logo_geo
დინა მირცხულავა: რამდენიმე დღეში დადის შორეული ქვეყნიდან ბარათი მოუვიდა, სადაც გაკრული ხელით ეწერა...
- +

11 მაისი. 2019. 00:36

 

 

სამზარეულოს ძველი მაგიდის თავში მამაჩემი იჯდა და უგემურად ჭამდა.

- შენც ჭამე, დადი, რამე - დროდადრო ახსენდებოდა ბებიამისიც და ცდილობდა, თეფშზე გადაეღო მისთვის საჭმელი.

ჩემი დიდი ბებია კი ხელებს ასავსავებდა :

- არაფერი მინდა, დადიმ გენაცვალოს, სულ არ ვიყო ნეტავ, ცას გამოვეკერე- ო მგონი.

- გააჩნია, სუფრას რამდენ კაცზე ვშლით - საქმეზე გადავიდა მეზობლის კაცი და მამაჩემს მიაჩერდა.

დედაჩემმა სასწრაფოდ აალაგა სუფრა.

დადი ბუხართან მიიკუნტა.

მამაჩემმა ფურცლის მოტანა მას შემდეგ მიბრძანა, როცა ბოლო უჯრაც ამოატრიალა და ქაღალდის ნაგლეჯსაც ვერ მიაგნო.

- მეშინია, ლევანი გამომყვეს და მოვიტან - მეთქი - სახე მომეჯღანა და ერთი სიტყვაც რომ ეთქვა ვინმეს, ტირილით გავსკდებოდი.

იმიტომ მეშინოდა, რომ მისაღებში ბაბუაჩემი ესვენა, მამაჩემის მამა და დადის შვილი.

საოცარი კაცი იყო ბაბუ.

მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანი.

თავმდაბალი და თბილი.

ლაპარაკისას ისე ჩურჩულებდა, ახლოს უნდა მისულიყავი, რომ მისი დუდუნი გაგეგო.

თუთუნის პლანტაციებში ყოფნას არფერი ერჩივნა ბაბუს.

დილით რომ შევიდოდა, ვისაც არ უნდა დაეძახა, ვერაფრით გამოიყვანდა იქედან.

მხოლოდ დადი, დადი გამაგზავნიდა თუ არა, უთხარი, დედა გეძახისო - პატარა ბავშვივით წამოხტებოდა და ჩემზე წინ გამორბოდა სახლში.

ახლა კი უძრავად ესვენა ტახტზე ბაბუ და თუთუნისფერი გადაჰკრავდა სახეზე.

ფურცელზე ჩამოწერეს, რამდენი კონა მწვანილი უნდა ეყიდათ, პური, ლობიო...

დიდხანს იკამათეს იმაზე, რომ ერთ კაცზე ლიტრნახევარი ღვინო იყო განსაზღვრული თუ ერთი ლიტრი.

მამაჩემი კი ყველაფერზე გადაჭრით ამბობდა, მირჩევნია დარჩეს, ვიდრე დამაკლდეს - ო.

დედაჩემმაც ჩააკვეხა ორი სიტყვა:

- სოფელი არ ავალაპარაკოთ, პატივი არ სცეს - ო.

არავის ადარდებდა ბუხართან მოკუნტული დადი, ჩემს გარდა.

მივედი და კალთაში ჩავუდე თავი. ხმელი თითები დამადო თავზე და ისეთი მდუღარე ცრემლი ამებურდა თმაში, კანი ამეწვა.

დადი რომ შვლის ნუკრზე მიკითხავდა, იმაზე ტიროდა ხოლმე.

- ხომ გეცოდებაო, მალ- მალე მეკითხებოდა.

-კი, დადი - ვსლუკუნებდი მეც.

-ნეტავ თვითონ ნუკრი მოეკლათ, ხომ სჯობდა ?! - თქო ვეკითხებოდი.

-რას ამბობ, დადი, ეგ აღარასოდეს თქვა, როგორ შეიძლება, დედას შვილი მოუკვდეს, დედაც მოკვდება, დადი, ისევ დედის სიკვდილი სჯობია - ო.

მერე ლოცვას იწყებდა დადი :

- თუ ჩემს შვილებს რაიმე ელოდება, უწინ მე გამიყვანეო, ღმერთო.

მეც გადმომხედავდა და ვიცოდი, რომ პირჯვარი უნდა გადამეწერა.

ჩუმად ვლოცულობდი მეც.

- ის პატარა ნუკრი დაიცავი ბოროტი მონადირეებისაგან- მეთქი.

ახლა კი დადის შვილი ესვენა მისაღებ ოთახში.

მე გათენების მეშინოდა, იმიტომ რომ ხვალ ბაბუს წაიყვანდნენ სახლიდან და დადი ღმერთს მისდგებოდა მერე, ლოცვა რომ არ ისმინა, იმიტომ...

როგორც იქნა, მაგიდასთან მსხდომნი შეთანხმდნენ, რომ კაცზე ერთი ლიტრი ღვინო უნდა ეანგარიშათ და დაიშალნენ.

სამზარეულოში დაბრუნებულ მამაჩემს თავისთან უხმო დადიმ და ჩუმად უთხრა, ბაბუაჩემივით ჩუმად, მხოლოდ ახლა შევნიშნე, როგორ ჰგავდა დედამისს აწგარდაცვლილი ბაბუ.

- იქ გაგზავნე დეპეშა ?!

- კი, დადი, იმ დღესვე, შენ მაგაზე არ იდარდო.

მერე დედაჩემს მიუბრუნდა მამა და ჩემზე უთხრა:

-ამაღამ შენთან დაიწვინე ბავშვი.

ის იყო პირველი ღამე დადის გარეშე.

და უცნაური სიზმარი ვნახე იმ ღამეს.

ის, ვისათანაც დეპეშა გაგზავნა მამამ, დადის მეორე შვილი იყო.

სამამულო ომში წავიდა და არ დაბრუნდა, თვეში ერთხელ წერილებს უგზავნიდა დედას, რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა, მხოლოდ ფეხი სტკიოდა და როგორც კი მოურჩებოდა მაშინვე სამშობლოში გამოეშურებოდა.

ჰოდა, მესიზმრა.

ფეხი სტიკოდა კი არადა, არც ერთი ფეხი არ ჰქონდა ვითომ და არც ხელები.

მაგიდასთან იჯდა.

მგონი, ჩვენი სამზარეულოს მაგიდა იყო ან ძალიან ჰგავდა ჩვენსას და იმდენს ტიროდა, მაგიდიდან ცრემლი წყაროსავით გადმოდიოდა.

- წერილებს ვინ წერს ? - გაოცებული ვეკითხებოდი.

-ახლა რაღა მეშველება, მართლაც ვინ დაწერს წერილებს ?! - კითხვითვე მპასუხობდა.

გამოღვიძებულს დედაჩემი მედგა თავზე თბილი ტანსაცმლით.

-ჩაიცვი, დღეს შენთვის არავის ეცლება და თავს მიხედე - ო.

მისაღებში დადი შვილს დასტიროდა.

ჩუმად ოღონდ.

თავშალი სახეზეც ჩამოეფარებინა და მეგონა, ვერავის ხედავდა, მაგრამ მე დამიძახა ოთახში შესულს და გვერდით მომისვა.

- შენი თვალის სინათლე - ო - ბაბუაჩემს უთხრა და ლაპარაკი გაუბა მიცვალებულს ჩემზე.

მეც შემახსენა, როგორ გამორჩეულად ვუყვარდი.

სამხიმარზე შემოსული მეზობლის ქალებიც დაიმოწმა, როგორი სიყვარული შეეძლო მის შვილს.

შორიდან მოსულ ნათესავებს კი ორი სიტყვით გააცნო, ამის ნაწყენი კაცი არ დაირებოდა დუნიაზე - ო.

მერე უსიტყვოდ გაჰყვა სასაფლაომდე გზას, არავინ გაიკარა გვერდით, ჩემს გარდა.

სხვა დროს რომ სიარული უჭირდა და მუხლი სტკიოდა, არც კი ემჩნეოდა ახლა.

ასანთის ღერებივით წვრილი თითები ჩაებღუჯა ჩემთვის და პირმომუწული მიათრევდა ტალახში ამოსვრილ სატინის კაბას.

რამდენიმე სიტყვა წაიდუდუნა, ვიდრე კუბოს ჩაუშვებდნენ და მალე მოვალო - შეჰპირდა შვილს.

სახლში მობრუნებული დადი ვეღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორც იმ გზაზე.

ბამბუკის სავარძელში ჩაჯდა და და ისევ ფეხებთან მომისვა კნუტივით.

არ იყო დადი ღმერთზე გაბრაზებული.

-მართალთა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო...სადა იგი არა არს ჭმუნვა, არა ურვა, არცა მწუხარება - ასე ედუდუნებოდა ღმერთს და პირჯვარს იწერდა.

იმ ღამეს მთელი სამყარო რომ გადამდგომოდა, დადისთან დაწოლას ვინ გადამაფიქრებინებდა ?!

წინა ღამეც ხინჯად მქონდა და დადიზე ცოტა ნაწყენიც კი ვიყავი, რომ არ გააპროტესტა დედასთან ჩემი დაწოლა.

თუმცა ვპატიობდი, შვილი ჰყავდა დადის მკვდარი და ალბათ ფიქრით იმასთან იყო, მე რომ ვერ მომისაკლისა - მეთქი.

წელამდე ჰქონდა დადის თეთრი თმა. ძილის წინ გაიშლიდა და აუცილებლად ივარცხნიდა, მაგრამ იმ ღამეს ხელი არ დაუდვია თმისთვის.

უღონოდ მიეგდო საწოლზე და თავისკენ მომქაჩა გულზე მისახუტებლად.

სუნთქვა უჭირდა დადის.

უფრო და უფრო გაუძნელდა.

არ გვეძინა არც ერთს.

- წყალს მოგიტან - მეთქი და წამოვდექი.

წინააღმდეგობა არ გამიწია, ნათბილარი რომ ვდგებოდი საწოლიდან.

-არ გაცივდე, შალი მოიხურე - ო მხოლოდ ეს ამოილაპარაკა.

სამზარეულომდე ვიწრო დერეფანშივე მომესმა სოფლის ფოსტალიონის ხმა და გავჩერდი.

იმ მაგიდასთან, სადაც წინა დღეს ბჭობდნენ, რამდენი ლიტრი ღვინო უნდა ეყიდათ, მამაჩემი და ფოსტალიონი ისხდნენ.

-ასე აკეთებდა ცხონებული მამაშენი, წერდა და აგზავნიდა.... სიცოცხლეს უხანგრძლივებდა დედამისს, ბიჭო...რა კაცი იყო ხომ გესმის ?! ახლა შენი ნებაა, რას იზამ -ო ეუბნებოდა მამაჩემს და ხმაზე, გაბზარულ ხმაზე ვხვდებოდი, რომ ტიროდა.

აი, ცხვირი რომ გემრიელად მოიწმინდა მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლა ტიროდა ფოსტალიონი.

რამდენიმე დღეში დადის შორეული ქვეყნიდან ბარათი მოუვიდა, სადაც გაკრული ხელით ეწერა, რომ ძალიან წუხდა ძმის გარდაცვალების გამო და ოჯახს სთხოვდა, ღირსეულად მიებარებინათ მიწას...

 

 

big_banner
არქივი