logo_geo
1933 წლის 9 აპრილს მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო დაიბადა
- +

9 აპრილი. 2019. 17:25

 

 

 

ძალიან საღამო მშვიდობის!

 

ასე ვიფიქრე, რომ მოვასწრებ და დღეს აუცილებლად თქვენთან ერთად, მოკლედ მაინც მივულოცავ დაბადების დღეს ჩვენს საყვარელ მსახიობს და ერთ ძალიან კარგ ადამიანს, ჟან-პოლ ბელმონდოს, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1933 წლის 9 აპრილს, საფრანგეთის სენას დეპარტამენტის ქალაქ ნეი-სიურ-სენში...

 

მისი ბრალი ხომ არ არის, რომ დაიბადა 9 აპრილს, რომელიც ქართველებს ცოტა სხვა განწყობაზე გვაყენებს...იქნებ, რომ სცოდნოდა, ამ ქვეყანაზე მობრძანებას ან დააჩქარებდა და ან შეანელებდა...

 

მას ხომ ყველაფერი შეუძლია...

 

მაგალითად, ერთხელ კინაღამ მოხვდა ავიაკატასტროფაში და როდესაც მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ, ერთ-ერთი მას მივარდა საშველად...

 

ახსოვდა, ალბათ, რომ ბელმონდო თითქმის ყველა ფილმში ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდის და მიმართა - „თქვენ აქ რას მიკეთებთ? ხომ ხედავთ, ვიღუპებით... თქვენ კიდევ უსაქმოდ დგახართ - გვიშველეთ რამე“...

 

ბელმონდო თავიდან დაიბნა, მერე თავი ხელში აიყვანა, მიიღო თავისი ცნობილი ოდნავ ირონიული და ვაჟკაცური გამომეტყველება და 5 წუთში იმხელა თვითმფრინავის მგზავრები დააწყნარა და დააკავებინა სალონში საკუთარი ადგილები...

 

პანიკა შეწყდა და მალე თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე...

 

ბელმონდომ კი, პირველივე ჟურნალისტს, რომელიც აეროპორტში დახვდა, შეკითხვაზე - „მოგვიყევით, რა მოხდა და როგორ გადარჩითო?“ უპასუხა, - „თვითმფრინავი პილოტებმა გადაარჩინეს... მე კი, უბრალოდ, - ცოტა - წავისტიუარდესეო“.

 

ჟან-პოლ ბელმონდოს მამა, პოლ ბელმონდო იყო პარიზის ცნობილი არქიტექტორი და ხშირად ის კუპიდონების ძერწვისას, პატარა ჟანს შეჰყურებდა... ამიტომაც მსახიობს უყვარს იმის განცხადება, რომ მისი ბავშვობის ასაკის ქანდაკებები, სიყვარულის დედაქალაქის, პარიზის შადრევნებს ამშვენებს...

 

როდესაც ჟან-პოლს მიენიჭა ფრანგი მსახიობების ყველაზე პრესტიჟული პრემია - „სეზარი“, მან ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ ქანდაკების ავტორმა თავის დროზე უსამართლოდ მიაყენა ტკივილი მის მამას...

 

ბელმონდო სინამდვილეში ფრანგული გვარი არ არის, ის - სიცილიურია, სადაც დაიბადნენ ჟან-პოლის ბებია და ბაბუა, მამის მხრიდან... ამიტომაც იტალიელები ბელმონდოს თავისიანად თვლიან და ხუმრობითა და სიყვარულით ეძახიან „ილ ბრუტოს“ – „მახინჯს“... დახვეწილმა ფრანგებმა კი მას „შეარქვეს „ბებელი“ – „ბედით განებივრებული“, რადგანაც სწორედ ამ სახელწოდების ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ჟან-პოლმა თავისი საპატიო „სეზარი“...

 

ბელმონდო ძალიან მოუსვენარი იყო ბავშვობიდან... როდესაც ის სკოლიდან მესამეჯერ გარიცხეს, მშობლებმა, ზედმეტი „ენერგიის დახარჯვის“ მიზნით, კრივზე შეიყვანეს... 18 წლის ასაკში ის პარიზის ჩემპიონი გახდა და შევიდა საფრანგეთის ნაკრებში... მაგრამ 20 წლის ასაკში გააკეთა საბოლოო არჩევანი და მსახიობობა არჩია...

 

კრივი კი შესანიშნავად გამოადგა მომავალ პროფესიაში - ჯერ ერთი, მთელი თავისი კინოკარიერის განმავლობაში, 52 წლის ასაკის ჩათლით, ყველა ტრიუკს თავად ასრულებდა და მეორე, კრივის ერთ-ერთი მატჩის დროს ჩატეხილი ცხვირი - გახდა მისი განსაკუთრებული შარმის სიმბოლო...

 

ასე რომ, ჟან-პოლ ბელმონდომ დაამტკიცა, რომ ზოგიერთ მამაკაცს ამშვენებს არა მხოლოდ შრამები, არამედ ჩატეხილი ცხვირებიც...

 

უცებ პარალელი გავავლე ჩემს უსაყვარლეს ფრანგ მსახიობთან ლინო ვენტურასთან, რომელიც ასევე წარმოშობით იტალიელია, ასევე მოკრივეა, რასაც მისი ცხვირის, რბილად რომ ვთქვათ, „არაბერძნული ფორმა“ ადასტურებს, მაგრამ ბელომონდოსთან შედარებით, მას ერთი „პრივილეგიაც“ გააჩნია - ბერძნულ-რომაულ ბრძოლებში მონაწილეობისას, ფეხის ტრავმაც მიიღო და ოდნავ კოჭლობს...

 

არ ვიცი, როგორ უძლებდა ასეთ 2 მამაკაცს გადასაღებ მოედანზე მართლა უნაკლოდ მომხიბვლელი ალენ დელონი...

 

თავიდან, როდესაც ბელომონდო მივიდა პირველ კინოსინჯებზე, მას გამოუცხადეს,. რომ ასეთი გარეგნობით, შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულების როლები ან მონაწილეობა მიიღოს „საშინელებათა ფილმებში“, სადაც სიუჟეტით, მონსტრები დასდევენ ძალიან ლამაზ ქალბატონებს, სანამ დაახრჩობენ და შეჭამენ...

 

ბელმონდომ წყნარად მოისმინა განაჩენი და ცოტა ხანში გახდა კინოვარსკვლავი, რომელიც მოედანზე და ხშირად მოედნის მიღმაც, იპყრობდა ისეთი ულამაზესი ქალბატონების გულებს, როგორიც იყვნენ სოფი ლორენი, ურსულა ანდრესი, ჯინა ლოლობრიჯიდა, კლაუდია კარდინალე, ჟაკლინ ბისე, კატრინ დენევი, რაქველ უელჩი და სხვა...

 

თანაც ვინ ვის დასდევდა, კიდევ საკითხავია...

 

ბელმონდოს ჰყავდა 2 ოფიციალური მეუღლე... ბოლოს დაშორდა 75 წლის ასაკში, - მესამის გამო, რომელიც აღმოჩნდა ბროკერი და აფერისტი და ჟან-პოლი კინაღამ გააკოტრა...

 

მეგობრები ურჩევდნენ ბელმონდოს, სასამართლოში ეჩივლა, მან კი წყნარად განაცხადა - „მე ვერ ვუჩივლებ სასამართლოში ფულისთვის ქალს, რომელიც ასე მიყვარდა“...

 

62 წლის ასაკში, ბელომონდომ გადაიტანა ინსულტი, 6 წლის შემდეგ კი განმეორებითი და იძულებული გახდა, კინოში მონაწილეობაზე უარი ეთქვა...

 

ამიტომაც, ყველასთვის დიდი სიურპრიზი და სიხარული გახდა 74 წლის მსახიობის გადასაღებ მოედანზე დაბრუნება... მან ფილმში „კაცი და მისი ძაღლი“ ითამაშა პენსიონერი შარლის როლი, რომელიც მეუღლემ ქუჩაში გამოაგდო, ძაღლთან ერთად... ძაღლს, რომელსაც ფილმში ჰქვია უბრალოდ „ჩემი ძაღლი“, სინამდვილეში ასრულებს ძაღლი, სახელად „კლაპი“ და ისე ასრულებს, რომ მისი სახელი, სრულიად სამართლიანად, ტიტრებშია შეტანილი...

 

ფილმის მიხედვით, შარლი იმდენად ამაყია, რომ ერიდება მათხოვრობა და თავის ძაღლთან ერთად მთელ დღეებს ატარებს ქუჩაში...

 

საოცარია ის სცენა, როდესაც ბოლო ფულს მეგობარს აძლევს და დაინახავს, რომ ეზოს კვეთს ძალიან სიმპათიური მამაკაცი... ის მას სამათხოვროდ მორიდებულად ხელს გაუწვდის, მაგრამ როდესაც გაკვირვებული გამვლელი ჯიბიდან ფულს ამოიღებს, ბელმონდო ხელს უცებ მაღლა აწევს და ეტყვის - „მე მგონი, წვიმა წამოვაო“... ის კაცი ბოდიშს მოუხდის და მიდის...

 

ბოლოს შარლი-ბელმონდო თავის მოკვლას გადაწყვეტს და უნდა, ვინმეს აჩუქოს თავისი ძაღლი, მაგრამ არავის არ სჭირდება და უცებ დაინახავს ბედნიერ ოჯახს... „მისი ძაღლი“ კუდს გააქიცინებს და გაიქცევა ბავშვებთან... ცოტა რომ გაერთობა...

 

ბელომონდო იპარება რელსებისკენ...

 

ამ დროს, ძაღლი რაღაცას იგრძნობს და გამოეკიდება...

 

წარმოიდგინეთ - დგას ბელმონდო გვირაბის შესასვლელთან, რომელშიც უკვე მატარებელი გამოჩნდა... ამ დროს ძაღლს დაინახავს და ქვებს ესვრის, რომ არ მიუახლოვდეს...

 

მერე მიხვდება, რომ ეს ძაღლი უმისოდ მაინც ვერ გადარჩება და დაუძახებს... ძაღლი ზედ შეახტება...

 

მოქრის მატარებელი და ბოლო წამში ბელმონდო ვერ წირავს მოსაკლავად ძაღლს და გადაისვრის... თვითონ კი უკან ვარდება...

 

მატარებელი რომ ჩაივლის, ბელმონდო ლიანდაგის ერთ მხარეზე წევს, დაბნეული ძაღლი მეორეზე და ბელმონდო ეუბნება - „მაპატიე“...

 

აპატიებს...

 

ფილმის ბოლოს, შარლი და მისი ძაღლი ერთად სხედან პარკის სკამზე...

 

ძალიან სევდიანი სცენაა, მაგრამ რატომღაც გრჩება იმის იმედი, რომ ვიღაცა აუცილებლად ჩაივლის და მათ გადაარჩენს და შეიკედლებს, რადგანაც ისინი ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას ეზიარნენ... ისინი ერთმანეთსს ჭირდებიან და არცერთს არა აქვს უფლება, მეორე დატოვოს...

 

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ცნობილმა მსახიობებმა, მაგრამ მათთვის დარჩა მხოლოდ ეპიზოდური როლები... მაგალითად, პოლონელი მსახიობი დანიელ ოლბრიხსკი ასრულებს კეთილი ტაქსისტის როლს, რომელიც შარლს მგზავრობაში ფულს არ ართმევს, პარკში ჩამომჯდარი გიტარისტის როლშია - ცნობილი მსახიობი, ჟან გაბენის პრემიის ლაურეატი, ჩეკი კარიო, ხოლო ერთ-ერთი მთლად გაბომჟებული ბომჟის როლს ასრულებს ანჟელიკასი და ჩვენი საყვარელი „ჟოფრეი“ - რობერ ოსეინი...

 

თავად ბელმონდომ, ამ ფილმზე მუშაობის დასრულებისას, ბრძანა - „95 ფილმში გადამიღეს, 40-ზე მეტი როლი ვითამაშე სცენაზე, მაგრამ ეს ფილმი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე შემიქმნია შემოქმედებაში და ცხოვრებაში... მე არასდროს არ ვყოფილვარ იმდენად ბედნიერი, როგორც ამ ფილის გადაღების დროს“...

 

გთხოვთ, ნახეთ ფილმი „კაცი და მისი ძაღლი“... ასეთი ბელმონდო არ გინახავთ არასდროს... მართლა უდიდესი მსახიობია...

 

ამ ფილმმა ხომ თავისთავად დამასევდიანა, მაგრამ კიდევ უფრო დამწყდა გული იმაზე, რომ მივხვდი - ჟან-პოლ ბელმონდომ თავისი ნამდვილი დანიშნულება აღმოაჩინა უკვე 74 წლის ასაკში... ის არავითარ შემთხვევაში არ იყო არც კომედიური მსახიობი და არც „ბოევიკებში“ პოლიციელებისა და სუპერმენების როლების შემსრულებელი... ის ღრმად დრამატული ამპლუის მსახიობი გახლდათ...

 

კიდევ ერთი დეტალი - ბელმონდო წლების განმავლობაში მეგობრობს ალენ დელონთან... ზოგჯერ ჩხუბობენ კიდევაც, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი, ხშირად ურთიერთობენ და გულწრფელად პატივს სცემენ ერთმანეთის შემოქმედებას...

 

ეს იშვიათობაა... როგორც წესი, წარმატებული კაცები ვერ იტანენ კონკურენციას და მეგობრობენ მათზე ნაკლებად პოპულარულ და წარმატებულ ადამიანებთან...

 

ასე რომ, ეს ორივე მსახიობისთვის კომპლიმენტია...

 

დღეს მსახიობი, რომელსაც ჰყავს 3 შვილი (ერთი, საუბედუროდ, ხანძარში დაეღუპა), 6-გზის ბაბუაა...

 

ის იმეორებს, რომ არ ნებდება ასაკს, რადგანაც ასაკი ნებდება მას. „ისე კი, მე ფრეზეც თანახმა ვარ“, - ხუმრობს ბელმონდო..

 

ბელმონდოს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს...

 

ძალიან მიყვარს მისი ცნობილი ფრაზა, - „ქალები, რომლებიც 30 წელს გადასცილდებიან, ყველაზე მომხიბვლელი ქალები არიან, მაგრამ მამაკაცები, რომლებიც 30-ს გადასცილდებიან, უკვე იმდენად ბებრები არიან, რომ ეს არ ესმით...“

 

მე ციფრი 30 ძალიან უმტკივნეულოდ გადავაკეთე ერთხელ 40-ზე და მერე 50-ზე...

 

საინტერესოა, 60-ზე გადაკეთების სურვილი თუ მექნება?

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ახალგაზრდულად ხალისიან დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

big_banner
არქივი