logo_geo
1949 წლის 20 აპრილს ჯესიკა ლენგი დაიბადა
- +

20 აპრილი. 2019. 17:48

 

 

სწორედ ამ დღეს და ზუსტად 70 წლის წინ, 1949 წლის 20 აპრილს, მინესოტას შტატის ქალაქ კლოკეტში დაიბადა ამერიკული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მშვენიერი მსახიობი, ფოტოგრაფი, ფილანტროპი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი, „ოსკარის“ პრემიის ორგზის, „ემის“ პრემიის სამგზის. „ოქროს გლობუსის“ პრემიის ხუთგზის და „ტონის“ პრემიის ლაურეატი, ჯესიკა ლენგი (ადრე ყველა ვიცნობდით, როგორც ჯესიკა ლანჟს, მაგრამ ისიც დეკომუნიზაციის მსხვერპლი გახდა) ქალბატონი, რომელმაც მოხიბლა არა მხოლოდ ჯეკ ნიკოლსონის ფრენკ ჩამბერსი („ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“), დასტინ ჰოფმანის ტუტსი, ლეგენდარული მოცეკვავე, მიხეილ ბარიშნიკოვი და მთელი მსოფლიოს დანარჩენი მამაკაცები, არამედ ერთი საშინელი და გაბურძგვნილი არსებაც, რომელსაც ერქვა კინგ-კონგი...

 

საცოდავი დიდი და გულწრფელი გორილა, სიტყვებით - „სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელი“, ავიდა ნიუ-იორკის ტყუპი კოშკებიდან ერთ-ერთზე და იქიდან ჩამოგდებული, ემსხვერპლა იმ პატარა ქალბატონის სილამაზესა და ხიბლს, რომელიც მის ცალ ხელისგულზე ეტეოდა..

 

შესანიშნავმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა, ჯესიკას პარტნიორმა ფილმში „ტიტუსი“ მასზე ერთხელ თქვა - „ჰოლივუდში ხშირად ამბობენ - „იცხოვრე ნამდვილი ცხოვრებით“ - მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს ამას. ჯესიკამ კი ეს ბოლომდე შეძლო“…

 

ჯესიკა ლენგს მართლაც საოცარი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა…

ჯესიკას მამა პროფესიით კომივოიაჟერი იყო და ჯესიკამ ბავშვობაში 18-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა… მისი მოგონებით, - „მამა იყო საოცარი ადამიანი. ის გაჟღენთილი იყო ემოციებით… მეც ზუსტად ასეთად გავიზარდე“…

 

ჯესიკა ბავშვობიდან ოცნებობდა რაღაც მიუწვდომელსა და განსაკუთრებულზე… 1968 წელს მან თავი დაანება მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას, ცოლად გაჰყვა თანაკურსელს, ესპანელ პაკო გრანდეს და დაიწყო ჰიპური წესით ცხოვრება… მეუღლეები მოგზაურობდნენ ძველი პიკაპით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში…

 

ცოტა ხანში ჯესიკას ცხოვრების ეს სტილი მობეზრდა და გაემგზავრა პარიზში პანტომიმის ხელოვნების შესასწავლად… ცოტა ხანში კი მხატვრობამ და ფოტოგრაფიამ გაიტაცა… 2 წლის შემდეგ ჯესიკა დაბრუნდა ამერიკაში, სადაც დაიწყო თანამედროვე ცეკვების შესწავლა, რაც შემდგომში საოცრად გამოადგა გადასაღებ მოედანზე…

 

სხვათაშორის, ჯესიკა ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ცეკვებმა ის „გადაარჩინეს და გაათავისუფლეს“, რადგანაც მანამდე, ის ძალიან მორცხვი და შებოჭილი იყო და უჭირდა ადამიანებთან კონტაქტში შესვლა…

 

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ჯესიკა შევიდა სამსახიობო ოსტატობის შემსწავლელ სტუდიაში, სწავლისათვის საჭირო ფულს კი შოულობდა ოფიციანტად მუშაობით… სწორედ მაშინ, მის დახვეწილ და ცოტა „ველურ“ სილამაზეს ყურადღება მიაქცია პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელიც ეძებდა მსახიობს ფილმ „კინგ-კონგში“ გადასაღებად. მან 100-ზე მეტი კანდიდატურა განიხილა, მაგრამ ჯესიკამდე ყველა დაიწუნა…

 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, მაყურებელმაც და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმაც სათანადო ყურადღება მიაქციეს ჯესიკას… ამ ფილმში გადაღებისას, ჯესიკა 27 წლის იყო…

 

მაგრამ ნამდვილ წარმატებას ჯესიკა ლენგმა მიაღწია 32 წლის ასაკში, როდესაც შეასრულა კორა სმიტის როლი დრამაში „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“. ამ ფილმის შემდეგ ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა…

 

მისი დუეტი ჯეკ ნიკოლსონთან მართლაც შეუდარებელი იყო… დღესაც მახსოვს ის წითელორნამენტიანი კაბა, კორა „სირტაკს“ რომ ცეკვავს, ქმრის ბერძენი ნათესავების ქორწილში, ის წითელი ნავი, რომელშიც კორას და ფრენკს ბედნიერებისკენ უნდა გაეცურათ და ბოლოს... ის სევდისფერად ცისფერი კაბა, ჯესიკას ავარიის სცენაში რომ ეცვა...

 

თავისი პირველი „ოსკარი“ ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ტუტსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევს დასტინ ჰოფმანი. სხვათაშორის, ჯულის როლი ამ ფილმში ჯესიკას მთელ კინოკარიერაში ერთადერთი რომანტიკული როლია… დანარჩენ ფილმებში ის ყოველთვის ძალიან რთული ბედის მქონე ქალების როლებს ასრულებდა…

 

ჯესიკა ლენგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი გახლდათ ამერიკელი მსახიობის - ფრენსის ფარმერის როლი გრემ კლიფორდის საკმაოდ მძიმე ფილმში „ფრენსისი“, სადაც მსახიობმა ბოლომდე გახსნა თავისი დრამატული ნიჭი… ქალის როლში, რომელმაც დაიწყო წარმატებული სამსახიობო კარიერა, ავიდა ჰოლივუდის მწვერვალებზე და ცხოვრება ლოთობასა და დეპრესიაში დაასრულა…

 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ იმ წელს, როდესაც ლენგი იყო ნომინირებული „ოსკარზე“ „ტუტსი“-ში მეორე პლანის საუკეთესო მსახიობის როლზე, ის ერთდროულად იყო ნომინირებული „ფრენსისში“ ქალის საუკეთესო როლისთვის, მაგრამ აქ აჯობა მერილ სტრიპმა თავისი ბრწყინვალე როლით ფილმში „სოფის არჩევანი“ და ლენგი იყო პირველი, ვინც მთელი გულით მიულოცა...

 

მეორე „ოსკარი“ კი ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ცისფერი ცა“, რომელშიც ასევე განუმეორებელია მისი დუეტი საოცარ მსახიობ ტომი ლი ჯონსთან…

 

თუ ეს ფილმი ნანახი არა გაქვთ, გირჩევთ, რომ ნახოთ... ჩემი აზრით, ორი მსახიობის მართლა იშვიათი დუეტია... თანაც, კრიტიკოსების შეფასებით, „ასეთი მომხიბვლელი ჯესიკა არასდროს არ ყოფილა და ცეკვავს ისე, რომ თავად ბარიშნიკოვსაც არ დაესიზმრება!“

 

მე კიდევ, დღეს დავიწყებ 2017 წლის სერიალ „მტრობის“ ყურებას, რომელიც ორი კინოვარსკვლავის, - ჯოან კროუფორდისა და ბეტ დევისის პაექრობის ისტორიაზეა შექმნილი და მთავარ როლებს ასრულებენ - ჯესიკა ლენგი და სიუზენ სარანდონი... წარმომიდგენია, რა სიამოვნებას მივიღებ!

 

ჯესიკა ლენგის კიდევ უამრავ როლზე შეიძლება საუბარი, მათ შორის თეატრალურზეც, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა…

 

აღსანიშნავია, რომ მოუსვენარი ჯესიკა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დაუბრუნდა ფოტოგრაფიას და მისი გამოფენები დიდი წარმატებით სარგებლობს…

 

ის დღესაც ფორმაშია (პირველი ფოტო გადაღებულია 3 წლის წინ), ეწევა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას, მაგრამ უფრო მეტ დროს თავისი შვილების აღზრდასა და ოჯახს ანდომებს. მას 3 შვილი ჰყავს… უფროსის, ალექსანდრას მამა ცნობილი მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვია, რომელთანაც ჯესიკას საოცარი რომანი ჰქონდა... ალექსანდრას ზუსტად დედასავით მარცხენა ხელზე კელტური ჯვრის ტატუ ამშვენებს…

 

ქალიშვილი ჰანა და ვაჟი სემი მან გააჩინა დრამატურგი სემ შეპარდისგან, ვისთანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობები ოფიციალურად არ გაუფორმებიათ…

 

თავად ჯესიკას არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე... ის ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუებს... თანაც ჟურნალისტებს, მასთან შეხვედრის წინ, მკაცრად აფრთხილებენ - „ოღონდ მის ქმრებზე არ ესაუბროთო“...

 

ჯესიკა გაურბის ხალხმრავალ შეკრებებს, ამიტომაც არასდროს უცხოვრია ლოს-ანჟელესში, მთელი ცხოვრება უარს ამბობდა მოდების სახლებისა და კოსმეტიკური ბრენდების რეკლამებში მონაწილეობაზე...

 

ერთხელ ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვა - „რატომ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი?“ და უცებ მოულოდნელი პასუხი მიიღო:

 

- ფული მჭირდებოდა:...

- რისთვის?

- მომვლელისთვის...

- ოჯახში გყავდათ ვინმე ავად?

- ჩემი მექსიკელი საქმრო... მას მხედველობამ უმტყუნა და სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა. მე მაშინ ნებისმიერი სამუშაოსთვის ვიყავი მზად...

 

ჟურნალისტს ძალიან უნდოდა გაერკვია იმ მექსიკელი საქმროს ამბავი, მაგრამ გაახსენდა ინტერვიუს წინ მიცემული დაპირება...

 

ჯესიკა ყოველთვის იყო ძლიერი და დამოუკიდებელი... არასდროს არავისთვის არ უთხოვია დახმარება, მაგრამ ერთხელ წამოსცდა - „არსებობს ასეთი ფემინისტური მითი, რომ ჩვენ, ქალებს, ყველაფერი შეგვიძლია... მე ასე არა მგონია“.

 

მეც ასე არ მგონია...

 

არც ქალებს არ შეუძლიათ ყველაფერი კაცების გარეშე და კაცებს ჩვენს გარეშე ხომ... საერთოდ...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულიან დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი