logo_geo
„ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ ის დესერტით უნდა დაიწყოთ!“ - 1942 წლის 24 აპრილს ბარბრა სტრეიზანდი დაიბადა
- +

24 აპრილი. 2019. 13:32

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

პირველად ცხოვრებაში ვნანობ, რომ არ ვიცი როლიკებზე სრიალი... უფრო სწორად, სავარაუდოდ, არ ვიცი, რადგანაც, ერთხელ ცხოვრებაში, ჯადოსნურად ფიფქებიან მოსკოვში, ბებიამ ციგურებზე სასრიალოდ გაატანა ჩემი თავი ზურიკოს და მის ძმაკაცს, რომელიც დაახლოებით ზურიკოს კომპლექციის იყო და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სამივემ ყინული კინაღამ ჩავტეხეთ და გამოვიპარეთ...

 

სწორედ ამ დღეს კი, 1942 წლის 24 აპრილს, ქალაქ ბრუკლინში დაიბადა მანდილოსანი, რომელმაც სულ არ იცოდა როლიკებზე სიარული, მაგრამ ეს არცოდნა ისე ნიჭიერად გამოიყენა, რომ ნახევარი ამერიკა როლიკებზე დააყენა...

 

რა თქმა უნდა, მიხვდებოდით, რომ საუბარია ამერიკელ მომღერალზე და მსახიობზე, კომპოზიტორზე, რეჟისორსა და პროდიუსერზე, 2 „ოსკარის“, 4 „ოქროს გლობუსის“, 4 „ემის“ და 11 „გრემის“ მფლობელზე, ერთადერთ და განუმეორებელ ბარბრა სტრეიზანდზე...

 

დღეს მას 77 წელი უსრულდება!!!

 

შეამჩნიეთ, ალბათ, რომ ნაკლებად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას მანდილოსნების ასაკზე, მაგრამ სწორედ ბარბრა სტრეიზანდმა განაცხადა ამაყად, თანაც სულ 2 წლის წინ:

 

„რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ დილით გაიღვიძე - ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღეების გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“

 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ბარბრა-ში, ასო-ბგერა „ა“ არ გამომრჩენია... მართალია, მას დაბადებიდან ერქვა ბარბარა, მაგრამ არ მოეწონა მე-2 „ა“ და გახდა ბარბრა სტრეიზანდი...

 

სხვათაშორის, ეს ერთადერთი მსხვერპლია, რომელიც მან ჰოლივუდისთვის გაიღო...

 

ბარბრა არც პლასტიკურ ოპერაციაზე დათანხმებულა და არც გვარის გადაკეთებაზე, ის ყოველთვის რჩებოდა ბუნებრივი და გულწრფელი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც.

ერთხელ კი განაცხადა - „ჰოლივუდი ბევრს ცდილობდა, მაგრამ ვერც ხელოვნური კბილები ვერ ჩამასმევინა და ვერც ახალი ცხვირი ვერ მიმაბაო. რითაც ძალიან ვამაყობ“...

 

ბარბრას ბავშვობამ ჩაიარა ბრუკლინის პატარა ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა დედ-მამასთან, ძმასთან და ბებიასთან და ბაბუასთან ერთად...

 

ფანჯრიდან მოჩანდა მხოლოდ გზა და მისი თქმით, - „სულ არ იყო ცა“...

 

... სწორედ ამიტომ დღეს ბარბრას ყველა ბინაში უზარმაზარი ფანჯრებია...

 

იმ ძველ ბინაში ბარბრას არასდროს ჰქონია საწოლი (მისი დასადგმელი ადგილი არ იყო) და ეძინა ვიწრო ტახტზე... ისე შეეჩვია ასეთ ძილს, რომ დღემდე, იმის მიუხედავად, რომ მის აპარტამენტებში საწოლი კი არა, ცხენი გაჭენდება და თანაც არაერთი, ბარბრას კვლავინდებურად სძინავს ვიწრო ტახტზე...

 

მამა ემანუელ სტრეიზანდი, ინგლისური ენის პროფესორი, გარდაიცვალა, როდესაც ბარბრა 2 წლისაც არ იყო და მისი დედა გათხოვდა კაცზე, რომელმაც ვერ აიტანა გერი და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა... დედა კი თითქოს ამას ვერ ამჩნევდა...

 

პატარა ბარბრა ავსებდა ბოთლს თბილი წყლით და მასთან ჩახუტებული იძინებდა... წარმოიდგენდა ხოლმე, რომ ეს მისი ახალი თოჯინა იყო...

 

ნამდვილ თოჯინას კი მისთვის არავინ ყიდულობდა... ბარბრას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა მამინაცვლის ფრაზა: „ასეთი მახინჯებისთვის ნაყინსაც კი არ ყიდულობენ“…

 

ზომაზე მეტი სიგამხდრისა და არაორდინარული შესახედაობის გამო ბარბრას თანატოლები დასცინოდნენ. ერთადერთი ადგილი, სადაც ის თავს ბოლომდე მყუდროდ გრძნობდა, იყო კინოთეატრის დარბაზი. ის უყურებდა საყვარელ ფილმებს და საკუთარ თავს მთავარი გმირების ადგილზე წარმოიდგენდა ხოლმე.

 

უკვე 10 წლის ასაკში ბარბრამ სიგარეტის მოწევა დაიწყო, თუმცა ორ წელიწადში თავადვე უარი თქვა მასზე. ერთხელ სკოლაში მივიდა მწვანედ შეღებილი თმით და სახეზე ცარცწასმული, რისთვისაც გამოაგდეს, სახლში კი დედამ თავი გადაპარსა. ბარბრა არ დაიბნა და მეორე დღეს სკოლაში წასვლის წინ გადახოტრილ თავზე სასაცილო სურათები დაიხატა…

 

გავა წლები და ბარბრა ამ თავის საქციელს ასე ახსნის: „კლასიკური სილამაზე მოსაწყენია. იყო ყველასგან განსხვავებული, ყველა გააკვირვო და შოკში ჩააგდო - მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიო ნამდვილ წარმატებას“.

 

მე კიდევ დავამატებდი - „და იყო ბარბრა სტრეიზანდივით უნიჭიერესი“…

 

ბარბრას პირველი თეატრალური დებიუტი შედგა, როდესაც მან 15 წლის ასაკში ქალაქიდან ქალაქში მოძრავ პატარა თეატრში შეასრულა იაპონელი გლეხის ეპიზოდური როლი. სპექტაკლის შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა.

 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ბარბრა სტრეიზანდი არასდროს და არსად არ დაუფლებია სამსახიობო ხელოვნებას, არ მიუღია ვოკალის გაკვეთილები. ის ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული და თვლიდა, რომ „ითამაშო - ეს იმდენად ადვილია, რომ ამის სწავლა უბრალოდ სირცხვილიც კი არის“…

 

20 წლის ასაკში ბარბრამ მიიღო პირველი როლი ბროდვეის დადგმაში, რომლისთვისაც ნომინირებული იყო პრესტიჟულ თეატრალურ პრემიაზე „ტონი“. მისი მეორე როლი კი გახდა ფანის როლი სპექტაკლში „სასაცილო გოგონა“. სწორედ აქ შეამჩნიეს ბარბრა ჰოლივუდის პროდიუსერებმა და მიიწვიეს სპექტაკლის კინემატოგრაფიულ ვერსიაში, რომელშიც მას პარტნიორობას შესანიშნავი მსახიობი ომარ შარიფი უწევდა და რომელმაც ბარბრა სტრეიზანდს პირველი „ოსკარი“ მოუტანა.

 

ბარბრამ მონაწილეობა მიიღო 20-მდე ფილმში. მეორე „ოსკარი“ მან მიიღო მუსიკალურ მელოდრამაში „იენტლი“ მთავარი გმირის, ებრაელი ქალის - იენტლის როლის შესრულებისთვის.

 

მე კი განსაკუთრებით მიყვარს მისი დუეტი რობერტ რედფორდთან სიდნი პოლაკის ფილმში „ჩვენ ასეთები ვიყავით“ (The Way We Were), რომელიც, აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს შეფასებით, საუკეთესო ფილმების ათეულში შევიდა.

 

1991 წელს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ბარბრა სტრეიზანდის საოცარი ფილმი „The Prince Of Tides“. რეჟისორობის გარდა, ბარბრა ფილმში თამაშობს ფსიქოთერაპევტის როლს, რომელსაც შეუყვარდება თავისი პაციენტი, რომელსაც ნიკ ნოლტი ასრულებს. ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარზე“ 7 ნომინაციაში, საბოლოოდ კი მიიღო „ოქროს გლობუსი“. თუ არ გაქვთ ნანახი, ძალიან გირჩევთ… ჩემი აზრით, ეს ბარბრას ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრა სტრეიზანდი საოცრად მიზანდასახული ადამიანია და თვლის, რომ ყოველთვის უნდა გააკეთო მხოლოდ ის, რაც შენ მიგაჩნია სწორად და მხოლოდ ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ, ის ბუნებით ძალიან მორიდებული და აბსოლუტურად უამბიციოა.

 

მისი პირველი სოლო კონცერტი „Barbra Streisand: The Concert“ გაიმართა ბარბრას კარიერის მხოლოდ 27-ე (!) - 1993 წელს და ჟურნალმა „TIME“-მა მას საუკუნის მუსიკალური მოვლენა უწოდა.

 

თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბარბრა სტრეიზანდმა გამოუშვა 12 მულტიპლატინის, 24 პლატინის და 40 ოქროს დისკი, 2000 წელს კი მან ჩაატარა თავისი ბოლო კონცერტი.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბრა აცხადებს, რომ მას სახლში სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, საერთოდ არ უყვარს სამკაულები და ვერ იტანს შემოჭერილ ტანისამოსს - უყვარს დიდი და ფართხუნა შარვლები და პერანგები, რომელშიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

 

უნდა გავარკვიო, ჩემი ნათესავი ხომ არ არის...

 

მის მიზანს არ წარმოადგენს მაყურებლის წინაშე ხშირი გამოსვლები, რადგან მისი დევიზია „ჯობს ნაკლები და უკეთესი“. ბარბრა ამაყობს იმით, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ჯეისონი ღირსეული ადამიანი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯეისონმა 1996 წელს „ცოლად მოიყვანა“ დევიდ ნაითი, ცნობილი მანეკენი, ბარბარა მას მხარში ამოუდგა, თუმცა ქორწილს არ დასწრებია.

 

ბარბრა სერიოზულად არის დაკავებული ქველმოქმედებით. 2012 წელს მან 15 მილიონი დოლარი გაიღო ლოს-ანჯელესში კარდიოლოგიური ცენტრის - Barbra Streisand Women's Heart-ის მშენებლობისთვის.

 

ბარბრას ჰქონდა გახმაურებული რომანები ელვის პრესლისთან და ცნობილ ჩოგბურთელ ანდრე აგასისთან...

 

ის კინაღამ კანადის პირველი ლედი გახდა, რადგანაც მასზე უზომოდ იყო შეყვარებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პიერ ტრიუდო... მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა... ტრიუდო სისტემატურად აკითხავდა ნიუ-იორკში, ბარბრა კი სიტყვით გამოდიოდა კანადის პარლამენტში... საოცრება კი ის არის, რომ როდესაც პიერმა ბარბრას წინადადება გაუკეთა, ბარბრამ უარით გაისტუმრა... ბოლომდე არავინ არ არის დარწმუნებული, თუ რა მოხდა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ბარბრა მზად არ იყო, შეეცვალა სარწმუნოება...

 

ბარბრას ასევე რომანი ჰქონდა მილიონერ დოდი ალ-ფაიედთან, რომელიც მასზე 15 წლით იყო უმცროსი... ისინი ხშირად გაურბოდნენ პაპარაცებს დოდის ავტომანქანით...

 

ლედი დიანას და დოდის დაღუპვის შემდეგ, ბარბრამ გაიხსენა, როგორ ეხვეწებოდა ხოლმე თავის კავალერს - „ნუ დაგყავს მანქანა ასეთი სიჩქარით... მოდი, ვეცადოთ - ცოცხლები გადავრჩეთ“...

 

თავად ბარბრა აცხადებს, რომ არავის არა აქვს უფლება, მიუთითოს ადამიანს, ვინ უნდა უყვარდეს...

 

იყო პერიოდი, როდესაც მსახიობი სახალხოდ იძახდა, რომ „დღეს ჯენტლმენად ითვლება მამაკაცი, რომელიც სანამ გაკოცებს, სიგარეტის პირიდან ამოღება არ ავიწყდება“...

 

დღეს კი ის ბედნიერია და იმეორებს, რომ მისი მეუღლე, მსახიობი ჯეიმს ბროლინი ნამდვილი ჯენტლმენია. ბარბრა კი, როგორც სამაგალითო მეუღლე, უმზადებს მას ბიფშტექსებს, საღამოობით კი მასთან ერთად უყურებს ტელევიზორს. (ფოტოზეა)

 

სხვათა შორის, როდესაც პრესაში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ბარბრას რომანი ჰქონდა ბილ კლინტონთან, რომელიც სინამდვილეში მისი ახლო მეგობარია და რომლის საარჩევნო კამპანიასაც ბარბრა აქტიურად უჭერდა მხარს, ის ძალიან გაბრაზდა და განაცხადა: „მე ვიღაც მერილინ მონრო კი არა ვარ, რომ პრეზიდენტებთან მქონდეს რომანები!“ თუმცა, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტებთან ის დუეტში მღეროდა, მაგალითად, დონალდ ტრამპთან.

 

მთავარი კი ის არის, რომ ბარბრამ აისრულა ბავშვობის ოცნება...

 

ერთხელ, როდესაც სახლში განაცხადა, რომ მსახიობობა უნდოდა, სიცილით კინაღამ მოკვდნენ არა მხოლოდ მისი მამინაცვალი, არამედ საკუთარი დედაც...

 

ბარბრამ დედას სერიოზულად შეხედა და უთხრა - „დაიმახსოვრე, მე ისეთი მსახიობი გავხდები, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მივულოცავ დაბადების დღეს!“...

 

ერთხელაც. როდესაც ბილ კლინტონს 49 წელი შეუსრულდა, სისხამ დილით მას თეთრ სახლში დაურეკა ბარბრამ...

 

გაკვირვებულმა პრეზიდენტმა აიღო ყურმილი და მომღერალმა მას უმღერა „Happy Birthday to You“... მერე კი კმაყოფილმა მოუყვა, რომ მან დღეს ცხოვრებაში რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი აისრულა... ბილს ბევრი უცინია...

 

ბარბრა დღეს მშვენივრად გამოიყურება... ზოგჯერ მგონია, რომ ხანდაზმულობა ძალიან მოუხდა, რადგანაც გამოიმუშავა საკუთარი სტილი და დაიხვეწა... მისი 3 წლის წინანდელი ფოტოსესია რომ ნახოთ, ვერც დაიჯერებთ...

 

ყველას აინტერესებს, თუ რაშია მისი საიდუმლოება, გარდა იმისა, რომ, მისი თქმით, ის ყოველდღე ლიმონით იწმენდს სახეს და ტანს? ცნობილმა ფრანგმა კოსმეტოლოგმა ლაურა მერსიემ ამ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: „ბარბრას საიდუმლო - მის ხასიათში, პოზიტიურ განწყობასა და განუმეორებელ შინაგან მომხიბვლელობაშია“.

 

ბოლოს კი დავასრულებ ბარბრას შესანიშნავი ფრაზით: „ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ ის დესერტით უნდა დაიწყოთ!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ბარბრასავით პოზიტიურად განწყობილ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი