logo_geo
გელა ზედელაშვილი: მუმიების „შერკინება“
- +

11 აპრილი. 2019. 14:22

 

თქვენი არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ მე პირველად გავიგე, მკვდრები ერთმანეთს ქიშპობდნენ, ეკამათებოდნენ და რაც მთავარია, სამომავლო გეგმებს აწყობდნენ. ალბათ, გახსოვთ, თბილისის ყოფილი მერი გიგილო უგულავა 46 თუ 47 მილიონის მოპარვაზე რომ წაიჭირეს და სამი წლით „მატროსოვზე“ გაამწესეს. გიგილომ დანაშაული აღიარა, არსად უთქვამს, არ მომიპარავსო, ქურდი და ავაზაკი არ ვარო. მიუხედავად ამისა, როცა გამოუშვეს, პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში მოჯდა და აქეთ დაგვიწყო ტელევიზორიდან ჭკუის დარიგება. მეტიც, მას შემდეგ ყოველდღე გვიკითხავს ლექციებს კორუფციის თემაზე. ჰოდა, ეს უჯიშო უგულავა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, როგორც პოლიტიკოსი, მკვდარია. თქვენს მეხსიერებას ვენაცვალე, ალბათ, არც ის დაგვიწყებიათ, თავის „შამქნელ“ სააკაშვილს ჯართი რომ უწოდა. არა, განა მიშა არ არის ჟანგიანი ჯართი? არის, მაგრამ როცა შენს „შამქნელს“ ამას აკადრებ, მაშინ თვითონაც მსგავსი რაღაცა გამოდიხარ – ნაგავი!

 

რაღა ბევრი გავაგრძელო… ამ დღეებში „ნაცმოძრაობამ“ ყრილობა გამართა, სააკაშვილი თავმჯდომარეობიდან გადაირჩია, მის ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე „აირჩია“. უგულავამ იფიქრა, მორჩა მიშა, ახლა ჩვენი დროაო და… ისევ დაიწყო ძველებურად – ესაო, ისაო, სააკაშვილი ფორმაში არ არიო, გაცვდაო, გატყდაო, არაქათი გამოეცალაო. მოკლედ, მისდგა თავის „შამქნელ-გამკეთებელს“ და ისიც კი დაივიწყა, რომ თავის დროზე მის გარეშე ცოლსაც კი არ ირთავდა. ერთი ის აღარ უთქვამს, მოკვდა მიშა, წადით სახლშიო. არა, მაგას კი არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სააკაშვილი მკვდარია როგორც პოლიტიკოსი? აი, მივადექი მთავარ სათქმელს, ანუ მივედი იქ, საიდანაც დავიწყე – მკვდრები კამათობენ. როდესაც ერთმა მკვდარმა თქვა, მიშა ფორმაში არ არიო, მეორე მკვდარმა ეგრევე უპასუხა:

 

„გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდა „არაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე“.

 

არა, რააა… მიშა მკვდარიც კი მაგარია, პირდაპირ ცხრიანში დაურტყა გამოქლიავებულ უგულავას და აგრძნობინა – ბიჭო, მიდი, გაიარე, კოჭი გააგორე, არ დაგავიწყდეს, შენი „შამქნელი“ რომ ვარო… კოლეგებთან ერთად აზრზე მოდი, ხიდზე გადი, მე მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნებიო!

 

ეს მეორე მკვდარი მაინც არ ნებდება, მთავარ მკვდარს თავს უტოლებს, ეჯიქება და თავისებურად პასუხობს:

 

„მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით“.

 

აი, შეჯიბრიო, კაცოოო, შეჯიბრი და გამოწვევაო… გამიხარდება, თუ ცოცხალ სააკაშვილთან მომიწევს პაექრობაო. არადა, უგულავას სიტყვებს შორის აშკარად იკითხება ქვეტექსტები – შენ მაინც მკვდარი ხარ!

 

უკაცრავად… მე უკვე გული მერევა ამ მუმიების „შერკინებაზე“, ამ უზნეოთა კამათზე, ამ მართლა ჩარეცხილი დამნაშავეების გამოჩენაზე და ამიტომაც თავს აღარ შეგაწყენთ მათზე საუბრით. ვინ, ხალხო, ესენი აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას? არც არსებობს!

 

P.S. ისე, არ გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში უგულავა ამსტერდამში მიშასთან ჩავა და ჩაეხუტება. ასეთი დოკუმენტური ფილმი ჩვენ უკვე ვნახეთ სათაურით – „ტრაკების ზეიმი“.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი