიობებმა - ინოკენტი სმოკტუნოვსკიმ და სტანისლავ ლიუბშინმა, მაგრამ ტარკოვსკიმ არჩევანი იმ დროისთვის უცნობ სოლონიცინზე შეაჩერა…

 

საინტერესოა, რომ თავად სოლონიცინი ამბობდა, რომ მსახიობს არ უნდა გააჩნდეს როლის საკუთარი კონცეფცია… ის უნდა ჩამოჰგავდეს სუფთა ფურცელს, რომელზეც რეჟისორი თავის სურათს დახატავს…

 

ტარკოვსკისთან მუშაობის დაწყებით, სოლონიცინმა პრაქტიკულად ცხოვრება დაიწყო სუფთა ფურცლიდან… (ფოტოზე).

 

თავად ფილმზე საუბარი რთულია და არავითარი უფლებაც არა მაქვს, როგორც არაპროფესიონალმა, ის შევაფასო, მაგრამ დღემდე თვალწინ მიდგას კადრები ამ ფილმიდან… თითქმის სიტყვა-სიტყვით მახსოვს ანდრეი რუბლიოვისა და თეოფანე ბერძენის კამათი და თეოფანეს სიტყვები - „ქრისტე დედამიწაზე ისევ რომ მოსულიყო, მას კვლავ ჯვარს აცვამდნენო!“

 

თავად ტარკოვსკი ამბობდა, რომ მისი ეს ფილმი, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმების ათეულში შევიდა, სულ 2 იდეას ემსახურება. პირველია ის, რომ ადამიანების ცხოვრება ჰარმონიული და სრულყოფილი რომ ყოფილიყო, მაშინ ხელოვნებაც არ გახდებოდა საჭირო… და მეორე კი ის, რომ შეუძლებელია საკუთარი გამოცდილება სხვას გადასცე ან თავს მოახვიო, რადგანაც თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი გამოცდილება და როდესაც ის მას ბოლომდე მიიღებს, გარდაიცვლება ხოლმე…

 

ანდრეი ტარკოვსკის არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა… დედა - მარია ვიშნიაკოვა, ძველებური რუსული თავადური გვარის, დუბასოვების შთამომავალი… მან, ისევე როგორც ანდრეის მამამ, ცნობილმა პოეტმა და თარჯიმანმა, არსენი ტარკოვსკიმ, დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურული ინსტიტუტი… კარგი მშობლები თავისთავად საწინდარი და სტიმულია ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ანდრეი ტარკოვსკიც თავის გამოსვლებში და მთელ შემოქმედებაში სულ უსვამდა ხაზს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მშობლებისადმი.

 

ის დედაზე მოყოლისას, ამბობდა „ცხოვრება იყო უსაშველოდ რთული, მაგრამ ყველაფერი, რასაც მე ცხოვრებაში მივაღწიე - ჩემი დედის დამსახურებაა“...

 

მამაზე კი ამბობდა, რომ ის მართლა დიდი რუსი პოეტი იყო, რადგანაც არცერთი ლექსი არ დაუწერია ფულის ან წოდების გამო…

 

სულ ერთ წამს წაგართმევთ არსენი ტარკოვსკის პოეზიის ერთი ნაწყვეტისთვის და ეგრევე მიხვდებით, როგორ თავისუფლად წერდა ლექსებს ...რა ენერგიით...

 

„Дышит мята в каждом слове,

И от головы до пят

Шарики зеленой крови

В капиллярах шебуршат“.

 

ეს თავისუფალი მანერა და გულწრფელობა ანდრეის გამოყვა გენეტიკურად...

 

ის ჩვეულებრივ ჩარჩოებში ვერ ცხოვრობდა და ვერ ქმნიდა...

 

ამიტომაც მოუხდა სამშობლოდან ემიგრაციაში წასვლა... და სწორედ ეს აღმოჩნდა მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია...

 

ეს მკაფიოდ ჩანს მის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ გადაღებულ ფილმებში...

 

ერთი „ნოსტალგია“ რად ღირს...

 

საოცარია მისი სულ ბოლო ნაწარმოები, ძმები სტრუგაცკების მიხედვით შვედეთში გადაღებული სურათი „მსხვერპლის გაღება“... ამ ფილმისთვის ტარკოვსკიმ, როგორც რეჟისორმა, მიიღო კანის ფესტივალის გრან-პრი...

 

ტარკოვსკი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა შესაფერის ადგილს, ბირთვული კატასტროფის და პანიკის გადასაღებად... ბოლოს მიაგნო ტუნელს, კიბეს და პატარა მოედანს, რომელიც იდეალურად ჩაჯდა მის წარმოდგენაში...

 

გასაოცარი კი, იცით რა არის, რომ რამდენიმე ხანში, სწორედ იმ ადგილას მოკლეს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე და მკვლელი იდგა სწორედ იმ წერტილში (ახლო-მახლო კი არა), სადაც ფილმის გადაღების დროს, განთავსებული იყო გადამღები კამერა...

 

ფილმში ფოსტალიონს სახელად ჰქვია ოტო - ეს იყო ტარკოვსკის უსაყვარლესი მსახიობის, ანატოლი სოლონიცინის ნამდვილი სახელი... ასე სცა პატივი რეჟისორმა მეგობრის ხსოვნას, რომელიც გადაღებამდე რამდენიმე წლის ადრე სიმსივნისგან გარდაიცვალა... (ფოტოზე ერთად არიან).

 

ტარკოვსკიმ თავისი ეს ფილმი დაახასიათა ერთი ფრაზით - „მსხვერპლის გაღება - ეს არის ის, რაც ნებისმიერმა თაობამ უნდა განახორციელოს თავისი შვილების მიმართ... ემსხვერპლოს მათ“...

 

ძალიან მიყვარს ანდრეი ტარკოვსკის „სოლარისი“, რომელმაც კანის ფესტივალის გრან-პრი მიიღო და კინემატოგრაფიის ისტორიაში აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმად...

 

„სარკე“, რომელიც მის საბავშვო ასოციაციებზეა აგებული, თავისი შესანიშნავი მსახიობებით - ოლეგ იანკოვსკით და მარგარიტა ტერეხოვათი...

 

აი, რაც შეეხება „სტალკერს“, სულ ასე მგონია, რომ ბოლომდე ვერ გამოვიცანი და ვერ გავიგე... უნდა კიდევ ერთხელ ვნახო... ან ბევრჯერ...

 

სხვათაშორის, სერგო ფარაჯანოვს, რომელიც მეგობრობდა ტარკოვსკისთან, ყველაზე ძალიან უყვარდა ფილმი „ივანეს ბავშვობა“ და თურმე, სახლში არ უშვებდა სტუმრად იმას, ვისაც ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდა... თანაც ამოწმებდა...

 

1978 წელს ტარკოვსკი ჩამოვიდა ფარაჯანოვთან თბილისში, ცოლ-შვილთან ერთად...

 

ტარკოვსკი იხსენებდა, რომ როცა როდესაც რუსთაველზე სეირნობდნენ, სერგოს ყველა ესალმებოდა, ის კი კითხვას უსვამდა - „გინდათ ცოცხალი ანდრეი ტარკოვსკის ნახვა?“ ... რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა... მაშინ ფარაჯანოვი სთხოვდა „ამ სანახაობაში“ 5 მანეთს... ანდრეის შვილს კი უფრო დაბალი ფასი ჰქონდა - „3 მანეთი“...

 

ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრებაში რამდენიმე დიდი სიყვარული იყო… მისი პირველი მეუღლე იყო ირმა რაუში, რომელიც მან ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო. ანდრეის თქმით, ირინა ყოველთვის და ყველაფერში გვერდით ედგა… სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ტარკოვსკის მეორე მეუღლე კი გახდა ლარისა კიზილოვა, რომელიც რეჟისორმა ფილმ „ანდრეი რუბლიოვის“ გადაღებისას გაიცნო … (ფოტოზეა).

 

მათ საოცარი და უცნაური ურთიერთობები ჰქონდათ. ლარისა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში „თქვენობით“ მიმართავდა და ბოლო დღემდე უგონოდ იყო მასში შეყვარებული …

 

როდესაც ანდრეი გარდაიცვალა, ძალიან ცოტა ხანში გარდაიცვალა ლარისაც… ჰყვებიან, რომ მას ანდრეის გარდაცვალების შემდეგ ძალიან უჭირდა და საჭმელსა და საეკლესიო სანთლებს საფრანგეთში მცხოვრები რუსი ემიგრანტები აწვდიდნენ... მას რუსეთიდან არავითარი ფული არ მიუღია, არც ქმრის პენსია და არც მოგება მისი ფილმებიდან... ის მთელ დღეებს ატარებდა სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე...

 

ცხოვრების ბოლოს კი, ტარკოვსკის ჰქონდა რომანი ნორვეგიელ მოცეკვავესთან, რომელმაც რეჟისორს ვაჟიც გაუჩინა. სამწუხაროდ, რეჟისორმა მისი ნახვა ვეღარ მოასწრო…

 

ანდრეიმ ვერ მოასწრო მამის ნახვაც... ისინი მუდმივად სწერდნენ ერთმანეთს წერილებს... არსენის ენატრებოდა შვილი და დაბრუნებას სთხოვდა... ანდრეის არანაკლებად ენატრებოდა და სამწუხაროდ, ვერ გაიმეორა თავისი ფილმი „სოლარისის“ გმირის, კრისის საქციელი და ვერ დაუბრუნდა მამას... (ფოტოზეა)

 

ანდრეი ტარკოვსკი გარდაიცვალა 1986 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ პარიზში, სულ რაღაც 54 წლის ასაკში…

 

თავიდან ის დაასვენეს ესაულ ვლადიმირ გეორგიევის საფლავში...

 

1987 წელს კი მისმა მეუღლემ შეაგროვა სახსრები და რეჟისორის ფერფლი ახალ ადგილას გადაიტანეს...

 

ლარისამ წინასწარ გადაიხადა სასაფლაოს ფული - 200 წლით... მეტი ვერ შეძლო და საკუთარი ესკიზით დაუდგა ძეგლი...

 

მას აწერია - „ადამიანს, რომელმაც დაინახა ანგელოზი“... სასაფლაოს ჯვართან კი მიჰყავხარ 8 საფეხურს... სწორედ ამდენი ფილმი გადაიღო ტარკოვსკიმ...

 

რეჟისორს აუსრულებელი დარჩა ერთი დიდი ოცნება — უნდოდა დაედგა ფილმი „ჰამლეტი“, რომელშიც დანიელი პრინცის როლს ითამაშებდა მისი საყვარელი მსახიობი ანატოლი სოლონიცინი… მსახიობმა წასვლა 4 წლით დაასწრო...

 

ბოლოს კი, მინდა დავასრულო ტარკოვსკის სიტყვებით - „საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მოგონილ სამყაროში, რომელსაც თავად ვქმნით... ამიტომაც დამოკიდებულები ვართ მის ნაკლოვანებებზე... არა და, ხომ შეგვიძლია, რომ მის ღირსებებზე ვიყოთ დამოკიდებულები“...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ღირსეულ დღეს!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი