logo_geo
„საერთო ფარი“ ციფრულ ეპოქაში: საავტორო უფლებათა კოლექტიური მართვის საზოგადოებების გამოცდილება
- +

8 აპრილი. 2019. 16:58

 

 

დროდადრო ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში ჩნდება სკანდალები საავტორო უფლებათა კოლექტიური მართვის საზოგადოებების გამო (სუკმს).  ყველაზე ხშირად კონფლიქტები ერთი და იმავე სქემით ვითარდება:  საზოგადოებები გულმოდგინედ აგროვებენ ფულს მხატვრული ნაწარმოებების გამოყენების უფლებებისთვის და... საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავენ, იმის ნაცვლად, რომ თავიანთ „საშეფო“ ავტორებს გადაურიცხონ. ან ავტორებს ურიცხავენ 80 ცენტს მისი შედევრის მთელი წელი გამოყენებისთვის ან ვერ უხსნიან, საიდან გაჩნდა ეს თანხა. ასევე, სხვა ავტორმა იმავე პერიოდში რატომ მიიღო, დავუშვათ, 800 ევრო, ან უფლებამფლობელი, რომელსაც სუკმს-თან არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია, უცებ იგებს, რომ მის ნაცვლად ვიღაც იღებს ფულს, რომელიც მას საერთოდ არც უნახავს. გაუმჭვირვალობა და როიალიტის განაწილების ალგორითმების გაუმართაობა - ეს არის საერთო უბედურება ყველა სუკმს-ისთვის, რომელსაც მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვიან. ახლა რა ხდება ინტელექტუალური უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში?

 

ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციამ (CISAC) გამოაქვეყნა ანგარიში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ეფექტიანობაზე. CISAC აერთიანებს კოლექტიური მართვის 239 ორგანიზაციას 121 ქვეყანაში და მსოფლიოს 5 რეგიონში და წარმოადგენს 4 მლნ-ზე მეტ შემოქმედს, რომლებიც მოღვაწეობენ ხუთი ძირითადი მიმართულებით: აუდიოვიზუალურ, დრამატულ, ლიტერატურულ, მუსიკალურ და გამომსახველობით ხელოვნებაში. საერთო ჯამში, ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს შეგროვდა 9,6 მლრდ ევრო, 6,2 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. სულ კი, 2013 წლიდან ამონაგები თანხა გაიზარდა 28,2%-ით.

 

CISAC-ის გენერალური დირექტორის გადი ორონის თქმით, ანგარიშში ასახულია იმედისმომცემი მონაცემები: საავტორო შემოსავლები იზრდება ხელოვნების ყველა სფეროში და ყველა რეგიონში; როიალიტის თანხა მატულობს ზედიზედ მეხუთე წელია, ნაწარმოებთა ციფრული გამოყენებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი პირველად გადააჭარბა 1 მლრდ ევროს.

 

„ეს შთამბეჭდავი მონაცემები ამტკიცებენ, რომ საავტორო საზოგადოებებს სარგებლობა მოაქვთ მილიონობით ავტორისათვის, რომელთა ინტერესებსაც წარმოადგენენ მთელ მსოფლიოში. ციფრული სერვისებიდან შემოსული თანხა ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგდა, 2017 წელს მიაღწია რეკორდულ - 1,27 მლრდ ევროს მიაღწია და წინა პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა! ვინაიდან digital მოხმარების დომინანტური მიმართულება ხდება, ეს დადებითი ტენდენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი სფეროს სიჯანსაღის ერთგვარი ბარომეტრი. ასეთი ზრდის მიღწევა თავისთავად არ ხდება: ეს არის „სუკმ“-ის უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და ინვესტიციების შედეგი. კოლექტიური მართვის საზოგადოებები რეაგირებენ სწრაფადცვალებად ტექნოლოგიებზე, ახდენენ ციფრული მომსახურების ლიცენზირებას ახალ პირობებში, ადაპტირდებიან სწრაფადცვალებად რეალობაში და ტექნოლოგიებში, ამუშავებენ მონაცემთა ტრილიონობით ტრანზაქციას. ისინი იბრძვიან ლიცენზირების უკეთესი პირობებისთვის და ყველაზე მაღალი როიალიტისთვის იმ პირობებში, როცა მომხმარებელი ცდილობს, თავიდან აირიდოს კონტენტის მოხმარების გადასახადი ან მინიმუმამდე შეამციროს ავტორთა ანაზღაურება. ასეთ კონტექსტში ციფრული სექტორიდან ამონაგების მუდმივი ზრდა - შთამბეჭდავი, მძიმე შრომით მიღწეული წარმატებაა. თუმცა, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ციფრული სერვისებიდან მიღებული  ამონაგების ზრდის მიუხედავად, ის როიალიტის მხოლოდ 13%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს“, - აღნიშნა გადი ორონმა.

 

ახლა როიალიტთან დაკავშირებულ სიტუაციას სხვა მხრიდან შევხედოთ: თანამედროვე გლობალური მსოფლიო ბაზრის განვითარების პირობებში უფლებამფლობელისთვის უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს უფლების დაცვის საშუალების ეფექტურობა არამარტო თავის ქვეყანაში, ასევე სხვა სახელმწიფოებშიც. ინტელექტუალური საკუთრების (ის) დაცვის დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს უფლებამფლობელთა გადაწყვეტილებას გავიდეს უცხოურ ბაზარზე და გადასცეს ტექნოლოგიები სხვა ქვეყნებს. იმ სახელმწიფოებში, სადაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არადამაკმაყოფილებელია, ინვესტიციების რაოდენობა კლებულობს, ანუ ქვეყნისთვის უდავოდ მომგებიანია ავტორთა უფლებების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ნაკადი სხვა იურისდიქციისკენ მიემართება.

 

ასე, მაგალითად, უკრაინაში როიალიტის ამოღებასა და გადახდას ახდენს ორგანიზაციათა მთელი თაიგული: ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი სახელმწიფო ორგანიზაცია „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა უკრაინის სააგენტო“ და 18 სხვა ორგანიზაცია, რომელთა შორის რეალურად ხუთიოდე თუ მუშაობს. ამ დროს კი, წელიწადში მთელ ქვეყანაში საავტორო გადარიცხვების სახით გაიცემა დაახლოებით 3 მლნ დოლარი, მეზობელ პოლონეთში კი 150 მლნ-მდე. 2015 წლის მაისში CISAC-მა გამოსცა სპეციალური რეზოლუცია CE 15-0329 „სიტუაცია უკრაინაში უფლებათა კოლექტიური მართვის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერთი და იმავე ტიპის უფლებების/გამოყენების ფორმების კოლექტიური მართვის საზოგადოებების დიდმა რაოდენობამ და მკაფიო საკანონმდებლო კრიტერიუმების არარსებობამ, თუ ვინ და როგორ უნდა განახორციელოს კოლექტიური მართვა, გამოიწვია უზარმაზარი სამართლებრივი გაურკვევლობა და არაკეთილსინდისიერ მომხმარებლებს ბაზრით მანიპულირების საშუალება მისცა, უკრაინელი და უცხოელი ავტორების ინტერესების საზიანოდ. CISAC მიესალმება უკმს-ს სახელმწიფო აკრედიტაციის ინსტიტუტის და ფართო კოლექტიური მართვის სქემის შემოღებას“.

 

ამავე დროს, აკრიტიკებენ რუსეთში არსებულ, სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უკმს-ების (РАО, ВОИС, РСП, УПРАВИС) საავტორო უფლებათა კოლექტიური მართვის სისტემას მონოპოლიისა და კონკურენციის არარსებობის გამო. თუმცა, 2017 წელს რუსეთის საავტორო საზოგადოებამ (РАО – CISAC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი) ამოიღო 4 980 674 ათასი რუბლი, რაც წინა წლის მონაცემებს 14%-ით აღემატება, 2011 წლიდან 2014-მდე კი გააორმაგა ავტორებისთვის მათი ნაწარმოებების გამოყენებისთვის გადახდილი თანხა. გარდა ამისა, რუსული უფლებათა კოლექტიური მართვის საზოგადოებები ავითარებენ პროექტს IP Chain - ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემების განაწილებული სათავსები, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და მონაცემთა უცვლელობას თანამედროვე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით.

 

თუმცა, მონოპოლიზმი საავტორო უფლებათა მართვის სფეროში - მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა: ასე, მაგალითად, იტალიური „ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება“ SIAE (Societa Italiana degli Autori ed Editori) წარმოადგენს მონოპოლიურ სახელმწიფო ორგანიზაციას. მთელ რიგ ქვეყნებში მოქმედებს მხოლოდ ერთი უკმო, რომელიც კანონიერად იკავებს მონოპოლიურ მდგომარეობას საავტორო უფლებათა მართვის ერთ სექტორში, კერძოდ, ნიდერლანდებში და ესპანეთში. სხვა ქვეყნებში - ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დანიაში, ავსტრიაში, იაპონიაში - მართალია, მონოპოლისტური მდგომარეობა კანონით არ არის განსაზღვრული, მაგრამ პრაქტიკულად მოქმედებს. მხოლოდ აშშ-ში და კანადაში აკრძალულია მონოპოლია და წახალისებულია კონკურენცია უკმო-ებს შორის.

 

საერთოდ მსოფლიოში არსებობს საავტორო უფლებათა კოლექტიური მართვის შემდეგი სისტემები:

 

ნებაყოფლობითი (ხელშეკრულებითი) კოლექტიური მართვა (Voluntary collective management);

კოლექტიური მართვა გაფართოებული კოლექტიური ლიცენზირებით (Collective management with Extended collective Licensing);

აუცილებელი კოლექტიური მართვა/კანონიერი პრეზუმფცია (Mandatory collective management/Legal presumption).

 

ნებაყოფლობითი (ხელშეკრულებითი)კოლექტიური მართვა წარმოადგენს კოლექტიური მართვის ძირითად ფორმას, რომელიც გამოიყენება როგორც ძირითადი წესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

 

კოლექტიური მართვა გაფართოებული კოლექტიური ლიცენზირებით ეფუძნება უფლებების არასახელშეკრულებო კოლექტიურ მართვას, ოღონდ უფლებამფლობელს შეუძლია, უარი თქვას ამ სისტემაში მონაწილეობაზე. გაფართოებული კოლექტიური ლიცენზირება წარმატებით ფუნქციონირებს იმ ქვეყნებში, სადაც უფლებამფლობელები კარგად ორგანიზებულები და ინფორმირებულები არიან, ხოლო უკმო-ს საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია. ეს სისტემა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სკანდინავიურს“, ჩამოყალიბდა 1960-იან წლებში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში (დანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია), დღესდღეობით კი ასევე გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, კანადაში და რუსეთში.

 

და საკმაოდ წარმატებითაც: ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს PRS for Music-ის საჯარო შესრულების უფლებების კოლექტიური მართვის ბრიტანულმა საზოგადოებამ 130 ათასი ავტორისა და გამომცემლის სასარგებლოდ ამოღებული და განაწილებული საავტორო ანაზღაურების რეკორდულ შედეგებს მიაღწია. პირველად თავისი წევრების მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისთვის საზოგადოებამ გაანაწილა რეკორდული თანხა - 605,1მლნ გირვანქა სტერლინგი, რაც 14,7 %-ით (77,5მლნ გირვანქა) აღემატებოდა 2016 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს, PRS-ის მიერ წარმოდგენილი მომხმარებელთა ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა ნაწარმოებთა 6,6 ტრილიონი გამოყენება, რაც 53%_ით მეტია, ვიდრე 2016 წელს. ასეთმა მაჩვენებელმა უზრუნველყო 717 მლნ გირვანქა სტერლინგის ამოღება - 12,7%-ით (80,7მლნ გირვანქა) მეტი, ვიდრე წინა წელს. საზღვარგარეთიდან გადარიცხვები გაიზარდა 5,2 %-ით (12,9მლნ გირვანქა) და 261,4 მლნ გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

 

უფლებათა აუცილებელი კოლექტიური მართვა ასევე წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა არასახელშეკრულებო მართვას, თუმცა ამჯერად უფლებამფლობელს არ შეუძლია უარი თქვას უკმს-ის მიერ მისი უფლებების მართვაზე. ეს სისტემა მოქმედებს გერმანიაში, ესპანეთში და ავსტრიაში. ამ ქვეყნებში ითვლება, რომ ყველა უფლებამფლობელი აპრიორი არის უკმს-ის წევრი, ამისთვის არ არის საჭირო ხელშეკრულების გაფორმება ანაზღაურების ამოღებასა და მომხმარებლისთვის ლიცენზიის გადაცემის შესახებ. ასეთ მიდგომასაც აქვს თავისი კონკრეტული შედეგები: მაგალითად, გერმანიის საავტორო საზოგადოება GEMA-მ 2017 წელს წინა წელთან შედარებით, საავტორო ანაზღაურების ამოღება გაზარდა 5%-ით (50 მლნ ევრო). ამონაგების საერთო თანხამ 1 მლრდ ევროს გადააჭარბა (1074,3 მლნ ევრო), რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. 2017 წელს GEMA-ს ადმინისტრაციული ხარჯების გამოქვითვა შემცირდა 15%-მდე - 2016 წელს იყო 15,4% 2015 წელს კი - 16,3%.

 

საქართველოში 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებათა კოლექტიური მართვის მხოლოდ ერთი ორგანიზაცია არსებობდა - საქართველოს ავტორთა ასოციაცია (GCA). კანონის თანახმად, ამ ორგანიზაციას არ აქვს სპეციალური სტატუსი და მოქმედებს მხოლოდ იმ უფლებამფლობელთა ინტერესების სასარგებლოდ, რომელთაც მასთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება უფლებების მართვაზე. სამწუხაროდ, ამონაგების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, ისევე როგორც ადრე ანალოგიური ორგანიზაციები გერმანიაში, ესპანეთში და რუსეთში, GCA-ც სკანდალში გაეხვა საავტორო საქმიანობის გაუმჭვირვალობის გამო. უფლებამფლობელთა უკმაყოფილება გამოიწვია მათთვის გასაგები და დროული ანგარიშგების არარსებობამ და აშკარა შეუსაბამობამ მათ ანაზღაურებასა და ორგანიზაციის მიერ ამოღებულ თანხას შორის. დიდწილად ეს გამოიწვია იმან, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ არ ისურვა, როგორც ავტორებთან, ისე მომხმარებელთან სამუშაოდ დაენერგა თანამედროვე პროგრამული სერვისები. ამის გამო ავტორებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი ორგანიზაცია - საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA). ახალი ორგანიზაციის წინაშე დგას ამოცანა -  საავტორო და მომიჯნავე უფლებების დასაცავად უზრუნველყოს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიური მიდგომა, მათ შორის ამოიღოს ქართველი ავტორების კუთვნილი ანაზღაურება უცხოეთიდან, კერძოდ, ისრაელში, რუსეთში, საფრანგეთში და აშშ-ში.

 

არასახელშეკრულებო კოლექტიური მართვის პლუსი უფლებამფლობელთა და ავტორთათვის მდგომარეობს იმაში, რომ დაცვა ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, ხელშეკრულების არსებობა-არარსებობის მიუხედავად, და უფლებების დარღვევა არ უნდა დაუშვან იმის გამო, რომ ავტორმა უკმს-თან ხელშეკრულება არ გააფორმა.

 

როგორია უკმს-ს როლი და ფუნქციები, რატომ იქნება ის სასარგებლო ავტორებისთვის, და საერთოდ ეკონომიკისთვის?

 

პირველ რიგში, ეს არის ავტორთა ანაზღაურების უზრუნველყოფა. კანონები საავტორო უფლებათა შესახებ ავტორებს უფლებას აძლევს, ნება დართოს ან აუკრძალოს მათი ნაწარმოებების გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა მომხმარებელმა ჯერ უნდა დაადგინოს და მოძებნოს ავტორი, მიიღოს მისგან ნებართვა და გადაუხადოს როიალიტი ნაწარმოების გამოყენების ტიპისა და მასშტაბის მიხედვით. ეს რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რამდენიმე უფლებამფლობელს და გამოყენების სხვადასხვა ფორმებს. სიმღერა, მაგალითად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რადიოში, სატელევიზიო რეკლამაში, ფილმის საუნდტრეკად, ჩაწერონ დისკზე და ა.შ. თითოეული უფლებამფლობელისგან ცალ-ცალკე ნებართვის მიღება გამოყენების თითოეულ ფორმაზე თითქმის შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა. უკმს-ები ამ ამოცანას ამარტივებს, მოქმედებს რა ყველა თავისი წევრის სახელით. საზოგადოებები არსებობენ იმისთვის, რომ შეამსუბუქონ მხატვრული ნაწარმოების გამოყენების პროცესი.

 

გარდა ამისა, უკმს-ები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორგანიზაციებთან, რომლებიც იყენებენ დაცულ ნაწარმოებებს და უთანხმდებიან სხვა უკმს-ებს, რათა მათ წარმოადგინონ ავტორები სხვა ქვეყნებიდან. ეს საშუალებას აძლევს უკმს-ებს, ამოიღონ და გაანაწილონ როიალიტი ყველგან, სადაც მათი ავტორების ნაწარმოებები გამოიყენება ან იყიდება.

 

როცა ნაწარმოები ვრცელდება ციფრული სახით, პლატფორმა ან ნაკადი სერვისი, რომლებიც მას იყენებენ, ათანხმებენ ლიცენზიას ეროვნულ, რეგიონულ ან გლობალურ საფუძველზე. უკმს-ს ამოცანაა, განსაზღვროს, როდის და როგორ იყენებს პლატფორმა მის რეპერტუარს და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს. ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს მილიარდობით სხვადასხვა ტრანზაქციას. უკმს-ებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ციფრულ ინფრასტრუქტურაში ამ პროცესის სამართავად და უზრუნველყვეს ჰონორარების ზუსტი და სწრაფი განაწილება ავტორებისა და გამომცემლებისთვის.

 

უკმს-ები სახელმწიფო დონეზე წამოსწევენ ავტორთა უფლებებს. საზოგადოებები აქტიურად ლობირებენ პროცესებს, რათა ყველა ქვეყნის სამართლებრივი ბაზა შეიცავდეს შემოქმედთა ეფექტური დაცვისთვის აუცილებელ კანონმდებლობას. უკმს-ებს ასევე შეუძლიათ წამოიწყონ სასამართლო დავა თავიანთი წევრების სახელით მათი უფლებების დასაცავად დაცული ნაწარმოებების უნებართვო გამოყენების შემთხვევებში.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უკმს ასრულებს თავის ქვეყანაში, მდგომარეობს შიდა შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერაში. უკმს-ები კულტურულ მოღვაწეობას ეწევიან ახალი ტალანტების განვითარებისა და მათი გათვითცნობიერების მიზნით.

 

გადი ორონი აღნიშნავს მთელ მსოფლიოში უკმს-ების როლის ზრდას, როგორც პასუხს გამოწვევაზე, რაც უკავშირდება ციფრულ ბაზარზე გადასვლას. „ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ-ქსელის სწრაფი განვითარების პირობებში სულ უფრო რთულდება ავტორთა დაცვა, უფრო რთულდება განისაზღვროს, ვინ იყენებს საავტორო ნაწარმოებს, ვინ ამოიღებს ავტორთა თანხას, როგორ უხდის ანაზღაურებას და ა. შ. „კოლექტიური ფარის“ სისტემა როგორც არასდროს, დღეს ისე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან. თუმცა, აშკარაა, რომ ციფრული გარემო - ეს ის პოტენციალია, რომელიც მომავალში ავტორებს უნდა გამოადგეს და გახდეს შემოქმედებითი საქმიანობის დაფინანსების სერიოზული წყარო იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს უკმს. 

 

 

ალექსანდრე გვარიშვილი

 

 

big_banner
არქივი