logo_geo
1886 წლის 14 აპრილს სანდრო ახმეტელი დაიბადა...
- +

14 აპრილი. 2019. 12:05

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

სწორედ ამ დღეს, 1886 წლის 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს, ვასილ დავითის ძე ახმეტელაშვილს და მის მეუღლეს, მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

 

მაშინ ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ქვეყანას მოევლინა ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და რეფორმატორი. უზომოდ ნიჭიერი კაცი და სანთელივით ნათელი პიროვნება, ბატონი სანდრო ახმეტელი...

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანდრო ახმეტელი არ იყო სცენიური ფსევდონიმი... 1910 წლიდან ანაგაში მცხოვრებმა ახმეტელაშვილებმა, მათ შორის სანდროს მამამაც გვარი შეიმოკლეს და გახდნენ ახმეტელები...

 

საერთოდ ეს გვარი გამოირჩეოდა ნიჭიერებით... ვასილ ახმეტელს ჰყავდა 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი... სამწუხაროდ, 5 შვილიდან, 4 – 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა...

 

უფროსი, დავით ახმეტელი გახლდათ ცნობილი ვეტექიმი და პროფესორი... ის დახვრიტეს იმის გამო, რომ პირუტყვი დაეხოცა უცნობი დაავადებისგან; ილია ახმეტელი - ცნობილი ქირურგი და პროფესორი დაკითხვაზე დაიბარეს... იქ ცუდად გამხდარა და სახლში დაბრუნებისას, გარდაიცვალა... უმცროსი ვაჟი გიორგი, სულ ახალგაზრდა - ორჯერ გადაასახლეს და მეორე გადასახლებიდან დაბრუნებულს, ჯანმრთელობამ უღალატა... მათი და ეკატერინე გადარჩა და მეუღლედ გაჰყვა ცნობილ ქირურგს, გრიგოლ მუხაძეს...

 

რაც შეეხება სანდრო ახმეტელს, ისიც შეეწირა თავის დაუმორჩილებლობას, პრინციპულობას და თავისუფლებისკენ სწრაფვას...

 

ის ორჯერ გარიცხეს განჯის გიმნაზიიდან და ძლივს შეძლო აღდგენა თბილისის გიმნაზიაში, რომლის ინსპექტორი იმ დროს ყოფილა დიდი ექვთიმე თაყაიშვილი...

 

1905 წელს სანდრო ახმეტელი დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის... შემდეგ ის წავიდა თელავში, სადაც გაიცნო ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის, ივანე როსტომაშვილის ქალიშვილი, ტასო, და დაიწერა მასთან ჯვარი. მათ ეყოლათ 2 ვაჟი - შალვა და ჯიმშერი...

 

1916 წელს სანდრო ახმეტელმა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად სწავლობდნენ შალვა ნუცუბიძე და გიორგი ციციშვილი...

 

ისე კი, ისტორიას რომ გადახედო, ასეთი გამორჩეული ხალხი თითქოს მაგნიტივით იზიდავს ერთმანეთს...

 

არ ვიცი, რაღაცა შინაგანი გუმანით თუ გაუგებარი ძალების მეშვეობით...

 

სანდრო ახმეტელს ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა თეატრი... სავარაუდოდ, სცენაზე მაინც უნდოდა შეექმნა ის იდეალური, ბობოქარი და მშვენიერი სამყარო, რომლისკენაც ილტვოდა მთელი ცხოვრება...

 

ჰოდა, აბა სანდრო ახმეტელს რა გააჩერებდა, იურიდიული განათლება თუ ვინმეს შეწინააღმდეგება?

 

მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ქვემო მაჩხაანში, სადაც დადგა სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა „ღალატი“... თანაც დეკორაციების, კოსტიუმების და გრიმის შემქმნელიც თავად გახლდათ...

 

1919 წელს მან თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

 

1920 წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა სანდრო შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“.

 

1923 წელს კი დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპი... მას თავად კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა მუშაობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში...

 

ძალიან გულსატკენია, რომ მათ შორის მოხდა სერიოზული კონფლიქტი, რომლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა და თეატრის დასის ნაწილმა დატოვეს თეატრი... ჰყვებიან, რომ მან ახმეტელის წერილიც კი არ წაიკითხა...

 

რატომღაც მგონია, რომ ამაში ვიღაცის ხელი და ბოროტი განზრახვა ერია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი დიდი პიროვნებისთვის ეს უზარმაზარი ტრაგედია იყო...

 

ერთადერთი თავს ვიწყნარებ იმით, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების შედეგად, კოტე მარჯანიშვილმა დააარსა თეატრი ქუთაისში, რომელიც შემდგომში გადმოვიდა თბილისში და შემდგომში მას კოტე მარჯანიშვილის სახელი დაერქვა...

 

1926-1935 წლებში კი, შოთა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოყო სანდრო ახმეტელი...

 

სამწუხაროდ, მისი დადგმული სპექტაკლების მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი და მინდა გითხრათ, რომ ისეთი თანამედროვე დეკორაციები და მიზანსცენებია ზედ გამოსახული, გამიკვირდა კიდევაც...

 

ჩემს ახალგაზრდობაშიც კი, ასეთ სპექტაკლებს ეძახდნენ - „ახალ ხედვას“... ესე იგი, რამდენად წინ უსწრებდა ახმეტელის რეჟისურა თავის ეპოქას...

 

ჰოდა, ასეთ რაღაცებს ადამიანს, როგორც წესი, არ პატიობენ...

 

ამის მაგალითები ჩვენც ვიცით...

 

როგორც ჰყვებიან, თავად სანდრო ახმეტელს ყველაზე ძალიან უყვარდა თავისი სპექტაკლი „ლამარა“, გრიგოლ რობაქიძის მიხედვით...

 

როგორც თავად იხსენებდა - „ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ. ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა, ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე, როგორ უნდა ეცეკვათ. საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან. მერე ჩავვარდი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორებს და ვუდირიჟორე“.

 

მაყურებელს სპექტაკლი ძალიან მოეწონა და მას ქართული „რომეო და ჯულიეტაც“ კი შეარქვეს... ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ ეს ადამიანთა აზროვნებაში, კომუნისტური თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და ის რეპერტუარიდან მოხსნეს...

 

ზოგი რეჟისორი დაემორჩილებოდა ამ „ზემოდან“ მიღებულ განკარგულებას... ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ - ბევრი დაემორჩილებოდა, მაგრამ არა სანდრო ახმეტელი...

 

მან საკუთარი ხელით გააკრა აფიშები და სპექტაკლი გაუშვა... პატარა ბავშვივით უხაროდა - „მაინც შეაჩერეს, ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი, საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვერ მოხსნეს“...

 

რა იცოდა, რომ სწორედ ეს სპექტაკლი ითამაშებდა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ როლს მის ცხოვრებაში...

 

თუმცა, რომც სცოდნოდა, სავარაუდოდ, ეს არაფერს არ შეცვლიდა...

 

მართალია, სტალინს, თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს, სპექტაკლი მოეწონა, მაგრამ რეჟისორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შეჩერება უკვე გვიანი იყო...

 

ახმეტელი სტიქიას ჰგავდა... არაფერში ზღვარი არ იცოდა... ღამის 3 საათამდე თეატრში რჩებოდა და საოცრად უკვირდა, რომ ახალგაზრდებიც კი ვერ ჰყვებოდნენ მის ენერგიას...

 

ერთხელ პროტესტიც კი მოუწყვეს... ისინი სახლში გაუშვა, თავად კი დარჩა...

 

სულ რაღაცისკენ ილტვოდა, მიუწვდომელისკენაც კი...

 

წარმოიდგინეთ და საკუთარი ნახაზებით აეროპლანიც კი ააშენა...

 

მართალია, მან სულ წუთები იფრინა და ბოლოს ძირს დაენარცხა, მაგრამ მაინც ხომ იფრინა...

 

სანდრო ახმეტელი წერდა... „ამის შემდეგ ზუსტად მეცოდინება, რომ ფრენა შევძელი. ახალ დროს კი სხვა აბობოქრებული სურვილების დაოკებას დავუთმობ“..

 

სანდრო ახმეტელმა შეყვარებაც სხვანაირი იცოდა... რუსთაველის თეატრში მან გაიცნო ულამაზესი, მასზე 17 წლით უმცროსი მსახიობი, თამარ წულუკიძე. მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დაჭირდა მასთან ერთად ყოფნისთვის... მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ახმეტელს პირველ მეუღლესთან იმ დროს უკვე ჰქონდა უთანხმოებები, მისი თამართან შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ სანდროს უახლოესი მეგობრები, მაგრამ მან ასე სთხოვა - „მაჩუქეთ ეს ქალიო“ და ვეღარავინ ვერ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას...

 

სამწუხაროდ, მათ ერთად ყოფნის ძალიან მცირე დრო ჰქონდათ დარჩენილი...

 

ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია სანდრო ახმეტელის შესაძლო „დამსმენთა“ და მის დაპატიმრებაში გარეული ხალხის შესახებ... მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა... თუნდაც იმიტომ, რომ ერთიანი აზრი არ არსებობს და ადამიანის დაბრალება ყველაზე დიდი ცოდვაა...

 

ერთი რაც ნამდვილად არის ცნობილი, რომ მას ჰქონდა რამდენიმე არასასიამოვნო ეპიზოდი ბერიასთან დაკავშირებით...

 

სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო...

 

სანდრო ახმეტელს ვერავინ გატეხდა და ვერავინ დაიმორჩილებდა. მითუმეტეს, როდესაც საქმე მის ხელოვნებას და კაცობას ეხებოდა...

 

ჰყვებიან, რომ ერთხელ სანდრო ახმეტელმა რეპეტიციის დროს დარბაზიდან გააძევა ორგანოებიდან შემოსული კაცი, რომელიც გამალებით იწერდა რაღაცას რვეულში... თანაც ასე დაუბარა - „ვინც გამოგაგზავნა, გადაეცი, რომ მე რეპეტიციებზე უცხო ადამიანებს არ ვუშვებო“.

 

ბუნებრივია, ამის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს ბერიას... ბერია საერთოდ ძალიან საეჭვოდ იყო ყველაფრის საქმის კურსში, რაც თეატრში ხდებოდა...

 

მეორეჯერ, ქიაჩელის ქუჩაზე, ახმეტელი ბერიას სამეზობლოდ ქეიფობდა და მის მასპინძელს აივანზე გასული ლავრენტი მოუპატიჟებია, იმან კი, - „არ მცალია, სამსახურში ვბრუნდებიო“... სანდროს მისი ტონი არ მოეწონა და კახურად, ლაზათიანად შეუკურთხა... „თუ არა გცალია, შენი ...“

 

მთავარი კი, იცით, რა არის, ბერია მის სიტყვებს ვერ გაიგებდა, სტუმრებს რომ არ დაეწყოთ ერთმანეთის დასწრება და თანაც განგებ ხმამაღლა - „ამას როგორ ამბობ ჩვენს ბერიაზეო!“

 

ერთხელაც, ბერია მანქანით მიდიოდა ქუჩაში და ახმეტელი დაუნახავს, მანქანა შეუჩერებია, თითქოს არავითარი კონფლიქტი არ ჰქონოდეთ ერთმანეთში და შეუთავაზებია - „საშა, დაჯექი, წაგიყვანო“... ახმეტელს კი ხელით უჩვენებია - „მიდი-მიდიო“...

 

თანაც, არაფრით არ ასრულებდა ბერიას მოთხოვნას კაბინეტიდან მოეხსნა მოსკოვში სტალინთან ერთად გადაღებული ფოტო... უფრო მეტიც, გაადიდა და თეატრის ფოიეში ჩამოკიდა...

 

ბერია კიდევ ის კაცი არ იყო, რომ ეს ეპატიებია...

 

ზოგჯერ ვფიქრობ, სანდრო ახმეტელს თავი რომ შეეკავებინა, ის კაცი არ გაეგდო დარბაზიდან, დროზე მოეხსნა პორტრეტი, სიხარულით და გაღიმებული სახით, ჩამხტარიყო ბერიას გაჩერებულ მანქანაში, რამე შეიცვლებოდა?

 

და თავადვე ვპასუხობ საკუთარ თავს - „ნამდვილად ვიცი, რაც შეიცვლებოდა - ის სანდრო აღარ იქნებოდა ახმეტელი“...

 

ერთხელ ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა სანდრო ახმეტელი შეადარა უზარმაზარ გემს და დაამატა - „სამწუხაროა, რომ ის შორს ვერ გაცურავს - ან ჩაიძირება, ან ააფეთქებენო“...

 

სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს 1936 წლის 19 ნოემბერს ქ.მოსკოვში, სადაც ის გადავიდა სამუშაოდ „მწვანე თეატრში“, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ.

 

222 დღის განმავლობაში მას აწამებდნენ... 3 თვე გაუძლო, შემდეგ კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ბრალდებები აღიარა...

 

არადა, რა ბრალდებები - ინგლისის ჯაშუშობა, ტროცკისტულ-ზინოვიევის ორგანიზაციის წევრობა, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებების შექმნა საბჭოთა კავშირის თეატრებში და რაც მთავარია, ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის განადგურების განზრახვა...

 

საინტერესოა, ამდენი საქმით დაკავებული, როდის ასწრებდა და როგორ ახერხებდა სპექტაკლების დადგმას...

 

ბერიას განკარგულებით, ნაწამები სანდრო ახმეტელი ჩასვეს ღია მანქანაში და რუსთაველზე გაატარეს, როგორც „მავნებელი და ხალხის მტერი“...

 

სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

 

თამარ წულუკიძე-ახმეტელს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...

 

სანდროს და თამარის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც მოფერებით ეძახდნენ სანდის, ზრდიდა სანდროს და, ეკატერინე და მისი მეუღლე გრიგოლ მუხაძე...

 

თამარ წულუკიძე ორი წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ერთადგილიან საკანში, სადაც მარტოობისგან რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს...

 

შემდეგ... ამუშავებდნენ ტყეების მოჭრაზე და ქვის კარიერში... ბოლო წერტილამდე რომ მიიყვანეს, დააწვინეს ლაზარეთში და დაუდგინეს დიაგნოზი - ფილტვის დაჩრდილვა...

 

მიუხედავად ამისა, ის იმდენად ღირსეულად იქცეოდა, რომ მას შეარქვეს „თამარ დედოფალი“...

 

ყველაზე მეტად დარდობდა პატარა სანდიზე და დაიწყო მუშაობა გადასახლებაში გახსნილ თოჯინების თეატრში, რის გამოც 7 თვით შეუმცირეს პატიმრობა. ის გაათავისუფლეს 1946 წელს და მაშინ ნახა ამდენი ხნის უნახავი და მონატრებული თავისი 15 წლის ვაჟი, რომელიც ჩაეხუტა და უთხრა - „რა კარგია, რომ ხმამაღლა შემიძლია დაგიძახო დედაო“...

 

შემდეგ ის გაემგზავრა სიკტივკარში, სადაც სამუშაო იშოვა და იქ ელოდა სანდის, რომელისაც დედისთვის უნდა ჩაეკითხა გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მას ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი... მაგრამ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, შეახტა ტრამვაის და ხელმოსაკიდი მოძვრა...

 

ის გარდაიცვალა ექიმების მოსვლამდე...

 

როდესაც თამარმა ეს ამბავი გაიგო, მან გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ დაავიწყდა რუსული ენა და რაღაცას იმეორებდა ქართულად... შვილის დაკრძალვაზე წასასვლელად ფული შეუგროვეს...

 

შემდეგ კი, დაიწყო დაპატიმრებების ახალი ტალღა და თამარი აღმოჩნდა კრასნოიარსკის მხარის დაბა აბანში...

 

მან აქ გაიცნო მასავით ცხოვრებისგან დაჩაგრული ბელორუსი მწერალი, ალეს პალჩევსკი, რომელზეც უარი განაცხადეს მეუღლემ და საკუთარმა შვილმა...

 

მათ ერთმანეთის თანადგომაში მონახეს ცხოვრების გაგრძელების აზრი და ძალა... ისინი უბედურებამ დააახლოვა ერთმანეთს...

 

პირველად ალესმა თამარს აჩუქა ლეკვი „ჯიმკა“, შემდეგ კი მიართვა შროშანების თაიგული და უთხრა - „ მე უბრალო გლეხის კაცი ვარ და თქვენი ღირსი არა ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების ფასად დაგიცავთ ყველა უბედურებისგან“...

 

თამარს დედამ გაუგზავნა ფული და მათ პატარა ქოხი იყიდეს... ალესი სკოლის დირექტორად მუშაობდა, თამარი თოჯინების წრის ხელმძღვანელად... 1951 წელს კი, მთავრობამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ყოფილი პოლიტიკური პატიმრების დასაქმება შეიძლებოდა მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებზე და თამარი გახდა მეფრინველე, ალესი კი დურგალი...

 

თამარ წულუკიძე გარდაიცვალა 1991 წელს. ის გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს შვილის, სანდროს (სანდის) გვერდით...

 

სანდრო ახმეტელის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ მთაწმინდის პანთეონში სიმბოლური საფლავის მემორიალზე, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელების გვერდით, ამოტვიფრულია მისი სახელი...

 

ბოლოს კი მინდა დავასრულო ბატონი რობერტ სტურუას სიტყვებით

 

„რა იყო ბოლოს და ბოლოს სანდრო ახმეტელი ქართული თეატრისთვის?

ჩემი ღრმა რწმენით, მისი სახელი უკავშირდება რაღაც წმიდათაწმიდას!..

 

აი, თუნდაც ქართულ ანბანს, ლექსს, ქართულ მელოსს, საგალობლებს, ჩვენი ტაძრების განუმეორებელ იდუმალებას“.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი