logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ჩემი გული - შენი გული...
- +

6 აპრილი. 2019. 01:08

 

 

დღეს მოკრძალებით გთხოვთ, განსაკუთრებით სათუთად და ფაქიზად დაიდევით ხელის გული გულზე და მადლობა უთხარით იმ მწყობრი და ლამაზი ბიძგებისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში, დაუღალავად და გულდასმით გჩუქნით...

 

იმისთვის, რომ ახლოს იკარებს თქვენს განცდებს, ითმენს ტკივილებსა და შეცდომებს, ჩქარდება და ნელდება, უყვარს და სძულს. ფეთქავს და ფანცქალებს.

 

ზუსტად ამ დღეს, 1985 წლის 6 აპრილს, აშშ ინდიანას შტატის მკვიდრი, უილიამ შრედერი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ლუისვილის კლინიკა Humana Heart Institute Internationa l -დან გამოწერეს ხელოვნური გულით...

 

ოპერაცია გაუკეთა ექიმმა უილიამ დე რაიესმა. მან იცოცხლა სულ რაღაც 620 დღე... ძალიან ცოტაა... მაგრამ ეს ხომ მთელი 620 დღეა, თავისი 620 გათენებით და დაბინდებით და, რაც მთავარია, ახლობელი და ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში...

 

ამბობენ, ის ბოლო წუთამდე მადლობას უხდიდა ექიმებს, ამ დედამიწაზე ყოფნის ოდნავ გაგრძელებისთვის...

 

შრედერი იყო მეორე ადამიანი, ვისაც გადაუნერგეს ხელოვნური გული... პირველის ბედზე ინფორმაცია უცნობია..

 

მსოფლიოში მესამე ადამიანი კი, რომელსაც გულის ხელოვნური იმპლატანტი ქონდა ჩადგმული, გარდაიცვალა 2015 წლის 18 დეკემბერს, პარიზში. მან იცოცხლა 65 დღე და ექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გული არ ყოფილა...

 

მე კიდევ ვფიქრობ, რომ, როგორც ჩანს, ყველაფრის შეცვლა შეიძლება ხელოვნურით, გულის გარდა... რადგანაც გულის ფუნქცია სცდება მხოლოდ ორგანოს ფუნქციას, მას სხვა... სულიერი დანიშნულება აქვს...

 

საოცარია... თურმე ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია სისხლის მიწოდების გარეშე, ანუ გულის გარეშე ცხოვრება ყოფილა თვალის რქოვანა...

 

იქნებ, მაგიტომაცაა, რომ ამბობენ: „ფულმა დააბრმავა, თანამდებობამ დააბრმავა, შურმა დააბრმავა“... მართალია, მაგას სიყვარულზეც ამბობენ, მაგრამ... ალბათ, სიყვარული, რომელიც გაბრმავებს, სინამდვილეში სიყვარული არ არის... სიყვარულმა. პირიქით, თვალი უნდა აგიხილოს...აბა, თუ დაგაბრუციანა, დაგაკოჭლა და დაგამუნჯა, სიყვარული კი არა. დამბლა ყოფილა.

 

საოცარია, მაგრამ ადამიანის გული სულ რაღაცა 250-300 გრამს იწონის, ანუ ჩვენი წონის მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს! თანაც, ვერ დავმალავ და მამაკაცებს გული უფრო დიდი ქონიათ, ვიდრე ქალებს... სამაგიეროდ, ქალების გულისცემა უფრო ხშირია.

 

ყველაზე დიდი გული ჰქონია ლურჯ ვეშაპს, ის 700 კილოგრამამდე იწონის... ვინ იცის, იქნებ ვეშაპები მაგიტომაც ხშირად მასიურ თვითმკვლელობებს ჩადიან და კლდეებს ეჯახებიან... გული ვერ უძლებთ.

 

ჩვენი გული ყოველდღე იმდენ ენერგიას ამუშავებს, რომ მთვარემდეც ჩავიდოდით და უკანაც დავბრუნდებოდით, რამე რომ იყოს... თუმცა, გულს ზოგჯერ მთვარის გადაღმაც გავყავართ...

 

ხოდა... დღევანდელ გულიან დღეს მინდა გისურვოთ, რომ გულიც გულობდეს და ქადაც ორივე ხელით იჭმეოდეს... თქვენი გული, თხილის გულივით ცხრა ნაწილად გასაყოფი არ გამხდარიყოს... დილაობით მხოლოდ „გულის ვარდი“ - ვაშლი მიგერთვათ, არავინ შემოგაპაროთ მსხალი („გულის შხამი“) ან ქათმის გულები (ეხება მხოლოდ ქალბატონებს...

 

ცხოვრებაში მუდამ ერთგული ხალხი გყოლოდეთ გვერდით და 2 გულიანი მხოლოდ ორაგულები და კვერცხები შეგხვედროდეთ...

 

და რაც მთავარია...

გაუფრთხილდით გულს, განსაკუთრებით კი, როგორც საოცარმა ოთარ ჭილაძემ ბრძანა, „გულის მეორე მხარეს“...

აი, ის მეორე მხარე არის, რაც არის...

და რა ბედნიერებაა, თუ არის და როცა არის...

 

 

big_banner
არქივი