logo_geo
„არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა დღეს!“ - დღეს ჯეკ ნიკოლსონის დაბადების დღეა
- +

22 აპრილი. 2019. 17:56

 

 

თუ გახსოვთ, ამ თვის დასაწყისში გაგაფრთხილეთ, კარგი იქნებოდა - სახლის კინოთეატრი რომ შეგეძინათ და ერთი პატარა სცენა...

 

აპრილი მართლა განსაკუთრებულად გამოირჩევა შემოქმედი ადამიანების დაბადების სიუხვით...

 

როგორც მათემატიკოსმა, აპრილს გამოვაკელი 9 თვე და გამოვიდა - აგვისტო...

 

ასე რომ, ვინც აპირებთ შვილების გაჩენას, გაითვალისწინეთ, მომღერლები, პოეტები და მსახიობები თუ გინდათ გამოვიდნენ...

 

აგვისტოში მეუღლეებს მაინცდამაინც კოჯორში, მეგობრებ-ნათესავებით და ცნობისმოყვარე ბოვშვებით გადავსებულ აგარაკზე ნუ აიყვანთ...

 

იყიდეთ ლამაზი და რომანტიკული ტური...

 

ზღვისფერი ზღვა, ცისფერი ცა, ზანტი ლოკოკინები, გადახლართული რვაფეხები, ბლომანჟეს დარი მედუზები, მარჯნის რიფები, გაჩეჩილი პალმები, მაცდუნებელი მაგნოლიები, დიდი ვარსკვლავები და აუცილებლად ერთი ცალი გულშიჩამწვდომი რომანსი ისწავლეთ...

 

ვისაც ცოტა სმენა არ ემორჩილება, „Bésame mucho“ ყველას ჯობია, ადვილად ისწავლება... თანაც სმენაზე მეტად, ემოციებს და ასო-ბგერა „ჩ“-ზე ვნებიან აქცენტს ითხოვს...

 

ასე რომ, ცოტა დაგაკვალიანეთ, მოვისვენე და წავედი გუგულების მოსაძებნად.

 

დღეს ძალიან მჭირდება ერთი ცალი მაინც... სიმართლე რომ გითხრათ, ფრინველებში ერთმანეთისგან ვარჩევ მხოლოდ მამალს, ფარშავანგს, სავარაუდოდ, ფლამინგოს და გედს, ამ უკანასკნელსაც იმ შემთხვევაში, თუ „პაჩკა“ აცვია ჩაიკოვსკის „გედების ტბიდან“...

 

ამიტომაც გუშინ ყურადღებით შევისწავლე, როგორ გამოიყურება გუგული… თურმე, ის გაურკვეველი ფერისაა, ჰგავს მიმინოს, ხოხობსა და მტრედს ერთდროულად, აქვს გრძელი ფრთები და ძალიან მოკლე ფეხები და, რაც მთავარია, ტოტზე დაჯდომისას ზურგი სწორად უჭირავს…

 

მე მგონი, ამ აღწერით გუგულს მე კი არა, საკუთარი დედაც ვერ იცნობდა…

 

არადა, მისი გადაფრენის დანახვა მართლა მჭირდებოდა ასოციაციისა და მუზისთვის, რადგან ზუსტად ამ დღეს, 1937 წლის 22 აპრილს დაიბადა ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, ამავდროულად ჩემი უსაყვარლესი ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, 12-ჯერ „ოსკარის“ ნომინანტი (რეკორდია!!!) და სამი „ოსკარის“ ლაურეატი, 7-გზის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, დიდებული და განუმეორებელი ჯეკ ნიკოლსონი!

 

როგორც თავად იძახის, მისი ცხოვრება თავიდანვე არეული იყო... დაიბადა ნამდვილად 22 აპრილს, მაგრამ ზუსტად არ იცის, სად - ნიუ-იორკში თუ ნიუ-ჯერსის შტატში და როდის - 1937/ თუ 1938 წელს...

 

რაც შეეხება მის მშობლებს - ეს ცალკე დეტექტივის სიუჟეტია ... 37 წლამდე ჯეკი თვლიდა თავის მშობლებად ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონს, რომელსაც მუდამ იხსენებდა, როგორც „წყნარ, მელანქოლიურ, სევდიან და ძალიან ნაზ კაცს“ და ეტელ მეი ნიკოლსონს.

 

1974 წელს კი, ჟურნალმა „Time“ გამოაქვეყნა დასაბუთებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ჯონი და ეტელი ჯეკის მშობლები კი არა, არამედ ბაბუა და ბებია ყოფილან, ხოლო მისი დედა იყო მათი ქალიშვილი, მომღერალი ჯუნ ნიკოლსონი, რომელსაც ჯეკი მთელი ბავშვობა აღიქვამდა როგორც უფროს დას...

 

მას ძალიან ადრე, 16 წლის ასაკში დაუწყია მოცეკვავის კარიერა და როდესაც მიხვდა, რომ ელოდებოდა ბავშვს მისი ჯგუფის ხელმძღვანელისგან, დონ ფურჩილოსგან, მისი მოცილებაც კი მოინდობა, თუმცა დონი მზად იყო - მთელი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე. სანამ ისინი კამათობდნენ, ყველაფერი გადაწყვიტა ჯეკის ბებიამ, - მან განაცხადა, რომ ჯეკს გამოაცხადებს თავის შვილად და გაზრდის როგორც საკუთარ შვილს...

 

როდესაც ჯეკმა ეს ამბავი გაიგო, სამწუხაროდ, მისი ოჯახის ყველა წევრი, ნამდვილი დედის ჩათვლით, გარდაცვლილი იყო და მაშინ განაცხადა - „ჩემთვის მთავარია, რომ ვიზრდებოდი სიყვარულის გარემოცვაშიო“...

 

ამ ამბის შემდეგ ის ხშირად უჭერს მხარს ფეხმძიმობის შეწყვეტის წინააღმდეგ კამპანიებს და იძახის - „ ჩემს დედას ეს შეცდომა რომ დაეშვა, დღეს არ გეყოლებოდათ მშვენიერი ჯეკ ნიკოლსონი“.

 

ნიკოლსონი სკოლაში ძალიან უყვარდათ, რადგანაც თავიდან ეძახდნენ „მსუქანას“, მაგრამ ისე ღირსეულად ეჭირა თავი, რომ სულ ცოტა ხანში ყველა პატივს სცემდა... თანაც მან ოპონენტებს მოუგო არა ჩხუბით, არა ბოღმით, არამედ კეთილმსურველობით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით... 1954 წელს ის „უფროსკლასელების საუკეთესო მსახიობად“ და საკუთარი კლასის „საუკეთესო კლოუნად“ გამოაცხადეს...

 

ჯეკი იმდენად უამბიციო ადამიანია, რომ გაუფრთხილებლად ეწვია სკოლის დამთავრების 50 წლის იუბილეს, რომელზეც არავინ არ ელოდა და თურმე მისი კლასელი გოგოები დღემდე არ ელაპარაკებიან იუბილეს ორგანიზატორ ბიჭებს იმის გამო, რომ სათანადოდ არ გამოიყურებოდნენ ნიკოლსონის დასახვედრად.

 

იყო პერიოდი, როდესაც ფულის საშოვნელად ჯეკი მუშაობდა მაშველად სარბოლო ტრასაზე ნიუ-ჯერსიში...

 

მისი პირველი სამუშაო ადგილი შოუ-ბიზნესში კი გახლდათ ანიმაციურ სტუდია „MGM“- ში შიკრიკის თანამდებობა.

 

ჯეკს ხატვა ბავშვობიდან ეხერხებოდა და ერთხელ მისი ესკიზები თვალში მოხვდათ „ტომი და ჯერის“ სერიალის შემქმნელებს ჯოზეფ ბარბერის და უილიამ ჰანს. მათ სერიოზული წინადადებით მიმართეს - გამხდარიყო მათი გუნდის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ მან განუცხადა, რომ აპირებდა მსახიობობას...

 

ჯეკ ნიკოლსონის პირველი კინოსინჯები ჩატარდა 1956 წელს... ამ სინჯებზე აღმოჩნდა, რომ მომავალი სამგზის ოსკაროსანის ყველაზე დიდი ნაკლი ყოფილა - მისი სრული არაპროფესიონალიზმი და საშინელი აქცენტი, რომელიც ახასიათებს ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრებლებს...

 

ერთადერთი, ვინც მიაქცია ნიკოლსონს ყურადღება, იყო სტუდია „MGM“-ის თანამფლობელი, ლუის მაიერი... მან შეაქო ჯეკის სინჯები და განუცხადა - „დღეს მე არ ვიცი, რაში გამოგიყენოთ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, - ერთხელ, როდესაც დაგვჭირდებით... დაგვჭირდებით ძალიან!“...

 

1958 წელს ჯეკმა ითამაშა თავისი სადებიუტო, მკვლელის როლი „მტირალა მკვლელში“, ამ როლს მოჰყვა მაზოხისტის როლი ფილმში „საშინელებათა მაღაზია“ და „უჟასების“ სერია დაასრულა ფილმმა „ნათება“, სტივენ კინგის მიხედვით, რომელშიც ნიკოლსონმა გამოიგონა საკუთარი ღიმილი, თანაც იმდენად შემაზრზენი, რომ თავად სტივენ კინგმაც კი მოიწონა და გამოტყდა, რომ ცოტა შეეშინდა კიდევაც...

 

ასე დაიწყო ჯეკ ნიკოლსონის კარიერა...

 

ნამდვილი და დიდი წარმატება კი მას მოუტანა პიტერ ფონდას ფილმში „იოლი მგზავრი“ (1969 წ) შესრულებულმა ჯორჯ ჰენსონის სრულიად შემთხვევით მიღებულმა როლმა. ეს რეალური დებიუტი მისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა… ამას მოჰყვა მისი დევიდ ლოკი („პროფესია რეპორტიორი“), პატრიკ მაკმერფი („ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“), ფრენკ ჩემბერსი („ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“), დერილ ვან ჰორნი („ისტვიკელი ჯადოქრები“), ალექს გეითსი („ღვინო და სისხლი“) და სხვ.

 

გუშინ გავიგე, რომ ნიკოლსონს შესთავაზეს მაიკლ კორლეონეს როლი „ნათლიაში“, მაგრამ განაცხადა, რომ სულ არ ჰგავს იტალიელს და როლი დაუთმო ალ პაჩინოს...

 

ნიკოლსონი არავის არ ჰგავს, წინააღმდეგობრივი და სრულიად არაორდინარულია როგორც კინოში, ასევე ცხოვრებაში… ერთი მხრივ, კატეგორიულ უარს ამბობს ლუციფერის როლის შესრულებაზე ალან პარკერის ფილმში „ანგელოზის გული“ (შემდგომში ეს როლი დე ნირომ შეასრულა) და ამავე დროს თანხმდება, ითამაშოს ეშმაკის როლი ფილმში „ისტვიკელი ჯადოქრები“… ვაჟკაცურად უძლებს „ქერა-შავ-წითური“ ჯადოქრების ტრიოს ცდუნებას მიშელ პფაიფერის, შერისა და სიუზან სარანდონის სახით და… პირველივე დანახვით უყვარდება ჯადოქარი მორტიშა ადამსი (ანჟელიკა ჰიუსტონი) ფილმში „ადამსების ოჯახი“. მართლაც შესანიშნავი ქალბატონი...

 

ჯეკი 16 წელი უბედნიერესად გრძნობდა თავს ამ არაჩვეულებრივი ქალის გვერდით და მე-17 წელს უაზროდ უღალატა, რასაც ნამდვილი ქალები და, მითუმეტეს, ჯადოქრები არ პატიობენ ხოლმე საყვარელ მამაკაცებს… ანჟელიკასთან დაცილების მეორე დღეს კი ნიკოლსონმა სახალხოდ განაცხადა, რომ „თავისი სისულელის გამო, დაკარგა ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჰქონია ცხოვრებაში, და რომ ასეთი დაცარიელებული და უბედური აქამდე არასდროს ყოფილა“…

 

მას საშინელ მექალთანეს ეძახიან... თავად კი თვლის, რომ ცუდი რეპუტაციის მიუხედავად, რომანტიკოსია და ხშირად გაუკეთებია სისულელეები სიყვარულის გამო... მაგალითად, ხტებოდა ფანჯრებიდან, ძვრებოდა სახურავებზე...

 

საწყენია, რომ ამ ახტომა-დახტომებში ხელიდან გაუშვა თავისი, სავარაუდოდ, ერთადერთი სიყვარული... მართლა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს შესახედავადაც, ქარიზმითაც, ემოციებითაც... (ფოტოზეც ეტყობათ)

 

ერთხელ ნიკოლსონს წამოსცდა - „მხოლოდ 2 ადამიანის მოტყუების უფლება გაქვს - საყვარელი ქალის და პოლიციელის... დანარჩენებს სიმართლე უნდა უთხრაო“...

 

როგორც აღმოჩნდა, ნიკოლსონს „ორკაციანი“ სიიდან საყვარელი ქალი - ანჟელიკასთან შეხვედრის წინ უნდა ამოეღო...

 

ნიკოლსონს ჰყავდა ოფიციალურად 1 მეუღლე. შვილი კი, ბოლომდე ვერ გავერკვიე - 4 თუ 5...

 

ცხოვრებაში ნიკოლსონის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტებია ქუდი და მუქი სათვალე. ქუდი მას ბავშვობიდან უყვარს, რადგან მისი საყვარელი მსახიობები დღემდე არიან მარლონ ბრანდო, რომელთანაც მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა და ფრენკ სინატრა, რომელმაც ნიკოლსონს ქუდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა… რაც შეეხება სათვალეს, ნიკოლსონი აცხადებდა - „მზის სათვალე რომ მიკეთია, ვარ ჯეკ ნიკოლსონი, თუ არ მიკეთია - 60-ს გადაცილებული გასუქებული კაცი…“ ახლა, ციფრი 60, სავარაუდოდ შეცვალა 70-ით მაინც...

 

რა თქმა უნდა, ნიკოლსონი „იპრანჭება“, რადგან დღემდე, თავისი არაჩვეულებრივი მომხიბვლელობის გამო, სარგებლობს მანდილოსნების ყურადღებით, რომელიც არ ქრება მისი ასაკის მატების პროპორციულად, დროდადრო თამაშობს გოლფს და კალათბურთს… უყვარს რესლინგი (მხოლოდ ყურება), ხშირად ხვდება უახლოეს მეგობარს, „აუტანელ“ შონ პენს და ძალიან მოსწონს ჰოლივუდის წესიერების სიმბოლო - ტომ ჰენკსი, რომელზეც ამბობს:

 

„არავის არასდროს გაუგია, რომ ტომ ჰენკსს დაელიოს და ღამე დებოში მოეწყოს. არავის არასდროს გაუგია, რომ ტომ ჰენკსს რამე მოეპაროს მაღაზიაში… არავის არასდროს და არაფერი არ ამოუკითხავს ტომ ჰენკსის შესახებ სასამართლო ან კრიმინალურ ქრონიკაში. აი, რა მომწონს ტომში - ის, რომ მისი გამოჭერა შეუძლებელია“…

 

თავად ნიკოლსონის ცხოვრების ფილოსოფია კი, მისი თქმით, შემდეგში მდგომარეობს - „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა დღეს!“

 

გისურვებთ ხალისიან და იღბლიან დღეს!

 

 Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი