logo_geo
15 აპრილი ალა პუგაჩოვას დაბადების დღეა
- +

15 აპრილი. 2019. 17:12

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

მინდა გაგიმხილოთ, რომ პირველად სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, რომ ასაკი შამომეპარა, როდესაც გავიგე, რომ სწორედ დღეს, 15 აპრილს, ალა პუგაჩოვა ხდება 70 წლის...

 

არა, ჩემზე უფროსი კი არის, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ვიჯერებ და არც მჯერა... ასე მგონია, სანამ ის დარბის თავისი განუსაზღვრელი ზომის ბალახონებით და დაუშრეტელი ენერგიით სცენაზე და ხან ზაფხულებს ეპოტინება, ხან გაბოლილ აისბერგებს... ხან ჟიურიშია დედოფალივით დაბრძანებული, ხან კი ცირკის გუმბათიდან მღერის, უსაფრთხოების ყველა წესის დაუცველად, - ცხოვრება ისევ ძველებურ რიტმში გრძელდება...

 

ლეგენდარული მომღერალი, კომპოზიტორი, საესტრადო რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი, ტელეწამყვანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, „მამულის წინაშე ღვაწლისთვის“ II, III და IV ხარისხის ორდენის კავალერი ალა პუგაჩოვა დაიბადა 1949 წლის 15 აპრილს, მოსკოვში...

 

რამდენიმე ვერსია არსებობს მისი ნამდვილი გვარის შესახებ, მაგრამ, მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს...

 

ჩემი აზრით, ძალიან უხდება გვარი, რომელსაც ატარებს, რადგანაც მისი მოგვარე ან, შესაძლებელია, წინაპრის - ემელიანე პუგაჩოვის მსგავსად, გულში მეამბოხეა და „ბუნტის თავი“...

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი კონკურენტი და მოშურნე ჰყავდა შოუბიზნესში... ეს ახლაა ძლიერი, გამოცდილ-გამობრძმედილი და ხელშეუხებელი ავტორიტეტი, მაშინ კი სულ ახალგაზრდა გოგო იყო... ყველაფერი გადაიტანა და მიაღწია წარმატების მწვერვალებს...

 

დღეს ჩემი შვილი, რაღაცას რომ ვარიგებ, მომიტრიალდება ხოლმე და ირონიულად მეტყვის - „დაიწყო ალა პუგაჩოვებებიო“.

 

ამ დროს, რამდენჯერ გამომიჭერია, მის სიმღერებს რომ უსმენდა...

 

ალა პუგაჩოვა ან უყვართ, ან ვერ იტანენ...

 

მაგრამ მის მიმართ გულგრილი კაცი არ მინახავს...

 

ეს ბევრი, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანის ხვედრია და მე ასეთ ადამიანებს პატივს ვცემ...

 

ერთი ფაქტია, როგორც არ უნდა არ გიყვარდეს პუგაჩოვა, იმის უარყოფა, რომ სწორედ ალა პუგაჩოვამ მოახდინა რევოლუცია და გარღვევა იმდროინდელ საბჭოთა ესტრადაში და შექმნა მასში თავისი საკუთარი ეპოქა, - შეუძლებელია... უბრალოდ უსამართლობა იქნებოდა...

 

ან კიდევ რატომ არ უნდა გიყვარდეს?

 

არსებობს საესტრადო სიმღერები, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნოა მოსასმენად და წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა მოდიდან გადადიან, მაგრამ აქვთ რაღაცა ისეთი პეწი, ერთხელ რომ მოისმენ, გულიდან აღარ გადიან...

 

დღეს რომ ანა პავლოვას ცეკვას შეხედოთ, ელემენტების სირთულის და შესრულების ტექნიკით, სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ანა პავლოვა ანა პავლოვად რჩება...

 

ალას რეპერტუარში ბევრია ისეთი სიმღერა, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდა...

 

„Посидим, поокаем“, „По улице моей“, „На Тихорецкую“, „Не отрекаются любя“, „Сонет Шекспира“, „Когда я уйду“, „Маэстро“, „Миллион алых роз“, „Песня на „бис“, „Старинные часы“, „Ты на свете есть“...

 

მოდით, გინდათ, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ (მე ადრეც ჩამიტარებია), - ალას „არამოსიყვარულეთა კლუბის წევრებს“ ცოტა ხანს წავეკამათოთ ალაზე და შეკითხვები დავუსვათ - აი, რა არ მოგწონს მაგალითად ალას შემოქმედებაში და ისე სხაპა-სხუპით ჩამოგითვლიან 10 სიმღერას და თანაც წაიმღერებენ, რომ გულში გაგეცინება, როცა არ გიყვარს შემსრულებელი, რატომ უნდა იცოდე ზეპირად სიმღერები, რომლებსაც ის ასრულებს?

 

ამის წინ ერთერთ პორტალზე დაიდო ალას ბოლო ფოტო და წავიდა წარწერები - „სოვბეზი“, „პენსიონერკა!“, „რაღა დროს ალა პუგაჩოვაა!, „რას ჰგავს“’ „დაჭიმული კანი აქვს“ და ა.შ. ჯერ მართლა მეწყინა და მერე მივხვდი - „ცოტა-ცოტა და პაწია-პაწია შურთ“! თანაც რატომღაც სწორედ ლამაზ და კანგადაუჭიმავი ასაკის გოგოებს...

 

პარადოქსია, მაგრამ ასეა...

 

მოდით, მივიდეთ ალას ასაკამდე და მერე ვნახოთ, ვინ და როგორ შევხვდებით ამ სოლიდურ თარიღს...

 

მე გეფიცებით, მხოლოდ გამიხარდება, სულ რომ არ შეიცვალოთ...

 

ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ აი, შური რა არის, მართლა არ ვიცი...

 

ბევრი ადანაშაულებს ალას, - რამდენიმე ქმარი ჰყავდაო და ბოლოს ცოლად „პატარა ბიჭებს“ მიჰყვებოდაო...

 

ეს კი, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ჩვენი საქმე... თუმცა, აქვე დავაზუსტებ, - ქმარი ჰყავდა 5 ცალი.

 

ალა არის უდავოდ არაორდინარული, შემოქმედებითი, უნიჭიერესი და ემოციებით სავსე ადამიანი... ამიტომაც მისი განსჯა ძნელია...

 

ერთხელ მან განაცხადა, რომ მის გამო მამაკაცები ჩადიოდნენ გმირობებს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ის ცოლად მოყავდათ...

 

ფილიპ კირკოროვზე თქვა. რომ ეს იყო მისი შეცდომა, მაგრამ „ეფექტური“!!!

 

რაც შეეხება მაქსიმ გალკინს, მე მაგალითად, მჯერა, რომ მათ ერთმანეთს გაუგეს, 15 წელია კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს, ზრდიან ტყუპებს - ელზა და გარის, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა... ჩანან ბედნიერები და რატომ გვიყვარს ყველაფერში რაღაცის გამოძებნა?

 

თურმე კირკოროვი, რომელსაც ალა მართლა უყვარს და ენატრება, ხშირად სტუმრობს მათ და ერთხელ გალკინს შეეკითხნენ - „არ ეჭვიანობთო?“. რაზედაც მან მისთვის ჩვეული იუმორით განაცხადა, - „არა, კირკოროვი ხომ ჩვენი განაჩენიაო“...

 

ალა პუგაჩოვა მხოლოდ იმისთვის არის დასაფასებელი, რომ არასდროს არ უმღერია არცერთი სიმღერა, რომელიც არ უყვარდა და თვლიდა, რომ მისი სიმღერა არ იყო და ვერავინ ვერ აიძულა ამის გაკეთება...

 

და, რაც მთავარია, ამის მიუხედავად, ყველა პრივილეგია მიიღო!

 

ერთხელ ალა პუგაჩოვამ განაცხადა - „მე ყოველთვის ვეუბნებოდი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვთქვათ და გამაგდებთ სცენიდან, დავიწყებ წიგნების წერას და ხატვას... ამასაც ამიკრძალავთ, მაინც რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ ბოლომდე ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა, ისეთივე შინაგანი თავისუფლების გრძნობით, როგორც ყოველთვის! და, წარმოიდგინეთ, მითმენდნენ...“

 

ალას ეს დამოუკიდებელი ხასიათი ბავშვობიდანვე ჰქონდა... არასდროს არ აჩაგვრინებდა არავის თავს, რისთვისაც მეტსახელად ფელდფებელი შეარქვეს...

 

მოგვიანებით კი ეძახდნენ შაოს, რადგანაც იცავდა პატარა ებრაელ ბიჭს, სახელად შაო, რომელსაც ეზოში ყველა დასცინოდა...

 

ალა პუგაჩოვას პოლიტიკური კარიერა დაიწყო და დასრულდა კომკავშირის წევრობით... არ ყოფილა არასდროს კომპარტიის წევრი... ერთადერთხელ გამოხატა სიმპათიები მიხეილ პროხოროვის მიმართ, მაგრამ მალევე იმედები გაუცრუვდა...

 

თავისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიუხედავად, გააჩნია საკუთრი პრინციპები, რომლის გამოც, უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო „ABBA“-ს სოლისტების მიერ შეთავაზებულ მიუზიკლში „ჭადრაკი“ იმის გამო, რომ ის იყო მიმართული იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ალა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა...

 

ალამ არნახულ პოპულარობას მიაღწია 1976-1990 წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის ყველა ჰიტ-პარადის შეუცვლელი ლიდერი გახლდათ... მისი სიმღერები ყველამ ზეპირად იცოდა და თითოეულ სიმღერას სულმოუთმენლად ელოდნენ, რადგანაც იცოდნენ, - ეს იქნებოდა მისი მორიგი მონოსპექტაკლი...

 

ალა პირველად სცენაზე გამოვიდა 6 წლის ასაკში, ხოლო მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1968 წელს, როდესაც მან სოლისტად დაიწყო მუშაობა საცირკო და საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში...

 

სწორედ აქ გაიცნო მან კლოუნი, მიკოლას ორბაკასი, გაჰყვა მას ცოლად და გააჩინა ქალიშვილი კრისტინა...

 

ახალგაზრდა ოჯახს ძალიან უჭირდა და ალა მეუღლესთან ერთად დადიოდა გასტროლებზე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ხოლო საახალწლო დღესასწაულებზე, ფულის საშოვნელად, გამოდიოდა მოსკოვის ოლქის საბავშვო ბაღებში გამართულ კონცერტებზე... ის 7 თვის ფეხმძიმეც კი სცენაზე გადიოდა...

 

1972 წლიდან ალა პუგაჩოვა გახდა ოლეგ ლუდსტრემის ცნობილი სახელმწიფო საესტრადო ჯაზ-ორკესტრის სოლისტი და იმავე წელს მიიღო მონაწილეობა პოლონეთის ფესტივალში „Jazz Jamboree“. 1973 წელს, ალა დაინიშნა მოსკოვის საოლქო ფილარმონიის სოლისტად, და გაშორდა მეუღლეს.

 

1974 წელს პუგაჩოვა, საკავშირო ესტრადის მსახიობების კონკურსზე შეამჩნიეს ჟიურის წევრებმა იოსებ კობზონმა და კონსტანტინე ორბელიანმა და გაუწიეს ერთგვარი პროტექცია იმ დროისთვის სრულიად უცნობ, მაგრამ უკვე ყველასგან გამორჩეულ ალას, რომ მესამე ადგილი დაეკავებინა და მიეღო საკავშირო კონკურსის პრემიის ლაურეატის წოდება...

 

სწორედ ამ სტატუსმა და ისევ ორბელიანის რეკომენდაციებმა შეუწყვეს ალას ხელი იმაში, რომ 1975 წელს ის გააგზავნეს ბულგარეთის იმ დროისთვის საკმაოდ წარმომადგენლობით საერთაშორისო კონკურსზე „ოქროს ორფეოსი“, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი და სადაც ალამ მიიღო კონკურსის გრან-პრი ემილ დიმიტროვის სიმღერა „არლეკინოს“ შესრულებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ სიმღერამ, რომელსაც პუგაჩოვამ საავტორო და ნიჭიერი სიცილი დაამატა, ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ჟიურიმ მაყურებლების მოთხოვნა შეასრულა და პროტოკოლის მკაცრი დარღვევით, ალამ სიმღერა ბისზე გაიმეორა... ამას მოჰყვა პოლონეთის ქალაქ სოპოტის საერთაშორისო კონკურსში მიღებული ასევე გრან-პრი, სიმღერისთვის „Всё могут короли“...

 

სწორედ ამ კონკურსებში გამარჯვებით დაიწყო ალას ტრიუმფალური სვლა კარიერის მწვერვალებისკენ...

 

იყო დრო, როდესაც ალა, როდესაც უკვე სცენაზე გამოდიოდა, ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, სადაც საწოლის ნაცვლად პარკეტზე ლეიბი ჰქონდა გაშლილი...

 

ხოლო მისი პირველი ტელეინტერვიუს დროს, ერთ-ერთმა შეძლებულმა კოლეგამ და მეგობარმა, დაუთმო ფეშენებელური ბინა... ასე რომ, ჟურნალისტებს ალა შეხვდა სხვის სახლში, ხალათში გამოწყობილი... მისი მოსამსახურის როლს კი ასრულებდა სახლის პატრონის მეუღლე.

 

დღეს ალა ნამდვილ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც მისთვის ჯო დასენის ნაჩუქარი აბაზანა და კიდევ ბევრი ძვირფასი ნივთი ამშვენებს და ამას ყველაფერს მიაღწია მხოლოდ და მხოლოდ თავისი ნიჭით, ხასიათით და შრომისმოყვარეობით...

 

მე ამისთვის მას უდიდეს პატივს ვცემ...

 

ალას ჩაწერილი აქვს 500-ზე მეტი სიმღერა, გამოშვებული აქვს 17 ალბომი, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო... მისთვის სიმღერების დაწერა იყო კომპოზიტორებისთვის დიდი პატივი, მაგრამ მე პირადად, ყველაზე ძალიან მიყვარს პერიოდი, როდესაც ის თანამშრომლობდა რაიმონდ პაულსთან...

 

ჩემი აზრით, მისი შემოქმედება გახდა გაცილებით ღრმა და დახვეწილი...

 

მოგეხსენებათ, რამდენს ჭორაობენ ვარსკვლავებზე... ალა პუგაჩოვაც არ იყო გამონაკლისი და მაყურებელმა დაასკვნა, რომ წყნარ, ცოტა ფლეგმატურ და ინტელიგენტ რაიმონდს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ალასთან რომანი...

 

არც ალა და არც მაესტრო ამ საუბრებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ერთხელ ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაულსი იმდენად იყო შეყვარებული პუგაჩოვაში, რომ აპირებდა მისთვის თეთრი როიალის შეძენას... მთავარია, რომ ამ ჭორებმა „კეთილისმსურველი ადამიანების“ ძალისხმევით, მიაღწიეს რაიმონდის მეუღლემდე და ერთხელაც მან ალას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა თეთრ როიალთან დაკავშირებით... ალამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უარყო და დაამატა - „თანაც, თეთრი როიალი რა ხანია უკვე ისედაც მიდგასო“ (ამ დროს, როიალი საერთოდ არ ჰქონდა... მეორე დილით კი გავარდა მაღაზიაში, იყიდა იაფი შავი როილი, რომელიც თეთრად გადააღებინა, რათა ტყუილი არ გამოსვლოდა).

 

ალამ მოწევა დაიწყო 14 წლის ასაკში და მთელი ცხოვრება ებრძოდა ამ მავნე ჩვევას... რაც არ ეცადა, პლასტირებს იწებებდა, გადადიოდა ელექტრონულ სიგარეტებზე, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნია და განაცხადა, - „სიგარეტის გადაგდების მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს, - მოკვდე“...

 

ალა ასევე მთელი ცხოვრება ებრძვის ზედმეტ წონას... თანაც ამ საკითხშიც, როგორც ყველა დანარჩენში, - „მაქსიმალისტკაა“... ვერ ხდება თანდათან და მეცნიერულად... იყენებს ექსტრემალურ დიეტებს და თვეში 30 კილოგრამამდე დაკლება შეუძლია... როცა არ გამოდის, თავს ანებებს და აცხადებს - „ჯერ ერთი მე ლამაზი ვარ და მეორეც, არა გამხდარი...

 

როგორც წესი, წელიწადში ერთხელ (ბოლოს ეს ინტერვალი გაიზარდა), ის ახდენდა ხოლმე აჟიოტაჟს თავის ახალ იმიჯით გამოჩენით...

 

მისი თქმით, - „ყველა მილოცავს, მე კი ვფიქრობ, - „რა საშინელებაა - კაბა და გამხდარი პუგაჩოვა - სენსაციაა, მუსიკაზე კი არავინ არაფერს არ მეუბნება“...

 

აქვე არ შემიძლია არ გავუსვა ალა პუგაჩოვას ერთ-ერთ მთავარ თვისებას, რამდენადაც ნიჭიერი მსახიობია სცენაზე, იმდენად გულწრფელია ცხოვრებაში...

 

პუგაჩოვას თქმით, ყველაზე მეტად, რასაც ვერ იტანს, არის კოღოები ღამით და ოცნებობს, რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი... თან უამრავ სიკეთეს გააკეთებდა, და თანაც, თავში ურტყამდა ამ ჯოხს, ვინც ამის ღირსია...

 

მე კიდევ ძალიან მომწონს მისი გამოთქმა - „შეცდე - არ არის საშიში... საშიშია, შენი შეცდომები თან გაიყოლიო“...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და შეცდომაგამოუყოლებელ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი