logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ბატონი იოსები განსაკუთრებით მიყვარს... ყველაფერში ბოლომდე გულწრფელი იყო, პოეზიაშიც და ცხოვრებაშიც...
- +

7 აპრილი. 2019. 01:02

 

 

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი, ნახალოვკის ანუ ნაძალადევის - „ნახალნად“ და უნამუსოდ მაღლა განთავსებულ კოშკში, რომლის ქვაფენილიან აღმართზე ნაძალადევად თუ ამოხვალ...

 

იზრდება ერთი გადაპრანჭული ბროწეულის ხე და ერთიც - მასში შეყვარებული, მორიდებული ვაზი...

 

ბროწეული ბროწეულობს.... უამრავი თაყვანისმცემელი ყავს ჩასაფრებული უჩემოდაც...

 

მე კი სულ იმ ვაზს ვაკვირდები და ისე ველოდები მისი უგემრიელესი და ჩამტკბარი ადესის რამდენიმე მტევნის დამწიფებას, როგორც რობინზონ კრუზო თავის უკაცრიელ კუნძულზე ელოდა პირველ მოსავალს...

 

თანაც, გადავდგები ხოლმე და ჩუმად ვუმღერი (მეზობლებმა რომ არ მიჩივლონ)

 

ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო,

ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ,

ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო,

შენით სამშობლო ხარობს, ირთვება...

 

აი მისამღერთან რომ მივდივარ

„ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,

ვაზო, შენს გამო არ ვარ მოცლილი!!!

 

აქ უკვე თავს ვერ ვითოკავ და ხმას ვუწევ!!!

წარმოიდგინეთ, შეთქმულებასავით შველის

 

უხვ მოსავალს იძლევა...

 

სხვანაირად არც შეიძლება, რადგანაც ეს საოცარი ლექსი დაწერა საოცარმა პოეტმა და ადამიანმა, იოსებ ნონეშვილმა, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს 1918 წლის 6 აპრილს, კახეთის ულამაზეს სოფელ კარდენახში...

 

მუსიკა ამ ლექსისთვის ბატონმა რეზო ლაღიძემ შექმნა და ქალბატონმა ნანიმ კი მხოლოდ მან რომ იცის ისე, გაალამაზა...

 

მე ბატონი იოსები განსაკუთრებით მიყვარს...

ის ყველაფერში იყო ბოლომდე გულწრფელი, პოეზიაშიც და ცხოვრებაშიც...

თანაც ამ ჩემი ვაზივით მორიდებული კაცი იყო, უპრეტენზიო და ნამდვილი...

აბსოლუტურად უანგარო...

 

მახსოვს, ზოგიერთს უკვირდა, მე სხვანაირად დავარქმევდი - შურდა

 

„კარის პოეტივით“ ყველაფერზე ლექსი როგორ აქვს მზადო?

 

არასდროს მიპასუხია და დღეს გეტყვით...

ამის დაწერა შეუძლია ან ბოროტ პოეტს ან

ადამიანს, რომელსაც თვითონ ცხოვრებაში...

არცერთი კარგი და გულიანი ლექსი არა აქვს დაწერილი

 

თუ ის, რომ ლექსი გაქვს სულში სულ...

თუ ის. რომ ისე უბრალოდ გეწერება, როგორც გელაპარაკება...

თუ რითმები მოდის და მოდის ყოველდღე და

ვერაფრით ვერ აჩერებ...

(იმათმა მაინც ხომ დღესასწაულები არ იციან)...

და გიხარია როცა ვიღაცას ჩუქნი, -

თუ ეს არის „კარის პოეტობა“...

 

მაშინ ბატონი იოსები კარის დიდი პოეტი ყოფილა,

თანაც, იცით, რომელი კარის?

გულის კარის!!!

 

ბატონ იოსებთან ხშირად დადიოდა

სტუმრად გალაკტიონი და

გალაკტიონი, ხომ იცით, ტყუილად არავის ესტუმრებოდა...

იცოდა და გრძნობდა , სად და ვისთან მისულიყო...

 

ხოდა ისხდა, ეს ორი „კარის პოეტი“ და

ნეტავი, სულ 5 წუთით იმ ოთახში შემახედა...

 

ბატონი იოსები საოცრად თავმდაბალი კაცი იყო, როდესაც თხოვდნენ მოეყოლა თავის ბიოგრაფია, პასუხობდა-

„დავიბადე, ვცხოვრობ, ლექსებს ვწერ, – ესაა ჩემი ბიოგრაფიაო”,

 

აღსანიშნავია, რომ ბატონმა იოსებმა იცოდა საკუთარი დაბადების დღე და თვე, მაგრამ არ იცოდა წელი და ეს თარიღი დაზუსტდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ უზუსტობის გამო პოეტის „მრგვალი“ თარიღები ხშირად სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, რაც საოცრად გულუბრყვილო იოსებ ნონეშვილს ბავშვივით უხაროდა. ერთხელ თავისი ვაჟისთვის, რომელიც, როგორც ისტორიკოსი, ამ ამბით შეწუხებული იყო, უთქვამს - „შენ რა გენაღვლება, იუბილეებს მე მიხდიან შენ ხომ არაო“.

 

იოსებ ნონეშვილი არ იყო განსაკუთრებულად გათამამებული სახელმწიფო ჯილდოებითა და „ჩინ-მენდლებით“, მაგრამ ის ისე უყვარდა ხალხს, რომ ამაზე მეტი ჯილდო რაღა უნდა ინატროს პოეტმა…

 

ქალაქში მისი ყოველი გავლა დღესასწაული იყო. მას მთელი თბილისი ესალმებოდა და ისიც სათითაოდ ყველას ეფერებოდა.

არავინ არ გამორჩენია...

 

ალბათ, ყველას გახსოვთ ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის სიმღერა იოსებ ნონეშვილის ლექსზე „კახეთო, ჩემო კახეთო“, რომელშიც პოეტი ეფერება იმ ადგილს, სადაც დაიბადა და ფეხი აიდგა...

 

იცით, რატომ არის ასეთი სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალული ბატონი იოსების ცნობილი ლექსი „მასწავლებელი“:

 

მას მამა 3 წლის ასაკში გარდაეცვალა, დედა - მე-7 კლასში რომ იყო... სწორედ მისი მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარო ვარდიაშვილმა გაუწია მეორე დედობა...

ბატონი იოსები იხსენებდა -

 

„ზამთარში ფეხსაცმელებში წყალი რომ ჩამდიოდა, მასწავლებელი ქაღალდებს მიფენდა. ზოგჯერ, გაკვეთილზე, ფიქრებში წასულს, ვარო მასწავლებელი თავზე ხელს გადამისვამდა და, უთქმელად, უსიტყვოდ გამომიყვანდა ბავშვური წუხილიდან. მაშინ დედაჩემის ხელების სითბოს ვგრძნობდი თითქოს და, ხშირად, გულაჩუყებულს, თვალებში ცრემლი ჩამდგომია, მაგრამ, არ ვიმჩნევდიო“...

 

როდესაც ბატონი ოისები უმაღლესში აბარებდა, ყველას მშობლები რომ ხვდებოდნენ გარეთ, მას მისი საყვარელი მასწავლებლები გულშემატკივრობდნენ...

 

ძალიან მიყვარს ბატონი იოსების პოეზია – ის ლაღია, სუფთაა და ბავშვივით გულწრფელი, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად იყო.

 

ახლა გადავამოწმე და ბევრი მისი ლექსი ზეპირადაც მახსოვს, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე არა (ასაკი მაინც თავისას შვრება), მაგრამ მაინც…

მაგალითად:

 

„დილას ავდექი

კვლავ შენზე ფიქრით,

მთის ორწოხებზე

ნისლები წვიმდა…

მიწას დაეცა

პირველი ფიფქი

შენსავით თეთრი,

შენსავით წმინდა“.

 

ან კიდევ:

 

„უცხო მთაზე მნათობნი

კიაფობენ ათობით

მზესაც ოქროს ფერი სძევს…

მაგრამ სულ სხვა რამ არის

სხივებნათამამარი

საქართველოს ცხელი მზე“.

 

აი, ეს „სხივებნათამამარი“ არის, რომ მკლავს…

 

ბატონ იოსებს პირადად ვიცნობდი, მქონდა ეს ბედნიერება და, მახსოვს, ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმეც რომ შეგვხვედროდა მამიკოს და მე (ასეთი რაღაცეები იმდროინდელ თბილისში მოსულა), ისე ჩამეხუტებოდა ხოლმე, თითქოს მთელი საუკუნე არ ვყავდი ნანახი და მეც ისე მიხაროდა და მეამაყებოდა…

 

ერთხელ ჩემი ბიძია ზურაბ ანჯაფარიძე დეპუტატად აირჩიეს და დეპუტატს, როგორც ცნობილია, ევალება ამომრჩევლების უფლებების დაცვა. გარკვეული დროის შემდეგ სახლში მოვიდა რაღაც „სადეპუტატო ღონისძიებიდან“ და ასე გამოაცხადა - ახლა, მე, აბა, რა დეპუტატი ვარ, ნამდვილი დეპუტატი არის იოსებ ნონეშვილიო. და მოგვიყვა, რომ ეს პოეტი კაცი მთელი დღეების განმავლობაში კაბინეტიდან კაბინეტში დადის, რომ ხალხს დაეხმაროსო, აფთიაქში წამლების საყიდლადაც კი მიჰყვებაო… ვერ გავიგე, ლექსებს, ალბათ, ღამე წერსო…

 

არა და, ლექსებს სულ წერდა... გზაში, სახლში, სამსახურში...

ლექსების წერას აუცილებლად მაგიდა, კალამი და რომანტიკული პოზა რაში სჭირდება...

 

ბატონი იოსები, მართლაც ყველაფერს ასწრებდა. ბატონი გელა ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ის საოცრად ავანგარდული და თანამედროვე ადამიანი იყო. მეგობრობდა ბობ დილანთან, სახლში კი რაჯ კაპურის ნაჩუქარი ვარდის ხისგან გაკეთებული დანა და სათვალეებიანი კობრას შხამში გამობრძმედილი ჰიპოპოტამის ტყავის მასაის ტომის ნაჩუქარი ხმალი ეკიდა.

 

მე კი საოცრად გულში ჩამრჩა ის ფოთოლი, რომელიც ბატონი იოსების ბინაში დღესაც ლამაზ ჩარჩოშია ჩასმული.

 

თურმე, „ლაღიძის წყლებთან“ ადრე ერთი ჭადარი იზრდებოდა, რომლის ქვეშ დგომა უყვარდა ბატონ ლადო ასათიანს და ამ ჭადარს „თავის ჭადრად“ მოიხსენიებდა. ერთხელაც ლადო ასათიანი და იოსებ ნონეშვილი ამ ჭადრის ქვეშ შეხვედრიან ერთმანეთს. ბატონი ლადო უკვე შეუძლოდ ბრძანდებოდა და განშორებისას გადაეხვია იოსებ ნონეშვილს — რა იცი, იქნებ ერთმანეთი ვეღარც ვნახოთო. ამ დროს ხიდან ფოთოლი ჩამოვარდნილა და ლადო ასათიანის მხარზე დაეშვა. ლადოს კი ის ფოთოლი იოსებისთვის უჩუქებია…

 

კაცი რომ ასეთ ფოთოლს სახლში წამოიღებს, შეინახავს და ლადო ასათიანის ფოთოლი დღემდე რომ არსებობს,

ესაა ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელი.

 

აი, ასეთი იყო ბატონი იოსები…

 

სიყვარულიც სხვანაირი იცოდა… თავისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი მედეა მან შემთხვევით გაიცნო ბათუმში, პირველივე შეხედვით შეუყვარდა და… ბოლომდე…

მერე ხუმრობდა, „და გამოვტაცე არგონავტებს ქალი მედეა”...

 

ყველას გახსოვთ ბატონი იოსების შესანიშნავი ლექსი

 

„შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“...

 

„ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,

აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი

და შენს გვირგვინთან მოკრძალებით თავს მოიხრიდნენ

ორბელიანი და ამაყი ამილახვარი...“

 

აი იმ ქალსაც ვხედავ და იმ ორბელიანსაც და ამაყ ამილახვარსაც...

 

დღემდე არავინ არ იცის ზუსტად, თუ ვის მიუძღვნა ეს ლექსი ბატონმა იოსებმა...

ერთხელ, ქალბატონ მედეას უთქვამს -

„ჩემზეა ეს ლექსი დაწერილი და მორჩეს ამაზე საუბარიო“.

 

მეც ვიცი, რომ მასზეა...

 

ალბათ, რა ბედნიერებაა გაიარო ეს ცხოვრება ისე, რომ არც შენ ჩაგრჩეს გულში ბოღმა და არც სხვას დაუტოვო...

ბატონ იოსებზე ამბობენ, რომ მისგან ნაწყენი კაცი არ

დაიარებოდა ამოდენა დუნიაზეო...

 

მისი მეუღლე ყვებოდა, რომ არასდროს შესულა ოჯახში შეწუხებული სახით...

ძალიან უყვარდა ცხოველები...

 

ერთხელ, თურმე მათ სამზარეულოს თაგვი შესჩვევია და ქალბატონ მედეას ხაფანგი დაუდგამს...

დილით კიდევ ესმის -

„წადი, გაიქეცი, შე საცოდავო, სანამ მოგისწრესო...

ბატონ იოსებს თაგვი ხაფანგიდან უხსნია,

ფანჯრიდან გადაასკუპა და მას ელაპარაკებოდა...

 

ეჰ, მეც მყავს ასეთი ტასიკო,

ჩემმა მეგობარმა თამაზ წერეთელმა ასე დაარქვა...

 

ბატონი იოსების ერთ-ერთი ბოლო ლექსი იყო -

 

„ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,

თურმე ესეც კაცობაა დიდი…“

 

ბატონი იოსების თქმისა არ იყოს, „არის ასეთი ქვეყანა — მას საქართველო ჰქვია“ და სწორედ ასეთ ქვეყანაში იბადებიან ასეთი შემოქმედები და ადამიანები…

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ძალიან პოეტურ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი