logo_geo
„1888 წლის 13 აპრილს ალფრედ ნობელმა, აღმოაჩინა საკუთარი ნეკროლოგი, სათაურით - „სიკვდილის გამომგონებელი თავად მოკვდა!!!“
- +

13 აპრილი. 2019. 18:26

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

დღეს შაბათი დღე კია და არ მინდა მაინცდამაინც დაგღალოთ რაღაცეებზე ფიქრით და გაანალიზებით, მაგრამ თუ ცოტა დაუკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყველაფერს მეცნიერული ელფერი დაჰკრავს...

 

ქარი მოძრაობს განსაზღვრული და ფიქსირებული სიჩქარით... პლანეტები მკაცრად იცავენ ტრაექტორიას, ექიმები ებრძვიან დღეისათვის განუკურნავ დაავადებებსა და ეპიდემიებს, მგოსნები და მწერლები სხდებიან შედევრებისა და ბესტსელერების შესაქმნელად, ხოლო დანარჩენი კაცობრიობა ფიქრობს მსოფლიო პრობლემებზე, განსაკუთრებით, მშვიდობის შენარჩუნების მიმართულებით… რადგანაც…

 

ზუსტად ამ დღეს, 1888 წლის 13 აპრილს ცნობილმა შვედმა მეცნიერმა, დინამიტის გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა, ყავის დასალევად რომ ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელში დილის გაზეთი აიღო, მასში აღმოაჩინა საკუთარი ნეკროლოგი, სათაურით - „სიკვდილის გამომგონებელი თავად მოკვდა!!!“

 

მან, სავარაუდოდ, თვალებს არ დაუჯერა, მაგრამ ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა ანდერძის შეცვლა და ქონების დატოვება მისი სახელობის ფონდის დაარსებისთვის, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, დააწესებდა ფულად პრემიებს მეცნიერების, ლიტერატურისა და მშვიდობის დაცვის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

 

ასე რომ დღეს, დილის საკმაოდ „ნირწამხდარი“ ფინჯანი ყავისა და, სავარაუდოდ, კუთხეში მიგდებული დაკუჭული გაზეთის ფონზე, წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის დაარსების იდეა…

 

ფულად პრემიასთან ერთად ლაურეატი ჯილდოვდება ოქროს მედლით და დიპლომით. 1969 წლამდე პრემია გაიცემოდა ხუთ დარგში - ფიზიკა, ქიმია, ფიზიოლოგია და მედიცინა, ლიტერატურა, მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევა. შემდეგ კი ამ ხუთეულს, შვედეთის ბანკის ინიციატივით, ეკონომიკაც შეემატა და გადაწყდა, რომ ეს იქნება ნობელის ანდერძში შეტანილი ბოლო კორექტივი…

 

ყოველი წლის ბოლოს ცხადდება პრემიის ლაურეატთა სახელები. დაჯილდოების ცერემონია ტარდება წელიწადში ორჯერ, შვედეთისა და ნორვეგიის დედაქალაქებში. სტოკჰოლმში ლაურეატს პრემიას გადასცემს შვედეთის მეფე, ოსლოში კი ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე ორჯერ ტარდება ნობელის ბანკეტი და კონცერტი.

 

ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს რაიმე განსაკუთრებული ამბიციები აქვთ და არ იღებენ პრემიას, სანამ ორჯერ არ მიულოცავ…

 

არა… უბრალოდ, აქაც გარკვეული შიდაკულუარული პრობლემების გამო ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტი პასუხს აგებს მხოლოდ მშვიდობის დარგში გაცემულ პრემიაზე, დანარჩენ სფეროებს კი შვედეთის მხარე აკონტროლებს.

 

პრემიის მინიჭების შემდგომ ტარდება გრანდიოზული ბანკეტი, რომელზეც იწვევენ 1300-1400 ადამიანს. რა თქმა უნდა, ყველა სტუმარი გამოწყობილია საღამოს კაბებსა და ფრაკებში (მანდილოსნებისთვის დაშვებულია ეროვნული სამოსი). შეთავაზებული კერძების ავტორები არიან მსოფლიოს „წლის საუკეთესო მზარეულები“. თანაც, ბანკეტამდე 1 თვით ადრე, ნობელის პრემიის კომიტეტის წევრები მენიუს 3 ვარიანტიდან ირჩევენ საბოლოოს. მენიუ გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბანკეტის დასასრულს გამოიტანენ ტრადიციულ ნაყინს, მაგრამ თუ რომელ ნაყინს აკადრებენ მაღალი რანგის სტუმრებს, ეს კიდევ უფრო დიდი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე მთლიანი მენიუ. მაგიდა, რომელსაც ნობელის პროფილიანი ნაქარგი თეთრი სუფრა ამშვენებს, ხელნაკეთი ფაიფურის ჭურჭლით იწყობა, დარბაზს კი სან-რემოდან ჩამოტანილი 23 ათასი ცალი ყვავილი ამშვენებს…

 

კიდევ ერთი დეტალი: 9550-პერსონიან ფაიფურის სერვიზს, რომელიც ნობელის კომიტეტმა 1991 წელს 11.6 მილიონ დოლარად შეიძინა, თან მოჰყვება 1 ცალი სპეციალურად შვედეთის დედოფალ ლილიანასთვის შეკვეთილი ჩაის ჭიქა, რადგან სერვიზში მხოლოდ ყავის ჭიქებია, დედოფალს კი ყავა არ უყვარს…

 

სტუმრებს დარბაზში უშვებენ ზუსტად 19 საათზე. შვედეთის მეფის გვერდით უნდა დაბრძანდეს ან პრემიის ლაურეატი ქალბატონი ან ფიზიკის დარგში პრემიის ლაურეატის მეუღლე… აი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლაურეატი ქალბატონი არ ჰყავთ ან ფიზიკის დარგში ლაურეატი უცოლოა, ვერაფრით ვერ გავარკვიე…

 

სამაგიეროდ გავარკვიე ბევრი სხვა რამ...

 

ნობელის პრემია სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ენიჭება მეცნიერებს, რომლებიც არიან დაბადებული 28 თებერვალს ან 21 მაისს...

 

ნობელის პრემიის ლაურეატს არა აქვს უფლება მისი მიღების დროს, რაც უნდა ის ილაპარაკოს, როგორც ეს, მაგალითად „ოსკარის“ ცერემონიაზე ხდება... გამოსასვლელი მკაცრი სიტყვა უნდა გადაეცეს ნობელის კომიტეტს 24 საათით ადრე და მერე იმას ვერაფერს ვეღარ დაამატებ, ემოციების გარდა...

 

თურმე, 1922 წელს, როდესაც ნილს ბორმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში, ლუდის კომპანიამ Carlsberg-მა მას აჩუქა სახლი, რომელიც განლაგებული იყო კომპანიის მთავარ საამქროსთან და უერთდებოდა მას პირდაპირი მილით. ასე რომ, ცნობილ ფიზიკოსს, როდესაც უნდოდა, შეეძლო დაელია ჩამოსასხმელი ლუდი, თანაც უფასოდ...

 

ასევე ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის 1988 წლის ლაურეატმა ლეონ ლედერმანმა თავისი მედალი გაყიდა, მკურნალობის ხარჯების დასაფარავად. ანონიმმა ის 765 ათას დოლარად შეიძინა... სხვათაშორის ნობელის პრემიის ისტორიაში, ცოცხალი მფლობელების მიერ მედალი გაიყიდა მხოლოდ 2-ჯერ და ორივე რატომღაც 2014 წელს...

 

ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში პრემიანტების უდიდეს ნაწილს შეადგენენ ამერიკელები (43%), შემდეგ მოდიან გერმანელები და ინგლისელები...

 

არავის არ მოუყვეთ და თურმე, ნობელის მინიმუმ 2-მა ლაურეატმა (კერი მულისმა და ფრენსის კრიკმა) თავისი აღმოჩენები გააკეთეს ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ქვეშ...

 

შესანიშნავი პოეტი რაბინდრანატ თაგორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, სტოკჰოლმში თხის ჩამოყვანას აპირებდა, რადგანაც ყოველ დილით მიირთმევდა თხის რძეს და სხვა ქვეყნის თხებს არ ენდობოდა,,,

 

ბერნარდ შოუ გახლავთ ერთადერთი ადამიანი, ვინც იყო ერთდროულად „ოსკარისა“ (1928 წელს ფილმი „პიგმალიონის სცენარისთვის) და ნობელის პრემიების ლაურეატი...

 

ცნობილმა ფიზიკოსმა, 1908 წელს ქიმიის *და არა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ერნესტ რეზერფორდა, განაცხადა, რომ ყველა საოცარი გარდაქმნიდან, რომლის მოწმეც ის იყო პირადად, ყველაზე მოულოდნელი გახდა მისი საკუთარი გადაქცევა ფიზიკოსიდან ქიმიკოსად...

 

თუ იცით, რატომ არ მიანიჭეს არავის ნობელის მშვიდობის პრემია 1939 წელს?

 

რადგანაც მასზე ნომინირებული იყო ადოლფ ჰიტლერი და მას. მიუნჰენის შეთანხმების შემდეგ, მხარს უჭერდნენ ევროპელი პოლიტიკოსები... უკვე 1939 წლის მაისში ჰიტლერის გვარი ამოშალეს ნომინანტებიდან და პრემია საერთოდ არავის არ გადასცეს...

 

ისე კი, იმის გათვალისწინებით, რომ მშვიდობის დარგში პრემიის დამფუძნებელი იყო დინამიტის გამომგონებელი, ნობელი - ასევე პარადოქსია...

 

როდესაც, აშშ პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამს ფოლკნერი მიიწვია სადილზე, ნობელის ლაურეატების დასწრებით, მან განაცხადა - „გადაეცით მათ, რომ მე უკვე საკმაოდ ბებერი ვარ იმისთვის, რომ ასე შორს გავემგზავრო, უცნობ ადამიანებთან სადილის გამო“...

 

ნობელის პრემიების მინიჭების წესებში ხაზგასმულია, რომ ყველა ნობელის პრემია, გარდა მშვიდობის დარგში, ერთ და იმავე ადამიანს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ, მაგრამ აბა რა წესია, გამონაკლისის გარეშე...

 

ნობელის პრემიების კომიტეტმა ასეთი გამონაკლისი დაუშვა 4 ადამიანზე. ესენი იყვნენ - მარია სკლოდოვსკაია-კიური (ფიზიკაში -1903 წელს, ქიმიაში კი 1911 წელს)- კოლაჟზეა!!!

 

ლაინუს პოლინგი (ქიმიაში - 1954 წელს, მშვიდობის დარგში - 1962 წელს); ჯონ ბარდინი (ფიზიკაში - 1956 წელს და 1972 წელს) და ფრედერიკ სენგერი ( ქიმიაში - 1958 და 1980 წლებში).

 

ნობელის მშვიდობის დარგში პრემიის სამგზის ლაურეატია - საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი (1017, 1944 და 1963 წლებში). მშვიდობის დარგში პრემია ერთადერთია, რომელიც გაიცემა არა მხოლოდ კერძო პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვისაც.

 

ახლა კი გადავდივარ მთლად მთავარ საკითხზე, რომელიც, როგორც მათემატიკოსმა, ბოლოსთვის დესერტივით შემოვინახე… რატომ არ ენიჭებათ ნობელის პრემია მათემატიკოსებს? სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნობელმა მათემატიკა ჯერ შეიტანა სიაში, მერე კი ამოშალა.

 

არსებობს ძალიან ლამაზი ლეგენდა იმაზე, რომ ნობელს უყვარდა მშვენიერი ქალბატონი ანა დეზრი, რომელსაც ნობელის ნაცვლად შეუყვარდა დიპლომატის შვილი, მომავალი მათემატიკოსი ფრანს ლემარჟი და მას გაჰყვა ცოლად. გულნატკენმა ნობელმა კი ისე ღრმად ჩაიდო ეს წყენა გულში, რომ თითქმის სიცოცხლის დასასრულს შური იძია ყველა მათემატიკოსზე…

 

თავის დროზე, როცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი, ჯერ არ ვიცოდი, რომ ნობელის პრემია მათემატიკაში არ არსებობდა და სადღაც გულის სიღრმეში ვოცნებობდი მასზე… ზუსტად ისევე, როგორც ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ აუცილებლად დავამტკიცებდი ფერმას თეორემას…

 

მერე, როცა გავიზარდე, მივხვდი, თუ რა მაღლა ღრუბლებში ავსულვარ, მაგრამ მაინც ცოცხალი თავით უკან არ ჩამოვდივარ. თქვენც არ გირჩევთ, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და ცხოვრებაში ერთი პატარა რამე მაინც ეხერხება სხვაზე უკეთესად და ნიჭიერად! ანუ, ერთ რამეში მაინც არის ნობელის პრემიის ლაურეატი...

 

ბოლოს კი მინდა დავასრულო ერთი ისტორიით ფანტასტიკის სფეროდან...

 

XXII საუკუნეა… ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიენიჭა მეცნიერს, რომელმაც ადამიანების გაცოცხლების ფორმულა გამოიგონა...

 

პრემია მას გადასცა პირადად ალფრედ ნობელმა და მადლობა გადაუხადა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მხიარულ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი