logo_geo
1924 წლის 1 მაისს დოდო აბაშიძე დაიბადა
- +

2 მაისი. 2019. 12:19

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

სწორედ ამ დღეს, 1924 წლის 1 მაისს, ქალაქ თბილისში, მსახიობ ივანე აბაშიძისა და კახეთის თავადიშვილის, ნინო ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა უნიჭიერესი, უვაჟკაცესი, უსაყვარლესი დოდო აბაშიძე.

 

დოდო აბაშიძის მამა, ივანე (ვანიკო აბაშიძე) გახლდათ სანდრო ახმეტელის მეგობარი და 1937 წელს გაიზიარა მისი ბედი... ის დახვრიტეს სტალინის რეპრესიების დროს... მისი დედა, ქალბატონი ნინო, ნატო ვაჩნაძის და, დოდოს მარტო ზრდიდა და პატარა დოდოს ეს სახელი უწოდეს იმის გამო, რომ თავიდან ზოგიერთ ასოს გამართულად ვერ გამოთქვამდა და მაგაკლითად გოგონებს „დოდოს“ ეძახდა...

 

ისე კი, მე ვერც კი წარმომიდგენია, ბატონ დოდოს სხვა სახელი რომ ერქვას, თუმცა ოფიციალურად დავითია...

 

ერთი შეხედვით მთასავით კაცი, გულში საოცრად ფაქიზი და მიმტევებელი იყო და ალბათ, ამიტომაც შვენიდა ეს ბავშვურად თბილი და ტკბილი „დოდო“...

 

დოდო აბაშიძე თურმე, ბავშვობაში ძალიან გამხდარი და სუსტი ყოფილა... ამიტომაც მთელი მისი ოჯახი მის გასუქებაზე ზრუნავდა... მან კი, აღმოაჩინა ვარდისუბნის მეზობლის თბილისური ეზოს აივანზე ჰანტელები და დამოუკიდებლად დაიწყო ვარჯიში... ცოტა ხანში, მეზობელი დედები თავის ბავშვებს ეუბნებოდნენ - „კარგად ჭამეო., დოდოსავით ძლიერი რომ გამოხვიდეო“...

 

დოდო ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში იყო, რადგანაც საოცრად მომხიბვლელი, სამართლიანი და საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ბრძანდებოდა...

 

გავიდა დრო და ვერისუბნელი ბიჭები პატარა ეზოებიდან და ვიწრო ქუჩებიდან გადავიდნენ „სემიონოვკას“ დასახლებაში, სადაც მეტი თავისუფლება ჰქონდათ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბურთის თამაშსა და ჭიდაობაში...

 

ამ დროს, შედარებით პატარებს გადაეკიდა ერთერთი „ყოჩი“, რომანტიკული სახელით „ბალადა“, რომელიც სულ არ იქცეოდა რომანტიკულად - ბავშვებს ჩაგრავდა, ართმევდა საუზმეს, ფულს, ბურთს და უხდებოდათ ბურთის ნაცვლად ქალის წინდაში გახვეული ჭინჭით თამაში...

 

ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ დოდოს 16 წელი არ შეუსრულდებოდა... იმ დღეს მან შეკრიბა თანატოლები და გაიყვანა მინდორში...და იქ სამართლიან ორთაბრძოლაში კარგადაც მიბეგვა „ბალადა“ და გახდა მოზარდების „ყოჩი“...

 

იმის მერე დოდოს კიდევ ბევრი ჩხუბი გადაუტანია... თავად იხსენებდა -„როგორი იყო იცით, მაშინ ჩხუბი? ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა, ის ითვლებოდა დამარცხებულად. და ასე დალურჯებულები დავდიოდით. მერე ესეც გადავიდა „მოდიდან“ და ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული. არავითარ იარაღს არ ვხმარობდით, ხელი იყო და გათავდა“...

 

ბატონი დოდო იმასაც ყვებოდა, რომ ცოტა რომ წამოიზარდა, სპორტს მოკიდა ხელი, ცხენოსნობას და ჩხუბსაც მოეშვა...

 

უნდა გავცე ბატონი დოდო და ბოლომდე არ შეშვებია...

 

ისიც ვიცი, რომ ერთხელ მოსკოვში ისე გაუსწორდა აფროამერიკელებს, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ, რომ როგორც კავბოებზე ფილმში, სულ ბარის მაგიდაზე ასრიალა...

 

გიგა ლორთქიფანიძე კი იხსენებდა- „ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? - იმ წუთებში ჩემ თვალწინ „ვეფხისტყაოსანი“ გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა „კაცი კაცსა შემოსტყორცნა“... დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება - ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით“...

 

გუგული მგელაძეს დოდოსთვის ერთხელ უკითხავს: „შენ თუ გაულახიხარ ვინმესო“?

„კიო“, უთქვამს დოდოს, „ერთმა პატარა კაცმა გამლახაო“.

„რატომო?“ - დაინტერესებულა გუგული.

„მართალი იყო და იმიტომო“ - უპასუხა დოდომ...

 

აი, ამ ერთ პასუხშიც ჩანს მთელი მისი ვაჟკაცობა და გული...

 

ბატონი დოდოს ოჯახიდან და გენიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო არ გაყოლოდა ხელოვნებას... მითუმეტეს, რომ მის ვარდისუბნის ქუჩაზე მეზობლად ცხოვრობდნენ ქართული თეატრის კორიფეები - აკაკი ხორავა, ემანუილ აფხაიძე, მეტყველების პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი...

 

სწორედ მათ ურჩიეს ბატონ დოდოს ჩაებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში...

 

ძალიან მომწონს როგორ იხსენებდა თავად ბატონი დოდო თავის მისაღებ გამოცდას - „იმიტაციისადმი თანდაყოლილმა სწრაფვამ მიმტყუნა. გრიშაშვილის ლექსებს ვამბობდი და უნებურად კილოთი მივბაძე პოეტს – წამღერებით წავიკითხე და, თან, რადგან ძალიან აგზნებული ვიყავი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. რაღაც საშინელება გამომივიდაო, მაგრამ, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ ეტიუდის თამაშისას, ოსტატობაში პირველი „ხუთიანი“ მივიღე. უფრო მეტიც, შემდეგ წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიანტის პირველი მფლობელიც კი გავხდი“.

 

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დოდო აბაშიძე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ომის მძიმე წლებში მაღაზიაში პურის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი, მტვირთავად მოეწყო - კინოთეატრ „სპარტაკიდან" „რუსთაველში" კინოფირები გადაჰქონდა.

 

და სწორედ მაშინ შეუყვარდა უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი, საოცრად მომხიბვლელი და შესანიშნავი მარინა ახვლედიანი...

 

აი, როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა?

რა გააკეთა და... ჩააბარა უცხო ენათა ინსტიტუტში...

 

მართალია, ერთ წელიწადში, სიზარმაცის გამო იქიდან გამოაგდეს, მაგრამ მაინც მოასწრო და შეაყვარა მარინას თავი და მისი მეუღლეც გახდა...

 

დღეს, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე დგას ერთი საოცარი, თაღიანი და ორტირიფიანი სახლი, ნომერი 33 - კინომსახიობთა სახლს ეძახიან, რადგან იქ ცხოვრობდნენ ლია ელიავა, სანდრო და დინარა ჟორჟოლიანები, ოთარ კობერიძე, ხოტივარები - თუთბერიძეების საოცარი ოჯახი, პიპინაშვილები , რონდელები, ვისოცკები, კრეფსები, ჩვენი მიშკა კალატოზიშვილი, ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე და მისი ვაჟი გოგი მარგველაშვილი... განუმეორებელი დოდო და სულ პატარა მე…

 

სამწუხაროდ, დოდოს ჩვენ სახლში ცხოვრება არ მახსოვს. დედა მიყვებოდა - დოდო ამ სახლში რომ ცხოვრობდა, სახლი უფრო მხიარული იყოო. როცა ცხელოდა, გარეთ გამოდიოდა და შლანგით ვასხამდით წყალსო, და შესანიშნავი სიცილი იცოდაო…

 

მაგრამ, სამაგიეროდ, ზაზა დოდოს ძე აბაშიძე მახსოვს განსაკუთრებით – ერთად ვიზრდებოდით. თუმცა ის ჩემზე მთელი 5 სართულით ზემოთ ცხოვრობდა და 3 წლით დიდი იყო.

 

მისი დახასიათება ძალიან მოკლედ შეიძლება - უთბილესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი და მზესავით ნათელი ბიჭია (ჩემთვის დღესაც ბიჭი). სხვის უფლება არც აქვს...

 

როცა დედა- მარინა და მამა - „ამპრედუზო - მედუზობს“!!!

 

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ნამდვილად არის ის, რომ დოდო აბაშიძეს შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა.

 

ყოველ დილით ფანჯარასთან მივიპარებოდი ხოლმე, მისი მეუღლე მარინა ახვლედიანი რომ დამენახა მანქანაში ჩაჯდომამდე… ისეთი ლამაზი იყო, ვერც წარმოიდგენთ.

 

ზაზა ყვება, ავადმყოფობის ბოლო თვეებში დოდო ამბობდა, ამ მამაძაღლ მოსამართლეს ვინ ეკითხებოდა მე და მარინა ასე უცებ რომ გაგვყარა, 6 თვე მაინც მოეცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებადო.

 

წლების გასვლის შემდეგ დოდოც და მარინაც თავის გადაწყვეტილებას ნანობდნენ…

 

გულდასაწყვეტია...

 

გუშინ რომ ვფიქრობდი, როგორ დავწერო ბატონ დოდოზე ეს წერილი, უცებ მივხვდი ჩემთვის, - ამ დიდი მსახიობის საოცარი თვისება იყო... მისი ყველა როლი მთავარი, ნაკლებად მთავარი. პატარაც კი, უბრალოდ როლი კი არა ფეირვერკი და დღესასწაული იყო!!!

 

მნიშვნელობა ჰქონდა მის ყოველ ჟესტს, გამოხედვას, მიმიკას, სიარულის მანერას...

 

რომელი ერთი როლი გავიხსენო - აბდუშაჰილი, ალუდა, სოსანა, ბიჭიკო, დღვირი, მამამზე ერისთავი...

 

მისი ბოლო როლი „ფესვებში“ ხომ საერთოდ...

 

 

ბატონი დოდო ძალიან განათლებული კაცი იყო, უამრავს კითხულობდა...

 

გამოირჩეოდა საოცარი კაცთმოყვარეობით და კეთილმსურველობით...

 

ერთადერთი სუსტი წერტილი ჰქონდა - ნემსის გაკეთების ეშინოდა...; ოპერაცია უნარკოზოდ გაიკეთა, მაგრამ ნემსის გაკეთების კი მაინც ეშინოდა.

 

ეს რომ წავიკითხე, ბატონი დოდო კიდევ უფრო შემიყვარდა, რადგანაც ჩემს მამიკოსაც საშინლად ეშინოდა ნემსების და პირველი საშუალო სკოლიდან 2-ჯერ გარიცხეს იმის გამო, რომ აცრებიდან გაიპარა...

 

ბატონი დოდო ცნობილი თამადა გახლდათ, მაგრამ ერთი ახირება ჰქონდა - როგორც კი სუფრაზე ნამცხვარს მოჰკრავდა თვალს, თამადობას თავს ანებებდა და სხვას გადააბარებდა ხოლმე. ამბობდა: სუფრაზე რომ „ტარტალეტკები“ შემოვა, მერე იქ გაჩერება აღარ ღირსო.

 

ისე კი, როცა დოდო აბაშიძესავით ტკბილ კაცს სუფრა მიყავს, იქ „ტარტალეტკები“ რაღა მოსატანია?

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ტკბილ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი