logo_geo
1915 წლის 21 აპრილს ენტონი ქუინი დაიბადა
- +

21 აპრილი. 2019. 19:40

 

 

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ ვინმე ჩემს სამეზობლოში, ანუ ნაძალადევის მიდამოებში ცხოვრობთ, ახლავე შორს გადამალეთ თეფშები, განსაკუთრებით დიდი, ფრიალა და თეთრი, რადგან დღევანდელ იუბილარს უნდა მივუძღვნა ბერძნული ხალხური ცეკვა, რომლის დროს, მინიმუმ, 20-30 თეფში მაინც უნდა დაიმსხვრეს (იქაური წესია)… ჰოდა, აბა, სადა მაქვს ამდენი დასამსხვრევი თეფში, მეზობლებმა პაწა ხელი თუ არ გამიმართეს (აქაური წესია)…

 

ალბათ ბევრი მიხვდა, რომ ზუსტად ამ დღეს, 1915 წლის 21 აპრილს მექსიკურ ქალაქ ჩიაუაუაში (უმაღლესი ინტელექტით დაჯილდოებული ჩიახუახუას ჯიშის ძაღლების სამშობლოში) დაიბადა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, მწერალი და მხატვარი, საოცრად ხიბლიანი ენტონი ქუინი, რომელზეც მე ბავშვობიდან და უიმედოდ ვიყავი შეყვარებული…

 

რატომ უიმედოდ? ძალიან ძლიერი „კონკურენტები“ მყავდა და იმიტომ…

 

მაგალითად, ჯინა ლოლობრიჯიდა, ანა მანიანი, ჟაკლინ ბისე, ქეთრინ დემილი, იოლანდა ადოლორი, ქეთ ბენვინი (ბოლო სამი ქუინის ოფიციალური მეუღლეები იყვნენ)… სხვათა შორის, მესამე მეუღლე ენტონიმ 80 წლის ასაკში მოიყვანა და 81 წლის ასაკში მამა გახდა. მას სულ 13 შვილი ჰყავდა…

 

შეუდარებელმა ჟაკლინ ბისემ, რომელიც განებივრებული იყო ულამაზესი და უნიჭიერესი პარტნიორებით, აღიარა, რომ ენტონიში იყო თვითდაჯერებისა და ამავდროულად დაუცველობის სრულიად მომაჯადოებელი შერწყმა და ის იყო ყველაზე დიდი რაინდი იმ მამაკაცთა შორის, ვისთანაც მას ოდესმე უთამაშია…

 

მიუხედავად იმისა, რომ ქუინი ყოველთვის სარგებლობდა მანდილოსნების განსაკუთრებული ყურადღებით, მას ძალიან არ უყვარდა და უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ინტიმურ თემებზე საუბარი... ერთხელ ის გამოიჭირა ვიღაც ახალგაზრდა ჟურნალისტმა და შეკითხვა დაუსვა - „რა აზრის ხართ ჯგუფურ სექსზე?“

 

„მე არაფერი არა მაქვს ჯგუფური სექსის საწინააღმდეგო, თუ ჯგუფში შედის 2 წევრიო“, - უპასუხა ენტონიმ...

 

ენტონი ქუინი ბევრს ბერძენი ჰგონია, მათ შორის ბერძნებსაც, რადგან მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახეა ბერძენი ზორბა, ამავე სახელწოდების ფილმში.

 

სხვათა შორის, ამ ფილმის გადაღებისას ქუინმა ფეხი იღრძო და სთხოვა მეგობარს, ფილმის კომპოზიტორ მიკის თეოდორაკისს, დაეწერა მუსიკა ნელი ტემპით, რათა მისი თანხლებით ცეკვა შეძლებოდა… და, სწორედ ასე შეიქმნა 1964 წელს ცნობილი ცეკვა „სირტაკი“, რომელიც ბევრს ბერძნული ხალხური ცეკვა ჰგონია…

 

ენტონიმ ასევე შეასრულა ცნობილი ბერძენი მილიონერის არისტოტელე ონასისის როლი ფილმში „ბერძენი მაგნატი“, სადაც ის ისე განუმეორებლად ასრულებს „თეფშებისმსხვრევიან“ ცეკვას, რომელზეც თავიდან მოგახსენეთ, რომ ჟაკლინ კენედი (ჟაკლინ ბისე) საკმაოდ დიდი ხნით რჩება მის გემზე…

 

სინამდვილეში ენტონი ქუინი მექსიკელი იყო… ბაბუა ჰყავდა ირლანდიელი, ხოლო დედამისი მექსიკელი ინდიელების -აცტეკების შთამომავალი გახლდათ.

 

ქუინი იხსენებდა, რომ თავისი პირველი როლი მან სწორედ დედამისის „წყალობით“ მიიღო… პირდაპირ შეიჭრა გადასაღებ მოედანზე რეჟისორთან და ჰკითხა: „ეს თქვენ გჭირდებათ ახალგაზრდა ინდიელის როლის შემსრულებელი?“ რეჟისორმა ახედ-დახედა ქუინს და უპასუხა - „ნამდვილად მჭირდება, მაგრამ თქვენ ინდიელს მაინცდამაინც არ ჰგავხართო“ და აქ ენტონიმ სერიოზული სახით წარმოთქვა: „ქსი კსაკიმ ელევკი ჩამბალუმ“…

 

ეს „ჩამბალუმ“ განსაკუთრებით მხიბლავს... მეც მქონდა ბავშვობაში საკუთარი ენა და „შაბროუ თის ბლანთე“ - ნიშნავდა - „მე შენ მიყვარხარ“... დააკვირდით - „ჩამბალუმ - შაბროუ“ - არის რაღაცა საერთო.

 

გაკვირვებული რეჟისორის შეკითხვაზე, „ეს რაღა არისო“, ქუინი არ დაიბნა და წარბშეუხრელად განაცხადა - „ეს ძველი ინდიელების ტომის, შაენის ენაა, რომელსაც მე სავსებით ვფლობ“… გაუგებარია, ეპიზოდური როლის შესრულებისთვის რა საჭირო იყო ინდიელთა ენის ცოდნა, თანაც სავსებით, რომელიც ქუინმა, რაღა თქმა უნდა, არ იცოდა, მაგრამ დაბნეულმა რეჟისორმა გრიმიორს მაინც დაუძახა და ასე დაიწყო ენტონის კარიერა დიდ კინემატოგრაფიაში…

 

ენტონი ძალიან უყვარდა ფელინის, რომელმაც ის გადაიღო თავის ფილმში „გზა“. ფილმის გადაღებისას მან შემთხვევით მოისმინა ინტერვიუ, რომელსაც ქუინი ჟურნალისტს აძლევდა და მერე ჰკითხა მსახიობს, „ენტონი, რატომ ეუბნები ჟურნალისტებს სიმართლეს, სიმართლე ბოჭავს ადამიანს, გაქანებისა და ფანტაზიის საშუალებას არ აძლევს. აი, მე, მაგალითად, მოვიგონე, რომ ტყუპისცალი ძმა მყავს, რომელიც რომში მუშაობს კონსერვების ქარხანაში და უკვე იმდენჯერ დაწერეს ამის შესახებ, რომ თავადაც დავიჯერეო“.

 

მე ქუინის ფილმების უმეტესობა ნანახი მაქვს, ძალიან მიყვარს მისი კვაზიმოდო „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, მისი საოცარი გოგენი ფილმიდან ვან გოგზე „სიცოცხლის წყურვილი“, რომლის შესრულებისთვისაც მან „ოსკარი“ მიიღო, ონასისიც, ძამპანოც ფილმ „გზიდან“, სადაც მას პარტნიორობას ჯულიეტა მაზინა უწევს, მისი დუეტი ადრიანო ჩელენტანოსთან ფილმში „ბლეფი“ და ბევრი სხვა, მაგრამ...

 

ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია „შურისძიება“, სადაც ქუინი უკვე საკმაოდ სერიოზულ ასაკში თამაშობს და რომელშიც მის მეგობარს კევინ კოსტნერი ასახიერებს. სიუჟეტი ბანალურია, ქუინს ჰყავს ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ყველაფერს ურჩევნია… მაგრამ მის მეუღლეს და მის უმცროს მეგობარს ერთმანეთი შეუყვარდებათ… როგორ თამაშობს ქუინი, როგორ ცდილობს, გადაარჩინოს ისინიც და საკუთარი თავიც, მაგრამ არ გამოსდის და ყველას სწირავს…

 

ფილმის ბოლოს სასწაულებრივად გადარჩენილი კოსტნერი მოსაკლავად უსაფრდება ქუინს და როდესაც ის გამოჩნდება, დაინახავს კოსტნერს... არც დაიმალება და არც იარაღს ამოიღებს, უბრალოდ წყნარად ეტყვის: „მომიხადე ბოდიში იმისთვის, რომ ცოლი წამართვი“ და კოსტნერი… ბოდიშს იხდის… ამით ყველაფერია ნათქვამი… არ შეიძლება უახლოეს მეგობარს წაართვა ქალი, რომელიც სიცოცხლეს ურჩევნია... როგორც ბებიაჩემი, ალექსანდრა ბარათაშვილი იტყოდა - „მთავარია, არ შექმნა სიტუაცია“...

 

ფილმი ფაქტიურად სრულდება, მე კი ვკვდები, თანაც ერთნაირი ინტენსივობით მის ყველა ნახვაზე…

 

ჰოდა… ახლაც ცოტა ვინერვიულე მოყოლისას და გადავწყვიტე, ენტონი ქუინის პატივსაცემად, ცეცხლოვანი და ზიანის მომტანი ცეკვის ნაცვლად ზანტად გავშალო ხელები და ისევ თავშეკავებული და დარბაისლური „სირტაკი“ შევასრულო, მით უმეტეს, რომ მარჯვენა ფეხი, „ბერძენი ზორბასავით“, ცოტა მეც მაწუხებს…

 

იმედია, მეორე ფოტოზე მიცანით...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ლაღ დღეს!!!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი