logo_geo
1928 წლის 12 აპრილს ზურაბ ანჯაფარიძე დაიბადა
- +

12 აპრილი. 2019. 14:40

 

 

სწორედ ამ დალოცვილ დღეს, 1928 წლის 12 აპრილს, სავარდო და სამაისო ქუთაისში დაიბადა ზურიკო ანჯაფარიძე...

 

რომელიც დღესაც უსაშველოდ მიყვარს და გაუსაძლისად მენატრება და მაკლია...

 

როდესაც ძალიან მიჭირს ხოლმე, თავს იმით ვიწყნარებ, რომ იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რომ, ალბათ, ბედნიერების თანაბარი გადანაწილების ნაცვლად, ყველაფერი იმ წლებში დამიგეგმეს...

(ალბათ, კვარტლის ბოლო იყო)…

მართლაც, ხომ არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს ერგოს?

რაღაცა სხვასაც ხომ უნდა დაუტოვოს კაცმა...

 

ზურიკოს და ჩემი გაცნობა მოხდა არა ერთდროულად...

ანუ, ზურიკომ მე გამიცნო ჩემი დაბადების დღესვე, რამდენიმე საათში...

1961 წლის 23 ივლისს...

 

იმ დღეს თბილისის ოპერის თეატრში გადიოდა ოთარ თაქთაქიშვილის პრემიერა „მინდია“, ვაჟა-ფშაველას მოტივებზე და მეც ამიტომ დამარქვეს ლელა. მისი „ბახტრიონიდან“...

 

მომავალში ზურიკო სულ იძახდა, კიდევ კარგი, „კარმენის“ დროს არ დაიბადე, თორემ იქნებოდი მაშინ კარმენ ჯემალის ასული ანჯაფარიძეო...

 

„მინდიას“ პრემიერის შემდეგ, ჯემალიკო და ზურიკო ყვავილებით და სცენაზე მირთმეული კალათებით გამოიქცნენ მე-2 სამშობიაროში და მნახეს...

გაგიკვირდებათ, მაგრამ არ მახსოვს...

 

მე კი ზურიკო გავიცანი უკვე მაშინ, მამიკომ სულ პატარა რომ წამიყვანა მოსკოვში...

თვითმფრინავიდან რომ გამოვედით, ზურიკო ტრაპთან გველოდებოდა...

 

ჯემალიკომ ჩემი თავი შეაჩეჩა და ბარგზე გავარდა...

ამ დროს კი თოვლი წამოვიდა და შემეშინდა - პირველად ვნახე თოვლი და ტირილი დავიწყე - „ჯემაიკო მაიკო მინდა!“, ანუ, „ჯემალიკო მამიკო“...

გაგიკვირდებათ და მახსოვს...

 

მთელი ბავშვობა მამიკოს ვუძახდი ჯემაიკო-მაიკოს, ზურიკოს კი - მამიკოს... დავიბენი, რადგანაც ნახევარ დროს ვატარებდი თბილისში და ნახევარს ბებიასთან და ზურიკოსთან - მოსკოვში...

 

თანაც, მაშინ არ იყო ასეთი სიმკაცრე და მშობლები ხან ბუბას მაყოლებდნენ მოსკოვში, ხან ქალბატონ ნანის...

 

იქ კი ტრაპთან მელოდებოდა ზურიკო... ისეთი უსაზღვროდ თბილი და გულიდან ღიმილიანი...

 

საოცრად მიყვარდა მისი პატარა ოროთახიანი მყუდრო ბინა „ჩისტიე პრუდიზე“... ახლა ასეთი ფართის, სავარაუდოდ გარდერობი აქვს მაგალითად, ფილიპ კირკოროვს, მაგრამ ფართი აბა, რა შუაში იყო...

 

იმ ბინას აფართოებდა ალე ბებიას სიყვარული და უგემრიელესი ლობიო, რომელზეც ყველა მოსკოველი ქართველი მობრძანდებოდა...

 

ზურიკოს აბაზანაში სიმღერები და ყინულიან მოსკოვის ზამთრიდან მის ქართულ ბინაში ორთქლიანი და თბილი დაბრუნებები...

 

დათკა გამრეკელის დილის „ჩამოსკუპებები“ ჩემს ტახტზე...

 

ცოტაც კიდევ სენ სანსის „მომაკვდავი გედი“, ჩემი შესრულებით...

 

თანაც, ამ ნომერს აცხადებდა განსაკუთრებული პათოსით თავად გამრეკელი - „გამოდის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის პრემიის ლაურეატი, ლელა ანჯაფარიძე“!

 

ასე რომ არ ეთქვა, ცეკვაზე უარს ვამბობდი.

 

მახსოვს იმ ბინის სურნელი, ყველა ნივთი სათითაოდ...

მახსოვს, ზურიკომ რომ პიანინო იქირავა ძლივს, რადგანაც მანამდე „მოსკვიჩი“ ჰქონდა ნაქირავები და მე პირველივე დღეს შავი კლავიშები დავაძრე...

 

ბებია მართლა მოსაკლავად გამომეკიდა, მე კი ტუალეტში ჩავიკეტე და ცხოვრებაში პირველი ლექსი დავწერე -

 

„ბებიას აქვს პიანინო,

ლამაზია, როგორც კიო...

კლავიშზე რომ თითს დაადებ,

გეტყვის-გიმღერს დო-რე-მიო...

დღეს ავაწყვე პიანინო და

დავუკარ „ჟუჟუნ წვიო“...

ერთი დარტყმა და კლავირო,

მოესწარი შავი დღია“

 

გაითვალისწინეთ, რომ 3 ან მაქსიმუმ 4 წლის ვიყავი.

 

ზურიკო რომ დაბრუნდა, ეს ლექსი წავუკითხე ტუალეტიდან და ალეს უთხრა - „გამოუშვი ბავშვი... მგონი, გენიოსიაო!“

 

მახსოვს, ბებია რომ მაჭმევდა ქათმის ბულიონს და ჩიჩიას ტყემალში მიწობდა...

მისი თითების სუნი მახსოვს...

 

თანაც ზღაპრებს იგონებდა მელაზე და მონადირეზე, რომელსაც ვანიჩკა დაარქვა, ბაბუაჩემის სახელი...

 

მე ამ ზღაპრებს კარგად ვიმახსოვრებდი და ერთხელაც, როდესაც რაღაცა აერია, გარჩევა დავუწყე საქმეების...

 

ამ დროს კი მესმის ზურიკოს ხმა მეორე ოთახიდან - „შვილო, რას გადაეკიდე ალეს, ანდერსენი კი არ არისო, ბებიაშენიაო...რასაც გიყვება, მოუსმინეო და ჭამეო“.

 

როდესაც ბებია და ზურიკო თბილისში დაბრუნდნენ, ბებიამ ფალიაშვილის ბინაშიც ისეთი სიმყუდროვე შექმნა, რომ მთელი დღე კარი არ იკეტებოდა...

ერთ სუფრას მეორე ცვლიდა...

 

მერე ალემ ზურიკოს გახდომაზე დაიწყო სერიოზული ფიქრი და ყველა დიეტა ერთად გადავიტანეთ, დუეტში (მარტო ეზარებოდა)... სრული შიმშილობის გარდა...

 

მე მაგაზეც ვიყავი თანახმა, მაგრამ უფროსებმა - მზარდი ორგანიზმისთვის არ შეიძლებაო...

 

მაშინ საოცრად მოიკლო წონაში, გარკვეულ პერიოდში შეინარჩუნა, მაგრამ მერე მე მავალებდა ჩუმად რაღაცების მოპარვას და ვერ ვეუბნებოდი უარს...

ბებია რომ იგებდა, საშინლად მიბრაზდებოდა...

 

კიდევ კარგი, ის არ იცოდა, რომ როდესაც ზურიკოს და მე კუს ტბაზე გვიშვებდა, იოგების ახლად შექმნილ ჯგუფში სავარჯიშოდ, მე რომ ვვარჯიშობდი და ზურიკო კი გაშლიდა საბანს ჩრდილში და აგრძელებდა ძილს.

 

მე არასდროს არ მინახავს ისეთი საოცარი დამოკიდებულება, ისეთი დედა-შვილობა, რაც მათ ერთმანეთში ჰქონდათ...

 

ზურიკო 60 წლის ასაკშიც, ნახევარი საათით რომ დაეგვიანებინა, ბებიას ურეკავდა და აფრთხილებდა...

 

ერთხელ, მახსოვს, ბებიას რაღაცა ვაწყენინე... ზურიკომ დამიძახა და მითხრა - „ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ყველას მირჩევნიხარ, მაგრამ ალექსანდრას ერთხელ თუ კიდევ გულს ატკენ, იცოდე - დამკარგავო“...

 

ყოველ საღამოს ზურიკო ურეკავდა გალიჩკას და სთხოვდა - „ამოდით შენ და ლელა და უკან მანქანით გაგიყვანთო“...

 

ავდიოდით... ალე ბებია, მხოლოდ მან რომ იცოდა, ისეთ გემრიელ ჩაის მოადუღებდა და იმერულ ხაჭაპურსაც გამოაცხობდა...

 

მანამდე ზურიკო და დედიკო თამაშობდნენ კარტს, თამაშს ერქვა „66“...

 

წაგების დროს, ან ფულს იხდიდი და ან მაგიდის ქვეშ უნდა გამძვრალიყავი.

 

მერე კი დედიკო ბებიასთან გავიდოდა საჭორაოდ, მეც მივუჯდებოდი...

 

ზურიკო ამ დროს, დროს იხელთებდა და იპარებოდა საძინებელში... 5 წუთში იქიდან მისი ხვრინვა ისმოდა...

 

მე და დედიკო კი გასტრონომ „ავრორას“ კუთხეში, როგორც ყოველთვის, ველოდით პატარა ავტობუსს N42-ს, რომელიც ძალიან იშვიათად დადიოდა...

 

დედა ბურტყუნებდა - ზურიკომ ისევ მოგვატყუაო... მეტი აღარ დავუჯერებო...

მეორე დღეს ისევ ყველაფერი მეორდებოდა...

 

როცა ჩვენს შემადგენლობას უერთდებოდა ჯემალიკოც, რომელსაც მაინცდამაინც სახლში ჯდომა არ უყვარდა და ხშირად ძმაკაცებში გვეპარებოდა, ხომ საერთოდ ზღაპრულ დროს ვატარებდით...

 

მოკლედ, მინდა, გულწრფელად ვთქვა - ყოველდღე დღესასწაული მქონდა...

რამდენჯერ ამ საღამოების გამო პაემანიც კი გამომიტოვებია...

 

თანაც, ზურიკო და მე სულ ვხულიგნობდით...

 

ერთხელ ბებიას შებრაწულ გოჭს, რომელიც სტუმრებისთვის იყო გამზადებული და გაქათქათებული ტილო ეფარა, შემოვაჭამეთ შებრაწული კანი... და შიშველ გოჭს ისევ ის ტილო დავაფარეთ...

 

ერთხელ ტარტალეტკებისგან მხოლოდ ბუდეები დავტოვეთ, უკრემო...

ერთხელ ჩუმად ვიყიდეთ დიდი ტორტი და კოვზებით ვჭამეთ ბოლომდე...

რამდენჯერმე ბეზეები დავაძვრეთ შეკვეთილ ტორტს...

ბებიას მოვპარეთ იმ კარადის გასაღები, სადაც „ბანბანერკებს“ ინახავდა.

თანაც იდეების ავტორი ყოველთვის იყო ზურიკო...

 

მესამე კურსზე ავარიაში რომ მოვხვდი, ხერხემალი ვიღრძე და ზურიკომ თავისთან გადამიყვანა და საყვარელი არაბული ტახტი დამითმო...

თვითონ კი ბებიასთან გადაწვა...

 

ჰოდა, ჩემს სანახავად რომ მოდიოდნენ, ზურიკო სერიოზული სახით ესალმებოდა და ოთახიდან გადიოდა...

 

ჩვენ ვურთიერთობდით, ის კი ამ დროს სტუმრების პალტოებს აჭრიდა ღილებს ან სახელოებს აკერავდა... დამშვიდობებისას, სტუმრები მორიდებით იღებდნენ პალტოებს, ზურიკო „სტროგად“ ემშვიდობებოდა, ისინი კი ვერ ყოფდნენ ხელს, მიკერებული იყო და მაინც გადიოდნენ სადარბაზოში... ბოლომდე გაღიმებულები.

 

გეფიცებით, დღემდე არ სჯერათ, რომ ამას მე არ ვაკეთებდი...

არადა, 3 თვე ვერ დავდიოდი.

 

ერთ რამეზე მწყდება გული, მუსიკალური ნიჭი რომ არ მქონდა...

ალბათ, როგორ გავახარებდი...

მაინც უხაროდა, კარგად რომ ვსწავლობდი... მაგრამ ზოგჯერ ბეზრდებოდა და ერთხელ მითხრა - „რას იკლავ თავს... ფოსტის დირექტორი მყავს ძმაკაცი... ვთხოვ, დაგაყენებს დარბაზში... ენას გამოყოფ, მარკას მიაწეპებინებ და 100 რუბლი გექნება ხელფასიო...“

ძალიან რომ მეწყინა, „კარგი, კარგიო...ვთხოვ, ფოსტალიონად გაგაფორმოსო, იქ „სტო პიატდესიატიაო“.

 

მიყვარდა მის სპექტაკლებზე დასწრება...

ანტრაქტებს ველოდებოდი და გავრბოდი მის საგრიმიოროში...

იქაც რაღაცებს იგონებდა ხოლმე...

ერთხელ რევაზ ლაღიძის „ლელას“ პრემიერაზე მკლავზე დამაწერა ნაკოლკასავით - ლურჯი ფლომასტერით - «Не забуду мать родную, отца-хулигана»…

ჰოდა, ასე მოვევლინე გაპრანჭულ გალიჩკას ფოიეში... კინაღამ გული წაუვიდა.

 

დღესაც ხშირად ვუსმენ მის ხმას...

ძალას მაძლევს და იმედს...

 

ამ ორ გაერთიანებულ სურათს იმიტომ ვდებ, რომ აქ ვგავარ და ძალიან, ძალიან მეამაყება და მიხარია!

და ასე იყო მთელი ცხოვრება!

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი