logo_geo
1940 წლის 25 აპრილს ალ პაჩინო დაიბადა
- +

25 აპრილი. 2019. 13:32

 

მინდა მოგახსენოთ, რომ დილიდანვე ტანგოს ცეკვის ხასიათზე დავდექი, რადგანაც სწორედ ამ დღეს, 1940 წლის 25 აპრილს, ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა კაცი, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე კარგად ცეკვავს ტანგოს და ამავე დროს, არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი, ცოტა ირონიული, ძალიან თვითირონიული და საშინლად მამაკაცური ალ (ელ, ალფრედო) პაჩინო, რომელსაც ოჯახში ეძახდნენ სალვატორეს... ის შედის ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების ათეულში... მარლონ ბრანდო მას თავის მემკვიდრედ თვლიდა...

 

აქვს საოცრად მეტყველი და ღრმა თვალები... და ამასთანავე, „ოსკარზე“ 8 ნომინაციიდან მიიღო მხოლოდ ერთი, ისიც ფილმისთვის „ქალის სურნელი“, სადაც უსინათლო ვეტერანის როლს ასრულებს...

 

ოჰ, როგორ ცეკვავს იქ ტანგოს!

სწორედ ამ ტანგოზე მოგახსენებდით...

 

მსოფლიოში ბევრია ძლიერი მსახიობი მამაკაცი, მაგრამ ალ პაჩინო ყველა თავისი როლით ამტკიცებს, რომ მამაკაცს, იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს, სულაც არ სჭირდება ცისფერი თვალები, 1,99 მ სიმაღლე და შვარცენეგერივით აღნაგობა… მამაკაცის ძალა სულ სხვა ხიბლშია, რაც მას, უდავოდ, გააჩნია…

 

ალ პაჩინო ბავშვობიდან ფანტაზიის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული… მთელი სკოლის ბიჭები შურით სკდებოდნენ, როდესაც ის ჰყვებოდა, რომ ნიუ-იორკში სტუმრადაა ჩამოსული, ცხოვრობს კი ტეხასში, აქვს საკუთარი ფერმა, 10 ძაღლი და 1 ცხენი. სინამდვილეში, იმ დროისათვის ალ პაჩინოს ცხენი მხოლოდ შორიდან ჰყავდა ნანახი, ისიც ნიუ-იორკის ზოოპარკის ვოლიერში, რომლის ახლოსაც, ჰარლემში იყო მისი პატარა ბინა.

 

ბავშვობაში ალ პაჩინო აგროვებდა გადაგდებულ ტრამვაის ფერად ბილეთებს და მათ ჯიბეებში იწყობდა. როგორც თვითონ ჰყვება, „წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ჯიბეები ფულით მქონდა სავსე და სიარულიც კი მეცვლებოდა“…

 

ალ პაჩინოს მშობლები ერთმანეთს მაშინ დასცილდნენ, როდესაც ის 2 წლის იყო და მას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, რომლებიც, სხვათა შორის, წარმოშობით სიცილიიდან, კერძოდ, კორლეონედან იყვნენ. ამის გამო ალ პაჩინო ხუმრობდა ხოლმე, რომ ფრენსის კოპოლას „ნათლიაში“ მაიკლ კორლეონეს როლის შესრულების დროს, რომელმაც მას არნახული წარმატება მოუტანა, მას ხელს სწორედ „მაფიოზური გენები“ უწყობდა.

 

„ნათლიაში“ როლის შესრულებისთვის, ალ პაჩინო ნომინირებულ იქნა პირველ „ოსკარზე“, როგორც მეორე პლანის მსახიობი, ხოლო მარლონ ბრანდო, როგორც საუკეთესო მსახიობი...

 

ალ პაჩინოს, რომელიც არასდროს არ იყო ამბიციური, ძალიან ეწყინა, რომ მისი როლი მეორეხარისხოვნად შეაფასეს და პროტესტის ნიშნად, არც მივიდა ცერემონიაზე... ეტყობა, მართლაც ძალიან უღირდა და უყვარდა ეს როლი...

 

როდესაც მარლონ ბრანდომ გაიგო, რომ ალ პაჩინო ნაწყენი იყო, ცერემონიას ბოიკოტი მანაც გამოუცხადა, მაგრამ „ოსკარი“ მაინც მიიღო...

 

ალ პაჩინოს კი, არა მხოლოდ არ ერგო ნანატრი ქანდაკება, არამედ, მისმა ჟესტმა სავარაუდოდ, „ოსკარის“ ძალიან მკაცრი ორგანიზატორების სერიოზული გაბრაზება გამოიწვია. თანაც ისეთი, რომ 6 შემდგომი ნომინაციების დროს, მას არაფრით არ აღირსეს „ოსკარი“... და ეს გრძელდებოდა მის „ტანგომდე“, რომელმაც მათი ოსკარ-გაყინული გულებიც კი დაადნო...

 

„ნათლიის“ შემდეგ ალ პაჩინომ შეასრულა მისი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო, ტონი მონტანას როლი ბრაიან დე პალმას ფილმში „ნაიარევი სახე“ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა თეატრში მოღვაწეობა, რადგან ყოველთვის თვლიდა, რომ თეატრი კინოზე უფრო მაღალი დონის ხელოვნებაა. მისი თქმით, „მსახიობი როლის შესრულების დროს გადის უწვრილეს თოკზე, რომელიც თეატრში მართლა ძალიან მაღლა ჰკიდია და იქიდან დაცემა სახიფათოა. კინოში კი თოკი მიწაზეა დადებული“…

 

სამწუხაროდ, ალ პაჩინოს სერიოზული თეატრალური როლი „რიჩარდ მესამე“ აბსოლუტურად წარუმატებელი იყო, რის გამოც ის დეპრესიაში ჩავარდა. ერთი წლის შემდეგ კი რეჟისორობა გადაწყვიტა და საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი „დარცხვენილი“, რომელიც არავის არ აჩვენა, უახლოეს მეგობრებსაც კი და დღემდე დაჯავშნულ სეიფში აქვს გამოკეტილი.

 

ამის შემდეგ ალ პაჩინოს გაუჩნდა სერიოზული პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით… ასე გაგრძელდა 4 გრძელი წელი. საბედნიეროდ, მის გვერდით აღმოჩნდა არაჩვეულებრივი მსახიობი და დიდი გულის ადამიანი დაიან კიტონი, რომელმაც ძალით წააკითხა ალ პაჩინოს ფილმ „სიყვარულის ზღვის“ სცენარი და დაითანხმა, კინოში დაბრუნებულიყო. ალ პაჩინომ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, სიგარეტსაც კი დაანება თავი (თუმცა დღეში 4 კოლოფს ეწეოდა) და მშვენიერ ელენ ბარკინთან დუეტში შექმნა დეტექტივ ფრენკ კელერის ძალიან საინტერესო სახე.

 

ბევრმა არ იცის, რომ ალ პაჩინომ უარი თქვა ბევრ, შემდგომში წარმატებულ ფილმებში მონაწილეობაზე, ესენია - „კერკეტი კაკალი“ (სადაც ის შეცვალა ბრიუს უილისმა და სწორედ ამ ფილმით გახდა ცნობილი), „4 ივლისს დაბადებულნი“ (შეცვალა ტომ კრუზმა), „ლამაზმანი“ (შეცვალა რიჩარდ გირმა), „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (შეცვალა დასტინ ჰოფმანმა), „ვარსკვლავური ომები“ (შეცვალა ჰარისონ ფორდმა)…

 

აი, ხომ აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციების როლებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ალ პაჩინო ყველას შესანიშნავად მოერგებოდა...

 

როდესაც ალ პაჩინოს ეკითხებიან, თუ რატომ არ მოიყვანა აქამდე ცოლი, ის, როგორც წესი, ხუმრობს ხოლმე - „მამაჩემი ხუთჯერ დაქორწინდა… მე არც ერთი ცოლი არ მყოლია, რაც ამტკიცებს იმას, რომ ადამიანები საკუთარი ჩვევების მონები ვხდებით“, ხშირად ამატებს, „მე იმდენად ცუდი ორატორი ვარ, რომ ქალმა ჩემთან 50 წელი უნდა იცხოვროს, ბოლოს და ბოლოს რომ გამოიცნოს, რას ვლაპარაკობ და რა მინდა“...

 

მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში მან გულწრფელად განაცხადა, - „მე არ მჭირდება ლამაზი ცოლი, საკმარისი რაოდენობის ფული მაქვს, რომ ნებისმიერი ქალი გავალამაზო, მე არ მჭირდება ალერსიანი ცოლი, რადგან ჩემი ხიბლით ან, უარეს შემთხვევაში, ისევ ფულით ნებისმიერ ქალს გავხდი ალერსიანს… მე მჭირდება ერთგული მეუღლე, ერთგულებას და კარგ რეპუტაციას კი ვერანაირი ფულით ვერ შეიძენ“…

 

ალ პაჩინო დღესაც აგრძელებს წარმატებულ კარიერას კინოსა და თეატრში... ჰყავს 36 წლით უმცროსი საყვარელი ქალბატონი, ზრდის 3 შვილს და ამბობენ, რომ საოცარი მამაა და თვლის, რომ მამობა - არის „ყველაფერზე უკეთესი, რაც კი მას ცხოვრებაში შეემთხვა“…

 

ალ პაჩინოს ძალიან არ უყვარს სპორტი, ძველებურად უყვარს სპაგეტი ხორცის ფრიკადელებით და ცხოვრობს შემდეგი ორი წესის დაცვით:

 

„პირველი - არასდროს არ დანებდე და არ დაეცე… მეორე - არ დაგავიწყდეს პირველი წესის დაცვა!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ტანგოს მელოდიებით გაზავებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი