logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ივანე ჯავახიშვილი - კაცი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოთი და საქართველოსთვის...
- +

23 აპრილი. 2019. 12:25

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

დღეს ის დღეა, როდესაც განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ...

 

მართალია, დედა უკრაინელი მყავდა, მაგრამ ეს ჩემი სიტყვები მას გაახარებდა... თვითონაც ამაყობდა იმით, „რომ ქართველი იყო“... და ისეთი ფაქტები იცოდა საქართველოს ისტორიიდან, რომ ზოგ ქართველსაც კი შეშურდებოდა...

 

სწორედ ამ დღეს - 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. კაცი, რომელიც ქართველი კაცის ეტალონად მიმაჩნია...

 

ლამაზი, ძლიერი, ნიჭიერი, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი და კარგი ოჯახის შემქმნელი, უდრეკი და ამავე დროს საოცრად თბილი და გულდაუცველი...

 

კაცი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოთი და საქართველოსთვის...

 

დიდმა ლადო ასათიანმა ბრძანა -

 

„როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი,

ძველს ქართულს სიტყვას მოუხმობდი, აბატონებდი,

და ნათლდებოდნენ შენს თვალებში გასაკვირვებლად

ქართლის ცხოვრების ფერწასული კაბადონები“.

 

სამწუხაროდ, ჩვენი თაობაც კი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ახალგაზრდებმა ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ იამაყონ ასეთი ბუმბერაზი ადამიანებით...

 

მახსოვს, როდესაც გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და რაღაცა ანკეტას ვავსებდი, ჩავწერე - „ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“...

 

მამამ გადახედა ანკეტას და მეკითხება „ი. ჯავახიშვილი ვინ არისო?“ მე გავიღიმე, მეგონა, ხუმრობს და ომახიანად გამოვაცხადე - „ივანე ჯავახიშვილი“! ჯემალიკომ შემომხედა და „მერე ამ კარგ კაცს სახელში 4 ასო რატომ დააკელი? ახლა შენზე როდისმე რომ დაწერონ ლ. ანჯაფარიძე - მოგეწონება? არ მოგეწონება, რადგანაც „ლ“ კი არა ლელა ანჯაფარიძე ხარო“.

 

იმის შემდეგ, ყოველთვის, როცა ვწერდი უნივერსიტეტზე, აუცილებლად ვწერდი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის“, როცა ვწერდი ოპერაზე, „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის“... არასდროს შემიმოკლებია სახელები...

 

ალბათ, პატარა ნიუანსია, მაგრამ...

 

ბატონი ივანეს მამა, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი გახლდათ გიმნაზიის მასწავლებელი და წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სკოლების ზედამხედველად. ჰყვებიან, რომ იყო ძლიერი ინტელექტის, მტკიცე ნებისყოფის კაცი, რომელსაც ახასიათებდა პირდაპირობა და ხასიათის სისპეტაკე და თავმდაბლობა...

 

ივანეს დედას - თელავის თავადის, ათანასე ვახვახიშვილის ასულს, სოფიოს აღწერენ როგორც მაღალ, ლამაზ, უაღრესად სათნო და კეთილი ზნის ქალს, მორწმუნეს და დარბაისელ მანდილოსანს...

 

ქართველი ხალხი ბრძენია... ტყუილად კი არ შექმნა ანდაზა - „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე“.

 

რა თქმა უნდა, ასეთ ოჯახში განსაკუთრებული აურა ტრიალებდა...

 

ივანეს 5 და-ძმა ჰყავდა - ეკატერინა, გიორგი, დათა, ალექსანდრა, მიხეილი...

 

მშობლები მათ ქართული ადათ-წესით ზრდიდნენ, უღვიძებდნენ ინტერესს სამშობლოს ისტორიისადმი და უნერგავდნენ ქართული ენის სიყვარულს...

 

ბატონი ივანე იხსენებდა, რომ მათ სახლის ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი მოიპოვებოდა, რაც კი კავკასიაში და საქართველოში იყო გამოცემული...

 

მომავალში ივანე ჯავახიშვილი დაწერს - „ვერასდროს ვუგებდი იმ თავადებს, რომელთა ოჯახშიც ქართულ ენაზე საუბარი ეთაკილებოდათ. დედ-მამამ, და-ძმა ყრმობიდანვე დაგვაჩვია ქართულ საუბარს და უცხო ენას მხოლოდ ცოდნის გასაღრმავებლად ვიყენებდით, მაგიტომაც ჰქვია, ჰო ალბათ, უცხო ენას უცხო, და არა მშობლიური“...

 

ერთხელ მამამ პატარა ივანე თეძმის ხეობაში წაიყვანა, რკონის მონასტრის შესასწავლად და არქეოლოგიური მასალების შესაგროვებლად... ივანე კარგად ხატავდა და ჩაიხატა მონასტრის ჩუქურთმები... ჩუქურთმები ჟამთა სვლამ გაანადგურა და ისინი შემორჩნენ მხოლოდ მის ნახატებში...

 

სავარაუდოდ, ეს იყო პატარა ივანეს პირველი ისტორიული ექსპედიცია...

 

ის პირველი საფეხური, რომელიც წლების შემდეგ, 1902 წელს, მას და მის პედაგოგს, საოცარ მეცნიერსა და კაცს, ნიკო მარს აიყვანს არაბეთში სინას მთაზე, ქართული ხელნაწერების შესასწავლად... მაშინ მათ არაერთი ფასდაუდებელი ძეგლი გამოავლინეს...

 

ალბათ, ბევრი „ძალიან დილა მშვიდობის“ არ მეყოფა, დაახლოებით მაინც რომ აღვწერო ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი და ამაგი...

 

ამიტომ ვეცდები, რაღაცა მთავარი და საკვანძო მომენტები შეგახსენოთ...

 

1895 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, რომელშიც, ქართული ენისა და კულტურის დევნის გამო სწავლა არ მოსწონდა, მაგრამ იმდენად მაღალი მიზანი ამოძრავებდა, რომ მაინც წარჩინებით სწავლობდა და პარალელურად ეცნობოდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს, ივანე ჯავახიშვილმა ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთერთი ძლიერი აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც მას ლექციებს უკითხავდნენ ცნობილი მეცნიერები - ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ვიქტორ როზენი...

 

უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე, ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც ცდილობდნენ და საკმაოდ წარმატებულად - აღედგინათ ქართული ენისა და კულტურის პოზიციები... ცოტა ხანში კი, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, დამყარდა ამიერკავკასიიდან ჩასული სხვა ეროვნებების სტუდენტთა მონაწილეობით, - „ამიერკავკასიის სათვისტომო“...

 

იცით, რატომ მიყვარს ეს კაცი კიდევ უფრო?

 

რომ „იმ დროს“, რუსეთის კულტურისა და განათლების ცენტრში - სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სამეცნიერო საბჭომ ის დააჯილდოვა ოქროს მედლით ნაშრომისთვის, რომელიც ბოლომდე ქართული იყო - „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“...

 

ბატონი ივანე ოცნებობდა თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე...

 

„დედა ენა“ ყველა ქართველის პირველი წიგნია და ის ჩვენთვის ძვირფასია და ახლა, წარმოიდგინეთ, რაოდენ ძვირფასი შეიქნება ყველა ქართველისთვის პირველი უნივერსიტეტი, უამრავი წიგნისა და ცოდნის სავანე, ქართული მეცნიერების საყდარი, სადაც სტუდენტები ქართულ ლექციებს მოისმენენ და ქართულად აზროვნებას ისწავლიან!“

 

თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, ხოლო 30 იანვარს თავისი პირველი ლექცია უნივერსიტეტში წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა....

 

მისი 1918 წლის აგვისტოს ჩანაწერებში კი ვკითხულობთ - „დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თვეების მსჯელობის შემდეგ საკითხი დადებითად გადაწყვიტა და უნივერსიტეტს სახელმწიფო სტატუსი მიანიჭა და ეწოდა მას „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“!

 

ცალკე საოცარი ისტორიაა - ივანე ჯავახიშვილის ადამიანური თვისებები...

 

ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ სწორედ ის ჩაუდგებოდა სათავეში უნივერსიტეტს...

 

მან კი ამ თანამდებობებზე რეკომენდაცია გაუწია მეგობარსა და შესანიშნავ მეცნიერს - პეტრე მელიქიშვილს, რადგანაც ჩათვალა, რომ ის მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი იყო და თბილისის უნივერსიტეტისთვის მას უნდა ეხელმძღვანელა...

 

თავად ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა...

 

1919 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტის საბჭომ რექტორად აირჩია ივანე ჯავახიშვილი...

 

როგორც აღმოჩნდა, თავის დროზე პეტრე მელიქიშვილი რექტორობაზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ მას მალე შეცვლიდა ჯავახიშვილი...

 

აი, ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ...

 

სამწუხაროდ, მათაც ვერ გადაარჩინეს ივანე ჯავახიშვილი გულისტკივილისგან. როდესაც ის ...1931 წლის 28 მაისს უნივერსიტეტიდან გააძევეს...

 

მართალია, მაშინ იძახდნენ, რომ ჯავახიშვილი დაპატიმრებას გადაურჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მის ბედში პირადად სტალინი იყო დაინტერესებული...

 

არა მგონია, რომ სტალინს ის არ ესმოდა, რომ ივანე ჯავახიშვილისთვის უნივერსიტეტიდან წასვლა ყველა პატიმრობაზე მძიმე იყო...

 

ერთხელ უკვე დავწერე, რომ ივანე ჯავახიშვილს და ზაქარია ფალიაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა...

 

გუშინ მისი ასეთი ჩანაწერიც ვნახე...

 

„დიდებულია ამ ღვთიური ჰანგების მოსმენა და მით უფრო დიდებულია, როდესაც იცი, ამ ჰანგების ავტორი შენი ძვირფასი მეგობარი ზაქარიაა!

 

შენ კი არ აღიარებ, ჩემო ზახბედ, რომ ეს ახალი სიტყვაა ქართულ მუსიკალურობაში, თუმცა ჩვენი კეთილი ხალხი ნამდვილად აფასებს შენს ღვაწლს ქართულ ხელოვნებაში!“

 

კი დავწერე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ...

 

როდესაც ივანე ჯავახიშვილს თავისივე შექმნილი უნივერსიტეტის დატოვება მოსთხოვეს, ის დაბრუნდა სახლში, პლეხანოვის უბანში და თვეობით არ გამოდიოდა ბინიდან... ყველაფრის ხალისი დაკარგა, წერის გარდა... არავისი ნახვა და არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა...

 

ზაქარია ფალიაშვილი კი, თითქმის ყოველ ღამე მიდიოდა ივანეს სახლთან მდებარე ეკლესიაში, მიუჯდებოდა ორღანს და მეგობრისთვის უკრავდა...

 

ივანე იჯდა სანთლის და მთვარის შუქზე და წერდა...

 

ზაქარია კი ორღანთან იჯდა და ისე ამხნევებდა მეგობარს, როგორც შეეძლო... აი, ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ...

 

ივანე ჯავახიშვილი იყო მებრძოლი, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი თავის დაცვა ყველაზე ძნელი საქმეა...

 

ის მაღალი ზნეობით გამოირჩეოდა და საოცარი შინაგანი კულტურით... ასეთი ადამიანები უკულტურო ხალხს ვერ ებრძვიან...

 

ივანე ჯავახიშვილი სხვანაირად სათუთი და ფაქიზი სულის კაცი იყო...

როცა დრო გექნებათ, წაიკითხეთ მისი დახვეწილი მეუღლისადმი, თავადი ანასტასია (სტაზია) ორბელიანისადმი, (რომელიც მევიოლინე გახლდათ და თავად პაგანინის მოსწავლე!) მიძღვნილი წერილები...

 

რამხელა სითბო და სიყვარულია...

 

თავის შვილებს - ნათელას, კახას და ალექსანდრეს - „ჩიტებს“ ეძახდა...

 

და ახლა, ასეთი კაცი როგორ და რა ხერხით უნდა შებრძოლებოდა რაღაცა მისთვის გაუგებარ საშინელებას...

 

დარწმუნებული ვარ, ეს პროფესორი კაცი, უცხო მტერს პირველი დახვდებოდა, იარაღით, მაგრამ როცა მტერი შენიანია, გაუსაძლისია...

 

მართალია, შემდგომში მოხდა ბატონი ივანეს რეაბილიტაცია, ის გახლდათ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, გააგრძელა მუშაობა ისეთ ნაშრომებზე, როგორიცაა „საქართველოს სამართლის ისტორია“, „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“... 1937 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა შოთა რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორის და მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თანამდებობებს...

 

მაგრამ, გულმა ზოგჯერ ისეთი გატეხვა იცის ხოლმე, ვეღარ მიაწებებ...

 

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1940 წელს, 64 წლის ასაკში, ლექციის კითხვის დროს...

 

დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში...

 

1947 წელს მიენიჭა სტალინის სახელობის პრემია... უკომენტაროდ...

 

დღეს მიხარია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია - ჩემი დიდი ხნის მეგობარი - გიორგი შერვაშიძე... არა, ჩაბარებას არ ვაპირებთ არც მე და აღარც ნინკა და ჯერჯერობით არც ანდრია, უბრალოდ, მართლა ღირსეული და კარგი კაცია, შესანიშნავი ოჯახისშვილი. მცოდნე, სამართლიანი და წესიერი ადამიანი...

 

ისეთი, ივანე ჯავახიშვილს რომ გაუხარდებოდა...

 

მე კი დავასრულებ ისევ ლადო ასათიანის იმედიანი პოეზიით...

 

„ნათელო კაცო, თუმც განხვედი და განისვენე,

შენი ჭაღარა ძველებურად ისევ კაშკაშებს.

ისევ კაშკაშებს და წიგნისკენ უხმობს ისევე

შავულვაშიან და შავგვრემან ქართველ ვაჟკაცებს...

 

როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში

შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,

მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,

სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და განსაკუთრებით ქართულ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი