logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: დღეს ისეთი ფაქიზი დღეა, რომ „ფეხაკრეფით“ უნდა გაიღვიძო
- +

7 აპრილი. 2019. 19:38

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ისეთი ფაქიზი დღეა, რომ „ფეხაკრეფით“ უნდა გაიღვიძო...

ცხოვრობდა ამ დედამიწაზე ერთი წრფელი და ნათელი კაცი, რომელსაც ქონდა საოცარი ლოცვა და ღმერთს სთხოვდა, მისთვის „პატარა ნაბიჯების ხელოვნება“ ესწავლებინა... რადგანაც, პატარა ნაბიჯების გავლაა რთული, იუველირული დახვეწილობა ჭირდება და სისათუთე, თორემ სირბილს რა უნდა...

„გზაში ყველაფერი რომ დაამტვრიო, ისიც გეპატიება...

 

ეს კაცი გახლავთ ფრანგი არისტოკრატი, მწერალი, პოეტი და პროფესიონალი მფრინავი ანტუან დე სენტ-ექზიუპერი...

 

ზუსტად ამ დღეს კი, 76 წლის წინ, 1943 წლის 7 აპრილს, შუა ომში, რომლის მონაწილეც თავად გახლდათ და შეეწირა კიდევაც, გამოვიდა მისი ზღაპარი „პატარა უფლისწული“.

 

რა საინტერესო და სიმბოლურია, რომ სწორედ ომის დროს დაიბადა ამბავი დედამიწაზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულ პატარა ბიჭზე, რომელიც ებრძოდა ბაობაბებს, უვლიდა ვულკანებს, უყვარდა მის პლანეტაზე გაუგებრად ამოსული ვარდი და თვლიდა, რომ თუ ვარდმა ეს ვერ გაიგო, მხოლოდ მისი და არა ამ ვარდის ბრალია...

 

პატარა უფლისწულმა, სანამ საჰარას უდაბნოში სენტ-ექზიუპერის შეხვდებოდა, მოიარა მეზობელი პლანეტები... და რა არ ნახა იქ...

 

საქმიანი კაცი, რომელსაც არასდროს შეუხედავს არცერთი ვარსკვლავისთვის, არ უყნოსია არცერთი ყვავილისთვის, არაფერს არ აკეთებდა გარდა იმისა, რომ სერიოზული იყო...

მეფე, რომელიც ოცნებობდა საკუთარ ამალაზე და უფლისწულს მინისტრობა შესთავაზა...

ფარნების მომვლელი, რომელიც მთელი დღე დაკავებული იყო ფარნების ანთებით და ჩაქრობით, რადგანაც მისი პლანეტა ისე ჩქარა ბრუნავდა, რომ დღე-ღამე სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს...

 

ლოთი, რომელიც ლოთობდა იმიტომ, რომ დაევიწყებინა, რომ რცხვენოდა იმისი, რომ სვავს

გეოგრაფი, რომელმაც თავის წიგნში უფლისწულის ვარდი არ შეიტანა, რადგანაც წიგნებში მხოლოდ ოკეანეები და კუნძულები შეჰქონდა...

და მაშინ უფლისწულმა იფიქრა, რომ ძალიან გაუგებარი ხალხია ეს უფროსები...

 

დედამიწა გახდა მეშვიდე პლანეტა, რომელსაც ის ესტუმრა... ის იმდენად დიდი იყო, რომ იტევდა 111 მეფეს, 7 ათას გეოგრაფს, 900 ათას საქმიან კაცს, 7 მილიონ ლოთს და უამრავ ვარდს...

მაგრამ პატარა უფლისწული დაუმეგობრდა მხოლოდ გველს, მელიას და მფრინავს,,, გველი დაპირდა, რომ უშველიდა, როდესაც მას თავისი პლანეტა გაუსაძლისად მოენატრებოდა...

 

მელიამ მეგობრობა ასწავლა და აუხსნა, რომ მეგობრობა არის შეჩვევა. ძალიან ადვილია შემოიჩვიო ვინმე, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მასზე პასუხისმგებელი ხარ ბოლომდე... და კიდევ ის ასწავლა, რომ თვალით ვერასდროს ვერ დაინახავ იმას, რისი დანახვაც გულით შეგიძლია... და

პატარა უფლისწულმა დედამიწაზე დაინახა ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - მას ყველაზე ძალიან ყვარებია თავისი პლანეტა და თავისი ვარდი და იქ უნდა დაბრუნებულიყო...

 

მეგობარმა გველმა დანაპირები შეასრულა...

პრინცი ვარსკვლავებში აიყვანა ...მისი წასვლა ისეთი სწრაფი იყო, სიკვდილსაც არ გავდა,,,,

 

მფრინავს კიდევ გული დაწყდა, რადგანაც ის მიხვდა, რომ შეჩვეული ყოფილა და გაუჭირდებოდა უფლისწულის გარეშე...

 

უფლისწულმა წასვლის წინ უთხრა „ყველა ადამიანს აქვს თავისი ვარსკვლავები...

მე შენ ისეთი განსაკუთრებული, ეჟვენებისნაირი ვარსკვლავები უნდა დაგიტოვო, რომლებიც იცინიან და როდესაც მოგენატრები, შენ შეხედავ ამ ვარსკვლავებს. გამიხსენებ და გაიცინებ. ხალხი კი იფიქრებს, რომ გაგიჟდი..;.

აი ასე გადაგიხდი სამაგიეროს“

 

1943 წლის 31 ივლისს, ანტუან დე სენტ-ექზიუპერიმ შეასრულა, როგორც აღმოჩნდა, თავისი ბოლო სადაზვერვო რეისი კორსიკაზე...

ის აღარ დაბრუნებულა...

 

ალბათ, თავის პატარა უფლისწულთან გაფრინდა...განსაკუთრებულ პლანეტაზე... ისევე, როგორც შესანიშნავი რუსი მხატვარი ნადეჟდა რუშევა, რომლის ილუსტრაციებიც დავაბრძანე კოლაჟში...

 

გავბედე მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სენტ-ექზიუპერის მოეწონებოდა...

 

დღევანდელ დღეს მინდა გისურვებთ ყოველთვის გახსოვდეთ, ის, რაც დიდ მფრინავს პატარა უფლისწულმა ასწავლა: 5 ათას ვარდში შეიძლება მოინახოს ერთადერთი, რომელიც გულის წკიპამდე შენია...

უდაბნო ზოგჯერ ოკეანეს ჯობია, თუ მასში ერთ პატარა ნაკადულს წააწყდები... პეპელასთან ურთიერთობა თუ გინდა, ერთ-ორ მუხლუხოს მაინც უნდა გაუძლო და, რაც მთავარია, ძვირფას ადამიანს არ უნდა აცდევინო, რადგანაც როდესაც ის გელოდება და შენ იგვიანებ, მისი, სიყვარულისთვის გამზადებული გული, ცვდება...

 

არ ვიცი, მართლა მთელი ცხოვრება ვკითხულობ, მაგრამ ამ წიგნზე უფრო ჩემიანი წიგნი ვერ ვიპოვე და არც მინდა...

ეს არის ადამიანის საკუთარ თავთან შეხვედრა - პატარა რომ იყო და დიდი რომ გახდა...

 

ბევრი დაწერილა ამ წიგნზე, მე კი მივხვდი, რომ ჩვენ ყველანი მართლა ბავშვობიდან მოვდივართ და ისეთივე კარგები ვრჩებით მხოლოდ მაშინ, როცა გზაში არ ვკარგავთ, იმ ოცნებებს, რაც გვქონდა, არ ვხურდავდებით და ფრთხილი პატარა ნაბიჯებით შორიდან ვუვლით შურს, ღალატს და სხვა მისნაირ ასავლელებს... და რომ

ბაღში გაზრდილ 5 ათას ვარდში რაღაცის ამაოდ ძებნას, ჯობია იპოვო ის ერთადერთი . მაგრამ შენი ვარდი...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ვარდიან დღეს!!!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი