logo_geo
მაია კახიძე: რა შუაშია სულხან-საბა და...
- +

20 აპრილი. 2019. 23:24

 

 

რა შუაშია სულხან-საბა და...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

(ამონარიდი დოკუმენტური პროზიდან)

 

ერთ სიტყვით, თბილისის შუაგულში, „კიროვზე,“ „სტელას“ ბაღის გვერდითა კიბე ავირბინე და მსახიობთა სახლში, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, დიდებულ რეჟისორს, ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს ვესტუმრე. საინტერესო კაბინეტი ჰქონდა, რას არ შეიტყობდი კედლებიდან, მაგრამ ის პირველ რიგში, საუცხოო მთხრობელი იყო, თან, ისეთი იუმორი ჰქონდა, ყოველთვის მიმიხაროდა მასთან. სახლშიც ვყოფილვარ, თეატრში, კინოსტუდიაში, თუმცა, ბატონი გიგა ისეთი ენაწყლიანი გახლდათ, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა სად ვხვდებოდით ერთმანეთს.

 

იმჯერზეც, სიხარულით გავეშურე ბატონ გიგასთან. ერთი გემოზე „შემოვურბინეთ“ მთას და ბარს, თეატრსა და კინოს, მთავრობას, სიყვარულს, მწერლობას, უფრო სწორედ, პიესებს და სცენარებს, თანამედროვე დრამატურგებს...

 

ვერ მოვისვენე და ვკითხე:

 

- დრო კი გავიდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, მართლა გჯერათ, დაჭრილი დათა თუთაშხია მდინარეში რომ გადავარდა? ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს თქვენთვის სხვა ვერსიაც ხომ არ გაუზიარებია ან მისტიკაზე ხომ არაფერი უთქვამს?

 

- ბევრი ვიმუშავე ფილმზე და სცენარზე, ლამის ზეპირად ვიცი წიგნიც და ამდენად, კარგად შევიცანი დათა, ნამდვილად იზამდა მაგ საქმეს. ჭაბუა კიდევ ისეთი მწერალია, ზედმიწევნით კარგად იცის, რას წერს, როგორ წერს და რატომ წერს (ეჰ, მაშინ ორივე ცოცხალი იყო...).

 

მერე, ბატონმა გიგამ დიდი ფილა შოკოლადი მაჭამა, ჰაეროვანი კოცნაც მაჩუქა, ერთი გემოზე გამიღიმა დამშვიდობებისას და მეც ჩქარი ნაბიჯით გამოვეშურე. როდესაც ჟურნალისტს კარგი რესპოდენტი გყავს, გულწრფელად გიხარია, იმიტომ, რომ ზუსტად იცი, ღირებული და საინტერესო მასალა გამოგივა.

 

აი, ასეთ მშვენიერ გუნებაზე გავუყევი „კიროვის“ ქუჩის თავდაღმართს. მარცხენა მხარეს მივდიოდი, რადგან მეტროთი ვაპირებდი შინ დაბრუნებას. სწორედ იმ დღეს, ჩავიცვი ახალი პალტო, ძალიან მიხაროდა და „ყვითელი წიწილა“ წვიმიანი დღის და სიცივის მიუხედავად, მაინც ბედნიერი მივტუტუსებდი ჩემს საყვარელ თბილის ქალაქში.

 

ჰოდა, აი, უნდა გადავჭრა ქვაფენილიანი მონაკვეთი სულხან საბას ქუჩის შესახვევთან (კანცელარიის შენობაც ხომ იქვეა, ასიოდე მეტრში) და უდიდესი სისწრაფით შემოუხვია კი არადა, შემოვარდა შავი ფერის სამთავრობო ნომრიანი მანქანა. წამიერად შევხედე და დათასავით შევეცადე გვერდზე გახტომა თუ გადახტომა (ახლა ძნელი სათქმელია), მერე ყველაფერი გაბუნდოვნდა...

 

საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ოღონდ, ვერ მივხვდი რა მტკიოდა, ვერც აღვიქვი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ვგდივარ ამ ჩემი ახალი, წიწილისფერი პალტოთი ცივ და სველ ქვაფენილზე და ვერ ვდგები. უცებ, ვიღაც, ასაკოვანი კაცი დამადგა თავს და რაღაცას მეკითხება. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერი მესმოდა. არ ვიცი, რამდენ ხანში, მაგრამ შემდეგ ხმებიც გავიგონე, ცაც დავინახე... როგორც იქნა, ის ასაკოვანი კაცი დამეხმარა, წამომაყენა, შემიდგა მხარში და მანქანისკენ წამიყვანა. წყლის ბოთლიც ჰქონდა, დამალევინა და ნელ-ნელა გონზე მოვედი: საავდმყოფოში წაგიყვანო, იმ კაი კაცმა. ვიუარე, სახლში მინდა-მეთქი. მისამართი ვუთხარი და დაძრა კიდეც მანქანა. მთელი გზა „იმ მთავრობის მაშინას“ და მძღოლს ლანძღავდა, „კაკრაზ, უკან მოვყვებოდიო...“ მე თვალებმილულული ვისმენდი უცნობი ადამიანის ქოთქოთს და მიხაროდა, მარტო რომ არ ვიყავი იმ ცრიატში.

 

თანდათან ისიც გავაცნობიერე, „კაი“ მანქანამ, როგორ სწრაფადაც დამარტყა, სწრაფადვე როგორ გაუჩინარდა. სხვათა შორის, ადგილიდან რომ მოწყდა, საბურავების ღრჭიალის ხმაც კარგად გავიგონე, მერე არაფერი მახსოვს. სამაგიეროდ, „ნოლ ადინის“ მძღოლმა გადამარჩინა და პირველი დახმარებაც მან აღმომიჩინა. არადა, ტაქსისტმა კაცმა კაპიკი არ გამომართვა.

 

საკმაო დრო გავიდა იმ საღამოს შემდეგ, ის ჩემი მშველელი ასაკოვანი კაცი იყო და არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა, მაგრამ სულ ვლოცავ.

 

ჰო, ის ახალი პალტო გადასაგდები გამიხდა, ისეთი საუცხოო ფერი იყო, გული მართლა დამწყდა. მადლობა ღმერთს, მოტეხილობას გადავურჩი, მაგრამ დაბეგვილ-დაჟეჟილობა უარესი ყოფილა, კარგა ხანს დამტანჯა.

 

ზოგჯერ, დათა თუთაშხიას ნათქვამი მახსენდება: „გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიანო..“ იმ შავი მანქანის მძღოლი, იმ სიტუაციაში, იმით გამჟღავნდა, რომ დამარტყა, უმწეო მდგომარეობაში მიმატოვა და შემთხვევის ადგილიდან ლაჩრულად მიიმალა.

 

p.s. ...მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქუჩისკენ ქვევიდან მიმავალი, სულხან-საბას გადასახვევამდე ცოცხალი თავით დღემდე ვერ მივდივარ და მარცხენა მხარეზე ინსტიქტურად გადავდივარ. მრავალი წელია ასე ვარ და მივეჩვიე კიდეც, მგონია, რომ თვალები და ფეხები თვითონ აგნებენ გზას მწერალთა სახლისკენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი