logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: „ELLE“-ის ყდაზე გამოსახული იყო 15 წლის ბრიჯიტ ბარდოს ფოტო, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრების ჩვეულებრივი სვლა...
- +

8 მაისი. 2019. 12:13

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

სწორედ ამ დღეს, ოღონდ მთელი ნახევარი საუკუნის და ოდნავ კიდევ იმის წინ, 1950 წლის 8 მაისს, ელეგანტული პარიზის საგაზეთო კიოსკებთან გამოცოცხლება შეიმჩნეოდა...

 

ყველაზე მოდურ და პოპულარულ ქალთა ჟურნალის „ELLE“-ის ყდაზე გამოსახული იყო 15 წლის ბრიჯიტ ბარდოს ფოტო, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრების ჩვეულებრივი სვლა... ჩვეულებრივი სვლა კი იყო - აღზრდა მკაცრ კათოლიკურ ტრადიციებში და ბალეტის გაკვეთილები, რომლებსაც უტარებდა მას ცნობილი ქორეოგრაფი, ბორის კნიაზევი, რომელიც მომავალში იხსენებდა, რომ ეს თხელი, ტოტის მსგავსი გოგონა შეიძლება მართლაც გამოსულიყო შესანიშნავი ბალერინა, მაგრამ ძალიან ზარმაცობდა...

 

როდესაც ფოტოგრაფმა შეამჩნია 13 წლის ბრიჯიტ ბარდო, ის, როგორც ყოველთვის, რამდენიმე უსახლკარო ძაღლის თანხლებით და მტრედების გარემოცვაში სეირნობდა პარიზის ქუჩებში...

 

ფოტოგრაფმა გამოკითხა მას მშობლების ვინაობა და იმავე დღეს ეწვია სტუმრად...

 

ისინი პირველად კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ და არც ბრიჯიტს არ მოეწონა ფოტოსესიის გადაღების იდეა, მაგრამ, როდესაც ფოტოგრაფმა დაარწმუნა იმაში, რომ მისი ფოტოები ჟურნალს ჭირდებოდა „საზოგადოებიდან ახალგაზრდა ქალბატონის“ იმიჯისთვის და ამიტომაც მას მოდელივით ფულსაც არავინ არ სთავაზობს, დათანხმდა...

 

მოხდა ისე, რომ ბარდოს პირველი ფოტო - სინჯები შემთხვევით დაინახა „ELLE“-ს დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ელენ გორდონ-ლაზარეფმა და დაურეკა ბრიჯიტის დედას, რათა მისგან, მისი შვილის ფოტოს გარეკანზე დაბეჭდვის უფლება მიეღო...

 

შემდეგ, ასევე შემთხვევით (თუმცა სულ ვიმეორებ, რომ შემთხვევით არასდროს არაფერი არ ხდება), ჟურნალის სწორედ ეს ნომერი თვალში მოხვდა რეჟისორ მარკ ალეგრეს, რომელმაც ბარდო თავის ახალ ფილმში სათამაშოდ მიიწვია...

 

ფილმი ვერ შედგა და ის ეკრანებზე არც გასულა, სამაგიეროდ, შედგა ბრიჯიტ ბარდოს საბედისწერო შეხვედრა რეჟისორის თანაშემწე როჟე ვადიმთან (რუსი დიპლომატის შვილი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი იყო ვლადიმერ პლემიანიკოვი)...

 

მათ ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ ყველა წინააღმდეგობა გადალახეს, მათ შორის ისიც, რომ ამ კავშირის პირველი მტერი ბარდოს ზედმიწევნით ბურჟუაზიული ოჯახი იყო და... 1952 წელს დაქორწინდნენ...

 

1956 წელს როჟემ უკვე საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომელშიც მთავარ როლს, რა თქმა უნდა, ბრიჯიტ ბარდო ასრულებდა, მისი პარტნიორი კი ჟან-ლუი ტრენტინიანი გახლდათ...

 

მან პირველივე შეხვედრისას მოხიბლა ბრიჯიტი თავისი სერიოზულობით, სიღრმით, თავშეკავებულობითა და საოცარი, როგორც იტყვიან, ფრანგული შარმით...

 

ბრიჯიტი იხსენებს, რომ გადამღებ მოედანზე „ის არ თამაშობდა, ის ცხოვრობდა...“ მათი თანამშრომლობა სერიოზულ რომანში გადაიზარდა...

 

ფილმის ეკრანებზე გასვლისთანავე, ის მკაცრად გააკრიტიკეს „გულახდილი სცენების“ სიჭარბის გამო (ერთ-ერთ მათგანში შიშველი ბარდო მაგიდაზეც კი ცეკვავდა)...

 

სწორედ ამ მისი პირველი წარმატების შემდეგ, მიაწებეს მას „საფრანგეთის სექს-სიმბოლოსა“ და „ევროპის მერლინ მონროს“ იარლიყი, რომელიც ბარდოს ფაქტიურად, კარიერის ბოლომდე შერჩა...

 

1995 წელს ჟურნალ „Empire“-ის ვერსიით, ბრიჯიტ ბარდომ დაიკავა მე-9 ადგილი კინემატოგრაფიის ისტორიაში 100 ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის, 2011 წელს კი, მამაკაცების პოპულარული ჟურნალი Men’s Health-ის გამოკითხვით, ყველა დროის 100 ყველაზე მომხიბვლელი ქალის სიაში შევიდა...

 

საინტერესო ის არის, რომ ბარდოს საკმაოდ მჩქეფარე პირადი ცხოვრების (მას 4 ოფიციალური მეუღლე ყავდა, ასევე რამდენიმე დამაინტრიგებელი რომანტიკული თავგადასავალი) და სკანდალური რეპუტაციის მიუხედავად, სწორედ ის შეარჩიეს პირველ მოდელად საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს - მარიანას (Marianne) ბიუსტის შესაქმნელად, რომელიც საფრანგეთის სახელმწიფო ხელისუფლების, სასამართლოებისა და მუნიციპალიტეტების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს და მისი გამოსახულება განთავსებულია საფრანგეთის სახელმწიფო ბეჭედზე, საფოსტო მარკებსა და მონეტებზე. ამიტომ მიყვარს ფრანგები - გულით ირჩევენ...

 

ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდა ჯონ ლენონისთვის ბრიჯიტ ბარდო სილამაზის იდეალი იყო... მისი სახელი ნახსენებია ბევრ პოპულარული ჰიტში: The Who („It’s Not Enough“), Red Hot Chili Peppers („Warlocks“), ბობ დილანის („I Shall Be Free“), ელტონ ჯონის („I Think I’m Going To Kill Myself“), ნინა ჰაგენის („Frühling in Paris“).ხოლო ფილმ -მიუზიკლში Beatles-ებზე, სწორედ ბრიჯიტ ბარდოს პორტრეტი ამშვენებს პრისტონის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს, რომელშიც ფილმის გმირები ცხოვრობენ...

 

სწორედ ბრიჯიტ ბარდომ შემოიღო მოდა საცურაო კოსტუმ „ბიკინიზე“, რომელშიც პირველად გამოჩნდა „კანის“ ფესტივალის დროს პლიაჟზე, ასევე მისი დამსახურება იყო მოდა უჯრედებიან ტანისამოსზე და თმის ვარცხნილობა, სახელწოდებით „ბაბეტა“, შეკრული კუდი და თვალებზე ჩამოვარდნილი „ჩოლკა“...

 

1972 წელს 38 წლის ბრიჯიტ ბარდომ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იყო, სრულიად მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თავს ანებებს კინოს და მთელი შემდგომი ცხოვრება დაუთმო ცხოველების დაცვის საქმეს.

 

1986 წელს მან შექმნა „ცხოველების დაცვისა და კეთილდღეობის“ თავისი სახელობის ფონდი, რომლის მხარდასაჭერად აუქციონზე გაიტანა პირადი ნივთების ნაწილი...

 

2016 წელს, ფონდის 30 წლისთავზე, ფონდის გასაძლიერებლად, აუქციონზე გაყიდა სამკაულები და თავის ძველი გიტარაც...

 

ბრიჯიტი დღემდე ამ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება... ამბობენ, ბარდომ 2009 წელს, თავის 75 წლისთავზე პირადი წერილით მიმართა სოფი ლორენს და სთხოვა კოლეგას, უარი ეთქვა „ცხოველების სასაფლაოს“ - ნატურალური ქურქების ტარებაზე, რასაც ის სოფი ლორენის მხრიდან იუბილეზე მირთმეულ ყველაზე ძვირფას საჩუქრად ჩათვლიდა... სოფის ბრიჯიტისათვის პასუხიც კი არ გაუცია...

 

ამჟამად ბრიჯიტ ბარდო ცხოვრობს ვილაზე სენ-ტროპეში რამდენიმე ათეული ცხოველით გარშემორტყმული... არ ხმარობს მობილურ ტელეფონს და კომპიუტერს... ამისთვის აყვანილი ჰყავს თანაშემწე, სამაგიეროდ ცდილობს პირადად უპასუხოს წერილებს და აუცილებლად კალმით წერს და არა კლავიშებზე დარტყმით... ამტკიცებს, რომ ადამიანმა წერილი უნდა დაწეროს ხელით...

 

რომ იცოდეთ, როგორ ვეთანხმები!!!

 

რატომღაც ასე მგონია, და ამ აზრს მიდასტურებენ ბრიჯიტის „სექს - სიმბოლოდ“ აღიარებამდე გადაღებული ფოტოებიც, სადაც ის საოცრად ბავშვური, გულწრფელი და გაუპრანჭავია, რომ მან 38 წლის ასაკში შეძლო მოეძრო და გადაეგდო მასზე ძალით მორგებული ნიღაბი...

 

გულში ის ყოველთვის რჩებოდა სუფთა და უანგარო ადამიანად, თავისი განცდებით, ტკივილებით და, სავარაუდოდ, კომპლექსებითაც...

 

მან მონახა სამყარო, სადაც თავს გრძნობს გაცილებით უფრო კომფორტულად და მყუდროდ, ვიდრე ადამიანებთან... სადაც არც პლასტიკის გაკეთებაა აუცილებელი და არც თამაში...

 

ბრიჯიტ ბარდომ განაცხადა, - ჩემი სილამაზე და ახალგაზრდობა ვაჩუქე ადამიანებს, ხოლო სიბრძნე და გამოცდილება - ცხოველებს...

 

ერთხელ წავიკითხე, რომ ბრიჯიტ ბარდო იბრძოდა უიშვიათესი კოპლებიანი („ხალებიანი“) ლეოპარდის გადასარჩენად და ყველგან გამოდიოდა განცხადებებით, რომ ლეოპარდები საოცრად კეთილშობილი ცხოველები არიან...

 

ისინი, თურმე, არასდროს არ მისდევენ გაქცეულებს ან გადარჩენილებს... არასდროს არ ეპარებიან მსხვერპლს ზურგიდან... მაშინ დავწერე ლექსი...

 

აფრიკაში რომ წავიდე...

გულში გამომყვება დარდი -

ნეტავ, თუ არსებობს კიდევ...

„ხალიანი“ ლეოპარდი...

 

საყვარელო ლეოპარდო,

გაქცეულს რომ აღარ მისდევ...

იცი, ძაან რატომ ვდარდობ?

დღესაც რომ გესვრინ ისევ.

 

ესროდნენ და თანაც როგორ... მხოლოდ 1962 წლიდან 1968 წლამდე ევროპაში გაიყიდა 250 ათასზე მეტი ლეოპარდის ტყავი...

 

„ლეოპარდის შუბების“ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და ჟაკლინ კენედი... ჰოდა ამიტომაც, მე განსაკუთრებით მიყვარს ბრიჯიდ ბარდო... რომელსაც ლეოპარდები „საშუბედ“ არ ემეტებოდა... და მისი ყველა ქურქი, მათ შორის ლეოპარდის... სინამდვილეში, ხელოვნური იყო...

 

ბრიჯიტ ბარდო პირადად იცნობდა საფრანგეთის 8 პრეზიდენტს და ამბობს, რომ უყვარდა მხოლოდ ის პრეზიდენტები, რომლებსაც უყვარდათ ცხოველები და უთანაგრძნობდნენ მათ - შარლ დე-გოლი, ჟორჟ პომპიდუ და ვალერი ჟისკარ დ’ესტენი...

 

სხვათაშორის, დ’ესტენმა. პირადად ბრიჯიტ ბარდოს თხოვნით, აკრძალა საფრანგეთში მანქანების უშიშროების სარტყლების შემოტანა, რომლებსაც ამზადებდნენ მაიმუნის ტყავისგან...

 

სულ ცოტა ხანში, ბრიჯიტ ბარდოს შეუსრულდება 85 წელი და ის არ წყვეტს ბრძოლას... 2 დღის წინ მან ღია წერილით მიმართა ავსტრალიის ბუნების დაცვის მინისტრს, რომლის განკარგულებით, გეგმავენ ქვეყანაში გარეული კატების მასიურ განადგურებას. იმ კატების, რომლებიც ავსტრალიაში თავისი ნებით კი არ ჩასულან ცურვით, არამედ, ადამიანმა მოწყვიტა ბუნებრივ გარემოს და ჩაიყვანა გასამრავლებლად... ახლა კი ხელს უშლიან ადამიანებს და პრობლემაც მარტივად წყდება...

 

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ბრიჯიტ ბარდომ განაცხადა - ადამიანმა ცხოველებისგან უნდა გადაიღოს სრულიად უანგარო სიყვარულის ნიჭი, ის კი მათ ებრძვის...

 

ადამიანმა ერთხელ მაინც თავისი ყურით რომ მოისმინოს, როგორ ტირის პატარა სელაპი, როდესაც მონადირე მას თოფს უმიზნებს, მთელი დედამიწა უფრო კეთილი გახდება“...

 

მე კი საოცრად მიყვარს ბრიჯიტ ბარდოს ფრაზა- „ძაღლები, ადამიანებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელ გვტკენენ გულს, - როდესაც კვდებიან“...

 

ამ დღეებში ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი ავად გამიხდა, დამიბერდა... 11 წლისაა...

 

მე კი სულ ვთხოვ - „იცოცხლე რა, რაც შეგიძლია დიდხანს... აბა, მე უშენოდ როგორ ვიყო?“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი