logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ასე ხდება, როდესაც ადამიანს სუფთა სინდისი აქვს და არაფერი არ დაუშავებია...
- +

5 აპრილი. 2019. 13:39

 

მე მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სიმღერა „Bésame mucho“ იცის ყველამ...

 

მას ასრულებდნენ პლასიდო დომინგო, ლუი არმსტრონგი, ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, „ბითლზი“... ალექსანდროვის სახელობის წითელორდენოსანი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლიც კი... თანაც, სამხედრო მარშის რიტმში.

 

ეს სიმღერა ჟღერს 120 ენაზე, ხოლო მისი დისკების ტირაჟმა 100 მილიონს გადააჭარბა...

 

ყოველთვის მეგონა, რომ ამ ვნებიანი სიმღერის ავტორია ვინმე მაჩო ან ცხოვრებაგავლილი, წარსულში ულამაზესი ქალი, რომელიც თავის ბოლო სიყვარულს ეპოტინება...

 

თურმე, ეს სიმღერა დაწერა 16 წლის ასაკში, ცნობილი ესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის შვილიშვილის შვილმა, ულამაზესმა ქალბატონმა, მომავალში ცნობილმა კომპოზიტორმა და პიანისტმა, კონსუელო ველასკესმა...

 

თანაც, დაწერა თავისი კუმირის, ჰოლივუდის არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი, არამედ ყველაზე ელეგანტური, დახვეწილი და იმპოზანტური ოსკაროსანი მსახიობის პორტრეტის ფონზე...

 

დიახ, ეს გახლდათ გრეგორი პეკი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს., 1916 წლის 5 აპრილს, კალიფორნიის ქალაქ ლა-ჰოიაში...

 

ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც კონსუელო ჰოლივუდში მიიწვია უოლტ დისნეიმ... გრეგორი პეკი აღფრთოვანდა კონსუელოს სილამაზით, მაგრამ მან ცოტა დააგვიანა... ველასკესი ორ კვირაში დაბრუნდა მექსიკაში, სადაც მას საქმრო ელოდებოდა...

 

გრეგორი პეკი, რომელსაც აშშ-ის კინოაკადემიის ვერსიით, მსოფლიო ვარსკვლავების ასეულში მე-12 ადგილი უკავია, არასდროს ფიქრობდა მსახიობობაზე... ის სამი წლის იყო, როდესაც მისმა დედამ მამა მიატოვა და გრეგორის ზრდიდა ბებია...

 

პეკი სწავლობდა სენტ-ჯონსის სამხედრო აკადემიაში და შემდეგ კი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში...

 

ის სწავლის ფულის საშოვნელად მუშაობდა მეეზოვედ, ოფიციანტად, ჭურჭლის მრეცხავად...

 

უნივერსიტეტში სწავლის დროს, სტუდენტურ თეატრში, „მობი დიკის“ დადგმისთვის დასჭირდათ მაღალი შემსრულებელი და გრეგორი მიიწვიეს... მისი სიმაღლე იყო 189 სმ... ის ცოტა ხნით დაფიქრდა და დათანხმდა როლზე...

 

თავად პეკი იხსენებს, რომ საშინლად თამაშობდა, მაგრამ რატომღაც კიდევ 4 როლი შესთავაზეს და ბოლოს ისე მოეწონა სცენაზე გამოსვლა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წავიდა ნიუ-იორკში... ჯიბეში ედო 195 დოლარი...

 

პეკმა ჩააბარა დრამატული ხელოვნების ცნობილ სკოლაში, მაგრამ ისევ დადგა სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა და მან მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე რეკლამების დამრიგებლად და სტუდია „NBC“-ში, გიდად...

 

მისი დებიუტი შედგა 1942 წელს პიესაში „აისის ვარსკვლავი“...

 

პეკი იხსენებდა, რომ სცენაზე გასვლის წინ ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ სანამ საკუთარ თავს პანღური არ ამოარტყა და არ შეუყვირა „წინ“! ადგილიდან ვერ დაიძრა...

 

პიესა ჩავარდა, მაგრამ გრეგორი პეკი ჰოლივუდში შეამჩნიეს...

 

პირველი ფილმი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, იყო 1944 წელს ეკრანებზე გამოსული „დიდების დღეები“, სადაც გრეგორი თამაშობდა რუსი პარტიზანის, ვლადიმერის როლს. პარტნიორობას კი მას უწევდა საოცარი სილამაზის პრიმა-ბალერინა თამარა თუმანოვა... (ფოტოზე)

 

ის მამით იყო ხასიდოვიჩი, დედით - თავადიშვილი, თუმანიშვილი (გვარი თუმანოვად გადაიკეთა ჯორჯ ბალანჩინის რჩევით), დედის დედა კი ჰყავდა ჩხეიძე...

 

რადგან გვარიშვილობას შევეხეთ, ამ ფილმის გადაღების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ გრეგორი პეკი წარმოშობით იყო რუსი, მაგრამ ვინ აცალა...

 

სომხებმა წამოაყენეს პრეტენზიები, რომ ის სომეხი იყო და დასამტკიცებლად მისი ცხვირის ფორმა მოჰყავდათ...

 

თავად პეკი კი დუმდა... მე მგონი, სინამდვილეში ქართველი იყო...

 

კინოში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის პერიოდში, პეკმა ითამაშა დაახლოებით 50 ფილმში... რამდენჯერმე იყო ნომინირებული „ოსკარზე“, მაგრამ „ოსკარის“ ქანდაკება მხოლოდ ერთხელ გადასცეს, ფილმისთვის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (To Kill a Mockingbir), რომელშიც ადვოკატ ატიკუს ფინჩის როლი შეასრულა... სხვათაშორის, პეკი გახდა პირველი კალიფორნიელი, ვინც „ოსკარი“ მიიღო...

 

ფილმი საოცარია... ადვოკატიც საოცარია და გრეგორი პეკი ისე თამაშობს, რომ რწმუნდები, ადამიანს ასე თამაში არ შეუძლია, თუ ცხოვრებაშიც არ არის ასეთივე კეთილშობილი და სამართლიანი...

 

საინტერესოა, რომ აშშ-ის კინოაკადემიამ ატიკუს ფინჩი აღიარა „ყველაზე დადებით გმირად“... სხვათაშორის, „ყველაზე უარყოფით გმირებში“ ლიდერობა ხვდა წილად განიბალ ლექტორს, ენტონი ჰოპკინსის შესრულებით...

 

მოგეხსენებათ, შიშის მომგვრელ ალბერტ ჰიჩკოკს ზედმეტი საუბარი და განსაკუთრებით ვინმეს ქება არ უყვარდა, მაგრამ გრეგორი პეკზე მაინც წამოცდა - „ეს ისეთი კაცია, რომელზეც პრაქტიკულად არ ჭორაობენო“...

 

ახლა, მთლად ასეც არ იყო... ჭორაობით როგორ არ იჭორავებდნენ ასეთ ნიჭიერ და მომხიბვლელ მამაკაცზე, მაგრამ ის იმდენად ღირსეული კაცი იყო, რომ ეს ჭორი მას არ ეკარებოდა, ის თითქოს მას ისხლეტდა...

 

 

როდესაც ფილმი „რომაული არდადეგების“ გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს შეხვდნენ მთავარი როლების შემსრულებლები - 36 წლის უკვე კინოვარსკვლავი, გრეგორი პეკი და 23 წლის ჯერ კიდევ უცნობი და ირმის ნუკრივით დამფრთხალი ოდრი ჰეპბერნი, მაშინ დაიწყო თუ დაიწყო ჭორები...

 

როდესაც მათ ერთმანეთი წარუდგინეს, გრეგორი პეკმა გაიხუმრა:

- საღამო მშვიდობისა, თქვენო აღმატებულებავ, - და თავი დახარა...

ოდრიმ გაუწოდა ჩამოსართმევად ხელი და უთხრა -

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაგაღალატებთ...

 

მართალი გითხრათ, მჯერა, რომ ოდრი აუცილებლად იქნებოდა ცოტა მაინც შეყვარებული გრეგორი პეკში...

 

როგორ შეიძლება, ასეთი კაცი არ შეგიყვარდეს, თანაც ასეთ რომანტიკულ ფილმში, მაგრამ გრეგორი პეკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ჯენტლმენობა და წესიერება...

 

მან არ ისარგებლა არც როლით და არც მდგომარეობით...

 

(შედარებისთვის, გრეგორი პეკის ჰონორარი შეადგენდა 100 000 დოლარს, ოდრისი კი - 7 ათასს).

 

პირიქით, როდესაც მან დაინახა, რომ ფილმის მომავალ აფიშაზე მისი სახელი იყო დაბეჭდილი დიდი ასოებით, ხოლო ოდრისი - პატარათი, საშინლად აღშფოთდა და მხატვარს გამოუცხადა - „ეს გოგო მიიღებს „ოსკარს“!

 

აფიშები თავიდან დაბეჭდეს და პეკის და ჰეპბერნის გვარები ერთი სიდიდის ასოებით იყო დაწერილი...

 

გრეგორი და ოდრი ფილმის გადაღებისას, დამეგობრდნენ და ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნეს საოცრად ფაქიზი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ...

 

გრეგორი პეკის პირველი მეუღლე გახლდათ ფინელი გრეტა კუკონენი... უცნობია 13 წლის ქორწინების შემდეგ მათი გაყრის მიზეზი... მეუღლეებმა შეძლეს თბილი და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და ერთად ზრდიდნენ სამ ვაჟს - ჯონათანს, სტივენსს და კერის...

 

გრეგორი პეკის მეორე მეუღლე გახდა ფრანგი ჟურნალისტი ვერონიკ პასანი (ფოტოზეა კიკინებით), რომელიც მან გაიცნო ინტერვიუს დროს, „რომაულ არდადეგებზე“ გადაღებების წინ, რომში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე...

 

ამ ინტერვიუზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა... მათ სასიამოვნოდ ისაუბრეს და დასცილდნენ ერთმანეთს, აბსოლუტურად უპერსპექტივოდ...

 

გავიდა 6 თვე და გრეგორი პეკმა დაურეკა ვერონიკს რედაქციაში და ლანჩზე მიიწვია...

 

ვერონიკი ისე დაიბნა, რომ უარი ვერ უთხრა, თუმცა იმ დღეს დანიშნული ჰქონდა ინტერვიუ ნობელის ლაურეატთან, მწერალთან და დრამატურგთან, ჟან-პოლ სარტრთან, რომელსაც რამდენიმე თვე ელოდა...

 

სარტრის ხარჯზე ჩატარებული ლანჩი კი საიმისოდ ნამდვილად ღირდა, რადგანაც მის შემდეგ, გრეგორი და ვერონიკი პრაქტიკულად ერთმანეთს არ დაშორებიან, მთელი 48 წლის განმავლობაში. მათ გაუჩნდათ ვაჟი ენტონი და ქალიშვილი სესილია...

 

როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ ვერონიკს - „ეჭვიანობს თუ რა ის მეუღლეზე?“, ვერონიკი პასუხობდა - „ როდესაც ქალებს თავბრუ ეხვევათ ჩემი გრეგორის მომხიბვლელობაზე, მე არ ვეჭვიანობ, მე ვამაყობ. მე არასდროს არ გავყვებოდი ცოლად კაცს, რომელთანაც ყოფნაზე სხვა ქალები არ იოცნებებდნენ. ჩემი მეუღლე თამაშობს სიყვარულს შესანიშნავად ლამაზ მსახიობებთან, მერე კი ბრუნდება სახლში, სადაც მისი მყუდრო და წყნარი ნავსადგომია და ღუზას უშვებს...“

 

ვინც კი იცნობდა გრეგორი პეკს, ყველა ყურადღებას ამახვილებდა მის განსაკუთრებულ ზრდილობასა და თავმდაბლობაზე, შესანიშნავ მანერებზე და იდეალურ ჩაცმულობაზე...

 

თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სმოკინგი ეცვა თუ კოვბოის პერანგი, - ყველაფერი ერთნაირად უხდებოდა...

 

პეკის საყვარელი მომღერლები იყვნენ ფრენკ სინატრა და მაიკლ ჯექსონი, რომელთანაც 20 წელი მეგობრობდა და ხშირად სეირნობდა ცხენებით მის რანჩოში... როდესაც მაიკლს უსიამოვნებები დაეწყო, ის გვერდში ამოუდგა და ბოლომდე იცავდა...

 

გრეგორი პეკი მეგობრობდა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ლინდსონ ჯონსონი, მეორე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებდა პეკისთვის (მისი წარმოშობიდან გამომდინარე), ირლანდიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობის შეთავაზებას...

 

არადა როგორ მოუხდებოდა ელჩის როლი... ერთხელ ელჩის როლი ითამაშა კიდევაც, ფილმში „ომენი“...

 

პეკის საყვარელი მსახიობები იყვნენ - ინგრიდ ბერგმანი, ავა გარდნერი და, რა თქმა უნდა, ოდრი ჰეპბერნი...

 

გრეგორი ახალგაზრდობაში ბევრს სვამდა და ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში გულის შეტევით... მან სმას კი მოუკლო, მაგრამ ბოლო დღემდე ეწეოდა... ასევე ბოლო დღემდე რჩებოდა მომხიბვლელი, შინაგანადაც და გარეგნულადაც...

 

საინტერესოა, რომ პეკმა უარი განაცხადა ფილმში „მოდი, გვიყვარდეს ერთმანეთი“ მონაწილეობაზე, რადგანაც არ სურდა პარტნიორობის გაწევა მერლინ მონროსთვის და ის სიამოვნებით შეცვალა ივ მონტანმა...

 

გრიგორი პეკი გარდაიცვალა 2003 წელს, საკუთარ სახლში, მეუღლის გვერდით... მისი თქმით, მან უბრალოდ დახუჭა თვალები და დაიძინა...

 

ალბათ, ასე ხდება, როდესაც ადამიანს სუფთა სინდისი აქვს და არაფერი არ დაუშავებია...

 

მსახიობთან დამშვიდობების ცერემონია შედგა ლოს-ანჟელესში, Our Lady of the Angels-ის ტაძარში. მას 3000 კაცამდე ესწრებოდა...

 

2003 წელს ბარბრა სტრეიზანდმა გამოუშვა დისკი თავისი სიმღერებით კინოფილმებიდან და მიუძღვნა თავისი მეგობრის, გრეგორი პეკის ხსოვნას...

 

უკეთესს აბა, ვის მიუძღვნიდა...

 

ბოლოს კი მინდა გავიხსენო ისევ ოდრის სიტყვები -

 

„ის მართლა ისეთი ბუნებრივად თბილი და კეთილი იყო ყველას მიმართ, რომ ამის დაჯერებაც კი შეუძლებელია იმათთვის, ვინც არ იცნობდა“...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიკეთით სავსე დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი