logo_geo
1929 წლის 4 მაისს ოდრი ჰეპბერნი დაიბადა
- +

4 მაისი. 2019. 19:47

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ზუსტად 90 წლის წინ, 1929 წლის 4 მაისს, დაიბადა მართლაც ღვთაებრივი, უმშვენიერესი, დახვეწილი, ელეგანტური და ტოტივით სიფრიფანა, ოდრი ჰეპბერნი, რომელსაც სრულიად სამართლიანად „ჰოლივუდის შველს“ ეძახდნენ.

 

ძნელი წარმოსადგენია, რადგანაც ის ყველას მუდამ ახალგაზრდა ახსოვს და მომხიბვლელი... ბოლომდე ასეთი რჩებოდა...მე მგონი, იმდენი შარმი ჰქონდა, რომ დღესაც, ამ ასაკშიც, ბევრ ლამაზ და ახალგაზრდა ქალს აჯობებდა...

 

ოდრი ამბობდა: „მე მჯერა ვარდისფერი ფერის… მე მჯერა იმის, რომ ყველა ბედნიერი ქალი ულამაზესია და რომ კალორიების დაწვის ყველაზე კარგი მეთოდი - სიცილია… მე მჯერა ხვალინდელი დღის და დღემდე მჯერა საოცრებების“…

 

ისე კი, ჯეროდა ვარდისფრის, მაგრამ უყვარდა მაინც ცის ფერი...

 

ოდრი ჰეპბერნი, სრული სახელი - ოდრი კეტლინ ვან ჰეემსტრა რასტონი დაიბადა ბრიუსელში. მისი დედა, ბარონესა ელა ვან ჰეემსტრა ჰოლანდიის არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი იყო, მამაზე კი (ჯოზეფ ვიქტორ ენტონი ჰეპბერნ-რასტონი) მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის წარმოშობით ავსტრალიიდან იყო.

 

ოდრი თავის მოგონებებში წერდა - „არც მამას და არც დედას არ ყოფნიდა ჩემთვის დრო და დავიმახსოვრე ბავშვობიდან მხოლოდ ის, რომ არავის მაინცდამაინც არ ვჭირდებოდი... ერთადერ, ვისაც არასდროს არ უღალატია ჩემთვის, იყო... შოკოლადი“...

 

ოდრის მშობლები დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ოდრის დედამ ქმარს ძიძასთან შეუსწრო… ოდრისთვის მამის სახლიდან წასვლა ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა, რადგან მათ განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აკავშირებდათ…

 

როდესაც ოდრი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი გახდა, მან აპატია მამას, თვითონ მოძებნა ის და სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა…

 

ოდრი იყო და იმიტომ...

 

დედა კი ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდა, რომ მისი საყვარელი შოკოლადის ჭამას უშლიდა, რადგან თვლიდა, რომ მეუღლემ მას ჭარბი წონის გამო უღალატა და დღედაღამ უჩიჩინებდა პატარა ოდრის, რომ „ნამდვილი ლედი არ უნდა იწონიდეს 46 კილოგრამზე მეტს!“

 

უნდა ითქვას, რომ ოდრიმ შეასრულა დედის დანაბარები და მთელი ცხოვრების განმავლობაში 170 სმ სიმაღლის ოდრის წონა 45 კილოგრამი იყო.

 

სულ ერთადერთხელ მან 3 კილოგრამი მოიმატა და სასწრაფოდ, 2 დღეში დაიკლო…

 

ოდრი 11 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ის გერმანელების მიერ ოკუპირებულ ნიდერლანდებში აღმოჩნდა. მან სრულად გადაიტანა ომის ყველა სირთულე - დევნა, შიმშილი…

 

ის ჰყვებოდა, რომ მისი ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ტიტის ბოლქვებითაც კი იკვებებოდა…

 

1948 წელს ოდრის ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ბალეტით გატაცებული ოდრი თეატრის სცენაზე გამოდიოდა… მისი პედაგოგი გახლდათ თავად ლეგენდარული მოცეკვავე, ვაცლავ ნეჯინსკის აღმზრდელი, მარი რამბერტი...

 

მას ძალიან უყვარდა ოდრი და ერთხელ გულწრფელად უთხრა, რომ ის მისი საყვარელი მოწაფეა, მაგრამ სიმაღლის და ავადმყოფური სიგამხდრის გამო, ვერასდროს ვერ გახდებოდა გამოჩენილი ბალერინა...

 

ოდრიმ ეს განაჩენი მძიმედ გადაიტანა, მაგრამ სწორედ სცენაზე, ბროდვეის მიუზიკლ „ჟიჟიში“ მონაწილეობის დროს, ის შეამჩნიეს და მიიწვიეს პირველ კინო როლებზე...

 

1952 წელს კი ფილმში „რომაული არდაგებები“ მან პარტნიორობა გაუწია იმ დროისთვის უკვე კინოვარსკვლავს და, რაც მთავარია, ნამდვილ ჯენტლმენს, გრიგორი პეკს, რომელმაც, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა თავიდანვე იგრძნო მისი თამაშის არაორდინალური და საოცრად გულწრფელი მანერა და უწინასწარმეტყველა, რომ ის ამ როლში მიიღებდა „ოსკარს“...

 

ასეც მოხდა... და პირველივე მთავარი როლიდან, დაიწყო ოდრის სვლა ჰოლივუდის ოლიმპზე… „საბრინა“, „ჩემი მშვენიერი ლედი“, „საუზმე ტიფანისთან“, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ და სხვა.

 

მაგრამ რატომღაც სწორედ რომანტიკულ და ძალიან მელოდრამატულ „რომაულ არდადეგებს“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის ცხოვრებაშიც და, სავარაუდოდ, ჩვენ გულებშიც…

 

ჟურნალისტები მუდმივად უსვამდნენ ოდრის ერთ სეკითხვას - „იყო თუ არა შეყვარნული პეკში>“ და ის დაუღალავად ერთ პასუხს სცემდა - „რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარდა გრეგორი, მაგრამ… მხოლოდ გადასაღებ მოედანზე, სადაც პარტნიორში ცოტა მაინც შეყვარებული აუცილებლად უნდა იყო“…

 

ცხოვრებაში ისინი ბოლომდე ნამდვილ და ძალიან ერთგულ მეგობრებად დარჩნენ…

 

ოდრის პირველი მეუღლე და, მისი თქმით, ცხოვრებაში მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო მსახიობი მელ ფერერი, რომელსაც ის დაშორდა საკმაოდ რთული 12-წლიანი ქორწინების შემდეგ. მათ გაუჩნდათ ვაჟი-შონი.

 

ოდრის მეორე მეუღლე იყო იტალიელი ფსიქოთერაპევტი ანდრეა დოტი... ოდრი მეორეჯერ გახდა დედა - მას გაუჩნდა ვაჟი - ლუკა...

 

ოდრი არაჩვეულებრივი დედა იყო და ყოველთვის აყენებდა ოჯახს კარიერაზე წინ...

 

ანდრეას მან ვერ აპატია ღალატი...

 

ისე კი, ჩვენს შორის, ოდრის რომ კაცი უღალატებს, მას თავად სჭირდება ფსიქოთერაპევტი...

 

ერთხელ ოდრიმ თქვა - „მე არასდროს არ მინდოდა გაშორებები. ვერ ვიტან ამ სიტყვას და როდესაც მას ჩემს მიმართ იყენებენ, ვპატარავდები... ბავშვობიდან ვოცნებობდი გავთხოვილიყავი ერთხელ და სამუდამოდ“...

 

50 წლის ასაკში, ოდრი შეხვდა ნიდერლანდელ მსახიობ რობერტ უოლდერსს, რომელთანაც გაატარა, როგორც თვითონ ამბობდა, „ყველაზე ბედნიერი ბოლო წლები“.

 

მე კი, როგორც ყოველთვის, მჯერა ფოტოების...

 

არსად არ არის ოდრი ისეთი ლამაზი და ბედნიერი, როგორც პირველ მეუღლესთან, მელ ფერერთან ერთად... (ფოტოზეა).

 

მხოლოდ მასთან ერთად, ის თავისუფალი და სუსტია...

 

ქალი კი სრული ბედნიერებისთვის, უნდა აძლევდეს თავს სისუსტის უფლებას...

 

სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ ოდრი, რომელიც, სხვათა შორის, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და ჰოლანდიურ ენებს, გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი და რეალური წვლილი შეიტანა მსოფლიოს ბავშვების წინაშე მდგარი უმძიმესი პრობლემის გადაჭრის საქმეში… მან თავისი კეთილშობილური მისიით 20 ქვეყანაში იმოგზაურა… აშშ-ის პრეზიდენტმა მას თავისუფლების ორდენი მიანიჭა…

 

ოდრი ყოველთვის იმეორებდა, - „ადამიანებს გაცილებით მეტად ვიდრე საგნებს, ჭირდებათ რესტავრაცია... მათ ჭირდებათ, რომ აიყვანო. შეაკეთო, მიუჩინო ადგილი და რაც მთავარია, აპატიო... არასდროს არ გადააგდოთ ადამიანები“...

 

სომალიში ბოლო ექსპედიციის შემდეგ ოდრის დაუდასტურდა მძიმე დიაგნოზი – სიმსივნე. მან იცოდა იმის შესახებ, რომ განწირული იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე რჩებოდა კეთილშობილი, მომღიმარი და ოპტიმიზმით სავსე.

 

ის არასდროს არავის არ კიცხავდა და არ აკრიტიკებდა ცუდი მანერების ან გამონათქვამების გამო, მაგრამ ყველა მისი პარტნიორი იძახდა, რომ როდესაც გადამღებ მოედანზე იყო ოდრი ჰეპბერნი, ის იმდენად სხვანაირი იყო, რომ მის გვერდით უმნიშვნელო ბილწსიტყვაობასაც ვერავინ ბედავდა...

 

როდესაც ოდრის შესთავაზეს შეეცვალა გვარი იმის გამო, რომ მისი მოგვარე ქეთრინ ჰეპბერნი - უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო, ოდრიმ კატეგორიული უარი განაცხადა... მან ასე თქვა - „ქეთრინი - შესანიშნავი მსახიობია და ის ჩემში არავის შეეშლება. მე კი ბევრი მუშაობა მომიწევს იმისთვის, რომ არავის შევეშალო ქეთრინში“.

 

ერთადერთი უარყოფითი ჩვევა, რასაც თავს ვერ ანებებდა, - იყო მოწევა... ოდრიი დღეში - 3 ყუთ სიგარეტს ეწეოდა...

 

კიდევ კარგი, ამაში მაინც ვგავარ!!!

 

თუმცა, კიდევ ერთ რამეში ვგავარ - ორივეს ფეხის ზომა გვაქვს 41...

 

მართალია, ოდრის ფეხის გასალამაზებლად ჰოლივუდის ფეხსაცმლის ჯადოქარმა, საუკეთესო დიზაინერმა. სალვატორე ფერგამომ გამოიგონა სპეციალური ფეხსაცმელი, მომრგვალებული ცხვირით, ე.წ. „ბალეტკები“ (ballerinas)), და ჩემთვის არავის მოუკლავს თავი, მაგრამ, მაინც სასიამოვნოა...

 

ოდრი გატაცებული იყო ქსოვით... გადაღებებზე სულ დაჰქონდა ჩხირები და ამტკიცებდა, რომ ქსოვა აწყნარებდა და კონცენტრაციას მატებდა...

 

მას ძალიან უყვარდა ცხოველები და ერთერთი ფილმის გადაღებისას, ისე შეეჩვია შველს, სახელად პიპინი, რომ სახლში წაიყვანა საცხოვრებლად...

 

ახლა კი ისეთ რამეს მოგიყვებით, რომ ან არ იცით, ან ვითომ არ იცოდით, კარგი?

 

ჯონ კენედისთვის მხოლოდ მერლინ მონროს კი არ უმღერია „Happy birthday mr President“, არამედ, ოდრი ჰეპბერნსაც, მაგრამ მერლინზე ერთი წლით გვიან, 1963 წელს და მერლინისგან განსხვავებით, არა საბედისწეროდ...

 

სამწუხაროდ, ჩანაწერი არ არის შემორჩენილი…

 

ოდრი ჰეპბერნის უსაყვარლესი მსახიობი იყო მერილ სტრიპი (მესამე დამთხვევა), ხოლო საყვარელი მწერალი - ივან ტურგენევი...

 

ოდრი ჰეპბერნის საპატივცემულოდ სახელი შეარქვეს ტიტის სამ სახეობას...

 

ჟივანშიმ მისი სახელობის სუნამო გამოუშვა, ხოლო კოკო შანელმა მას მიუძღვნა „პატარა შავი კაბს“...

 

ოდრის, მისი აქსესუარებისადმი სისუსტის მიუხედავად, არ უყვარდა საათები და იშვიათად ატარებდა...

 

სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა ციფრი -55, რადგანაც „რომაულ არდადეგებში“ გადაღებისას, მისი საგრიმიოროს კარზე ეწერა 55...

 

რეჟისორებმა და მოსამსახურე პერსონალმა ეს იცოდა და მის გასახდელს და ნომერს ოტელში, ამშვენებდა ორი 5-იანი... მაშინაც კი, როდესაც ოტელში, სულ 20 ნომერი იყო...

 

ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში, შობის დღეს, ოჯახის წევრების გარემოცვაში, რომლებიც განგებ მოიწვია, თითქოს გრძნობდა…

 

ელიზაბეტ ტეილორმა მაშინ თქვა - „ღმერთის დიდებულ ამალას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა, რომელმაც ნამდვილად იცის, რა აკეთოს ზეცაში“…

 

ალბათ, მართლაც… ასეთი ნათელი და მზიანი ადამიანები ზემოდანაც ალამაზებენ და აკეთილშობილებენ ჩვენს ცხოვრებას…

 

ოდრის ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები - „ბედნიერება ცხოვრებაში არასდროს არ შემოდის ტრიუმფალური სვლით და ფანფარების ფონზე... ის ჩუმად და ფეხაკრეფით მოიპარება და ელოდება, როდის შევამჩნევთ“...

 

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და ფეხაკრეფით შემობრძანებულ ბედნიერ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი