logo_geo
1946 წლის 16 აპრილს რამაზ გიორგობიანი დაიბადა
- +

16 აპრილი. 2019. 18:06

 

 

როდესაც ვიხსენებ კაცს, რომელსაც დღეს მინდა გულით მივეფეროთ, პირველი, რაც მახსენდება, არის მაღალი, თხელი, სევდანარევი და ამავე დროს იმედისმომცემი ბიჭი, დამოკლებულ შარვალში, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ქოლგებიც ნებით მიჰყვებიან და რომლის ნახტომიანი ნიჭიერი გავლა, ჩემთვის მაიკლ ჯექსონის „მთვარიან სიარულზე“ უფრო მეტს ნიშნავს... რამაზ გიორგობიანი, საოცრად ნიჭიერი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და უსათნოესი ადამიანი, დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1946 წლის 16 აპრილს...

 

მე ბავშვობიდან ვიცნობდი მის დედას, ულამაზეს ქალბატონ ნუცა მიქელაძეს, ოპერის ყოფილ პრიმადონას, რომელსაც პოეტი ირაკლი აბაშიძე „საქართველოს იადონს“ ეძახდა. რამაზის დას, მაიჩკა გაჩეჩილაძეს, რომელიც ჩემთვის სულ მაიჩკა რჩება, თუმცა დღეს უკვე პროფესორია... და კიდევ მახსენდება რამაზის მამინაცვალი, ოპერის თეატრის რეჟისორი, ბატონი გივი გაჩეჩილაძე, შესანიშნავი კაცი, მაღალი, საიმედო და უთბილესი... არ მიყვარს სიტყვა მამინაცვალი... მამას ვერავინ შეცვლის, ისევე როგორც დედას... რამაზს შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონი დუტუ, რომელიც არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ ყოველდღე გვერდით ჰყავდა კაცი, ვისაც შვილივით უყვარდა, თანაც იმდენად, რომ მაიას მონაყოლით, ის მთელი ბავშვობა ეჭვიანობდა...

 

ერთხელ „ჩუსტებიც“ კი დაუჭრია რამაზისთვის და თან ამბობდა - „ესეც თქვენი რამაზიკოო“! ხელს უშლიდა მეცადინეობაში და რამაზი კი ხუმრობით იძახდა - „ეს ბავშვი აქედან მომაშორეთო“... არადა, მაიას სახელი შეარქვა სწორედ რამაზმა, მეგობრებთან სერიოზული თათბირის შემდეგ...

 

მერე, რა თქმა უნდა, ისინი საოცრად დაუახლოვდნენ ერთმანეთს...

 

მაია ჰყვება, რომ რამაზი მისთვის მხოლოდ ძმა კი არ იყო, მასწავლებელიც იყო... მუდამ გვერდში ედგა, რჩევებს აძლევდა, საინტერესო წიგნები მოჰქონდა, მაგრამ კი არ ზღუდავდა, პირიქით, თავისუფლებას აჩვევდა... თუმცა, ხშირად უმეორებდა ერთ ფრაზას - „ენამ არ უნდა გაასწროს ტვინსო“...

 

მართლაც ასეა, უცნაურ რამეს ვიტყვი და თავისუფლება, ჩემი აზრით, უნდა იყოს დაფიქრებული და ზრდილობიანი, როგორც თავისუფლებას ეკადრება და სულ არ გულისხმობს ამაღლებულ ტონებს და დაუფიქრებელ ქცევებს და მითუმეტეს ვინმეს ლანძღვას...

 

ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ თავიდან რამაზი სწავლობდა ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე... ანუ, კოლეგები ვყოფილვართ...

 

აქამდე მხოლოდ ბატონი ოთარ იოსელიანის მაგალითი მომყავდა იმისთვის, რომ ამაყად განმეცხადებინა - მათემატიკა უნივერსალური საგანია... თუ გაუგებ და შეიყვარებ, ყველაფერში გამოგადგება, ხელოვნებაშიც, პოეზიაშიც, ხატვაშიც... რადგანაც ის სულაც არ არის „ცივი“ და „ზუსტი“, როგორც ბევრს ჰგონია... მათემატიკა გონებას გიხსნის და ფანტაზიის უდიდეს საშუალებებს გაძლევს...

 

დღეიდან კი, ამის დასადასტურებლად, რამაზ გიორგობიანსაც მოვიყვან მაგალითად...

 

მართალია, მერე გადავიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ, რაც მთავარია, მათემატიკით ხომ დაიწყო...

 

ის საერთოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, შესანიშნავად წერდა, ხატავდა, სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით, გადასარევად სრიალებდა თხილამურებზე...

 

მსახიობი კი, სრულიად შემთხვევით გახდა...

 

ის მათემატიკური ოლიმპიადის დროს, აღმოაჩინა ბატონმა ოთარ იოსელიანმა და მიიწვია ფილმში „გიორგობისთვე“, ნიკოს როლში...

 

ისე კი, რა სიმბოლურია, გვარად გიორგობიანის დებიუტი „გიორგობისთვეში“ რომ შედგება...

 

ეს მაგალითად, იგივეა, მე რომ ოპერა „ლელაში“ მემღერა...

 

მართალია, როლი კი მშვენივრად ითამაშა, მაგრამ თავად ფილმი ჩათვალეს „ანტისაბჭოთა“ ფილმად და კომპარტიის ცკ-ში მიდიოდა წერილები, სადაც ითხოვდნენ მის განადგურებას და დაწვას...რადგანაც იგი „სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს“...

 

ცნობისთვის, ფილმმა „გიორგობისთვემ“, რომელიც „ჭაობისკენ მიაქანებდა შემოქმედს“, მიიღო ცნობილი ფრანგი ისტორიკოსისა და კინოკრიტიკოსის, ჟორჟ სადულის სახელობის პრესტიჟული პრემია...

 

შემდეგ კი რამაზმა ითამაშა როლი ჩემს საყვარელ ფილმში, მიხეილ კობახიძის „ქოლგაში“...

 

რამაზი ამ ფილმში საოცარია... ერთი შეხედვით ეპიზოდური როლია, როგორც ორი დანარჩენი, მაგრამ ამავე დროს სხვანაირად გხვდება გულზე...

 

ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა, თითოეულ დეტალს...

 

გეფიცებით, ბოლომდე არ ვიცი, იქ რამაზი ქოლგის როლს ასრულებს, თუ პირიქით, ქოლგა რამაზის როლს...

 

ფილმი დაჯილდოვდა კრაკოვსა და მელბურნში...

 

ყველას გვახსოვს მისი სოსო ბატონი ელდარ შენგელაიას განუმეორებელ ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“... „ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის“...

 

მინდა, მოგახსენოთ, რომ ძალიან ვენდობი ჩემი შვილიშვილის, ანდრიას გემოვნებას და შეფასებებს...

 

მაგალითად, ხშირად მთხოვდა, ჩამერთო „ლამაზი და ხელებიანი გოგო“...

 

ცნობისთვის - ეს გახლავთ მაია პლისეცკაია - „მომაკვდავ გედში“ რომ ფრთებივით ხელებს სასწაულად, გედზე უფრო ლამაზად ათამაშებს...

 

დაახლოებით ერთი წლის წინ კი, ანდრიამ ნახა „მხიარული რომანი“ და იმის შემდეგ შეყვარებულია ხათუნა კოტრიკაძეში და რამაზ გიორგობიანში...

 

განსაკუთრებით უყვარს, ერთად რომ მღერიან დუეტს და აჰყვება ხოლმე - „რა იქნება, შენს ეზოში მეც ვიყო!“. რამაზს „კარგ ბიჭს“ ეძახის... იპოლიტე ხვიჩიას „ვითომ ცუდ კაცს“... ეს ბავშვები მართლა, ბევრ უფროსზე მეტს გრძნობენ...

 

რამაზი ჩემს მამიკოსაც განსაკუთრებით გამორჩეულად უყვარდა...

 

ერთხელ სახლში მივედი და ამბავი დამახვედრა - „რამაზმა დამირეკა და მიგიწვია სინჯებზეო... საქმე ეხებოდა ფილმს - „ვილაპარაკოთ ქართულად“...

 

თან დააყოლა - „ისეთი კარგი ბიჭია, აუცილებლად მიდიო“...

 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ კარგი ბავშვი ვიყავი და სინჯებზე მანამდე 2-ჯერ მიმიწვიეს... ერთხელ „ნატვრის ხეში“, მეორეჯერ „პირველ მერცხალში“...

 

ზურიკომ არ გამიშვა...

 

ისე, რა კარგი ქნა...

 

სინჯებზე ლიკას რომ ვნახავდი ან ია ნინიძეს, ჩემი ფეხით ეგრევე უკან გამოვიპარებოდი, სანამ მეტყოდნენ, მაგრამ...

 

ახლა დავდივარ და ვიპრანჭები - მიმიწვიეს და არ წავედი-მეთქი...

 

მოკლედ, რამაზთან სინჯებზე მივედი...

 

რად გინდა?

 

პირველივე წამიდან მივხვდი, რომ სინჯებს ვერ გავივლიდი...

 

ანჯაფარიძეები, გენეტიკურად ვერ ვიტანთ კამერებს და ფოტოაპარატებს...

 

სცენა - კი, ბატონო, მაგრამ კამერა - არა და არა!!!

 

ზურიკოს ერჩივნა, 5 სპექტაკლი ემღერა ცოცხლად, ვიდრე 5 წუთი ტელევიზიაში გამოსულიყო...

 

არადა, ვხედავდი, რომ რამაზი უხერხულ დღეშია...

 

პირდაპირ ვერ მეუბნება და დავეხმარე - სინჯებიდან გავიპარე...

 

იმის მერე რამაზი აღარ მინახავს...

 

ახლოს მართლა არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი კარგი აურა ჰქონდა...

 

გაწყნარებდა...

 

რამაზის ოცნება იყო, გამხდარიყო რეჟისორი და აპირებდა, მოსკოვში დაუფლებოდა ამ პროფესიას, მაგრამ ამ დროს თბილისში გაიხსნა კინოსარეჟისორო ჯგუფი და რამაზმა იქ ჩააბარა და გახდა ბატონი თენგიზ აბულაძის მოსწავლე...

 

სამწუხაროდ, რამაზის მიერ გადაღებული პირველი ფილმები ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა - 90-იან წლებს და ის ღირსეულად ვერ შეაფასეს...

 

მეოთხე მისი ფილმი კი, „მორევი“ საერთოდ საბედისწერო აღმოჩნდა...

 

ფილმის ჩვენება შედგა რამაზის უეცარი, ინსულტისგან გარდაცვალების შემდეგ...

 

ფილმია ძალიან მძიმე, ის არის კაცზე, რომელიც ცხოვრებამ მორევივით ჩაითრია და მასში რამაზმა ჩააქსოვა თავისი ცხოვრებისეული ტკივილი და საკუთარი ისტორიები...

 

ეტყობა, ვერ გაუძლო...

 

რამაზი ის ადამიანი იყო, ვინც ყველაფერს განიცდიდა და უსიტყვოდ გულში იკლავდა... სხვას არ აწუხებდა თავისი დარდით...

 

რამაზი გარდაიცვალა 49 წლის ასაკში... დარჩა მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე და ქალიშვილი თინათინი...

 

სამწუხაროდ, შვილიშვილს ვერ მოესწრო...

 

მაგრამ გენებს ხომ ვერსად ვერ გაექცევი...

 

რამაზი ვერ იტანდა უსამართლობას, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გააჩნდა და სწორედ ამ ნოტზე მინდა დავასრულო მისი გახსენება...

 

რამაზის მეგობარი, ლევან ჭუმბურიძე ჰყვებოდა, რომ ერთხელ ინდოეთიდან მოსკოვში ჩავიდა და გაუგია, რომ ამ დროს რამაზიც მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა, სასტუმრო „მოსკვაში“... მისულა სტუმრად და ნომერში რომ შესულა, დაუნახავს, რომ რამაზს ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები „მატრიოშკებივით“ ჰქონია დაწყობილი და ამაყად უკითხავს - მოგწონსო?

 

- გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? - ვკითხე.

 

- იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო „მოსკვას“ მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი - Заверните мне Ленина!“-ო...

 

ასეთი იყო რამაზ გიორგობიანი, საოცარი შინაგანი კულტურის ადამიანი, ნიჭიერი, სამართლიანი, ლამაზი კაცი...

 

უამრავი გეგმა ჰქონდა... ბევრის გაკეთება ვერ მოასწრო... მაგრამ დატოვა თავისი ლამაზი კვალი ქართულ კულტურაში, ჩვენს მეხსიერებაში და გულებში...

 

ვუყურებ მის ფოტოებს და სითბო მეღვრება გულში...

 

ეს ყველაფერი რომ არც წაიკითხოთ და უბრალოდ მათ შეხედოთ, უსიტყვოდ ჩანს ყველაფერი...

 

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი